x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილი ქართველები, რომლებმაც წარმატებას უცხოეთში მიაღწიეს

image


რამდენიმე დღის წინ მთელი საქართველო აალაპარაკა ნათია თოდუას გამარჯვებამ გერმანულ "ვოისეში". აფხაზეთიდან ლტოლვილმა გოგონამ, რომელიც გერმანიაში "ოპერის" პროგრამით იმყოფებოდა, პრესტიჟულ კონკურში პირველი ადგილი დაიკავა და ნამდვილი ვარსკვლავი გახდა, არადა ქართულ "ნიჭიერში" მის ნამღერს "ყალბი" უწოდეს და სცენისკენ მიმავალი გზა ფაქტიურად დაუკეტეს, თუმცა მიზანდასახული გოგონა არ დანებდა და 50-მილიონიან ქვეყანაში გახდა ცნობილი და აღიარებული. სწორედ ამ ფაქტმა მიბიძგა მომეძიებინა ინფორმაცია იმ ქართველების შესახებ, რომელთაც უცხოეთში მიაღწიეს წარმატებას და მხოლოდ ამის შემდეგ გახდნენ ცნობილი საკუთარ სამშობლოში.

მოდით, ერთად გადავხედოთ საქართველოს უახლეს ისტორიას და გავიხსენოთ ის ქართველები, რომლებმაც წარმატებას უცხოეთში მიაღწიეს.



image



1. ექვთიმე თაყაიშვილი - საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი



image



ექვთიმე თაყაიშვილმა 1883 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, ხოლო 1887 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ბერძნულ-ლათინურ ენათა განხრით.
1887-1894 წლებში ის ასწავლიდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში (ბერძნულ-ლათინურ ენებს, ისტორიას და გეოგრაფიას), 1894-1904 წლებში განაგებდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიას. პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე ექვთიმე თაყაიშვილი შეუდგა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. დააფუძნა ორი სამეცნიერო სერია "ძველი საქართველო" და "საქართველოს სიძველენი" და თავად იყო ამ სერიების ტომების შემდგენელი. იგი გახლდათ უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ "ვეფხისტყაოსნის" ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. მისი დამსახურებაა "ხელმწიფის კარის გარიგების" ხელნაწერის აღმოჩენა, რომელიც უცვლელად გამოსცა 1920 წელს. სამგზის იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ ნაწილში (თურქეთის საქართველოში), გამოიკვლია და აღწერა ქართული ისტორიული ძეგლები. ამ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოცემულ იქნა პარიზში, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში.

ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და მისი ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ 1921 წლის 11 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დატოვა საქართველო. იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში, მეურვეობდა რა საქართველოს ეროვნულ განძს, რომლის ოფიციალურ პატრონად მენშევიკური მთავრობა ითვლებოდა. უკიდურესი გაჭირვების და შიმშილის მოუხედავად ექვთიმე თაყაიშვილმა ეს განძი ხელუხლებლად შემოუნახა შთამომავლობას.

1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. 1945 წლის 10 მაისს არჩეულ იქნა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორად. 1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით "ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ". მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.



2. ჯორჯ კობი (გრიგოლ კობახიძე)-მინის ჯადოქარი



image



1883 წელს რაჭის სოფელ თხმორში დაბადებულმა კაცმა ხიფათითა და დაბრკოლებებით სავსე გზა განვლო ყოფილი რუსეთის იმპერიისა და გერმანიის სივრცეებში, შემდეგ აშშ–ში 9 წელი მუშაობდა „ჯენერალ ელექტრიკის“ საზოგადოებაში და საკუთარი საქმის წამოსაწყებად ფულს აგროვებდა. რამდენიმე პატენტი მოიპოვა ავტომატურ საწერ კალმებზე. ააწყო მცირე ბიზნესი – ავტოკალმებითა და საკანცელარიო მასალებით. ბოლოს, 1919 წელს საკუთარი ქარხანა გამართა მასაჩუსეტსში. 1922 წლიდან ფეხზე დააყენა თავისი საწარმო, რომელიც მას შემდეგ ფუნქციონირებს Coby Glass Products Company-ს სახელით. კომპანიის სახელ–დიდებას ზრდიდა მისი მოთავის მიერ დანერგილი სამოცდაათამდე უნიკალური პატენტი.

კობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოგონება – წყალგამძლე ცემენტი და ზემდგრადი მინა-ბლოკი ფლორიდას უკავშირდება. ქართველ ქიმიკოსს კარგა ხნის განმავლობაში უწევდა იქ ყოფნა და ხედავდა, რომ ტროპიკულ, ტენიან ჰავას ვერც აგური უძლებდა და ვერც ხე - ყველაფერი ძალიან მალე ფუჭდებოდა და ხელახლა გასაკეთებელი ხდებოდა. ჯორჯ კობიმ სულ რამდენიმე წელიწადში გამოიგონა ცემენტი, რომელსაც ტენი ვერაფერს აკლებდა; აგურის შედგენილობაშიც მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა და შექმნა მინა-ბლოკი, რომელიც შენობის გარედან მოსაპირკეთებლად იყო განსაზღვრული და მზის შუქს ირეკლავდა. ამ გამოგონებებმა ამერიკის მრეწველობაში გადატრიალება მოახდინა და მოგვიანებით -30-იან წლებში, პირველი ცათამბჯენების აშენებისას, ფართოდ დაინერგა.

ჯორჯ კობი ამის წყალობით ძალიან გამდიდრდა და მულტიმილიონერად იქცა. პირველი, რაც მან ამის შემდგომ გააკეთა, სათამაშოების მაღაზიისა და უპოვართათვის სასადილოების ქსელის გახსნა იყო. 1925 წელს ქართველი ქიმიკოსი ამერიკის უმდიდრეს ადამიანად მეოთხედ დაასახელეს - იმ დროისათვის ეს საოცრება იყო. ჯორჯ კობი ერთხმად, ამერიკის ქიმიური მრეწველობის მეფედ აღიარეს. 40–იან წლებში კობის კომპანია საველე ჰოსპიტლებისა და რიგითი საავადმყოფოების თვის აუცილებელ პროდუქციას აწარმოებდა.

ომის დამთავრების შემდეგ – საშობაო ნაძვის ხის სათამაშოებზე გადაერთო. მან შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები, რომლებმაც შეცვალეს ხანძარსაშიში ნამდვილი სანთლები, რომლებსაც მანამდე ანთებდნენ ნაძვის ხეებზე ამერიკელები. „კობი – ეს შობაა“ – ეწერა ნაძვის ხის სათამაშოებზე.

ბიზნესმენი აქტიურად მეცენატობდა თანამემამულეებს: ჯორჯ კობიმ გაუმართა ხელი შემდგომში კარგად ცნობილ ქართველ ოქროსმაძიებელ მაიკ მიტოს და ალასკაზე ოქროს გადამმუშავებელი ქარხანა ააშენებინა; გარდა ამისა, წარმატებულმა ქიმიკოსმა შეიამხანაგა გიორგი მაჩაბელი, რომელმაც ამერიკაში პარფიუმერიის წარმოებას მიჰყო ხელი და სახელიც გაითქვა. სუნამოებისთვის ჭურჭელს ჯორჯ კობის ფირმა ამზადებდა და, როგორც გიორგი მაჩაბელი შემდგომში აღნიშნავდა, მისი პროდუქციის წარმატების მთავარი მიზეზი ეს იყო; ცნობილი ავიატორი ქართველიშვილი წარუდგინა ავიაციით დაინტერესებულ მილიონერს; მანჯურიიდან ჩამოიყვანა და ლაბორატორია მოუწყო მედიკამენტ „პემოდინის“ შემქმნელ ქართველ ექიმს – ნიკოლოზ ჯიშკარიანს და კიდევ უამრავ ქართველ ემიგრანტს გაუწია დახმარება.

გრიგოლს და მის მეუღლეს შვილი არ ჰყავდათ და სურდათ კომპანიონად მინის წარმოების მცოდნე ქართველი მოეძებნათ. როგორც ჩანს, ქართველთაგან ვერავინ დააინტერესეს წარმოებით. გრიგოლ კობახიძის წერილებიდან ირკვევა, რომ თავის დროზე ძმისშვილების, ან ახლო ნათესავების წაყვანა უნდოდა ამერიკაში, მაგრამ ვერ შეძლო და საბჭოთა კავშირში დაწყებული რეპრესიების გამო იძულებული იყო საერთოდ შეეწყვიტა ოჯახთან ურთიერთობა. საბოლოოდ გრიგოლმა კომპანიონებად იტალიური წარმოშობის ძმები ჯიმ და ჯული პაგლისები აიყვანა, რომლებმაც მისი საქმე გააგრძელეს.

1967 წელს გრიგოლ კობახიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაგლისებს მისი სახელი დავიწყებისთვის არ მიუციათ და არც წარმოებისთვის შეუცვლიათ სახელი.

სამწუხაროდ, გრიგოლ კობახიძის მშობლიური სოფელი თხმორი რაჭაში დღეს ნასოფლარია...



