x
ყარსის ხელშეკრულების განხილვა

23 სექტემბერს ქ.ყარსში გაიხსნა კონფერენცია თურქეთს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელშიც სრულუფლებიან მხარედ მონაწილეობას იღებდა რუსეთი. 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულება შემდეგნაირად არის დასათაურებული: "ხელშეკრულება მეგობრობის შესახებ ერთი მხრივ სომხეთის სსრ, აზერბაიჯანის სსრ-სა და საქართველოს სსრ-ს მეორე მხრივ თურქეთს შორის, რომელიც დადებულ იქნა რსფსრ-ს მონაწილეობით ყარსში 1921 წლის 13 ოქტომბერს".

საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს ეროვნულმა კომისარმა სამხედრო და საზღვაო საკითხებში - შალვა ელიავამ და ეროვნულმა კომისარმა საგარეო ურთიერთობებსა და ფინანსებში - ალექსანდრე სვანიძემ.
რუსეთის მხრიდან - იაკობ ვანეცკიმ (ფიურსტენბერგი), რომელიც იმავდროულად წარმოადგენდა კომისარიატის კოლეგიის წევრს რუსეთის საგარეო საქმეებში.

აზერბაიჯანის მხრიდან - ბეჰბუდ შაჰტახტინსკიმ, თურქეთის მხრიდან - ქიაზიმ ქარაბექირ ფაშამ, ველი ბეიმ, მუჰთარ ბეიმ, მემდუჰ შევქეთ ბეიმ, სომხეთის მხრიდან - ასკანაზ მრავიანმა და პოღოს მაკინზიანმა.

ყარსის ხელშეკრულება პრაქტიკულად იმეორებდა მოსკოვის ხელშეკრულებას: თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი და ქ.ბათუმთან დაკავშირებული მუხლები უცვლელად იქნა გადმოტანილი. ყარსის ხელშეკრულება შედგებოდა 20 მუხლისგან და 3 დამატებისგან. მათ შორის რამდენიმე ეხებოდა საქართველოს.
ყარსის ხელშეკრულების პირველი მუხლი ძალადაკარგულად აცხადებდა იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც ამიერკავკასიას (სამხრეთ კავკასიას) ეხებოდა. თუმცა ეს არ ეხებოდა რუსეთ-თურქეთის 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულებას. მეორე მუხლში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს არ უნდა ეცნოთ არც ერთი ხელშეკრულება, რომელიც ეხებოდა თურქეთს და არ იქნებოდა დამტკიცებული თურქეთის დიდი ეროვნული კრების მიერ. თავის მხრივ თურქეთი თავის თავზე იღებდა ვალდებულებას არ ეცნო არც ერთი საერთაშორისო აქტი, თუ მას არ ცნობდა სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.

მეოთხე მუხლში დგინდებოდა, რომ თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვარი იწყებოდა შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სოფელ სარფთან, შემდეგ მიუყვებოდა ქედის მთას, შავშეთისა და კანნიდაღის მთების წყალგამყოფს, არდაგანისა (არტაანისა) და ყარსის სანჯაყების ჩრდილოეთ ადმინისტრაციულ საზღვარს მდინარეების არპა-ჩაისა და არაქსის ტალვეგს.

