x
image
მანჩო 777
ახალი წლის დღესასწაული: რატომ არ გვემხიარულება ამ დროს? (წასაკითხი ქალებისათვის)
ახალი წლის წინა დღეებში ყველა ჩვენგანს სასიამოვნო გამოცოცხლება ეტყობა: იწყება წინასაახალწლო სამზადისი, პროდუქტების და საჩუქრებს შესაძენად სირბილი, სახლის დალაგება-დასუფთავება, ფიქრი იმაზე, რა ჩავიცვათ ახალწლის ღამეს.. მოკლედ, მოსაწყენად ვერ ვიცლით, თუმცა ეს ფაციფუცი და მხიარული განწყობილება დროებითია. ბევრ თქვენგანს დღესასწაულის ჩავლის შემდეგ მოწყენილობა, სიცარიელის შეგრძნება და ერთგვარი სინანულიც კი ეუფლება. დარწმუნებული ვარ, ბევრი ქალი არა ახალი წლის ღამეს, არამედ პირველი იანვრის დილას ელოდება სულმოუთქმელად, როცა გადაღლილი და ღამენათევი ცხელი ყავის ან ჩაის ფინჯნით ხელში ფანჯრიდან გაიხედავს და პოსტაპოკალიფსურ სურათს დაინახავს: დაცარიელებული პროსპექტები და ქუჩები, სადაც იშვიათად თუ გაივლის მანქანა ან ფეხით მოსიარულე.



image


არადა გახსოვთ? -არც ისე დიდი ხნის წინ ახალი წელი თქვენში აღტაცებას, სიხარულს და სასამოვნო ცნობისმოყვარეობას იწვევდა. სად გაქრა ყველაფერი ეს? მაინც რატომ ხდება ასე? სად წავიდა ის შემართება, სიხარული და სასწაულების მოლოდინით აღსავსე დღეები? იქნებ პრობლემა მხოლოდ ასაკში არაა? - მოდით, ერთად გავერკვეთ ამაში.


არარეალისტური მოლოდინი



image

ყველაზე საინტერესო და ნათელი ახალი წელი ჩვენ ბავშვობაში იყო. მაინც რატომ?- იმიტომ, რომ ჩვენ ირგვლივ მართლაც სასწაული ხდებოდა. ამ ღამეს, სხვა დღეებისაგან განსხვავებით, უფლება გვქონდა გვიან დავწოლილიყავით დასაძინებლად; თოვლის ბაბუაც ნამდვილი იყო, თეთრი წვერითა და ბოხი, თბილი ხმით; ნაძვის ხის ქვეშ დაწყობილი საჩუქრებიც მოულოდნელი და გულის გასახარი.

ახლა? ახლა უკვე გაიზარდე და აცნობიერებ, რომ დაღლილობის გამო სულაც არ გინდა ღამე ათიო. პირიქით, სურვილი გაქვს რაც შეიძლება მალე დაწვე დასაძინებლად, თოვლის ბაბუაც გაღიზიანებს გაბზარული ხმით და ყალბი ღიმილით, ათასგვარი კერძი გასაკეთებელია, სუფრაც გასაწყობი, ამავე დროს გინდა 12 საათისათვის ლამაზად და კოხტად გამოიყურებოდე, მაგრამ გადაღლილობის გამო არ გამოგდის და კიდევ უფრო ღიზიანდები.

მაინც რის გაკეთება შეძლება, როგორ ვიპოვოთ გამოსავალი ამ დროს?- ყველაზე კარგი ვარიანტია, თუ საახალწლოდ უცხო ქალაქში ან სულაც სხვა ქვეყანაში გაემგზავრებით, თუკი ამის საშუალებას თქვენი ფინანსები გაწვდება, ხოლო თუ ამას უფულობის გამო ვერ ახერხებთ, უბრალოდ შეხვდით ახალ წელს სოფელში, ათასგვარი სამზადისის და ნუგბარების გარეშე. ყოველ შემთხვევაში, ეს ახალ-ახალ ემოციებს გამოიწვევს და გადაღლილობის შეგრძნებაც ნაკლებად დაგეუფლებათ.


დღესასწაული, მაგრამ ''სხვებისათვის"


image

ტრადციულად, ახალი წელი საოჯახო დღესასწაულადაა მიჩნეული. ბევრ ადამიანს ეს სიტყვა პირდაპირი გაგებით ესმის; პროგრამაში შედის: უმასპინძლო ახლო ნათესავებს, მოირბინო მაღაზიები მათთვის საჩუქრების შერჩევაში, 2-3 ღამე გაათენო საახალწლო კერძების კეთებაში, შემდგომი სამი დღე კი ნათესავებთან ვიზიტს და მათ მილოცვა-მოკითხვას მოანდომო: აბა რომელიმე მათგანს გულს ხომ არ დაწყვეტ. თავისთავად, ასეთი ვიზიტების შემდეგ სასწორი 4-5 კილოგრამით მეტს გიჩვენებთ, რაც ნერვებზე კიდევ უფრო ცუდად მოქმედებს.

მაინც რაშია გამოსავალი?-ისწავლეთ საკუთარი თავისათვის ცხოვრება და უარის თქმა ბევრ რამეზე, თუნდაც ამით სხვებს აწყენინოთ.


