x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მეფე გვარამის ზღაპარი ანუ ამ ხალხს ისეთი სენი შეჰყრია,რომ აღარაფერი ეშველებაო
image

ეს ზღაპარი, უფრო იგავია, ანუ მოკლე ალეგორიული მოთხრობა, რომელიც ჩვეულებრივ, ზნეობრივ-დამრიგებლური დასკვნით მთავრდება, მხოლოდ უფრო პესიმისტური, ხოლო ამ ზღაპრის ალეგორიულობა იდეით, თემატიკით და მოტივებით, ოდნავ უფრო დამაფიქრებელია.

image

ის ზღაპარი, ახლა რომ უნდა გიამბოთ, ისე კი არ იწყება, როგორც ყველა ზღაპარი, იყო და არა იყო რაო, -პირიქით: თუ ყურადღებით მომისმენთ, დარწმუნდებით, რომ ეს ამბავი მართლა მოხდა.


დიდი ხნის წინათ, როცა ჩვენი პაპისპაპისპაპებიც კი არ იყვნენ ჯერ დაჩენილი, იყო ერთი დიდი და ულამაზესი ქვეყანა -ნიგოზეთი და ბრძენი, კეთილი, მამაცი და სამართლიანი მეფე ოსმანი განაგებდა.ოსმანს ორი ძე ჰყავდა.უფროსს ჰარალე ერქვა, უმრწემესს-გვარამი.

გავიდა ხანი, მეფე დაბერდა, დაბრმავდა და გადაწყვიტა, სადაც არის ჩემი აღსასრული დადგება და უნდა გავიგო, ჩემი შვილებიდან რომელია ღირსი, მეფის გვირგვინი დაიდგასო.

მოიხმო მეფემ უფროსი შვილი და ეკითხება:

-აბა მიბრძანე, შვილო ჩემო, ადამიანი რისთვის გაჩენილა ამ ქვეყანაზეო?

დაფიქრდა ჰარალე და უპასუხა:

-ადამიანი იმად არის გაჩენილი, რომ ჭამოს, სვას, დრო ატაროს და სულ ჰარიჰარალოთი გალიოს წუთისოფელიო.

რა ისმინა ეს პასუხი მეფე ოსმანმა, ჩაიცინა და უთხრა:

-აბა მაშ, ერთსაც შეგეკითხები, მიბრძანე მეფობა ნეტარებაა და განცხრომა, თუ ჭმუნვა და ჭირთათმენაო?

უპასუხა უფროსმა შვილმა:

-რაღა თქმა უნდა, განცხრომა და ნეტარებააო.

-მეფედ ვერ გამოდგები, შვილო ჩემო, წადი და შენს გზას ეწიეო.

იხმო ახლა უმრწემესი შვილი მეფემ და იმასაც ასე ეკითხება:

-აბა, მითხარი, შვილო ჩემო, ადამიანი რისთის გაჩენილა ამ ქვეყანაზეო?

და უპასუხა გვარამმა:

-ადამიანი იმად გაჩენილა, რომ მეორე ადამიანს ბოძად შეუდგეს და ცხოვრება შეუმსუბუქოსო.

-აბა მაშ, ახლა ის მითხარი, მეფობა ნეტარება და განცხრომაა, თუ ჭმუნვა და ჭირთათმენაო?

კვლავ უპასუხა გვარამმა:

-კარგი მეფე ფხიზლად უნდა იყოს, რომ თავის სამწყსოს მშვიდად ეძინოს, კარგმა მეფემ თავისი ახლობელიც უნდა მოიწყვიტოს გულიდან, თუ თუ ამას სამართალი მოითხოვს და, რაღა თქმა უნდა მეფობა ჭმუნვა და ჭირთათმენააო.

გაიხარა მეფემ უმრწემესი შვილის პასუხით და უთხრა:

-შენა ყოფილხარ გვირგვინის ღირსი და დღეიდან გადმომილოციაო.

მაგრამ გვარამმა უარი შეჰკადრა მამას:

-ჩემთვის ადრეა მეფის გვირგვინი, თქვენ მართეთ ისევ ქვეყანა, მე წავალ ქაჯეთის ქვეყანაში და მოგიტანთ იმ უებარ წამალს, თვალში სინათლეს რომ დაგიბრუნებსო.

ემუდარნენ მეფე და ვეზირები გვარამს, ნუ წახვალ იმ წყეულ ქვეყანაში, იქიდან დაბრუნება ძნელიაო მაგრამ თავისი სიტყვის პატრონი იყო მეფისწული, ვერ გადააფიქრებინეს და გაუდგა გზას.

