x
საინტერესო ფაქტები ისლამური არქიტექტურის შესახებ
ისლამური კულტურის სფეროებიდან ყველაზე მეტად ხელოვნებაში აისახა ელინისტურ-ბიზანტიური და ირანული ტრადიციები. ისლამის წარმოშობამდე ჰიჯაზს ფაქტობრივად არ ჰქონდა არქიტექტურული ტრადიციები. პირველი წმინდა ისლამური ნაგებობა იყო მეჩეთი. პირველი არაბი არქიტექტორები ხელმძღვანელობდნენ ირანის, ბიზანტიის, სირიის, ეგვიპტის და ინდოეთის ხუროთმოძღვართა მაგალითით. არაბებმა პირველად აღმართეს ქალაქი-ბანაკები ქუფა და ბასრა ერაყში და კაირავანი თუნისში. ამის შემდეგ ინტენსიურად დაიწყეს მეჩეთების და ადმინისტრაციული ნაგებობების მშენებლობა. ამ პრიმიტიული ნაგებობებიდან არც ერთი არ შემორჩა ჩვენამდე . თუმცა ჩვენთვის ცნობილია, რომ VII ს-ის 40-იანი წლებისთვის ერაყში აშენდა პირველი საკრებულო მეჩეთები.

705-715 წლებში აშენდა უმაიანთა დამასკოს დიდი მეჩეთი. ის თავდაპირველად იოანე ნათლისმცემლის ტაძარს წარმოადგენდა, რომელიც შემდეგ მეჩეთად გადაკეთდა. მშენებლებმა კარგად გამოიყენეს ადგილობრივი ელინისტური და სირიულ-ბიზანტიური ხუროთმოძღვრული ტრადიციები. სწორედ უმაიანთა მეჩეთის მშენებლობისას დანერგილა აგრეთვე ისლამურ საკულტო ხუროთმოძღვრებაში მიჰრაბი.


დამასკოს დიდი მეჩეთი

დამასკოს დიდი მეჩეთი



უმაიანთა პერიოდში, სვეტებიანი მეჩეთის გარდა, ვითარდება გუმბათოვანი ნაგებობა. მაგ: კუბბათ ას-სახრა (კლდის გუმბათი, 688-692). ის არის უძველესი მუსლიმური ნაგებობა, რომელიც დღემდე შემორჩა. ეს გასაოცარი შენობა არის ცისფერი, წააგავს ჯადოსნურ ციხეს ფირუზისგან, რომელსაც აგვირგვინებს უზარმაზარი ოქროს გუმბათი ნახევარმთვარით. მეჩეთის კედლებზე მოზაიკა შესრულებულია ბიზანტიური ხელოვნების გავლენით: მარმარილოს, სადაფის და ოქროს შეხამება. თუმცა ამ მეჩეთზე გაჩნდა პირველად ისლამური ხელოვნების ახალი ელემენტები: დიდი ეპიგრაფიკული ფრიზი და მონუმენტური კალიგრაფიული წარწერა. წარწერებში არის ყურანის აიები, რომელიც ხაზს უსვამს ისლამის უპირატესობას ქრისტიანობაზე. ყურანის ფრაგმენტების გამოსახვამ მეჩეთებში იგივე როლი ითამაშა, რაც წარწერებმა ქრისტიანულ ტაძრებში.


კუბბათ ას-სახრა


უმაიანთა დროს ფართოდ გაიშალა საერო მშენებლობა: ამაგრებდნენ ქალაქებს, აგებდნენ ხალიფათა სასახლეებს და ციხესიმაგრეებს ქალაქგარეთ. ამ პერიოდში იწყება სასახლეების აღჭურვა აბანოებით, რომლებშიც შენარჩუნდა მიწისქვეშა ღუმელების საშუალებით ცხელი წყლის მიწოდების ანტიკური სისტემა.


აბასიანებმა დაიწყეს ქალაქების მშენებლობა. 762-766 წლებში აშენდა ქალაქი ბაღდადი, რომელიც იყო მრგვალი ქალაქი 2, 6 კმ დიამეტრით და გამაგრებული ორმაგი კედლებით. ქალაქს ამშვენებდა მეჩეთები, ხალიფას და მისი ახლობლების სასახლეები, რომელიც განსხვავდებოდა უმაიანთა ხანის სასახლეებისგან. ასევე გამოირჩეოდა ქალაქი სამარა. სამარაში ალ-მუთავაქილის მეჩეთი (850წ.) არის ყველაზე დიდი მეჩეთი მსოფლიოში.


ალ-მუთავაქილის დიდი მეჩეთი,  სამარა


X საუკუნიდან აბასიანთა სახალიფოს დაშლას მოჰყვა სხვადასხვა არქიტექტურული მიმართულებების წარმოშობა. ფატიმიანთა დროინდელი ნაგებობები კაიროში.

X საუკუნიდან გაჩნდა აღმოსავლეთში მედრესეებიც. ისინი დაგეგმარებით ახლოს იყვნენ მეჩეთებთან.

ასევე აღორძინდა საფლავების არქიტექტურა, რაც სწრაფად გავრცელდა მთელ ისლამურ სამყაროში, აიუბიანთა და მამლუქთა მმართველობის დროს. XIII საუკუნიდან სირიის ქალაქებში აგებდნენ მრავალრიცხოვან გუმბათოვან მავზოლეუმებს (მამლუქების სასაფლაო კაიროში).

არაბულ-ესპანურ ხელოვნებაში, რომელიც ვესტგოთების, ბერბერების და არაბების მხატვრული ტრადიციების შერწყმის საფუძველზე ყალიბდება, განსაკუთრებით გამოირჩევა მავრითანული ანუ მავრული არქიტექტურული სტილი. ის ჩამოყალიბდა XI–XVI სს-ში ჩრდილოეთ აფრიკასა და ესპანეთის სამხრეთ ნაწილში. აღსანიშნავია კორდოვას (მეზკუიტას) დიდი მეჩეთი და ალჰამბრას (არაბ. ალ-ჰამრა წითელი) სასახლე გრანადაში, რომლებიც ითვლება ისლამური ხელოვნების შედევრებად.


ალჰამბრა


ოსმალებმა ღრმა კვალი დატოვეს არქიტექტურაშიც. მათ სწრაფად ჩამოაყალიბეს საკუთარი არქიტექტურული სტილი. XV–XVII სს-ში თურქული არქიტექტურის ძირითადი ძეგლები იყო ცნობილი მეჩეთები სტამბოლში, სულთნების სასახლეები, თოფქაფის სასახლე, დოლმაბაჰჩე და სხვ.

XVI საუკუნეში ყველაზე ცნობილი თურქი არქიტექტორი იყო სინანი (გარდ. 1588წ.), რომელიც ითვლება ყველაზე დიდ მუსლიმ არქიტექტორად. მისი შემოქმედება მოიცავს 477 ნაგებობას. მისი არქიტექტურული სტილის აუცილებელი ელემენტი იყო გუმბათი მრავალრიცხოვანი კომბინაციებით, რათა შეექმნა სივრცის და სიდიადის შთაბეჭდილება.

0
296
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ხუციშვილი
ანი ხუციშვილი
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0