x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როცა სამყაროს ვერ ცვლი: ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები და ადაპტაცია

image

სამყარო ჩვენს გარშემო მრავალფეროვანია, ცვალებადი, მაგრამ ზოგჯერ მოსაწყენი და ერთფეროვანიც ხდება. ჩვენ ადამიანები ვაცნობიერებთ შინაგან და გარემო პირობებს ანუ ცნობიერად აღვიქვამთ გარესამყაროს, მაგრამ ეს აღქმა განსხვავებულია, თითოეული ჩვენგანი განსხვავებულ ჭრილში განიხილას ცხოვრებას.

ცნობიერება ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში, მისი დანიშნულება იმაზე ბევრად დიდია ვიდრე ჩვენ გვგონია. გაცნობიერების პროცესში დიდია პიროვნების როლი.თითოეულ ჩვენგანს თავისებური ახსნა და ხედვა გვაქვს ამა თუ იმ საკითხისა. არ არსებობს ორი ადამიანი, რომელიც სიტუაციის სრულიად ერთნაირ ინტერპრეტაციას მოგვცემდა, ამიტომაც ჩვენ გვაქვს რეალობის პიროვნული კონსტრუქტი-გარკვეულ სიტუაციებზე ჩვენეული, უნიკალური ინტერპრეტაცია. უნიკალური და ინდივიდუალურია ჩვენი გადაწყვეტილებებიც, პრობლემებისადმი მიდგომები და ა.შ.

ადამიანი მრავალმხრივი, ამოუცნობი არსებააა, რომელიც მუდამ რაღაც ახლისაკენ ისწრაფვის, ასეა ანტიკურობიდან მოყოლებული დღემდე. ადამიანებმა მოისურვეს ნაცნობი მდგომარეობების მიღმა გასვლა და ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებში გადასვლა, ეს კი სხვადასხვა მიზანს ემსახურება ხოლმე, როგორიცაა, მაგალითად ქაოტური ყოფისგან თავის დაღწევა, დასვენება, მოდუნება.ალბათ ცხოვრებაში ხშირად გვისურვია, რომ თავი ავარიდოთ რეალობის უსიამოვნებებს, განვიტვირთოთ ან უბრალოდ განვიცადოთ ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები.ასევე, ადამიანები ანტიკური ხანიდან იყენებდნენ სხვადასხვა ნივთიერებებს რეალობის აღქმის შესაცვლელად, მაგრამ ახლა ყურადღებას გავამახვილებ ცნობიერების შეცვლილ რამდენიმე მდგომარეობაზე, ესენია:მედიტაცია, ჰიპნოზი, ჰალუცინაციები და რელიგიური ექსტაზი.

მედიტაცია განტვირთვის ერთ-ერთი პოპულარული საშუალებაა, ის გულისხმობს ღრმა სიმშვიდის მდგომარეობით საკუთარი თავის შესახებ ცოდნის გაღრმავებას. ამ დროს ადამიანი ისვენებს, გაფანტავს ყოველგვარ ფიქრებს და უღრმავდება საკუთარ თავს.შესაძლოა სუნთქვის გაუმჯობესება, გარკვეული პოზების მიღება, გონების გათავისუფლება და სხვა.რაც მთავარია, მედიტაცია ამცირებს შფოთვას და განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც მუდმივად სტრესულ გარემოში უწევს მუშაობა.ზოგიერთი ადამიანისთვის კი მედიტაცია ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ დაძაბულობისგან დროებით თავის დაღწევას.

როცა ადამიანი იღლება სირთულეებთან ჭიდილში, ძალა გამოელევა, თითქოს მაშინ ცდილობს მიმართოს ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებს.ადამიანთა გარკვეული ნაწილი მიმართავს ჰიპნოზს.ბევრისთვის ეს მიუღებელი და არასერიოზულიც კია, მაგრამ ადამიანთა ნაწილს სჯერა ამისი, თითქოს თავიანთ მიკრო სამყაროს ქმნიან და აქ ეძებენ სხვაგვარ რეალობას.ისინი მაღალი ჰიპნობილურობით გამოირჩევიან.ეს რაღაც სხვა სამყაროა, რომელიც პირველ რიგში მოდუნებით ხასიათდება, მოტივაციის, აღქმის ცვლილებით.ჰიპნოზი იწყება ჰიპნოტური სტიმულაციით-ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპით, როცა ადამიანს რაიმეზე ამახვილებინებენ ყურადღებას ან რამის წარმოდგენას სთხოვენ.ზოგისთვის ეს ტრანსივითაა, ზოგისთვის მოდუნება ან სულაც გართობაა.აღსანიშნავია, რომ ჰიპნოზს ტკივილის შემცირება შეუძლია.

რაც შეეხება ჰალუცინაციებს, ამ დროს ცნობიერება მახინჯდება და ადამიანი ხედავს ან ესმის ის, რაც რეალურად არ ხდება.ეს რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება მათ ცხოვრებაზე, მაგრამ თუ სხვა კუთხით შევხედავთ, შეიძლება ასეთი ადამიანების უპირატესობაც დავინახოთ, რადგან მათ აქვთ ის ინფორმაცია, რომელიც არ აქვთ სხვებს.ზოგ კულტურაში ჰალუცინაციების მნახველებს გამორჩეულ არსებებად მიიჩნევენ და განსაკუთრებულ სტატუსსაც ანიჭებენ.

რა არის ლოცვა, მარხვა, მედიტაცია?ვიღაცისთვის ეს ცოდნაა, რომელიც ამდიდრებს მის ცნობიერებას და დანარჩენებისგან გამოარჩევს.ცნობიერების შევლილი მდგომარეობაა ე.წ. რელიგიური ექსტაზიც, როცა ადამიანებს აქვთ რელიგიური ცონდა, რწმენა და შესაბამისად, მდიდარი ცნობიერებაც.მათ რწმენის ძალით დაუჯერებელი რამის ჩადენა შეუძლიათ.მაგალითად, აპალაჩის წმინდა აჩრდილის ტომის წევრები ქადაგებების მიხედვით მოქმედებენ, ღვთისმსახურებისას შხამიანი გველი და ცეცხლი უჭირავთ, სვამენ საწამლავს...

მაშინ როცა სამყაროს ვერ ცვლი, რეალობისგან თავის დასაღწევად რას აღარ მოიფიქრებს ადამიანი.

ჩემი აზრით, მიუხედავად ყველაფრისა, ეს მაინც ერთგვარი ცოდნაა, რომლითაც ადამიანი ამდიდრებს ერთფეროვნებას და რეალობას თავისთვის სასურველ გარემოს არგებს, იქმნის მიკრო სამყაროს. მთავარი ისაა, რომ პრობლემისგან დროებით თავის დასაღწევად არ მივმართოთ ისეთ გზას, რომელიც სამუდამოდ ჭაობში ჩაგვძირავს.

0
209
შეფასება არ არის
ავტორი:თათია ბუღათრიშვილი
თათია ბუღათრიშვილი
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0