გავიდა ნახევარი წელი და მეფისწული არ გამოჩნდა, გავიდა მთელი წელი და კიდევ არ გამოჩნდა.სამეფო კიდით-კიდემდე გლოვამ მოიცვა, მეფემ ვეღარ გაუძლო დარდს და თქვენი ჭირიც წაიღო.

გამეფდა მეფის უფროსი ძე ჰარალე.მეფედ კურთხევის აღსანიშნავად ჰარალემ დიდი ნადიმი გადაიხადა, ერთი თვის მანძილზე ქეიფობდნენ.ნაზირ-ვეზირნი და სულ ჰარიჰარალოს გაიძახოდნენ,

გავიდა ხანი.ნელ-ნელა დაითხოვა დარბაზიდან ჰარალემ ძველი ვეზირები და შემოიკრიბა ახლები.

პირველ ხანებში რა უჭირდა, დალაგებული სახელმწიფო იყო, სამართალი, სინდისი და პატიოსნება კიდევ მოსდევდა ქვეყანას, მაგრამ მერე და მერე რაკი დაატყვეს, ჩვენი მეფე თვითონ განცხრომაშია და სამეფოს ბედი მაინცდამაინც არ აწუხებსო, თვითონაც აუშვეს თავი.

მეფეს ვეზირებმა მიბაძეს, ვეზირებს განმგეთუხუცესებმა, იმათ მეჯამეთუხუცესებმა, რომელთა ხელთ იყო ნიგოზი, ზეთი, თევზი და სხვა მრავალი.მეჯამეთუხუცესებს მოლარეთუხუცესებმა, რომელთა ხელთ იყო სალარო, ხოლო ამით მანდატურთუხუცესებმა, ხუროთმოძღვრებმა და სოვდაგრებმა.

ყოველ დილით წავიდოდა მეფე ჰარალე ეკლესიაში, ილოცებდა ღმერთს, მერე ცოტა ხანს დაჯდებოდა სამეფო ტახტზე და შემოიკრებდა ვეზირებს.

-რ ამბავია ჩემს სამეფოში, უმადური ხომ არავინ არისო?-იკითხავდა მეფე ჰარალე და ვეზირებიც უპასუხებდნენ.

-დიდებულად მიდის საქმე, მეფეო, ხალხი შენს სახელს ლოცულობს ყოველცისმარე-მოახსენებდნენ მლიქვნელი და თაღლითი ვეზირები.

-ძალიან კარგი, ძალიან კარგიო, -იტყოდა ჰარალე და იმავე დღეს თავის უახლოესი პირებით რომელიმე დუქანს მიაშურებდა.სვამდნენ, ქეიფობდნენ და გასძახოდნენ:


ავანთოთ შუშის ფარანი, ჰარიჰარალე!

გავტეხოთ ღვინის მარანი, ჰარიჰარალე!

დროც გავატაროთ ლხინითა ჰარიჰარალე!


image

კეთილი კაცი იყო მეფე ჰარალე და არავის სჯიდა.


-ცუდი ამბავი რამ არ მაუწყოთ, -იტყოდა დარბაზობისას მეფე-კმარა ის სიმკაცრე რაც ცხონებულ მამაჩემს სჩვეოდა, ვიმხიარულოთ და ვილხინოთ, ეს ქვეყანა ყველას ეყოფაო.


ასე გადიოდა დრო, მეფე ჰარალე მართლა კეთილი კაცი იყო;მაგრამ მეფედ არ იყო დაბადებული.ამით ისარგებლეს ნაზირ-ვეზირებმა და სამეფოში მოამრავლეს თაღლითი, ოინბაზი, მლიქვნელი და მექრთამე მოხელეები.


ოდესღაც დალაგებული სამეფო აირია და აიწეწა, ყველა მოხელემ მიჰყო ხელი ქურდობასა და ქეიფს.ძველებურად აღარ შენდებოდა ლამაზი, გამძლე ტაძრები და მონასტრები.ხუროთმოძღვრები მასალას ანიავებდნენ, მეღვინეთუხუცესნი-ღვინოს, მეჯამეთუხუცესნი-ნიგოზს, ზეთსა და თევზს, მოლარეთუხუცესნი-ფულს.

მეფე ჰარალეს ქვეყანა დუქნებას იქცა, აშენებდნენ ლამაზ, მუშტრის მიზიდველ დუქნებს, მიდიოდნენ იქ ნაპარავი ფულით გამდიდრებული მოხელეები და ყოველი დუქნიდან ისმოდა:

ავანთოთ შუშის ფარანი, ჰარიჰარალე!


