x
image
George Chubini
100 წლის წინანდელი საახალწლო მილოცვა საქართველოს
image
“ჟამთა სრბოლამ კიდევ ერთი საფეხური გადაინაცვლა ადამიანთა მიერ მის აღსარიცხველად გამოთლილს კიბეზედ, კვლავ ერთმა შავ-ბნელმა წელიწადმა განვლო ქართველთა უნუგეშო ცხოვრების ისტორიისამ და დღეს ახალ წელიწადს ვეგებებით არა ტკბილეულობის ხონჩით, რომელზედაც გოზინაყი, მურაბა, ჩურჩხელა და სხვა ამგვარი პირისა და ყელის ჩასაგოგმანებელი ნუგბარი აწყვია; არა, ამ ხონჩას ამშვენებს მთელის მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში ის ფერფლს ქვეშ გაუმქრალად ჩამალული იმედი და სასოება, რომ თოვლით დაბურულს, ყინვით შებორკილს ზამთარს განთავისუფლების მზე გაალხობს და გაადნობს, სიცივეს სითბო შესცვლის, ზამთრის სუსხს გაზაფხულის ბრწყინვალე და ცხოველ მზის ბრწყინვალე შუქი გაჰფანტავს, ტყე ფოთოლს მოისხამს, მდელო და მთები აყვავილდება და მასთან აყვავილდება და გაიფურჩქნება მამულიც საყვარელი.

აქამდისაცა გვწამდა, ამ მრწამსით გვედგა პირში სული, - ჩვენის პოეტ-წინასწარმეტყველის სანუგეშო სიტყვები:

“არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს
და ისევე გაიღვიძებს"-ო.

ეხლა კი ეს მრწამსი განხორციელებასა ჰლამის და ჩვენის თვალითა ვჭვრეტთ, რომ მას, ვინც მკვდრად ჰყავდათ მრავალთ მიჩნეული, მხოლოდ ეძინა, ეძინა არა სამარადისო ძილით, არამედ ძალღონის შესაკრებად, ეძინა განთიადის მოლოდინში და აწ გაღვიძებისა და გამოფხიზლების ნიშნად უკვე მოძრაობისა და სიცოცხლის უნარს იჩენს, ფეხზე წამოდგომასა და წელის გამაგრებასა ჰლამობს.


ბაზალეთის ტბას თავისუფლების ნიავ-ქარმა დაჰბერა და მისი აქამდე უძრავი, შეტბორებული ზედაპირი აამოძრავა, ააჩქროლა, ხავსი აჰყარა და ყოველის ჭეშმარიტ ქართველის გულში იმის მოვლინების შუქ მფენი იმედი და სასოება გამოჰკვანძა, ვისიც დიდებულის მამულიშვილის ილიას თქმისა არ იყოს:

“ვისაც არ ითქმის სახელი,
ვისაც დღედაღამ ჰნატრულობს
ჩუმის ნატვრითა ქართველი!.."

აი, ეს იმედი და სასოება ამშვენებს, მკითხველო, ჩემს საახალწლო, სამეკვლეო ხონჩას, ამ იმედითა და სასოებით გილოცავ დღევანდელ დღეს და ვისურვებ, რომ ეს ჩემი და შენი ჩუმი ნატვრა ცხად სინამდვილედ გადაქცეულიყოს!.."

ჩიორა.

საახალწლო მილოცვა
(გაზეთი“საქართველო", ორშაბათი, 1918 წლის 1 იანვარი)

0
60
2-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0