3. გიორგი მაჩაბელი-პარფიუმერი



image



ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და პარფიუმერი, "სუნამოების პრინცად" წოდებული გიორგი მაჩაბელი 1885 წ. დაიბადა. ნაციონალისტური სულისკვეთება სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლის პერიოდშივე გამოამჟღავნა, როცა სათავეში ჩაუდგა მოსწავლეთა წრეს. სწავლა ბერლინის სამთო აკადემიაში გააგრძელა. აკადემიაში სტუდენტებს, როგორც მუშებს, თვეების მანძილზე ამუშავებდნენ მაღაროებში, ამან მაჩაბელი თეთრი და შავი სამუშაოს თანაბარი დაუზარლობით შესრულებას მიაჩვია. აკადემიის დამთავრების შემდეგ გიორგი მაჩაბელმა თავისი შრომით მოიარა მთელი მსოფლიო, ხან მეზღვაური იყო, ხან მძღოლი და ხან შიკრიკი.

ბერლინში დაბრუნებისას გაიცნო ევროპის მასშტაბით ძალიან პოპულარული, იტალიელი მსახიობი ნორინა ჯილი, სცენური ფსევდონიმით მარია კარმი. მას სახელი განსაკუთრებით მადონას როლის შესრულებამ გაუთქვა, თავისი პირველი ქმრის დრამატურგ მაქს რეინჰარტის პიესაში – "სასწაული". გიორგიმ ნორინას სიყვარული იტალიურის უმოკლეს ვადაში შესწავლით დაუმტკიცა და 1916 წ. ისინი დაქორწინდნენ.

1922 წ. გიორგი ამერიკაში გადასახლდა. 1924 წელს გახსნა ანტიკვარული მაღაზია "წითელი და შავი" და როგორც საქმოსანმა სულ მალე გაითქვა სახელი. თუმცა არ ივიწყებდა თავის ძველ გატაცებას – სუნამოების შეზავებას და 1926 წ. დაარსა პარფიუმერული კომპანია "Prince Matchabelli", რომელიც 1920-1930–იან წლებში აშშ–ს უმნიშვნელოვანესი კორპორაციების ხუთეულში შედიოდა. მაჩაბლის ფირმის ფლაკონზე გამოსახული იყო მისი საგვარეულო გერბი და სამეფო გვირგვინი. ეს მიგნება ეკუთვნოდა მის მეუღლეს. პირველი სუნამო რომელიც გიორგი მაჩაბელმა დაამზადა ონი "ქარის სიმღერა", დაპრესილი პუდრი და პომადა.

ფლაკონები თავდაპირველად გერმანული ფაიფურისგან მზადდებოდა, შემდეგ ჯორჯ კობის (გრიგოლ კობახიძე) მინის კომპანიაში დაამზადეს გამჭვირვალე მინის ფლაკონი, რომელიც ნახევრად ავტომატური მეთოდით კეთდებოდა, მაგრამ ოქროთი მოვარაყება, ორქოსფერი ზარნიშისა და ზონრის დამზადება ხელით ხდებოდა. სულ მალე გიორგი მაჩაბლის გვირგვინები მთელ ამერიკას მოედო.

ფირმის პირველი მუშები გიორგი მაჩაბლის მეგობრები იყვნენ, მასავით ლტოლვილი არისტოკრატები, მათი ცოლები და ქალიშვილები, ამიტომ ფირმის თანამშრომლებმა შეადგინეს ყველაზე დიდგვაროვანი, თავაზიანი პერსონალი მთელ ამერიკაში.

გიორგი მაჩაბელმა უბრალო ჰობიდან ათ წელში შექმნა არა მარტო მილიონიანი ბიზნესი, არამედ გახდა ნოვატორიც. როდესაც მაჩაბელმა თავისი ბიზნესი წამოიწყო ამერიკას საკუთარი საპარფიუმერიო მრეწველობა ჯერ არ გააჩნდა, რაც მზადდებოდა ფრანგული პროდუქციის ცუდი ასლები იყო ძირითადად. ასე რომ, გიორგი მაჩაბელმა შეავსო ის სიცარიელე, რაც იმ დროს არსებობდა ამერიკულ სპარფიუმერიო წარმოებაში.

გიორგი მაჩაბელი, წარმატებული ბიზნესის მიუხედავად, არ ჩამოშორებია საზოგადოებრივ საქმეებს. ის იყო პავლე კვარაცხელიასთან ერთად 1931 წ. შეერთებულ შტატებში ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ–ერთი ინიციატორი. გიორგი მაჩაბელი დიდ მატერიალურ დახმარებას უწევდა არა მარტო სათვისტომოს, არამედ ყველა გაჭირვებულ ქართველს.

