x
image
ნინო დვალაშვილი
ქართველი გმირი პოეტის ისტორია, რომელიც საკუთარმა მეგობრებმა ვერაგულად მოკლეს

image


მიხა ხელაშვილი- შეიძლება ეს სახელი ბევრ თქვენგანს არაფერს ეუბნება, მაგრამ სიმღერად ქცეული ლექსი „ბინდისფერია სოფელი“, ყველა თქვენგანმა თუ არა, უმეტესობამ მაინც იცის. ამ შესანიშნავი ლექსის ავტორი კი, სწორედ მიხა ხელაშვილია. პოეტი 1900 წლის 25 იანვარს, სოფელ ახადში (ფშავი) დაიბადა. ექვსი წლის მიხა აღსაზრდელად სოფელ თამარღელეში ბერად დაყუდებულ ილარიონ მოსანთლიაშვილს მიაბარეს. ბერმა ილარიონმა ჩაუნერგა პატარა მიხას უფლისადმი სიყვარული, რაც არასდროს განელებია, თავისი არც თუ ისე ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე. მალე მამამ მიხა თბილისში წაიყვანა სასწავლებლად. აქ იგი წარჩინებით ეუფლება ქართულსა და რუსულ ენებს. თავის სოფელში დაბრუნებული მიხა, მისმა სიძემ, მღვდელმა თეოდორე ჟამიაშვილმა, ხევსურეთში (ბარისახოში) გაგზავნა დიაკვნად და ტაძრების მცველად. მიხას პოეტური ნიჭის გარდა, სალამურსა და ფანდურზე დაკვრის ნიჭიც ჰქონდა. იგი უბადლო მოჭიდავე, თოფის მიზანაუცდენელი მსროლელი და მხედარი იყო.

ძნელბედობის ხანაში მოუხდა ცხოვრება ბარისახოს დიაკვანს. ამ დროს, მთის ხალხის თავისუფლების ხელყოფა, ტაძრებისა და სიწმინდეების განადგურება ხდებოდა. კომკავშირელი აქტივისტები ყველა მხრივ ავიწროებენ მიხას და იგიც იძულებულია ტაძარი დატოვოს. უფლისა და სამშობლოსადმი სიყვარულით განმსჭვალული მიხა, სახლშიც ვეღარ ჩერდება და ტყეს აფარებს თავს. ნუ იფიქრებთ, რომ მან ყაჩაღთა გუნდთან დაიდო ბინა, პირიქით, თუკი ტყეში ვინმე ყაჩაღი ბუდობდა, ქისტი იქნებოდა თუ ფშაველი, ყველას მოუსპო სარბიელი. ტყეში გასული ხელაშვილი არავის ერჩის, მაგრამ ხელისუფლება მაინც ვერ ითმენს მის არსებობას, რადგანაც იგი ხალხის თვალში გმირად და თავისუფლების სიბოლოდ არის შერაცხული. მიხას მოსაკლავად ფშავში, მილიციელთა და კომკავშირელთა რაზმებს ადგენენ. თუმცა, გონებაგამჭრიახი და ნამდვილი მებრძოლი რამდენჯერმე დაუხლტა ხელიდან მათ რაზმებს. ვაჟკაცი პოეტი დიდი მამაცობითა და თავდადებით გამოირჩეოდა.





