x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
წნორში, დედოფლისწყაროსა და თბილისში გამოძალვის და ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის 6 პირი დააკავეს
image


შსს-მ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში ექვსი პირი დააკავა. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი - მეტსახელად „ჩიკი“, „ბუბა“, „ამბერგუნა“ და კიდევ სამი პირი თბილისში, დედოფლისწყაროსა და წნორში ერთდროულად იქნა დაკავებული.
„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, ბოლო პერიოდში შს სამინისტროს მიერ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ. კერძოდ, სამინისტროს მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდული სამყაროს წევრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების გამოძალვის მცდელობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მეტსახელად "ჩიკი", "ბუბა", "ამბერგუმა" და კიდევ სამი სხვა პირი თბილისში, დედოფლისწყაროსა და წნორში ერთდროულად იქნა დაკავებული. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯგუფის სამმა წევრმა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით რამდენიმე მოქალაქეს ქურდული გარჩევა მოუწყო და დიდი ოდენობით თანხა გამოსძალა. ამავე პირებმა, დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთ წევრთან ერთად, ქურდული გარჩევის გზით, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის გამოყენებით, მათივე ნაცნობისგან მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს თანხა და მისგან ნარკოტიკული საშუალების გამოძალვას ცდილობდნენ. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ორმა წევრმა, მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა რამდენიმე პირს, რომელთაც ბრალდებულებმა იარაღს მუქარით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ერთი დღე-ღამის განმავლობაში დატყვევებულები ჰყავდათ“, - განახადა მეზვრიშვილმა.
სამართალდამცველებმა დაკავებულთა ჩხრეკისას იარაღი და საბრძოლო ვაზნები, მობილური ტელეფონები და ინფორმაციის შემნახველი სხვა საშუალებები ამოიღეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას 2 გლუვლულიანი თოფი, „გეკოს“ ტიპის ცეცხლსასროლი თოფი, „კარაბინის“ ტიპის თოფი და 48 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია მობილური ტელეფონები და ინფორმაციის შემნახველი სხვა ელექტრონული საშუალებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულების „კანონიერ ქურდებთან“ კავშირს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. ქურდული სამყაროს, მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში და კავშირი ჰქონდათ ლავას ოღლისთან, კაკო ტბილისკისთან, "ტოტორინისთან", "ენცოსთან" და სხვა.
დაკავებულებიდან 3 პირს ქურდული სამყაროს წევრობა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო გამოძალვის მცდელობა ედება ბრალად. ერთ პირს - ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო გამოძალვის მცდელობა, ხოლო დაჯგუფების დანარჩენ ორ წევრს - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა.


დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ინტენსიური ღონისძიებების განხორციელებას ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს. საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას, ქურდული სამყაროს წევრისთვის/კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს და ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის".

0
168
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0