x
ინტელექტუალური დარღვევები ბავშვებში

image


ინტელექტუალური დარღვევის (ინტელექტუალური განვითარების
დარღვევის) აუცილებელი მახასიათებელია დეფიციტი ძირითად მენტალურ შესაძლებლობებში და ყოველდღიური ადაპტური ფუნქციონირების დარღვევა, ინდივიდის ასაკთან, სქესთან და მის თანატოლებთან შედარებით. დასაწყისი განვითარების პერიოდშია. ინტელექტუალური დარღვევის დიაგნოზი ერთდროულად ემყარება
როგორც კლინიკურ შეფასებას, ისე ინტელექტისა და ადაპტაციური ფუნქციების შესაფასებელ სტანდარტიზებულ ტესტებს.
კრიტერიუმი A აერთიანებს ისეთ ინტელექტუალურ ფუნქციებს, როგორიცაა მსჯელობა, პრობლემის გადაწყვეტა, დაგეგმვა, აბსტრაქტული აზროვნება, განსჯა, ინსტრუქციებით სწავლა და გამოცდილებითი სწავლა, პრაქტიკული აზროვნება. კრიტიკული კომპონენტები მოიცავენ ვერბალური ინფორმაციის გაგებას, მუშა მეხსიერებას, პერცეპტუალურ მსჯელობას, რაოდენობრივ
მსჯელობას, აბსტრაქტულ აზროვნებასა და კოგნიტურ ეფექტურობას. ინტელექტუალური დარღვევის მქონე ინდივიდების ქულები ინტელექტუალურ ფუნქციონირებაში ორი ან მეტი სტანდარტული გადახრით დაბალია პოპულაციის საშუალოსთან შედარებით (აქვე იგულისხმება გაზომვის შეცდომის ქულაც - ძირითადად +5ქულა). ეს ქულა მერყეობს 65-დან 75-მდე. ტესტის ქულებზე შეიძლება იმოქმედოს ისეთმა ფაქტორებმა როგორიცაა პრაქტიკის ეფექტი და „ფლინის ეფექტი“ (ტესტის ვადის გასვლის, დაძველების გამო ნორმაზე მაღალი ქულების დაფიქსირება) . ინსტრუმენტები უნდა იყოს ინდივიდის სოციოკულტურულ გარემოსა და მშობლიურ ენაზე მორგებული. კომუნიკაციის, მეტყველების და/ან მოტორულ და სენსორულ ფუნქციებზე მოქმედი თანმხლები აშლილობები შესაძლოა გავლენას ახდენდნენ ტესტის შედეგებზე. ნეიროფსიქოლოგიურ ტესტირებაზე დაფუძნებული ინდივიდის კოგნიტური პროფილები ბევრად უფრო გამოსადეგია ინტელექტუალური შესაძლებლობების შესაფასებლად, ვიდრე უბრალოდ IQ მაჩვენებელი.
ადაპტური ფუნქციონირების დეფიციტი (კრიტერიუმი B) გულისხმობს იმას, თუ რამდენად შეესაბამება ადამიანი მისივე ასაკისა და სოციოკულტურული პირობების მქონე პირებთან შედარებით საზოგადოების სტანდარტებს დამოუკიდებლობასა და სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. ადაპტური ფუნქციონირება აერთიანებს ადაპტური მსჯელობის სამ სფეროს: კონცეპტუალურ, სოციალურ და პრაქტიკულ სფეროებს. კონცეპტუალური (აკადემიური) სფერო მოიცავს მეხსიერებისა და მეტყველების გამართულობას, კითხვის, წერის, მათემატიკური მსჯელობის უნარს, შეძენილ პრაქტიკულ ცოდნას, პრობლემის გადაჭრის და უცნობ სიტუაციებში დასკვნების გაკეთების უნარს. სოციალური სფერო აერთიანებს სხვათა ფიქრების, გრძნობებისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაციის ქონას, ემპათიას, ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარებს და მეგობრული ურთიერთობების ქონას, სოციალურ მსჯელობას. პრაქტიკულ სფეროში შედის თვითმენეჯმენტი და სწავლა ისეთი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარებისა, როგორებიცაა თვითმოვლა, სამსახურეობრივი პასუხისმგებლობა, ფულის მენეჯმენტი, დასვენება, საკუთარი ქცევის მენეჯმენტი და სკოლისა და სამსახურის დავალებების ორგანიზება. ადაპტურ ფუნქციონირებაზე გავლენას ახდენს ინტელექტუალური პოტენციალი, განათლება, მოტივაცია, სოციალიზაცია, პიროვნული მახასიათებლები, პროფესიული უნარები, კულტურული გამოცდილება და ზოგადი სამედიცინო მდგომარეობები ან ფსიქიკური აშლილობები.
ადაპტური ფუნქციონირება ფასდება როგორც კლინიკური შეფასებით, ისე ინდივიდუალიზირებული, კულტურაზე მორგებული, ფსიქომეტრიულად გამართული საზომებით. სტანდარტიზებული ინსტრუმენტებით გაზომვის ქულებისა და ინტერვიუდან მიღებული ინფორმაციის ინტერპრეტაცია ხდება კლინიკური განხილვის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ რთულია სტანდარტიზებული ტესტირება ან საერთოდ შეუძლებელი მოქმედ ფაქტორთა მრავალფეროვნების გამო, ინდივიდს ესმება დაუზუსტებელი ინტელექტუალური შეფერხება.
კრიტერიუმი B გვაქვს მაშინ, როცა ადაპტური ფუნქციონირების ერთი სფერო მაინც - კონცეპტუალური, სოციალური ან პრაქტიკული- იმდენადაა დასუსტებული, რომ საჭიროებს დახმარებას ადექვატური მოქმედებისთვის ერთ ან მეტ სიტუაციაში (სკოლაში, სამსახურში,
სახლში თუ საზოგადოებაში).
ინტელექტუალური დარღვევის დასაწყისი განვითარების პერიოდშია. გამოვლენის ასაკი და დამახასიათებელი თავისებურებები დამოკიდებულია ეტიოლოგიასა და ტვინის დისფუნქციის სიმძიმეზე. მოტორული, მეტყველებისა და სოციალური უნარების განვითარების
ჩამორჩენა განსაკუთრებით თვალშისაცემია მძიმე დარღვევის დროს, მაშინ, როცა მსუბუქი ფორმების შემთხვევაში შეუმჩნეველია სკოლის ასაკამდე, სანამ არ გამოვლინდება სირთულეები აკადემიური სწავლის პროცესში. ყველა კრიტერიუმი (კრიტერიუმი C-ს ჩათვლით) უნდა იყოს შევსებული ისტორიით ან ახლანდელი მოცემულობით.
როცა ინტელექტუალური დარღვევა დაკავშირებულია გენეტიკურ სინდრომთან, შესაძლოა გამოვლინდეს ფიზიკური თავისებურებები (როგორც მაგ. დაუნის სინდრომის შემთხვევაში). ზოგიერთ სინდრომს ახასიათებს ქცევითი ფენოტიპი, რომელიც მოიცავს კონკრეტული გენეტიკური დარღვევისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ქცევებს. ასეთი ფორმებს მყისიერად წარმოშობს ისეთი დაავადებები, როგორიცაა მენინგიტი ან ენცეფალიტი, ან განვითარების პერიოდში მიყენებული თავის ტრავმა. როცა ინტელექტუალური დარღვევა წარსულში არსებული კოგნიტური უნარების დაქვეითების შედეგად ჩნდება, როგორც ეს ხდება თავის ტვინის მძიმე დაზიანების დროს, ინტელექტუალური დარღვევისა და ნეიროკოგნიტური დარღვევის დიაგნოზები შესაძლოა დაისვას ერთად.

0
492
შეფასება არ არის
ავტორი:თამთა ერაძე
თამთა ერაძე
492
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0