x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
რჩევები პედაგოგებს: მორალური განვითარება შუა ბავშვობაში
image

უმცროსი სასკოლო ასაკი სენსიტიური პერიოდია ბავშვის მორალური განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ადრეული ბავშვობის პერიოდსაც, მაგრამ მორალური განვითარების ნორმები ძირითადად უმცროს სასკოლო ასაკში ყალიბდება. ბავშვს ჯერ არ შეუძლია შეიმუშაოს თავისი საკუთარი მორალი, ამიტომ ცდილობს გაარკვიოს, თუ როგორ უნდა მოიქცეს.

პედაგოგმა უნდა იცოდეს, რომ როცა ბავშვი ეცნობა ქცევის წესებს, ის მიიღებს მათ მხოლოდ მაშინ, თუ ეს მისთვის ემოციურად მნიშვნელოვანი იქნება, როცა ის გრძნობს, რომ ესა თუ ის წესი მნიშვნელოვანია.

უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვები კრიტიკულად აფასებენ სხვების მიერ წესების დარღვევას, მათ საკუთარ ქცევას კი ჯერ კიდევ იმპულსები წარმართავს. ისინი არ განიცდიან დისკომფორტს ქცევის წესების დარღვევისას და თავს ინუგეშებენ იმით, რომ “ეს შემთხვევით გააკეთა”, “არ უნდოდა”, “მეტს აღარ გააკეთებს”.


5-6 წლის ბავშვი ქცევის ზნეობრივ მხარეზე მსჯელობს არა მოტივის გათ­ვალიწინებით, არამედ შედეგით. ამიტომ, ქვევა, რომელსაც საფუძვლად უდევს ზნეობრივი მოტივი (მაგალითად, დედის დახმარება), მაგრამ მთავრდება ცუდად (თეფში გატყდა), ბავშვის მიერ ფასდება, როგორც “ცუდი”. ამიტომ, პედაგოგმა არ უნდა შეაფასებინოს ბავშვის ქცევა თანატოლებს.

უმცროსი სასკოლო ბავშვები ზნეობას განიხილავენ, როგორც რაღაც გარეგანს, მათგან დამოუკიდებელს, რაღაცას, რაც მათ უნდა გააკეთონ, რადგანაც ასე ამბობენ უფროსები.

5-7 წლის ასაკის ბავშვი ემორჩილება წესებს, თუ საპასუხოდ პირადი მოთხოვნილება ­ დაუკმაყოფილდება.

7-10 წლის ბავშვის სურვილია, მოეწონოს სხვა ადამიანებს, “იყოს კარგი.” ქცევის ავ-კარგიანობა ფასდება იმის იხედვით, რას იტყვიან მასზე სხვები. ბავშვი ცდილობს ისე მოიქცეს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისგან შექება და მხარდაჭერა დაიმსახუროს (მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები). იწყებს “კარგის” და „ცუდის“ შესახებ საკუთარი წარმოდგენების ფორმირებას. ცდილობს სხვების თვალში კარგი გამოჩნდეს, იყოს “კარგი ბიჭი” ან “კარგი გოგო”. ამ ასაკში ბავშვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფროსის მაგალითი.

რა უდევს საფუძვლად მორალური მსჯელობის განვითარებას?

ამის შესახებ, რა თქმა უნდა, მრავალი მოსაზრება არსებობს, ზოგი ურთიერთსაწინააღმდეგო, ზოგიც ერთმანეთის მსგავსი, მაგრამ აქ მაგალითად მოვიყვანთ კოლბერგის შეხედულებას, რომლის მიხედვითაც, ბავშვის მორალურ განვითარებას არა მხოლოდ ოჯახი, სკოლა და თანატოლების შეხედულებები, არამედ მისი პირადი ნააზრევი განსაზღვრავს, რაშიც ვგულისხმობთ სირცხვილის გრძნობას, დანაშაულის გრძნობას, სხვისი ქცევის, ღირებულებების მიღებას, ბავშვის სურვილს, მოიქცეს თანატოლების ან უფროსების ნების სასარგებლოდ.

მოტივაციური სფეროს განვითარება

image

თუ ადრეულ ასაკში ბავშვის ყველა სურვილი ერთნაირი ძალისა და ინტენსივობის იყო, ეხლა ბავშვს უკვე შეუძლია მოტივების მართვა, მისი მოტივები იძენს სხვადასხვა ძალას და ინტესიობას. ჩნდება დომინანტური ინტერესები: ზოგ ბავშვთან ეს არის პრესტიჟის მოთხოვნილება (საკუთარი ინტერესების,

სურვილების, მოთხოვნილებების დაკმაყოფილება), ზოგთან - წარმატების მიღწევის მოთხოვნილება. ამასთან დაკავშირებით იცვლება ბავშვის მოთხოვნები უფროსების მიმართ. ისინი უფროსებისგან ითხოვენ არა მხოლოდ ყურადღებას და სიყვარულს, არამედ გაგებას, თანადგომას და პატივისცემას.

უმცროს სასკოლო ასაკში სწავლის წამყვანი მოტივია - მაღალი შეფასების მიღება. მაღალი შეფასება პატარა მოსწავლისთვის არის ემოციური კეთილდღეობის, სიამაყის განცდის, საკუთარი ძალების რწმენის წყარო.

ამასთანავე ვხვდებით სწავლის სხვა მოტივებსაც:

შინაგანი მოტივები:

  • შემეცნებითი მოტივი - ცოდნის მიღების სურვილი.
  • სოციალური მოტივი - სურს, რომ იყოს განათლებული; მიაღწიოს წარმატებას, პრესტიჟს; იყოს საზოგადოებისთვის სასარგებლო.
გარეგანი მოტივი - სწავლობს კარგად, იმისთვის, რომ მიიღოს არა ცოდნა, არამედ ჯილდო (კარგი ნიშანი, მასწავლებლის შექება).