1933 წელს ნორინა ჯილი და გიორგი მაჩაბელი ერთმანეთს დაცილდნენ. 1935 წ. ივნისისთვის მე-5 ავენიუზე გიორგი მაჩაბელს დაგეგმილი ჰქონდა სადემონსტრაციო დარბაზის გახსნა. მარტში კი ფილიალების გახსნის მიზნით იმოგზაურა შანხაისა და კალიფორნიში, მაგრამ გზაში გაცივდა 1935 წ. 31 მარტს ნიუ–იორკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

ნორინა ჯილიმ გახსნა ბრწყინვალე სადემონსტრაციო სალონი, სადაც გამოფენილი იყო გიორგის პორტრეტი სამეფო რეგალიებით, 1936 წ. კი ბრენდი "Prince matchabelli" სუნამოების მწარმოებელ სოლ გენცს 250 ათას დოლარად მიყიდა. ფირმა კონექტიკუტის შტატში დღესაც არსებობს, პროდუქცია მისი დამფუძნებლის სახელით და რეცეპტით გამოდის და საფირმო ნიშანიც იგივეა – ქართულჯვრიანი სამეფო ოქროს გვირგვინები.



4. ალექსანდრე ქართველიშვილი (ალექსანდრე ქართველი)-ავიაკონსტრუქტორი



image


აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ–ერთი პიონერი, აშშ საავიაციო ისტორიის თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი (Alexsander Kartveli) დაიბადა ცნობილი მოღვაწის, იურისტ მიხეილ ქართველიშვილის ოჯახში. 1914 წელს დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია, 1917 წელს - იუნკერთა სასწავლებელი, სადაც პირველად დაინტერესდა ტანვარჯიშით, ავიაციით და ჰაერნაოსნობის წრეშიც ჩაეწერა. 1917 წელს პირველ მსოფლიო ომში არტილერისტად გაიწვიეს და ბატარეის მეთაურად დანიშნეს. ავიაციისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაუღვივა კაპიტან მაჭავარიანის ავიარაზმის წევრებთან ხშირმა ურთიერთობამ. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ჯერ მფრინავი, შემდეგ კი ავიაკონსტრუქტორი გამხდარიყო. ფეხში დაჭრილი ქართველიშვილი ომიდან პორუჩიკის წოდებით დაბრუნდა.

1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ალექსანდრე ქართველიშვილი სასწავლებლად საფრანგეთს მიავლინა. ვაჟიშვილს დედაც თან გაჰყვა, მამა და მისი და თამარი კი თბილისში დარჩნენ. განშორება სამუდამო გამოდგა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ ოჯახის გაერთიანება ვეღარ მოხერხდა. ალექსანდრემ პარიზის ავიაციის უმაღლესი საინჟინრო ფაკულტეტი 1922 წელს დაამთავრა, იმავდროულად ელექტროტექნოლოგიის უმაღლეს სასწავლებელში ელექტროინჟინრის დიპლომიც მიიღო. სწავლის პერიოდში, თავი და დედა რომ ერჩინა, კერძოდ ასწავლიდა მათემატიკას, მონაწილეობდა საავიაციო და სატანვარჯიშო ასპარეზობებში.

ქართველიშვილი 1922-1927 წლებში ლეგენდალური ფრანგი ავაიტორის, ლუი ბლერიოს კომპანიაში გამომცდელად და ასევე თვითმფრინავების "Bernard"-ისა და "Ferbois"-ის შექმნაზე მუშაობდა. ერთ–ერთი ფრენის დროს მომხდარი ავარიისას სერიოზული ტრამვა მიიღო და ამის გამო სამუდამოდ ჩამოშორდა მფრინავის პროფესიას. 1927 წელს მისი მონაწილეობით შექმნილმა თვითმფრინავმა "Bernar-Ferbua V-2" დაამყარა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი. თავისუფალ დროს ფრანგ ინჟინრებთან ერთად მუშაობდა 50 მგზავრზე გაანგარიშებულ ტრანსატლანტიკური გიგანტური თვითმფრინავის პროექტზე პარიზი–ნიუ–იორკის რეისებისათვის, ამისთვის კი დიდი თანხები იყო საჭირო, სწორედ ამიტომ ურჩიეს ამერიკაში წასვლა, სადაც მის ნიჭს მეტი გასაქანი ექნებოდა.