ნაპარავმა დოვლათმა აუბნია თავგზა დიდ მოხელეებს, ქვეყანა გაღატაკდა და გათაღლითდა, ფულზე იცვლებოდა სინდისი, ნიჭი, ვაჟკაცობა და ადამიანობა.

ქვეყანაში ცოტანიღა დარჩნენ პატიოსნები, იმათ აშფოთებდათ ქვეყნის ბედი, მაგრამ ცოტანი აბა რა გახდებოდნენ.

და აი, მოხდა მოულოდნელი ამბავი.ათი წლის შემდეგ ქაჯეთის ქვეყნიდან დაბრუნდა მეფისწული გვარამი, თურმე ქაჯებს ტყვედ ჰყოლიათ და ბოლოს, როგორც იყო, დაეხსნა თავი.

გვარამის გამოჩენამ მთელი სამეფო შეაჩოჩქოლა, ხალხი იმის გამეფებას მოითხოვდა.

კეთილი კაცი იყო ჰარალე და რაკი დაატყო, ხალხი ჩემი ძმის მხარესაა და ნამდვილი ტახტის მემკვიდრე ის იყოო, დაუთმო მეფის გვირგვინი.


დაღონდა გვარამი, მამის სიკვდილის ამბავი რომ გაიგო, ძალიან დაღონდა და უფრო მეტად იმან დააღონა, ქვეყანა რომ ასეთ ყოფაში დახვდა.მიეცა ჭმუნვას, ეს გადაგვარებული ქვეყანა ახლა როგორ უნდა გამოვასწოროო, მაგრამ რას რას იზავდა, როგორმე უნდა ეპატრონებინა.იმ დღიდანვე შემოიკრიბა გარშემო პატიოსანი, ქვეყნისა და ხალხის ერთგული პირნი, მოუსვა ხელი ვეზირებს და დილეგში ჩაამწყვდია.იმათ თავის ძმაც მიაყოლა, ერთად სწირავდით და მანდაც ერთად იყავითო. მერე მოიწვია დარბაზი და გამართა ბჭობა, დამნაშავენი რით დავსაჯოთო.ბევრი იფიქრეს, მაგრამ ვერაფერი გადაწყვიტეს, ბოლოს ერთმა ბრძენმა უთხრა მეფე გვარამს:

-მაგ ხალხს ტვინი სხვაგვარად აქვს მომართული, სათითაოდ უნდა ავხადოთ თავის ქალა, იქ ერთი ნაწილი აქვთ ტვინისა, იმას შევაბრუნებთ და სასარგებლო, წესიერ ხალხად იქცევიანო.

სამეფო დარბაზმა მოიწონა ბრძენის რჩევა და შეუდგნენ საქმეს.


ვეზირებიდან დაიწყეს.მაგრამ ჰოი საოცრებავ!...ახადეს ერთ ვეზირს თავის ქალა, მეორეს, მესამეს და რას ხედავენ: ტვინის მაგივრად ხუთი პატარა გუდა დევს შიგ. ერთს აწერია:ტყუილები, მეორეს-თაღლითობა, მესამეს-მომხვეჭელობა, მეოთხეს-მლიქვნელობა, ხოლო მეხუთეს-მთელი ქვეყანა რომ მღეროდა ის ლექსი:

ავანთოთ შუშის ფარანი, ჰარიჰარალე!

გავტეხოთ ღვინის მარანი, ჰარიჰარალე!

დროც გავატაროთ ლხინითა ჰარიჰარალე!



გაოცდა ბრძენი კაცი, გაოცდა მეფეცა და ვეზირებიც.აი, ვის უმართია სახელმწიფოო, ხოლო ბრძენი კაცი დაღონდა ეს ყველაფერი რომ იხილა, რას დუმხარ, ბრძენო კაცო, გვითხარი რამეო, მძიმედ ამოიოხრა, თავი გააქნია და თითქმის ქვითინით თქვა: ამ ხალხს ისეთი სენი შეჰყრია, რომ აღარაფერი ეშველებაო.

image

ავტორი სოლომონ დემუხანაშვილი (1981 წელი)

3
196
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
196
  
2018, 1 თებერვალი, 10:39
გვარამი ჭირდება დღეს საქართველოს და არა გვარამია....
2018, 1 თებერვალი, 10:06
დაასხი არაჩანდა მოვდივარ :)
0 1 3