1-2 კლასში სწავლის გარეგანი მოტივებია დამახასიათებელი ( ნიშანი, შექება), მე-3 კლასიდან ფორმირდება შინაგანი მოტივები (ინტერესი, ინტელექტუალური აქტიობის გამოვლენა, სირთულეების დაძლევა შემეცნების პროცესში). თუ 1 კლასში ბავშვი სწავლაში მარცხს მიაწერს გარეშე ფაქტორებს, მე-3 კლასელი თვლის, რომ მარცხის მიზეზი შეიძლება იყოს მისი პიროვნული მახასიათებლები. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ცოდნის შეფასება აღიქმება ბავშვის მიერ, როგორც მისი პიროვნების შეფასება.

ამ ასაკში ყალიბდება ის პიროვნული თვისებები, რომლებიც შემდეგ, მოზარდობის ასაკში გამოვლინდება. პირველ რიგში ეს არის მიღწევის მოტივაცია, რომელიც ვითარდება უმცროს სასკოლო ასაკში და მოზარდობაში თავს იჩენს, როგორც პიროვნული მახასიათებელი.

წარმატების მიღწევისთვის ბავშვები ხელმძღვანელობენ 2 მოტივით. ესაა: წარმატების მიღწევის მოტივი და მარცხის თავიდან აცილების მოტივი.

დაწყებით კლასებში ხშირად დომინანტურია როგორც მიღწევის, ასევე მარცხის თავიდან არიდების მოტივი. მაღალი შეფასების მქონე ბავშვებთან, ხშირად წამყვანია მიღწევის მოტივი - კარგად შეასულონ დავალება, მიიღონ საჭირო შედეგი.

მარცხის თავიდან არიდების მოტივი - ბავშვები ცდილობენ თავი აარიდონ დაბალ შეფასებას და მისგან გამომდინარე შედეგებს (მასწავლებლის საყვედური, მშობლის სანქციები - ჩხუბი, სხვადასხვა სახის აკრძალვა).

პედაგოგმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს მოსწავლეში ადექვატური პრეტენზიის დონის ჩამოყალიბებას. პრეტენზიის მაღალი დონე დამოკიდებულია, როგორც ბავშვის სასწავლო და სხვა სახის აქტიობაზე, ასევე ბავშვის სტატუსზე კოლექტივში. ბავშვები, რომელთაც აქვთ მაღალი ავტორიტეტი თანატოლებში, შეიძლება ქონდეთ ადექვატური თვითშეფასება და პრეტენზიის მაღალი დონე. ადექვატური თვითშეფასების და შესატყვისი პრეტენზიის დონის ფორმირებაში ჩამოყალიბებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს პედაგოგი, რომელიც უნდა დაეხმაროს თითოეულ ბავშვს საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების გაცნობიერებაში და საკუთარი ძალების რწმენის განვითარებაში.

უმცროს სასკოლო ასაკში მასწავლებლის შეფასებაზეა დამოკიდებული სწავლის მოტივის ჩამოყალიბება. დაბალმა შეფასებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში ნეგატიური განცდები და სასკოლო დეზადაპტაცია. სასკოლო შეფასებაზეა დამოკიდებული ბავშვის თვითშეფასებაც. ბავშვები ეყრდნობიან რა მასწავლებლის შეფასებას, თვლიან საკუთარ თავს და თავის თანატოლებს - წარმატებულ, წარუმატებელ და საშუალო მოსწავლეებად და მიაწარენ, თითოეულ ჯგუფს შესატყვის პიროვნულ მახასიათებლებს. ბავშვის ცოდნის შეფასება განიხილება, როგორც ბავშვის პიროვნების შეფასება და განსაზღვრავს, მის სოციალურ სტატუსს. სწავლაში წარმატებულ ბავშვებს უყალიბდებათ დადებითი თვითშეფასება, ხოლო დაბალი შეფასების მქონე ბავშვებს კი ნეგატიური.

ფსიქოსოციალური განვითარება

image

6-8 წლის ასაკის ბავშვი სოციალურად - მეგობრულია. ბავშვებს უყვარს ჯგუფურ აქტიობებში და თამაშებში მონაწილეობა. ეს ანვითარებს არა მხოლოდ თანამშრომლობის გრძნობას, არამედ ბავშვი უფრო თვითდაჯერებული ხდება, ვინაიდან მისი ცალკეული წარუმატებლობები ზოგად ფონზე ნაკლებად შესამჩნევია. მას უყვარს და ყოველთვის უნდა გამარჯვება, ამისთვის კი მან შეიძლება მოიტყუოს კიდეც.

9-11 წლის ასაკის ბავშვი სოციალურად - შემგუებადია. ის უშუალოა, კმაყოფილია ცხოვრებით, ჩვეულებრივ მხიარულ ხასიათზეა. ცხოვრობს აწმყოში, არ ფიქრობს მომავალზე. ამ ასაკში, ბავშვი ხდება თავისივე სქესის ჯგუფის წევრი. გოგონებს და ბიჭებს გარკვეული ანტაგონიზმი ახასიათებთ ერთმანეთის მიმართ. გოგონებისთვის ბიჭები ზედმეტად ხმაურიანები არიან, ხოლო ბიჭებისთვის გოგონები კი - “სულელები”.

0
42
1-ს მოსწონს
ავტორი:ნ.ტაბატაძე555
ნ.ტაბატაძე555
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0