x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ევთანაზიის ლეგალიზაცია: მოწინააღმდეგეთა არგუმენტები

image

ევთანაზია (ბერძ. ტკბილი, კარგი სიკვდილი) ნიშნავს სასიკვდილო სენით დაავადებული, ავადმყოფობის უკანასკნელ სტადიაზე მყოფი პაციენტისთვის სიცოცხლის განზრახ მოსწრაფებას, ავადმყოფობით გამოწვეული ძლიერი ტკივილებისა და ტანჯვისათვის განთავისუფლების მიზნით.

ევთანაზიის 2 სახე არსებობს: პასიური და აქტიური. პასიური ევთანაზიის დროს წყდება დამხმარე თერაპია. აქტიური ევთანაზიის დროს კი ავადმყოფის მიმართ გამოიყენება ისეთი პრეპარატი, რომელიც აჩქარებს სიკვდილს.

მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ნაცისტურ გერმანიაში ევთანაზია ხორციელდებოდა იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ”ეკონომიურ ტვირთს” წარმოადგენდა. ადგილი ჰქონდა ე.წ. ”რასობრივი ჰიგიენის” პროპაგანდას. ჰიტლერმა გამოსცა ბრძანება, იმ ბავშვების რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც დაავადებული იყვნენ ”მონღოლოიდურობით”, ჰიდროცეფალიით, ცერებრალური დამბლით და სხვა დაავადებებით. ბავშვების ამ კატეგორიას უკეთებდნენ ევთანაზიას ფენობარბიტალის ჭარბი დოზის შეყვანით.

ევროპის ბევრი ქვეყანა ერიდება აქტიური ევთანაზიის ლეგალიზაციას, რათა არ მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება. პასიური ევთანაზია კი ლეგალიზებულია. ექიმებს შორის დამკვიდრებულია აზრი, რომ თუკი პაციენტის სიცოცხლე აპარატის გარეშე შეუძლებელია, შესაძლებელია მისი გამორთვა, რადგან ხდება უკვე არა პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნება, არამედ სიკვდილის გაჭინაურება.

აქტიური ევთანაზიის საკითხს სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა განსხვავებულად აგვარებს. ზოგ ქვეყანაში ევთანაზია ლეგალიზებულია (ჰოლანდია, სკანდინავიის ქვეყნები, შვეიცარია, ვაშინგტონის შტატი), ზოგან მას მკვლელობად განიხილავენ (ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი), ხოლო ზოგან კი დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევენ (გერმანია, ავსტრალია).

საქართველოში პასიური ევთანაზია დაშვებულია, ხოლო აქტიური ევთანაზია კი დანაშაულად ითვლება (თუმცა დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად არის აღი­­ა­რებული, მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით), რომელიც ისჯება 2-დან 5 წლამდე.

ევთანაზიის მოწინააღმდეგენი ამბობენ, რომ მისი მართებულობის დამტკიცება შეუძლებელია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი “ვარაუდის” საფუძველზე ავადმყოფის სავარაუდო ნების შესახებ შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხებზე. ამგვარად, ავადმყოფის ნების ცოდნის გარეშე ექიმს შეუძლია, შეწყვიტოს ავადმყოფის სიცოცხლის შენარჩუნების ზომები. ექიმთა პალატის ახალი დირექტივების კრიტიკოსებს მოჰყავთ საფუძვლიანი არგუმენტი: პაციენტის თხოვნით მოკვდინება, გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 216 მუხლის მიხედვით, დანაშაულია; ბუნებრივი სიკვდილი არა სხვისი ხელით სიკვდილია. ეს უკანასკნელი შეიძლება არა მხოლოდ ქმედების, არამედ უმოქმედობის გამოც დადგეს. არადა, არსებობს ადამიანის, განსაკუთრებით კი ექიმის მოვალეობა, ყველაფერი გააკეთოს სიცოცხლის გადასარჩენად.
ევთანაზია ბუნებრივი სიკვდილის უარყოფაა. ნებისმიერი არგუმენტი უმტკივნეულო და ტანჯვისგან გამათავისუფლებელი “ტკბილი სიკვდილის” სასარგებლოდ ვერ გადასწონის იმ სასწორს, რომლის მეორე ფიალაზე ზნეობა და ადამიანურობა ძევს. ერთი ადამიანის მიერ მეორეს სიკვდილის მოსწრაფება უმძიმესი ცოდვაა სამყაროს წინაშე ცივილიზაციის ნებისმიერ საფეხურზე. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ თანამედროვე ეპოქამ, სამეცნიეროტექნიკურმა პროგრესმა შეცვალონ ადამიანური ღირებულებების ბუნება - აცხადებენ ევთანაზიის მოწინააღმდეგენი და დასძენენ - ისიც მართალია, რომ სიკვდილიც ღირსეული უნდა იყოს. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ მომაკვდავთან ადამიანური დამოკიდებულებით, მისთვის ტკივილისა და ტანჯვის შემსუბუქებით. თანამედროვე მედიცინაში ცნობილია, რომ ავადმყოფისათვის ტკივილის მოხსნა, ან უკიდურეს შემთხვევაში, მისი მნიშვნელოვანი შემსუბუქება სრულიად შესაძლებელია და თუ ეს არ ხდება, ავადმყოფს პირველ ყოვლისა ექიმი უნდა შეეცვალოს, მაგრამ არა იმ ექიმით, რომელიც მას მოკლავს და ტკივილისაგან გაათავისუფლებს, არამედ იმით, რომელმაც იცის ტკივილის მართვა და ემოციურად გატანჯული და დეპრესიაში მყოფი ავადმყოფისათვის თანაგრძნობის გაწევა.