ოცნებები არ ხდება?


image

ალბათ ყველა თქვენგანს ჰქონდა გასულ წელს გარკვეული გეგმები და მოლოდინი. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ ოცნებების და გეგმების ნახევარზე მეტი არ ახდა ან ვერ მოიყვანეთ სისრულეში. რა თქმა უნდა, თავს იმშვიდებთ და ამბობთ, რომ მომავალ წელში ამას აუცილებლად შეძლებთ, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც რთულად იტანენ იმედგაცრუებას და დეპრესიაში ვარდებიან და ეს ხდება სწორედ ახალი წლის წინა დღეებში-ყველაფერი ცუდადააა, არაფერი არ გამოდის, გეგმები წყალში ჩაიყარა და სხვა მსგავსი აზრები მოახლოებული დღესასწაულის ჩაშხამების საწინდარია.

მაინც როგორ უნდა გამოვიდეს ადამიანი ამ დეპრესიული, ნახევრადმგლოვიარე მდგომარეობიდან?- უმჯობესია გაიხსენოთ განვლილი წლის სასიამოვნო მომენტები, განხორციელებული გეგმები, ხორცხშესხმული ოცნებები. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მოგონება და მომენტები ყველა თქვენგანს ექნება. სწორედ მათ შეუძლიათ გამოგიყვანოთ მძიმე მდგომარეობიდან.


"საშინლად გამოვიყურები"


image


აბა, რომელ თქვენგანს არ უოცნებია ბავშვობაში, ყოფილიყო მშვენიერი პრინცესა, მძინარე მზეთუნახავი, კონკია ან თუნდაც თოვლის დედოფალი? გავიზარდეთ, მაგრამ მოთხოვნილება, გამოვიყურებოდეთ ლამაზად და მომხიბვლელად, ყველა ქალში (და არამარტო ქალებში, ხშირ შემთხვევაში მამაკაცებშიც) კვლავ პირველ ადგილზე დგას. შემთხვევითი არაა, რომ მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები წინასაახალწლო დღეებში ხდება და კიდევ, ქალაქების და სოფლების სილამაზის სალონები ამ დროს გადაჭედილია და კლიენტების მოზღვავებას ვერ აუდის. მთელი წლის განმავლობაში ათასგვარი საზრუნავით დატვირთულები წესიერად სარკეში ჩახედვასაც კი ვერ ახერხებთ და ახლა, როცა გინდათ ყველა მოხიბლოთ სილამაზით, უეცრად აღმოაჩენთ, რომ თურმე თვალების ქვემოთ ახალი ნაოჭები გაჩენილა, თმებს კიდევ უფრო მეტი ჭაღარა შეჰპარვია, მუცელზე ქონის ფენა ლამაზი კაბის მორგების საშუალებას არ გაძლევთ და რაც მთავარია, მაღაზიაში ახალი ტანსაცმლის საყიდლად შესულს გასასინჯი ოთახი ''შიშის ოთახად'' გეჩვენებათ სარკეში დანახული თქვენი სილუეტის გამო. რაღა დაგრჩენიათ, წუწუნის და გულგატეხილობის მეტი, რომ საშინლად გამოიყურებით, რომ თქვენი გამოჩენა წვეულებაზე ან ნათესაურ შეკრებაზე სირცხვილია და რომ არსად წასვლის და მხიარულების სურვილი აღარ გაქვთ.

რა გავაკეთოთ?- არც არაფერი: გიყვარდეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ, შეიყვარეთ თქვენი, თუნდაც არასრულყოფილი სხეული, წადით დაქალებთან, გაერთეთ, იჭორავეთ, ნაკლებად მიაქციეთ ყურადღება სხვების ამრეზილ მზერას და საუბრის ირონიულ ტონს - მოკლედ, პატივი ეცით საკუთარ თავს და რაც მთავარია, შეარჩიეთ თქვენს გარდერობში ისეთი სამოსი, რომელიც თქვენ აღნაგობას მოუხდება და წვრილმან ხარვეზებს დამალავს (მჯერა, რომ ყველა ქალის კარადაში მოიპოვება ასეთი კაბა, შარვალი ან ფეხსაცმელი).


დასასრულ, ყველა დღსასწაული-საკუთარი თავის გამოცდაა და მისგან სიამოვნების მიიღებთ თუ არა - ეს უკვე მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. შეიძლება ახალწლის ღამეს მომხიბვლელი პრინცესა ან ფიფქია კი არა, თოვლის დედოფალი იყოთ, რომელიც მიჰქრის ყინულითა და თოვლით დაფარულ თავის სამფლობელოში, ან სულაც ბაბა იაგა ზღაპრულ ტყეში ეულად მდგარ ქოხში - ეს სულ ერთია. მთავარია, რომ ამ დღესასწაულისაგან სიამოვნება მიიღოთ, გაიხაროთ და კარგ განწყობაზე შეხვდეთ ახალ წელს. მერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქნება და მომავალი წელი ოცნებების, სურვილებს და თქვენი მიზნების შესრულების წელი გახდება.


ყველას გილოცავთ ახალ 2018 წელს და გისურვებთ გეპოვოთ საკუთარი თავი, აგხდენოდეთ ოცნებები და თქვენი ცხოვრება ყოფილიყოს სასიამოვნო მოულოდნელობებით აღსავსე!

4
264
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
264
  
2019, 1 იანვარი, 9:53
იმედია, რომ წაგეკითხა,არ ინანე..თუმცა ეს უფრო ქალებისთვისაა :)
2018, 31 დეკემბერი, 20:21
წამეკითხა. ახალი წელი მხოლოდ იმიტომ მიხარია, რომ რაღაც ცვლილება მოაქვს ძალაუნებურად. სხვათაშორის, სოფელში უფრო მეტი დატვირთვაა სამზადისის მხრივ
2018, 4 იანვარი, 11:25
მეც გილოცავ აგსრულებოდეს ყველა ოცნება ყველაზე კაია სამსახურში გაატარო ახალი წელი:)))
0 1 4