x
მეტი
  • 20.04.2018
  • სტატია:76252
  • ვიდეო:328904
  • სურათი:432453
"აუ,რა თეთრად ბინდდება"

"აღარ ექნება სიცოცხლეს აზრი,

თუკი სიკვდილი არ შეგვაფხიზლებს."

ნ.მეფარიშვილი


სიკვდილ-სიცოცხლეს ოდითგანვე მხარდამხარ უვლიათ!ყველა ადამიანი ვდგავართ ამ მარადიული დილემის წინაშე და თითქოს ყველას გააზრებული გვაქვს სიკვდილის გარდაუვალობა.ჩემსავით რამდენს წაუკითხავს, ალბათ, სიამოვნებით ვაჟას სიტყვები: "მადლობელი ვარ, სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა, " მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ "შეგვაფხიზლა" სიკვდილმა ტრისტან მახაურის გარდაცვალებით და დაგვაფიქრა იმაზე რამდენი დაგვრჩა მისთვის უთქმელი და გასაკეთებელზე საუბარი ხომ ზედმეტია.


არასდროს უსაუბრია საკუთარ ტკივილზე და ჩვენც ნებით თუ უნებლიედ მარტო დავტოვეთ ტკვილთან საბრძოლველად.ანკი გვიკითხავს თუ რა სტკიოდა და რა აწუხებდა?! ერთი თვის წინაც კი მზად იყო ისევ თვითონ დაგვლოდებოდა კონსულტაციაზე და არც კი შეუმჩნევია ჩვენთან საუბარში, რომ ასე ცუდად იყო. მხოლოდ "დროს" ახსენებდა ხშირად, რომ გასაკეთები და დასაწერი დროულად უნდა დაგვეწერა, რომ დრო აღარ ითმენდა.სიცოცხლის ბოლო დღეებშიც ისევ იმაზე წუხდა, რომ სტუდენტებს ვეღაფრით დაეხმარებოდა, თუმცა საოცარი მხნეობით მიითვლიდა ბოლო წუთებს და საავადმყოში კითხვაზე, თუ როგორ იყო, ღიმილით გვიპასუხა: "სახელოვან წინაპრებთან შეხვედრის დრო მომივიდაო." ალბათ, სხვანაირად არც შეეძლო, რადგან ის იმ კუთხის შვილი იყო, სადაც სიკვდილს აგრე "აგდებულად" უყურებდნენ. მხოლოდ ერთხელ გამოკრთა წუხილი მის სიტყვებში. როდესაც მისმა მოძღვარმა მისი ერთ-ერთი კაფია გაიხსენა, ბატონმა ტრისტანმა დანანებით ინატრა, რომ ნეტა ის დრო დააბრუნაო.


ვინც იცნობდა ყველამ კარგად იცის, რომ საოცარი ბუნების ადამიანი იყო, თავმდაბლობითა და უბრალოებით გამორჩეული. საოცარი პოეტური გემოვნება ჰქონდა და საოცარი ინტერესით იცოდა თხრობა.როცა რაიმეს გიყვებოდა თითქოს შენც მისმიერ ნანახისა და განცდილის მონაწილე ხდებოდი.ყოველთვის იმისკენ გიბიძგებდა, რომ რამე მნიშვნელოვანი და ღირებული უნდა გაგეკეთებინა.


9 იანვრის დღე მიიწურა და ალბათ, გომეწარის მთებსაც მიეფარა მზე.ტრისტან მახაურის სხეულს დღეს მშობლიური ფშავის მიწა მიიბარებდა.ფშაური ტრადიციისამებრ დაიტირებდნენ და გამოეთხოვებოდნენ.

ვუსამძიმრებ ფშავის ხევს!...



გამაგებინე,

ეს ბილიკი რად აირჩიე?

ამ გზით ხომ უკან

ვერასოდეს ვერ დაბრუნდები!

თუ გეზს შეიცვლი-

ნაპრალებში ჩაიჩეხები,

თუ ჩაიმუხლებ-

სულის მოთქმას არ დაგაცდიან.

შენ უნდა ვლიდე ამ ბილიკზე,

როგორც დევნილი,

გერეკებოდეს მსუსხავი ქარი!

(ტრისტან მახაური "პოეტის ცხოვრება")image

0
21
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთინო არაბული
ქეთინო არაბული
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0