ცნობილი გამომგონებლისა და ბიზნესმენის გრიგოლ კობახიძის (ჯორჯ კობი) შუამდგომლობით 1927 წელს ამერიკელმა მილიონერმა და ავიაციის მეცენატმა ჩარლზ ლევინმა ქართველიშვილი სამუშაოდ მიიწვია ნიუ–იორკში. მათ ერთად ააწყვეს ხომალდი, რომელსაც "Uncle Sam"-ი უწოდეს, 1928 წელს ქართველიშვილმა მოღვაწეობა დაიწყო ცნობილ კომპანიაში "Fokker American Company". 1931 წელს იგი შეხვდა თბილისელ ალექსანდრე სევერსკის, ცნობილი კორპორაცია "Seversky Aircraft Corporation"-ის პრეზიდენტსა და მთავარ ინჟინერს. სწორედ სევერსკის კორპორაციაში შექმნილი მოდელები იქცა ქართველიშვილის გამანადგურებლების წინამორბედად. 1939 წელს კომპანიას შეეცვალა სახელი და ეწოდა "Republic Aviacorporation", რომლის ვიცე-პრეზიდენტად და მთავარ ინჟინრად დაინიშნა ალექსანდრე ქართველიშვილი. ამ დროისთვის იგი უკვე მსოფლიოში აღიარებული ავიაკონსტრუქტორი იყო. თბილისური დუეტი მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკული საჰაერო ძალების წარმატების მთავარი სულისჩამდგმელი გახდა. მათი ერთობლივი შრომის შედეგია ყველაზე წარმატებული Republic P-47 "Thunderbolt" ("მეხთამფრქვევი"), რომელიც მეორე მსოფლიო ომის წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ–ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა და დიდი როლი შეასრულა გერმანიაზე გამარჯვებაში. არანაკლები წარმატება ხვდა წილად მის მიერ შემდგომ პერიოდში შექმნილ თვითმფრინავებს. ამერიკის ავიაციის ისტორიის კუთვნილებაა ალ. ქართველის მიერ შექმნილი თვითმფრინავები: F-84 "Thunderjet", Republic F-105 "Thunderchif" და Republic F-84.

ავიამშენებლობისა და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისათვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი. იგი არჩეული იყო მრავალი საერთაშორისო საავიაციო საზოგადოებისა და ასევე აშშ–ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად.

სამწუხაროდ, ალექსანდრე ქართველიშვილს მემკვიდრე არ დარჩენია.



5. ალექსანდრე (ლექსო) თორაძე-პიანისტი



image


ლექსო თორაძე 1969 წელს ჩაირიცხა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში; ორკესტრთან ერთად უკვე ცხრა წლისამ დაუკრა, მას შემდეგ იყო მოსკოვში ჩაიკოვსკის კონსერვატორია და კონცერტები; 1969 წლიდან იგი მუსიკოს შემსრულებელთა ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსების ლაურეატი გახდა; 1975 წელს იტალიაში ა. კასაგრანდეს სახელობის საერთაშორისო კონკურსში მიიღო III პრემია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ვან კლაიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე II პრემია; აღიარება მოიპოვა მოცარტის, ლისტის, პროკოფიევის, რახმანინოვის ნაწარმოებთა შესრულებით.


1980 წელს მილიონერთა საკურორტო ქალაქ ვესთ-პალმ-ბიჩის(ფლორიდის შტატი) – უზარმაზარი საკონცერტო დარბაზი გადატენილი იყო, სცენაზე ელა ფიცჯერალდი მღეროდა, ხანგრძლივი ტაშისა და ოვაციების პირველი ნაკადი ჩაცხრა, ელა მიკროფონთან მივიდა და პუბლიკას მიმართა: "დღეს მე და ოსკარ პიტერსონმა გავიცანით უნიჭიერესი ახალგაზრდა პიანისტი, რომელმაც მოგვაჯადოვა თავისი მუსიკით. იგი ახლა ამ დარბაზშია: იცნობდეთ, ლექსო თორაძე! ხვალ მას ამ დარბაზში კონცერტი აქვს, გირჩევთ ყველას, მოხვიდეთ და მოუსმინოთ, უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ!"

