x
image
რუსუდან ნადირაშვილი
აშშ-ში ქართველი ექიმი, 30 წლის დათო კანდელაკი მოკლეს
image


აშშ-ში 30 წლის ქართველი ექიმი, დავით კანდელაკი მოკლეს. ქალაქ ლუისვილის პოლიცია ორი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებს.
პოლიციამ ერთ-ერთ ბინაში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვა, მათ შორის ერთი ქუთაისელი დავით კანდელაკია. ბინა, სადაც ცხედრები იპოვეს, მეორე მოკლულს ეკუთვნოდა, ისიც 30 წლის ადგილობრივია, რომელთანაც კანდელაკი სტუმრად მივიდა.



როგორც ამერიკული მედია იუწყება, დავით კანდელაკის მეუღლემ პოლიციას შეატყობინა, რომ ის გაუჩინარდა. ეჭვის მიზეზი კი ის გახდა, რომ მან დაგეგმილი გრაფიკი დაარღვია და არ გამოჩნდა.



გავრცელებული ცნობით, დავით კანდელაკი მაიამიში თავის მეუღლეს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ გამოჩენილა, რის შემდეგაც მეუღლემ პოლიციას მიმართა.


ადგილობრივმა პოლიციამ ორი მოკლული ხუთშაბათს აღმოაჩინა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. პოლიცია მკვლელობის ვერსიას განიხილავს.


ქართველი ექიმის პედაგოგი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.


„ამერიკის შეერთებული შტატების პატარა ქალაქში, კიდევ ერთ ამერიკელ ახალგაზრდასთან ერთად, ტყვიით მოკლული იპოვეს 31 წლის ქართველი ექიმი დავით კანდელაკი. პოლიცია მუშაობს გაურკვეველ გარემოებაში მომხდარი მკვლელობის გასახსნელად.

ეს - ცივი, ოფიციალური ინფორმაცია.
ჩვენთვის კი...მოულოდნელი, თავზარდამცემი ელდა იმისა, რომ დაიღუპა ჩვენი ულამაზესი, უნიჭიერესი, უკეთილშობილესი, სიცოცხლით სავსე დათო კანდელაკი - დიდი კარიერის საფეხურზე შემდგარი ახალგაზრდა ექიმი, ტყუპი ქალ-ვაჟის მამა, მშვენიერი ნატაშას მეუღლე, საუკეთესო შვილი, ძმა, მეგობარი, ადამიანი, ქუთაისზე შეყვარებული ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მეუღლესაც შეაყვარა თავისი მშობლიური ქალაქი, ქართული ტრადიციები, ენა.
დათომ ქუთაისის სერგეი მესხის სახელობის ჟურნალისტიკის კერძო სკოლა-ლიცეუმი დაამთავრა. ყოველნაირად გამორჩეული, ბრწყინვალე მოსწავლე იყო და, როგორც მის მასწავლებელსა და ლიცეუმის დირექტორს, მეგონა, მალე ჟურნალისტიკაში, ან პოლიტიკაში ხმამაღლა იჟღერებდა მისი სახელი, მან კი სრულიად სხვა არჩევანი გააკეთა: ამერიკაში წავიდა და თავდადებული შრომით, განსაკუთრებული ცოდნისწადილით უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო. სულ ახლახან ლიცენზიაც დაიმსახურა და წინ დიდი პერსპექტივა ჰქონდა. დავით კანდელაკი თავისი ქვეყნის სახე იყო შორეულ ქვეყანაში: კულტურული, განათლებული, კეთილშობილი, ყველასგან პატივსაცემი და დასაფასებელი. მისი ფეისბუკის გვერდი სავსეა იქაური მეგობრების მწუხარე გამოსათხოვარი სიტყვებით.
სულ ახლახან ცოლ-შვილთან ერთად უკანასკნელად იმყოფებოდა ქუთაისში დათო. სამსახურში მეწვია, ბევრი მეფერა, მითხრა, რომ ლიცეუმში მიღებული უნარჩვევები ცხოვრებაში მრავალჯერ დაეხმარა. ბოლოს მოკრძალებით გადმომცა პროფესიული საჩუქარი - პაწია, ძალზე კომფორტული დიქტოფონი...
რას ვიფიქრებდი, რომ ეს დათუნას გამოსათხოვარი ჟესტი იყო...
თურმე უკანასკნელად ვუყურებდი მის ულამაზეს ღიმილს!
ბევრი ვიტირე, მაგრამ რას შველის ცრემლი ამ ტრაგედიას!.., “ - წერს ნანული ცხვედიანი.
image
0
322
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0