ერთხელ, სოფელ რუსიანის ტყეში იგი თავის მეგობრებთან ერთად ქეიფობდა. იმ დროს სოფელში ქორწილი ყოფილა. იქ მყოფ მილიციის კომისარს, დავით ბელიაურს შეატყობინეს, მიხა ტყეში მეგობრებთან ერთად ქეიფობსო. ბალიაურმა მილიციელ თირილა ქისტაურს დაავალა, – „წადი და დაიჭირე ხელაშვილი, მაშ რისად მყავხარ მილიციელიო“. ქისტაურმა თურმე თოფი მიუგდო კომისარს, „წადი და შენ თვითონ დაიჭირეო“. ამასობაში ხელაშვილს ამბავი მიაწვდინეს მისმა კეთილისმყოფებმა. მიხა თოფშემართული მიახლებია ამ ვაჟბატონებს. ორივე გარეთ გამოუყვანია ტყეში წაუსხამს და უთქვამს: „ახლა რომელი დაგხვრიტოთ წინწინაო?” . თირილას კომისარზე მიუთითებია – „ეს არის უფროსი, მაგან მიბრძანა, ჯერ მაგას გაუსწორდიო“. კომისარს კიდევ მილიციელზე უჩვენებია – „იარაღი ამასა აქვს და ჯერ ეს გაისტუმრე საიქიოს“. ბოლოს მიხას გასცინებია და ასეთი სიტყვებით გამოუშვა ორივე: „წადით, მომშორდით, თქვენ რა ხართ, თქვენი დაჭერილი ყაჩაღი რაღა იქნებაო“. რაკი შეუძლებელი გახდა მიხას ხელში ჩაგდება, ხელისუფლებმა გაუგონარი სისატიკე ჩაიდინეს. მიხას დედას, აფხუმოდან ხოდაში მიმავალს, მილიციელ კომკავშირელებმა ჯერ ხანჯლის წვერებით დაუჩხვლიტეს სხეული, მერე იარაღით მოკლეს. გადმოცემის მიხედვით, თავით ფერხამდე იარაღში ჩამჯდარი მიხა, წელზე ყუმბარებშემორტყმული მიადგა სატირალს. მან მხოლოდ ორიოდე წუთი დაჰყო დედის სხეულთან, გამოუეთხოვა და ტყეში გაუჩინარდა. მან არ აიღო დედის სისხლი, ამ საქციელმა უზმოდ აამაღლა ხალხის თვალში რაინდი პოეტის ავტორიტეტი.

„მამკლავსა თავის დედისას
რცხვენოდეს ფშავლის შვილსაო;
შინაურების დათოფვა
არ ეკადრების გმირსაო!“

ასე ამთავრებს იგი თავის ლექსს „დედის სიკვდილზედ“.


მთავრობა ყოველი ხერხით ცდილობდა მის თავიდან მოცილებას. შეიქმნა ახალი 60 კაცისგან შემდგარი რაზმი, რომელიც მაღაროსკარში დაბანაკდა და მიხას მოკვლა დაევალა. ერთ დილით რაზმის უფროსი ჯაგნელიძე გარეთ გამოვიდა მაღაროულაზე პირის დასაბანად. სად იყო, სად არა, მის წინ აღიმართა მიხა ხელაშვილი.

“_-თქვენ მე ვერ დამძლევთ, თუნდ ათასი კაცი შეიყაროთ. გამერიდენით, და მეც გაგერიდებით, – „მიმართა მიხამ კომისარს.

ჯაგნელიძემ ხელი წაიღო მაუზერისკენ, რომელიც მან პირის დაბანის წინ წყაროს თავზე შემოსდო, მაგრამ ხელაშვილმა დაასწრო და იქვე აუგო წესი. მერე შევარდა რაზმის სადგომში. – „მესროლეთ თქვე ლაჩრებო!“ – შესძახა მიხამ. ექვსი ათეული კაციდან ვერც ერთმა ვერ გაბედა თოფი მიეშვირა იმ ლეგენდად ქცეულ კაცისთვის, ვისაც ხალხის თქმით ტყვია არ ეკარებოდა; მაშინ ხელაშვილი ზურგით შებრუნდა თურმე მათკენ და მეორედ შესძახა: – „რაკი პირისპირ ვერ ბედავთ, ზურგში მესროლეთ, როგორც ჯაბანთა წესიაო“. მაგრამ რაზმელები კვლავ მონუსხულებივით იდგნენ. მაშინ მიხამ მათ იარაღი აჰყარა და ღელეში გადაუძახა.