ლექსო თორაძე 1983 წლიდან ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეწევა ნაყოფიერ საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას; ცნობილია როგორც თანამედროვეობის ერთ–ერთი გამოჩენილი პიანისტი; გასტროლებს მართავს უცხოეთის ქვეყნებში; თანამშრომლობს მსოფლიოს გამოჩენილ დირიჟორებთან; ქ. საუზბენდში(ინდიანას შტატი) ადგილობრივ უნივერსიტეტში დაარსებული აქვს მუსიკალური სტუდია, რომელმაც აღიარება მოიპივა, როგორც მუსიკალურ აღმზრდელობითმა ცენტრმა; ამ ცენტრში თავიანთ ოსტატობას სრულყოფენ მთელი რიგი ახალგაზრდ ქართველი პიანისტები; 2005 წელს თავის მუსიკალური სტუდიის წევრებთან და აღზრდილებთან ერთად ფართო საკონცერტო გასტროლები გამართა საქართველოში.



6. გიორგი ბალანჩივაძე (ჯორჯ ბალანჩინი)-ბალეტმეისტერი


image


მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ბალეტმაისტერი, ჯორჯ ბალანჩინი (გიორგი ბალანჩივაძე) დაიბადა 1904 წლის 22 იანვარს ქართული საოპერო მუსკის ფუძემდებლის მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახში, პეტერბურგში. 1914-1921 წლებში პატარა გიორგი სწავლობდა პეტერბურგის მარიას თატრთან არსებულ თეატრალურ საწავლებელში. 1923 წელს დაამთავრა პეტროგრადის კონსერვატორია. 1921-1923 წლებში იგი მონაწილეობდა მცირე სოპერო თეატრის სპექტაკლებში.

1924 წელს გიორგი ბალანჩივაძე საზღვარგარეთ გაემგზავრა საცხოვრებლად. 1925-1929 წლებში იგი იყო „ს. დიაგილევის რუსული საბალეტო დასის“ მთავარი ბალეტმაისტერი და ამ დროიდან მოინათლა უცხოეთში ჯორჯ ბალანჩინად.

1932 წლიდან ჯორჯ ბალანჩინი ფრანგული საბალეტო დასების „ბალე რიუს დე მონტე კარლოს“ და „ბალე – 1933“–ის ბალეტმაისტერია.

1933 წელს ის მიიწვიეს აშშ–ში, სადაც შექმნა „ამერიკული საბალეტო სკოლა“, რომლის ბაზაზეც ჩამოყალებეულ დასს 1948 წლიდან „ნიუ–იორკ სიტი ბალე“ დაერქვა.

ჯორჯ ბალანჩინს დადგმული აქვს ასზე მეტი საბალეტო სპექტაკლი ბუენოს–აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანის და სხვა ქალაქების თეატრებში. მის მიერ განხორციელებული საუკეთესო დადგმებია: ს.პროკოფიევის „უძღები შვილი“ (1928), სტრავინსკის „ორფევსი“, „აპოლონი, მუზათა მბრძანებელი“ (1929), „აგონი“ (1958), „ბროლის სასახლე“ (ბიზეს მუსიკის მიხედვით, 1941), „ბალე იმპერიალი“ (ჩაიკოვსკის მუსიკის მიხედვით, 1941) და სხვ.

1962 და 1973 წლებში ჯორჯ ბალანჩინი საგასტროლოდ ჩამოვიდა საბჭოთა კავშირში და ორივეჯერ თბილისშიც გამართა სპექტაკლები, რომლეთაც დიდი წარმატება ხვდა წილად.

1983 29 აპრილს ჯორჯ ბალანჩინი გარდაიცვალა. დაკრძალულია ამერიკაში. 2004 წელს ნიუ–იორკსა და პეტერბურგში აღინიშნა დიდი მაესტროს დაბადების 100 წლისთავი.



6. ლეო ბოკერია-ცნობილი კარდიოქირურგი


image


ცნობილი მეცნიერი, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი კარდიოქირურგი, აკადემიკოსი ლეო ანტონის ძე ბოკერია 1939 წლის 22 დეკემბერს ოჩამჩირეში დაიბადა. მისი მშობლები ფოთელები იყვნენ, მაგრამ ლეოს უფროს დას მალარია სჭირდა და ექიმების რჩევით აფხაზეთში, ოჩამჩირეში გადასახლდნენ. სამი წლისას მამა გარდაეცვალა. მარტო დარჩენილი დედა სამ შვილთან ერთად (ლეოს ორი უფროსი და ჰყავს) ფოთში დაბრუნდა.

