x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ქართველი ემიგრანტის ლექსები
image




სამშობლოს ვჭირდებით...
****************************************
დრო გადის, ვეცადოთ ცხოვრება შევცვალოთ,
ღრუბლები გავფანტოთ სევდიან ფიქრების,
სატანჯველ ცხოვრებას როდემდე ვეწამოთ,
ჩვენ, ემიგრანტები სამშობლოს ვჭირდებით.

გული გაუცხოვდა, დედა შვილს ვეღარ სცნობს,
ძუძუს აგლეჯილი წვერ-ულვაშს ატარებს,
გაფუჭდა ცხოვრება, კაცს სიტყვას ვერ ანდობ,
მოძმეს ვღალატობთ და მტრის გულებს ვახარებთ.

ვინმეს შესახვეწი ქართველებს რა გვჭირდა,
სხვის ქვეყნის შენებით ოფლად რომ ვიღვრებით,
ვიდრე გადავჯიშდით და გული გაცივდა,
ჩვენი ავაშენოთ, სამშობლოს ვჭირდებით.


ვიდრე შობადობა შეწყვიტა ქართველმა,
ვიდრე მოიზომა ჩინელმა მიწები,
დავბრუნდეთ! სამშობლო "წაგვართვა" სხვა ერმა,
სანამ ჩვენ მიწაზე მონებად ვიქცევით.

დავბრუნდეთ! რომ მერე არ იყოს გვიანი,
ძალაგამოცლილი ვის რაში ვჭირდებით,
გვეყოს რაც გავლიეთ აღმართი ქვიანი,
როდემდე?- ამაზე თუ ვინმე ვფიქრდებით?

წლები გაგვეპარა, ჭაღარა თმებს გვაწვიმს,
დრო ყინვით გვმოსავს და თანდათან ვცივდებით,
დავბრუნდეთ! ბედკრული სამშობლო გვეძახის,
ქართველო დედებო! ოჯახებს ვჭირდებით.

მარინა ყიფიანი


2.

დედა ვარ და ყველა ტკივილს ვუძლებ...
*********************************************************
ის დღე ალბად დღედ არ მიღირს, როცა
გულის ნადებს არ გავუმხელ ფურცლებს,
ზეცით მამა მაცხოვარი მლოცავს,
სხვა რა გზა მაქვს, გაუსაძლისს ვუძლებ.

გმინავს ორად გაყოფილი გული,
ჯებირს ამსხვრევს დამშეული მუზა,
ლექსი ხსნაა, გაშიშვლება სულის,
სტროფებს ვითვლი აჩქარებულ პულსად.

დავწერ დღესაც გზააბნეულ ქალზე,
სიყვარულზე, ტკივილსა და დარდზე,
არ შევიმჩნევ ნადენ ცრემლებს თვალზე,
ავმღერდები დარდიმანდის ხმაზე.

ამაშია სიძლიერე ქალის,
სტკიოდეს და ატარებდეს ღიმილს,
გულში ჩუმად შეიხორცოს ბზარი,
თავდახრილი მიჰყვებოდეს ბილიკს.

აიტანოს მონატრება შვილის,
შეიფეროს სხვისი ზეცა ქუდად,
სტკიოდეს და არ ამხელდეს ტკივილს,
მიტოვებულ ოჯახს ედგეს ბურჯად.

მაგრამ ღამეს? სად გაექცეს ღამეს?
სიბნელეში როცა მარტო რჩება,
ვეღარ უძლებს, ტკივილს უმხელს მთვარეს,
ღამით უკვე სუსტი ქალი ხდება.

დავწერ დღესაც, შევატოვებ ფურცლებს
ტკივილს, რასაც მონატრება ჰქვია,
დედა ვარ და ყველა ტკივილს ვუძლებ,
რა ვუყოთ, რომ ემიგრანტი მქვია.

მარინა ყიფიანი


3.

მაპატიე, მაპატიე მიტოვება...
********************************
დილით შენი სიყვარული მიხელს თვალებს,
აჩრდილივით შენი სახე მელანდება,
შემოდგომის ქარი ფოთლებს აშრიალებს,
ტკივილამდე შენი ნახვა მენატრება.

სასთუმალთან მზის სხივები დაესვენა,
გაშლილ თმებზე მონატრება მეფერება,
ბედის მწერალს სიმარტოვე დაეწერა,
მუზა ხარ და შენზე ლექსი მეწერება.

ქარმა შენი სურნელება ფანჯრის მინას
სიყვარულის ანაბეჭდად შეატოვა,
ჩემ წარსულში გზააბნეულ ფიქრებს სძინავს,
წახვედი და უშენობამ დამათოვა.

ხელისგულებს შენი სითბო შერჩენია,
მიყვარხარ და სიკვდილამდე მეყვარები,
იმ ხეს ვგავარ ობლობას რომ შესჩვევია,
გრიგალმაც რომ ვერ დააკლო ვერაფერი.

ღამეს ვეტრფი, მთვარე ჩემი მეგზურია,
სიზმრად შენი გზების პოვნა იოლდება,
გიყურებ და ეგ თვალები მემდურიან,
მაპატიე, მაპატიე მიტოვება.

მარინა ყიფიანი



image


0
279
1-ს მოსწონს
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0