x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში ხელფასებიც გაიზარდა და მაღალანაზღაურებადი თანამდებობებიც
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირებს ხელფასები გაეზარდათ. ასევე გაიზარდა ანაზღაურებადი თანამდებობების რიცხვიც.


თავდაპირველად ხელისუფლებამ საკრებულოებში მხოლოდ ერთი ფრაქცია შექმნა და განმარტა, რომ აქამდე არარსებული ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის შტატის შექმნით სახელფასო ფონდისთვის საჭირო თანხების გაზრდის აუცილებლობა არ დადგებოდა, რადგან გასული წლებისგან განსხვავებით ოცნებას რამდენიმე ფრაქცია არ ეყოლებოდა. თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებამ ფრაქციების ოდენობაც გაზარდა, მათი ხელფასებიც და თავმჯდომარის მოადგილის შტატიც დაამატა.


აქამდე ფრაქციების თავმჯდომარეების ანაზღაურება 1000 ლარი იყო, ამიერიდან კი 1 500 ლარი გახდა. თავმჯდომარეს მოადგილე არ ჰყავდა, ახლა ეს შტატიც შეიქმნა და მათი ხელფასი 1 200 ლარით განისაზღვრა. დედოფლისწყაროში ყველა ფრაქციას თითო თავმჯდომარის მოადგილე ჰყავს, მხოლოდ ქართულ ოცნებას ეყოლება ორი მოადგილე.



ამჟამად საკრებულოში 4 ფრაქცია მოქმედებს. ორი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს პირველივე სხდომაზე შეიქმნა, ორი ფრაქციაც ახლახან დარეგისტრირდა.


საკრებულოს აპარატის ცნობით, საკრებულომ დაამტკიცა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, მერის სტრუქტურული ერთეულებისა და საკრებულოს კომისიების დებულებებში საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შესატანი ცვლილებების პროექტი და ცნობად მიიღო ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეეების არჩევა, რომლებიც სხდომაზე ფრაქციების თავმჯომარეებმა წარადგინეს.


„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“: თავმჯდომარე - დავით ალუღიშვილი, მოადგილეები - გიორგი ჭინჭარაული და ნუგზარ ყოჩიაშვილი.

„ქართული ოცნება - მრეწველები“: თავმჯდომარე - მამუკა სეფიაშვილი, მოადგილე - არსენ ბაღაშვილი.

„ქართული ოცნება - კონსერვატორები “: თავმჯდომარე - ალექსანდრე პაპაჩაშვილი, მოადგილე - ალექსანდრე ბენაშვილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: თავმჯდომარე - ლევან ბაღაშვილი, მოადგილე - ლევან იაკობიშვილი.


შეგახსენებთ, ახლადმიღებული ცვლილებების თანახმად საკრებულოსა და მერიაში ხელფასები გაეზარდათ როგორც სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირებს და სპეციალისტებს, ისე დედოფლისწყაროს მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს.


image

დედოფლისწყაროს საკრებულოში სულ 28 წევრია. აქედან, 13 წევრი მაჟორიტარული წესით, 15 კი პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი. მპგ “ქართულ ოცნებას“ 21 წარმომადგენელი ჰყავს, ნაციონალურ მოძრაობას - 3, “ევროპულ საქართველოსა“ და “პატრიოტთა ალიანსს“ კი 2-2 წარმომადგენელი.

0
152
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0