ფოთის რუსული სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო. საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. სამედიცინო ინსტიტუტის მეორე კურსზე იყო, როდესაც ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე შევიდა. ორ წელიწადში დაამთავრა და ისეთი წარმატებით, რომ შესთავაზეს, სამედიცინო ინსტიტუტის ნაცვლად ინგლისური ენის სწავლა გაეგრძელებინა. არ დათანხმდა, რადგან მედიცინის სიყვარული უკვე ძვალ–რბილში ჰქონდა გამჯდარი. ინსტიტუტი 1965 წელს დაამთავრა და ასპირანტურაში ჩააბარა. 1968 წელს ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ–მუშაკად დაიწყო მუშაობა და საკანდიდატო დისერტაციაც დაიცვა. 1973 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და პროფესორის წოდება მიიღო. 1977-93 წლებში გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე იყო სამეცნიერო დარგში, 1993 წელს რუსეთის სამედიცინო მეცნიერების აკადემიის კარდიოქირურგიის ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა. 1994 წლიდან ხელმძღვანელობს ა. ნ. ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრს.

ლეო ბოკერია ხშირად და საკმაოდ წარმატებულად იყენებდა ექსპერიმენტულ მეთოდებს მედიცინაში. ინგლისური ენის ცოდნა ძალიან გამოადგა. სამეცნიერო მუშაობის დასაწყისში ძალიან დააინტერესა თემამ, რომელზეც მსოფლიოში სულ ორი ნაშრომი იყო გამოქვეყნებული, ბიბლიოთეკაში წაიკითხა ინგლისურად. ჯერ საკანდიდატო გააკეთა, მერე სადოქტორო, მოგვიანებით კი ლენინური პრემია მიიღო. ეს არის ე. წ. ჰიპერბარიული ოსიგენაციის (ძალიან მაღალი წნევის ჟანგბადით მოქმედება ბავშვებზე, რომელთაც აქვთ ე. წ. ლურჯი, თანდაყოლილი მანკი) მეთოდით ოპერაციის ჩატარება. ოპერაციის დროს ბაროკამერაში ჟანგბადის დონე მატულობდა, ბავშვებს სილურჯე გასდიოდათ და ოპერაცია წარმატებით ატარებდნენ. ქირურგმა სპეციალურ ბაროკამერაში ასეულობით ოპერაცია გააკეთა. ამ მოწყობილობაში იმ ადამიანებს უმკურნალა, რომლებიც ჩვეულებრივ წნევას ვერ გაუძლებდნენ.

ლეო ბოკერია არითმიის ქირურგიის ერთ–ერთი ფუძემდებელია. მისმა ნაშრომებმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა და იგი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა, ესენია: ამერიკის ქირურგთა ასოციაცია, ევროპის გულის და გულ–სისხლძარღვთა ქირურგების საზოგადოება, მონაკოს საერთაშორისო კადიოლოგიური ცენტრი, სერბეთის მეცნიერებათა აკადემია. ამის გარდა არის საფრანგეთის, იტალიის, შვეიცარიის, დიდი ბრიტანეთის რეგულარული საერთაშორისო კონფერენციების ფაკულტეტის წევრი. 1998 წელს მან მიიღო ქირურგიულ იერარქიაში ყველაზე მაღალი ტიტული – ამერიკის ქირურგთა კოლეჯის საპატიო წევრობა. საჩვენებელი ოპერაციების ჩასატარებლად არაერთხელ გამგზავრებულა უცხოეთში და გაუკეთებია პირველი წარმატებული ოპერაცია. თვლის, რომ თუ ადამიანს რამის მიღწევა უნდა, მთავარია შრომა, შრომა და შრომა.

ლეო ბოკერია ეკუთვნის 150 პატენტი გამოგონებაში. გამოაქვეყნა 1000-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის 100-ზე მეტი უცხოეთში.

საქართველო არასოდეს ავიწყდება. ქართულ ტრადიციებსაც პატივს სცემს. "დედაჩემი რომ გარდაიცვალა, ფოთიდან ოჩამჩირეში გადავასვენე და მამის გვერდით დავასაფლავე. იქვე ზღვის პირას პატარა სახლი ავაშენე, მოსკოვში ლენინის პროსპექტზე ვცხოვრობ. ოთხი საათი მჭირდებოდა ბაბუშერაში ჩასასვლელად, პარასკევს ოჩამჩირეში ჩავდიოდი და კვირა საღამოს მოსკოვში ვბრუნდებოდი. 1992 წლის შემდეგ აღარ ჩავსულვარ, მშობლების საფლავზე მისვლა მენატრებოდა, ამიტომ ორი წელია, რაც მშობლები მოსკოვში გადმოვასვენე და რადგანაც ოჩამჩირეში ვეღარ ჩავდიოდი, ფოთში ავიშენე სახლი".

