x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დარაბებს მიღმა შემოდგომაა
image




ყვითელია.

ტერფიდან თმის ბოლო ღერამდე ყვითელია.


ხედავ?!

ჰაერიც აყვითლებს შინაგან სამყაროს.


ნოემბერი წეღან მოვიდა.შენ სულამოფსკვნილი გაჰყურებ სახლის წინა ტერიტორიას.წვიმა მიცვალებულზე დაყრილი ბოლო მუჭა სილასავით გეცემა წამწამებზე.მუხის ხე წინ რომ გიდგას, გაოცებული უყურებს შენს ქაჯურ ბუნებას, რომელსაც ასე ერთგულად მალავ.ისიც ახლახან გაყვითლდა.გახსოვს, ბავშვობაში, როცა შემოდგომა მოვიდა, ბევრი მანდარინი ჭამე, სულ გაყვითლდი სახეზე და ყვითელი ფერი პირველად მაშინ შეგიყვარდა.ისე მიეჩვიე სახის სიყვითლეს, მერე უკვე ყველაფერზე ნერვიულობდი, იქნებ ასე მაინც დავკარგო თოვლის ფიფქის ფერი და ძველი, ყველასგან მიტოვებული წიგნის ფერი მივიღოო.გადაშალე სულის ბლოკნოტი და ძველი ჩანაწერების ფრაზები მოწყურებულმა გადაყლაპე, თმის ფერი შეიცვალე და იმ მუხას ფესვები დაუკოცნე, რომელიც ერთგულად გიცქერს და თვალს არ გაშორებს, დედ-მამასავით ზრუნავს შენზე....


დიალოგი N1

-გესმის?! სწრაფად გაიღვიძე !! გესმის?!! - სასოწარკვეთილი ხმით უყვირის ლილიანი მათეს.

-რა გინდა?! შემეშვი.ისევ 2 წლის ბავშვივით იქცევი.რაღა..პირველად ნახე თოვლი?-ასოები ჩაუყლაპა მათემ ლილიანს და მარჯვენა ხელი ვერტიკალურად ჩაიქნია.

-არა, ადექი, მიშველე.ზამთარი მოვიდა.პირველი დღე და პირველი თოვლი წელს.გესმის?! პირველი თოვლი.ადექი, მამას გაუხარდებოდა, ხომ გახსოვს როგორ უყვარდა.მისი ხათრით, გთხოვ, ადექი.

-ბოლოჯერ გეუბნები, თავი დამანებე.

დიალოგი N2

დამწუხრებული ლილიანი შავ მანტიაში გახვეულ დედას კალთაში ჩაუსკუპდა, თითქოს, ისევ 10 წლის გოგო ყოფილიყო და სუნთქვაშეკრული(დედა არ შეეწუხებინა თავისი სუნთქვით) მიინაბა.

-ღუმელს შეუკეთე, ლილიან, მე ძალა აღარ მაქვს, გთხოვ, ადექი.

-ახლავე, დედი.

ლილიანი ქუთუთოდაწვრილებული თვალებით ზანტად წამოდგა.გარედან თოვლიანი შეშა შემოიტანა და ღუმელის თავზე ფრთხილად შემოდო გასაშრობად.ღუმელს დაბალი სკამით მიუჯდა და ცეცხლისფერ ნაკვერჩხალს გაშეშებული თვალებით აკვირდებოდა.

-შენი აზრით, ადამიანები როცა კვდებიან, სად მიდიან?

-ლილიან, რატომ გაწუხებს ეს კითხვები?

-არა, უბრალოდ მამა მენატრება.იქნებ ღმერთმა თავისთან არ წაიყვანა და ახლა ბოროტი არსებები აწვალებენ.

-ლი, სიკვდილი ერთი ოთახიდან მეორე ოთახში გასვლას ჰგავს, მაგრამ არასოდეს იცი თუ ვინ დაგხვდება იქ.ჩვენც არ ვიცით, მამას იქ ვინ დახვდა, მაგრამ ვიცით, ვინ იყო ის და შეგვიძლია ცრემლნარევი ღიმილი ღიმილის კუთხეში შევიპაროთ და ამაყად გავიხსენოთ.

-დედა, ნელ-ნელა მავიწყდება.-აბღავლდა ლილიანი, რომელიც დედის ნაცვლად საკუთარ ხელს ეყრდნობოდა და მათესთან გაიქცა.


დიალოგი N3

-გაიღვიძე! გესმის?! გაიღვიძე !! მინდა, თოვლში ბევრი ვიაროთ, დაურსულებლად და ჩვენი ნაკვალევი დარჩეს სამუდამოდ.ისე როგორც შემოდგომას ვაკეთებ ხოლმე.სადაც ნაბიჯს დავდგამ მიწას ამოვთხრი, ყვითელ ფოთლებს ჩავუყოლებ და მერე ისევ მიწას ვაყრი.ასე ყველგან ვარ.ზამთარშიც და ზაფხულშიც.ადექი, მათე, გესმის?! მამას გამო !

-შენ ხომ თოვლს ვერ იტან?!

-ჰო, ვერ ვიტან, რადგან ის თეთრია, იმდენად წმინდაა, რომ მაშინებს არ დავსვარო, მაგრამ ახლა მინდა, მამას გამო მინდა !!

-არ იზრდები, ლილიან?! თავი დამანებე, მოშორდი აქედან...