ასეთ მძიმე ვითარებაში მიხა უერთდება, სახელოვანი ქართველი მხედრის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, „შეფიცულთა რაზმს“, რომელმაც იმ დროს ფშავში გადმოინაცვლა. თუმცა, მიხა ჩოლოყაშვილის რაზმს უცხოეთში არ გაჰოლია, ასე უთქვამს : „რაც უნდა მოხდეს, ჩემს სამშობლოს არ მივატოვებო“. ცნობილია აგრეთვე ხალხური ლექსი, გამოთქმული ჩოლოყაშვილსა და ხელაშვილზე:

„რო ნახავს ჩოლოყაშვილი,

იმის პირ იზამს ღმინსაო,

ერთი ჰყავს, ათის ბადალი,

შიში არა აქვს მტრისაო“.


image


მალე მიხა თავისივე მეგობრებმა ლუკა მარცვალაშვილმა და გარსევანიშვიმა, სასიკვდილოდ გაწირეს. ერთ დღეს მიხა ხელაშვილი, თავის მეგობარ ლუკა მარცვალაშვილს, ჩარგალში სტუმრად ეწვია. ლუკამ მეგობარს ყველანაირი პატივი სცა, ხინკალიც მიართვა და არაყიც, მერე კი ადათისამებრ წვერიც გაპარსა. „გული ცუდს მიგრძნობს, ვერაგული მკვლელობა მელის. ბარემ გამომისვი ყელში ეგ სამართებელი, ლუკავ. არც დავინანებ, რაღაა ჩემი სიცოცხლე“.-ასე უთქვამს მიხას მარცვალაშვილისათვის. ლუკამ იწყინა ეს სიტყვები და მოჩვენებითად განაწყენდა კიდეც. ბახუსმორეული ლომგმირი საბძელში დააძინეს მარცვალაშვილმა და გარსევანიშვილმა. როცა მიხა ღრმა ძილმა წაიღო, ეს ორნი თავზე დაადგნენ მოსაკლავად. მარცვალაშვილს შიშით ხელი აუტოკდა, მაშინ გარსევანიშვილმა დახალა ტყვია. ამის მერე რაზმელებმა, მიხას ახლობლები შეაბეს მარხილში, რომელზედაც შეაგდეს მიხას ცხედარი და ასე ჩააცურებინეს ნეშტი დუშეთში, მილიციის შენობასთან. მიხას დამ, სალომემ მიაკითხა ძმის მკვლელობის ადგილს, სათუთად მოკრიბა იქ დანთხეული ტვინი და დამარხა. შემდეგ, ხევსური მილიციელის დახმარებით, ძმის ნეშტი მილიციის შენობის ეზოდან მოიპარა და დაასაფლავა.


image
ეს მოხდა 1925 წლის 25 იანვარს. 25 წლის მიხა ხელაშვილი სწორედ იმ დღეს მოკლეს, რა დღესაც იგი ამ ქვეყანას მოევლინა. ხალხმა არ დაინდო და საკადრისი მიუზღო მის მკვლელებს, გარსევანიშვილს საწამლავი გაურიეს ხინკლის ცომში და ასე მოკლეს. მარცვალაშვილს კი თრიალეთის ტყეში მოუღო ბოლო გაბედულმა ვაჟკაცმა, გოგია ჭიჭოშვილმა. უდროოდ ჩაქრა ქართველი მებრძოლი გმირისა და პოეტის სიცოცხლე, თუმცა მისი ლექსები დღემდე შემორჩა ისტორიას. ბევრმა არც კი იცის, რომ მისი ლექსია, „ლექსო ამოგთქომ ოხერო“ რომლითაც თითქოს თავის სიკვდილს ეხმიანება:

„ლექსო, ამოგთქომ, ოხერო,
თორო იქნება ვკვდებოდე,
და შენ კი ჩემად სახსოვრად
სააქაოსა რჩებოდე,
გიმღერდენ ჩემებრ სწორები
ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე,
ქვეყანა მხიარულობდეს,
და მე საფლავში ვლპებოდე."

0
1324
10-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
1324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0