ევთანაზიის მომხრეები აცხადებენ, რომ ევთანაზიის კანონით აკრძალვა ფაქტობრივად ადამიანის ტანჯვის ნებართვაა და სხვა არაფერი. ამ ლოგიკას რომ მივყვეთ, გამოდის, რომ თუ ხელისუფლება კრძალავს დაბინძურებული პროდუქტით ვაჭრობას, ეს ადამიანების შიმშილით დახოცვის სურვილითაა ნაკარნახევი.
ხელისუფლებას არ შეიძლება ჰქონდეს უფლება, ძალაუფლება მისცეს ადამიანთა ერთ ჯგუფს (ამ შემთხვევაში ექიმებს) მეორე ჯგუფის (პაციენტების) მოსაკლავად; რადგან ადამიანის თანხმობა არ არის საკმარისი არგუმენტი მისი სიკვდილით დასასჯელად.

ხშირად ევთანაზიას სიცოცხლის უფლებით ამართლებენ, ანუ იმით, რომ სიცოცხლეს ადამიანი უფლებამოსილებიტ განაგებს და მას უნდდა ჰქონდეს თავისუფლება, სურვილისამებრ დაასრულოს. რეალურად კი მოწყალების ყალბ საბურველში გახვეული ევთანაზია არის არა ადამიანის უფლება, თავად გააკეთოს არჩევანი სიკვდილ-სიცოცხლეს შორის, ანუ მისი სიკვდილის უფლება, არამედ ის მკვლელობის უფლებაა. ადამიანის სიცოცხლის მოსწრაფება “კეთილშობილური” ფარისევლობაა და ცინიზმი - ასეთია ევთანაზიის მოწინააღმდეგეთა ვერდიქტი.

ევთანაზიის ლეგალიზაცია

ევთანაზიის მოწინააღმდეგეების მძლავრ არგუმენტს წარმოადგენს ფაქტი, რომ შესაძლოა, იგი გამოყენებულ იქნეს მედიკოსების მიერ ეკონომიკური საბაბით (რადგან მკურნალობა ხშირად დიდ თანხებთან არის დაკავშირებული) ან ე.წ. “კაცობრიობის გასათავისუფლებლად”. არსებობს ამ არგუმენტის დამადასტურებელი სასამართლო პრაქტიკა: აშშ-ში “სიკვდილის მანქანად” წოდებულმა ჯეკ კევორკიანმა სიცოცხლეს გამოასალმა გადარჩენის რეალური შანსის მქონე 100-მდე პაციენტი. იგი, საკუთარი შეხედულებით, ათავისუფლებდა სამყაროს იმ ადამიანებისგან, რომლებიც მხოლოდ “ეკონომიკურ ტვირთს” წარმოადგენდნენ და ეშხში შესული ჩვეულებრივ მკვლელად იქცა. 1999 წელს მას მხოლოდ 8 წელი მიუსაჯეს. დღეს თავისუფალია, მაგრამ ეკრძალება სამედიცინო სფეროში მოღვაწეობა. ჯეკზე კინო ფილმიც არის გადაღებული სახელწოდებით „You don’t know jack”, რომელშიც დოქტორის როლს ალ პაჩინო ასრულებს, და ამისთვის ოქროს გლობუსიც დაიმსახურა.

ასევე, შესაძლოა, ევთანაზია სათავისოდ გამოყიყენონ პაციენტის ოჯახის წევრებმა ან ნათესავებმა ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით. ამის მაგალითია 1998 წელს ქალაქ ბელაია კალიტვაში მომხდარი ევთანაზიის აქტი. საქმე ეხებოდა შვილის მიერ პარალიზებული დედის მკვლელობას. თავდაპირველად მან თანხმობა მიიღო მომაკვდავი დედისგან, შემდეგ დედამ გადაიფიქრა, მაგრამ შვილმა მტკიცედ გადაწყვიტა მისი თავიდან მოშორება მემკვიდრეობის მიღების მიზნით. მმან დანით რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა გულში, რის შედეგადაც ავადმყოფი გარდაიცვალა. განსასჯელმა სასამართლოზე განაცხადა, რომ გამოიყენა ევთანაზია.

ხშირად, ევთანაზიის მსურველები მძიმე სულიერ მდგომარეობაში იღებენ ამ გადაწყვეტილებას. მაშინ, როდესაც სინამდვილეში მათ სურთ ნუგეში და იმის შეხსენება, რომ ჯერ კიდევ საჭირონი არიან. ევთანაზიის დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში ნუგეშის მაგივრად სახეზე გვაქვს დათანხმება, რომ ის მართლა უსარგებლო ნივთია. ზემოთ ხსენებულის დასტურია ფაქტი, რომ ევთანაზიის ლეგალიზაციის მოთხოვნათა პირველი ტალღის აგორების შემდეგ უპირველესად პროტესტი გამოთქვეს შშმ პირებმა, მოხუცებულთა თავშესაფრების მკვიდრებმა, მძიმე ავადმყოფებმა, რომელთაც მაშინვე გააცნობიერეს ის საშიშროება, რაც ყველა მათ დღეში მყოფოს მოელის ევთანაზიის ლეგალიზაციის შემთხვევაში _ “საკანონმდებლო საფუძველი ზედმეტი ადამიანებისგან გასათავისუფლებლად” და ბოლოს ხომ შესაძლებელია, რომ დიაგნოზი, რომელიც პირს უბიძგებს ევთანაზიისაკენ ცდებოდეს?!

0
218
შეფასება არ არის
ავტორი:ნ.ტაბატაძე555
ნ.ტაბატაძე555
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0