ყველა მხრიდან უარყოფილი გახსოვს როგორ გამოვარდი სახლიდან?! მე მახსოვს რა გეცვა.მათეს ყველაზე დიდი ზომა სვიტერი, დაახლოებით სვიტერის სიგრძის ყვითელი კაბა და შემოდგომის ფერი მუხლამდე სქელი წინდები.თავზე წითელი ქუდი გეფარა და შენს ძოწისფერ გრძელ კულულა თმას ძალიან უხდებოდა სიწმინდის ფერი.მირბოდი.უკანმოუხედავად მირბოდი და ღაპაღუპით მომდინარე ცხელი ცრემლი ადნობდა თოვლის სქელ ფირფიტებს.იმდენად სწრაფად მირბოდი, ძალა არ გეყო და სახით დაეცი იმ სიწმინდეში, რომელიც ყველაზე მეტად გეზიზღებოდა.სუნთქვა გიჭირდა და ვერ დგებოდი..იქვე გაიშალე დარჩენილი ცხოვრების საბანი და სამუდამოდ მოიკალათე.

დიალოგი N4

ლილიანი საკუთარ ალტერეგოს

-დღეს ხუთშაბათია.პირველი დეკემბერი.დღეს მამას გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა და ჩემს ცხოვრებაში პირველად მოვიდა წმინდა თოვლი.ერთხელ მამამ მითხრა: „ზამთარში მარტო თოვლის ფანტელები შრიალებენ ჩუმად, ჩუმად თითქოს ცდილობენ, თავისი ხმაურით არ შეგვაწუხონ.არ უნდათ სეტყვას დაემსგავსონ.ლანქერიც კი არ გაწუხებს.ის ღმერთივით წმინდაა.იცი, ლილიან?! შენც თოვლს ჰგავხარ და სულ უნდა ჰგავდე.შენ ისეთივე წმინდა ხარ, როგორიც ჩემთვის პირველი თოვლი იყო.გახედე ამ შენს პაწაწინა ნაკვალევს.როცა პირველად მოსულ თოვლში პირველ ნაბიჯს დადგამ, შენ ყოველთვის მე გაგახსენდები..თუ შენთან არ ვიქნები, მინდა, გამიხსენო და იმ პირველ ნაბიჯს ჩაეხუტო, რომელშიც მე ვიქნები გაპიროვნებული.ლილიან, დაიმახსოვრე, შენ იქნები ერთადერთი ადამიანი, რომელსაც არასდროს დავავიწყდები.მე ვიქნები შენთვის პირველად მოსული თოვლი.ახლა კი მოდი, გავიქცეთ, თუ გამასწრებ“. დღეს მინდოდა, მამასთვის მეთქვა, რომ მარტო მე არ მახსოვს.მინდოდა მეთქვა, რომ მარტო მე არ ვფიქრობ მასზე.მინდოდა მას მეც, მათეც და დედაც ჩავხუტებოდით.გესმის, მამა?! მინდოდა...მაგრამ ხედავ? წლები გადის.როცა პირველად შენი ტკივილი შემოვიხვიე ნეკნებზე და სამუდამოდ შევისისხლხორცე იმის შემდეგ ველოდები პირველი თოვლის პირველ ნაბიჯს, ვიმედოვნებდი შენს თბილ ჩახუტებას ისევ ვიგრძნობდი.ახლა კი, მართლა იმ ნაბიჯს ვეხუტები, რომელშიც შემოდგომას ყვითელი ფოთლები ჩავმარხე.გთხოვ, მიგრძენი!


დიალოგი N5

-სად იყავი?! სულ მთლად გალუმპუხარ !!! ლილიან, შენ ხომ თოვლს ვერ იტან?! -გაკვირვებული მათე ჩააცივდა აკანკალებულ ლილიანს.

-ჰო, ვერ ვიტან.მე შემოდგომა მიყვარს.ყვითელი ფოთლები, რომლებიც ნელ-ნელა კვდებიან, თანაც გვახვედრებენ თავიანთ ავადმყოფობას და ჩვენ მაინც ვერ ვშველით.შემოდგომის ძველი წიგნისფერი ფოთლები მამას ჰგვანან.მეც ხომ ვერ ვუშველე.დღეს კი სამუდამოდ გამოვემშვიდობე.-აცრემლებული ლილიანმმა ღუმელს შეშა შეუკეთა და თავი მუხლებში ჩარგო.

- ლილიან, მამასთვის სიკვდილი მორიგი თავგადასავალი იყო.მოდი, ნუ სწუხარ ამდენს.თავი ასწიე მუხლებიდან და შესისხლხორცებული დარდი შენი ნეკნებიდან გამოიგლიჯე.შემოდგომას უთხარი ფოთლები გადაარჩინოს და ნუ იქნები იმდენად ყვითელი, რომ სხვებიც გაყვითლო.იყავი მამასავით თეთრი და მასავით წმინდა ღვინისფერი აზრებით შეიქმენი გარსი, რომელიც ცხოვრებისგან დაგიცავს.ახლა კი გათბი და თოვლში გავიდეთ ისე, თითქოს პირველი და უკანასკნელი იყოს შენი პირველი და უკანასკნელი ნაბიჯი მასში.


0
45
1-ს მოსწონს
ავტორი:სალომე კვატიძე
სალომე კვატიძე
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0