მეექვსე მუხლი ეხებოდა აჭარას:"თურქეთი ეთანხმება დაუთმოს საქართველოს სუვერენიტეტი ქალაქ და პორტ ბათუმზე და ტერიტორიაზე საზღვრის ჩრდილოეთით, რომელიც მითითებულია მეოთხე მუხლში და შეადგენს ბათუმის ოკრუგის ტერიტორიას შემდეგ პირობებში: ა) ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც მითითებულია წინამდებარე მუხლში გამოიყენებს ფართო ადგილობრივ ავტონომიას ადმინისტრაციულ ურთიერთობებში, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული თემის კულტურულ და რელიგიურ უფლებებს და მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მითითებულ მხარეში დაადგინოს კანონი მიწის შესახებ, რომელიც მისი მდგომარეობის შესაბამისი იქნება. ბ) თურქეთი უზრუნველყოფილი იქნება ყველა სახის საქონლის თავისუფალი ტრანზიტით, რომელიც იქნება გაგზავნილი თურქეთისკენ ან თურქეთიდან ბათუმის პორტის გავლით, უბაჟოდ, ყოველგვარი შეფერხებისა და დაბეგვრის გარეშე, მიუხედავად იმისა, თუ რა რაოდენობის გადასახადიც არ უნდა იყოს გადასახდელი. ასევე თურქეთს მიენიჭება ბათუმის პორტის გამოყენების უფლება სპეციალური გადასახადის აკრეფის გარეშე. ამ მუხლის ცხოვრებაში განხორციელებისათვის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ შეიქმნება კომისია მომლაპარაკებელი მხარეების წარმომადგენლებისაგან".

ყარსის ხელშეკრულების მეოცე მუხლის მიხედვით, 6 მუხლი (6-ე, 14-ე, 15-ე, 16-ე, 18-ე, 19-ე) ძალაში ხელმოწერის დღიდან უნდა შესულიყო, ანუ 1921 წლის 13 ოქტომბერს. ეს მუხლები ეხებოდა 1918-1920 წლების ომების შედეგად გამხდარ დევნილ მოქალაქეებს, კავკასიის ფრონტზე დამნაშავე პირთა სრულ ამნისტიას, სამხედრო და სამოქალაქო ტყვეების გაცვლას, როგორც სავაჭრო ურთიერთობების, ასევე ეკონომიკური და ფინანსური საკითხების დამარეგულირებელი კომისიის შექმნას და საკონსულო კონვენციის დამარეგულირებელი კომისიის შექმნას და საკონსულო კონვენციის დასრულებას 3 თვის ვადაში. დანარჩენი მუხლები ძალაში უნდა შესულიყო ხელშეკრულების რატიფიკაციის შემდეგ. მეოცე მუხლი ასევე ავალდებულებდა მხარეებს ერევანში უმოკლეს დროში გაეცვალათ სარატიფიკაციო სიგელები.

ხელშეკრულების პირველი დამატებაში დაწვრილებითაა აღწერილი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი, მეორე დამატებაში აღწერილია თურქეთის საზღვარი არპა-ჩაისა და არაქსის ზონაში, მესამე განსაზღვრავდა ნახჭევანის
image
ავტონომიის საზღვარს.

ყარსის ხელშეკრულება არ შეიცავდა საიდუმლო მუხლებს. მისი მოქმედების ვადა არ იქნა დადგენილი, რაც, სავარაუდოდ, განპირობებულია იმ პრაქტიკით, რომელსაც აწარმოებდნენ ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიები მე-18 - მე-19 საუკუნებში. რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მომლაპარაკებელი მხარეები საზავო ხელშეკრულებებში არ უთითებდნენ ხელშეკრულების მოქმედების ვადას. ხოლო მშვიდობა სახელმწიფოებს შორის მყარდებოდა მანამ, სანამ რომელიმე მხარე არ დაარღვევდა ხელშეკრულების პირობებს.

ყარსის ხელშეკრულება გაფორმებული იქნა ხუთ ეგზემპლიარად: თურქულ, რუსულ, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ხელშეკრულება რატიფიცირებულ იქნა ერევანში 1922 წლის 11 სექტემბერს.

ყარსის ხელშეკრულებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც რუსეთისთვის, ისე თურქეთისთვის. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა მუსტაფა ქემალმა დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა, მან მოკავშირე საბჭოთა რუსეთის სახით იპოვა, რადგან ორივე მხარე ებრძოდა ანტანტას, ჰქონდა საკუთარი ინტერესები კავკასიის მიმართ და რაც მთავარია, ორივეს სჭირდებოდა მოკავშირე.

0
418
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ხაბულიანი
მარიამ ხაბულიანი
418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0