საქართველოზე განსაკუთრებული სითბოთი საუბრობს, ცდილობს სამშობლოში შეძლებისამებრ ხშირად ჩამოვიდეს. არა აქვს მნიშვნელობა ეს სამუშაო ვიზიტია თუ ახლობლებთან სტუმრობა, "ფოთში რომ ჩავდივარ, უსათუოდ უნდა მოვიარო ის ქუჩები, სადაც გავიზარდე. ზღვაშიც სწორედ იმ ადგილას უნდა ვიბანაო, სადაც ბავშვობისას, პალიასტომზეც დავდივარ ხოლმე სათევზაოდ".

მშობლიური მხარეც სიყვარულით პასუხობს, არის თბილისისა და ფოთის საპატიო მოქალაქე. საქართველოს ეკლესიამ მიანიჭა "მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს მეოთხე ხარისხის ორდენი" (2007), სახელმწიფოსგან კი ჯილდოდ "ღირსების ორდენი" მიიღო.


7. ნინო სურგულაძე - ქართველი მეცო-სოპრანო



image


ნინომ ა. ვირსალაძის სახელობის სკოლა 1992 წელს (საესტრადო–თეატრალური განხრით) დაამთავრა, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კი 2001 წელს.

2001 წელს მან გაიარა სამთვიანი სტაჟირება მილანის "ლა–სკალასთან" არსებულ ჯუზეპე ვერდის სახელობის ვოკალის აკადემიაში, რის უფლებაც მოიპოვა შესარჩევ კონკურსში; 2002 წლის გაზაფხულზე მონაწილეობა მიიღო "ლა–სკალას" სპექტაკლებში რ. შტრაუსის "სალომეა" და მუსორსკის "ბორის გოდუნოვი"(ეპიზოდური როლი), სექტემბერში იქვე შეასრულა მთავარი როლი ვერდის "ობერტოს" პრემიერაში; 2002 წელს პირველად გამოვიდა ბარსელონის საოპერო თეატრ "ლისეოს" დიდ სცენაზე დ. შოსტაკოვიჩის ოპერაში "მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტი"(სონეტკას პარტია); მონაწილეობდა იტალიაში გამართულ მთელ რიგ კონცერტებში; მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია, შესრულებული აქვს წამყვანი პარტიები ჯ. პერის, ბიზეს, ვერდის, შტრაუსის, მუსორგსკის, შოსტაკოვიჩის, ოფენბახის, მოცარტის, პროკოფიევის, ბეთჰოვენის და ჩაიკოვსკის ოპერებიდან; მღერის კონტრაქტებით მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრებში; ფლობს ლამაზი ტემბრის, სრული დიაპაზონის ხმას(მეცო–სოპრანო), გამოირჩევა არტისტული მონაცემებით; 2003 წელს ის რიკარდო მუტის შეხვდა, მოგვიანებით საშობაო კონცერტზე მუტის დირიჟორობით იმღერა; გამოდის მსოფლიო საოპერო სცენებზე: გენუა, ტოკიო, ბარსელონა, მილანი, ჰამბურგი, პარმა, ნეპალი, გრაცი, ვერონა, ჩიკაგო, თელ-ავივი, ფრანკფურტი, ტურინი; გადაღებულია რამდენიმე ფილმში: "მეტიჩარა", "ვალსი პეჩორაზე", პლაჩიდო დომინგოსთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში "ოპერა"; მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო კონცერტებში მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავებთან ერთად.


p.s. კიდევ უამრავი ქართველის ჩამოთვლა შეიძლება, რომლებმაც საკუთარ სამშობლოში ვერ დაიმკვიდრეს ადგილი და უცხოეთში მიაღწიეს წარმატებას: ცნობილი საოპერო მომღერლის ლამარა ჭყონია ქალიშვილი ეთერ ლამორისი, პიანისტი ხატია ბუნიათაშვილი, საბერძნეთში მოღვაწე მომღერალი თამთა გოდუაძე, რუსული ესტრადის ცნობილი ვარსკვლავები: თამრიკო გვერდწითელი, ვალერი და კონსტანტინე მელაძეები, ქეთა თოფურია, სპორტსმენები კახი კახიაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი მაკარიძე და კიდევ უამრავი სხვა, რომელთა წარმატებაც, სამწუხაროდ, სხვა ქვეყნის კუთვნილებაა. მართლაც, ''სადაურსა სად წაიყვან"....


2
720
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
720
  
2017, 28 დეკემბერი, 14:37
არ დამეზარა :)
2017, 28 დეკემბერი, 14:16
ეს ეხლა დააკოპირე თუ არ დაგეზარა და აკრიფე? :))
0 1 2