x
მეტი
  • 20.04.2018
  • სტატია:76243
  • ვიდეო:328899
  • სურათი:432452
ვინ არის კაცი, რომელმაც საკუთარ მარანში ღვინის ჭურჭლის მუზეუმი გახსნა?

გიორგი ბარისაშვილიქართული საღვინე ჭურჭელი უძველესი დროიდან დღემდე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს შეადგენს. ძალზე მდიდარი არქეოლოგიური მასალა ცხადყოფს, რომ საქართველოში მეთუნეობა, კონკრეტულად საღვინე ჭურჭლის დამზადება, საკმაოდ მაღალ დონეზე იყო განვითარებული.

ქართული საღვინე ჭურჭელი საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა და ყალიბდებოდა დროისა და სიტუაციის შესაბამისად. იცვლებოდა ჭურჭლის ფორმები, დამზადების ტექნოლოგია, დამუშავება და დანიშნულება. სამწუხაროდ, დღეს ქართველი ოსტატების მიერ მაღალი გემოვნებით შესრულებული საღვინე ჭურჭელი უხარისხო და უგემოვნო ფორმის თიხის ჭურჭელმა ჩაანაცვლა. ხშირად ქართულ სუფრაზე საღვინე ჭურჭლად გამოიყენება პლასტმასის ერთჯერადი ჭიქები და ბოთლები, რასაც ბევრი ადამიანი ქართული ღვინის კულტურის შეურაცხყოფად მიიჩნევს.

ჭინჭილასვეტიცხოვლისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს XVIII საუკუნის ბოლოს აშენებული სახლი, რომელიც თავისი არქიტექტურითა და ქვევრებით მორთული ეზოთი იპყრობს დამთვალიერებლის ყურადღებას. ამ სახლში ცხოვრობს გიორგი ბარისაშვილი, მეუღლესა და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. ის პროფესიით მეღვინეა. თავისუფალ დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს და გადაშენების პირას მყოფ ვაზის უნიკალურ ჯიშებს აგროვებს. გარდა ამისა, გიორგი დაინტერესებულია ეთნოგრაფიული მასალებით, განსაკუთრებით - მეთუნეობა-მეჭურჭლეობის უძველესი ნიმუშებით და ამ უნიკალური კოლექციით საკუთარ მარანში ღვინის ჭურჭლის მუზეუმი გახსნა.

გიორგი

- დავიბადე ქალაქ მცხეთაში. აქვე დავამთავრე პირველი საშუალო სკოლა. შემდეგ ჩავაბარე თბილისის აგრარულ უნივერსიტეტში მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე. რაც თავი მახსოვს, ოჯახურ პირობებში ვწურავდით ყურძენს, ვაყენებდით ღვინოს. სწორედ ამიტომ გამიჩნდა სურვილი, განმევრცო ჩემი ცოდნა და წავსულვიყავი ამ კუთხით. თავისუფალ დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვმოგზაურობდი, ქართულ ვაზის ჯიშებსა და ღვინის ქართულად დაყენების ტრადიციებს ვიკვლევდი.

დოქი- რატომ არის ქართული ვაზი უნიკალური და ჩვენთვის უცნობი, რა ჯიშები აღმოაჩინეთ მოგზაურობისას?
- ქართული ვაზის ჯიშები, რომლებმაც საუკუნეებსა და ათასწლეულებს გაუძლეს, ასაკით უნიკალურია. ისინი დროთა განმავლობაში მოერგნენ ამა თუ იმ რეგიონს და ზოგიერთ შემთხვევაში სოფლის სახელსაც ატარებენ. რამდენიმე წლის წინ ვიმოგზაურე ტაო-კლარჯეთში, საიდანაც უძველესი ქართული ვაზის ჯიშები ჩამოვიტანე. გავამრავლე, გავაკულტურე და გავავრცელე, ძირითადად მეგობრებს დავურიგე. ჩემს ცხოვრებაში მსგავსი მაგალითი ბევრია, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. დღეს ჩვენ გვაქვს გადაშენების პირას მისული უნიკალური ქართული ვაზის ჯიშები, ქართული მეღვინეობა მხოლოდ მაშინ განვითარდება, როდესაც ჩვენსას შევქმნით და წინაპრების გზას გავაგრძელებთ.

ჭინჭილა- მკითხველს გავაცნოთ "საოჯახო მუზეუმად" წოდებული თქვენი მარანი. ჩვენთვის უცნობი რა მასალებია თავმოყრილი და შეიძლება თუ არა მას კოლექცია ვუწოდოთ?
- მარანი თავიდან მოუწყობელი იყო, შემდეგ ჩემი ხელით გავაკეთე თაროები, რომლებზეც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოძიებული საღვინე ჭურჭლები განვათავსე. თქვენ აქ ერთდროულად შეხვდებით ქართლის, კახეთის, სამეგრელოს, საინგილოსა და სხვა კუთხეების კულტურას. სამწუხაროდ, დღეს ეს მემკვიდრეობა იკარგება. ძველი მეთუნეები, რომლებიც ამ უნიკალურ ჭურჭელს ამზადებდნენ, აღარ არიან. ჩემს "საოჯახო მუზეუმში" ყველაზე ძველი მცხეთური საღვინე დოქია, რომელიც ჩვ. წ. აღ.-ით III საუკუნით თარიღდება. შემდგომი წმინდა ნინოს პერიოდის დოქებია. სახლის მუზეუმს ვერ დავარქმევ კოლექციას, იმიტომ, რომ კოლექცია კოლექციონერის კუთვნილებაა. "საოჯახო მუზეუმი" არ არის ჩემი, ის ხალხის კუთვნილებაა და სწორედ ამიტომაც ჰყავს ბევრი სტუმარი.

ნათია ჩაშინი

0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:Georgian News
Georgian News
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0