x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
360 ლარის გამო 69 წლის ნათესავი ქალი გააუპატიურეს და წამებით მოკლეს
image


36 წლის მალხაზ ნ-შვილი 69 წლის ქეთევან ბ-ძის მკვლელობისა და გაუპტიურებისთვის გაასამართლეს. სისხლის სამართლის საქმე, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევ მალხაზ ნ-შვილის მიმართ, მას შემდეგ აღიძრა, რაც ის გამოძიებამ ჩადენილ დანაშაულში ეჭვმიტანილად ცნო. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების შემდეგ, სამართალდამცველებმა მალხაზ ნ-შვილი მაშინ დააკავეს, როცა ის საქართველოს დატოვებას და აზერბაიჯანში გადასვლას გეგმავდა.


მარტოხელა ქალის ცხედარი, რომელიც მკვლელობამდე სასტიკად იყო ნაწამები, მეზობლებმა აღმოაჩინეს. ქალბატონს, რომელიც შემთხვევის ადგილზე პირველი მოხვდა და მეზობლები იხმო დასახმარებლად, ნანახის შემდეგ შოკიდან გამოსვლა დიდხანს უჭირდა. მოგვიანებით, მან ჩვენება მისცა სამართალდამცველებს:


"ქეთევან ბ-ძე ჩემი მეზობელი იყო. რაც ქმარი დაეღუპა, მას შემდეგ, რამდენიმე წელი მარტო ცხოვრობდა. შვილი და შვილიშვილი უცხოეთში ჰყავს. ქეთევანს არაფერი უჭირდა, შვილი ეხმარებოდა, მთელი სოფელი პატივს სცემდა. მით უფრო, რომ წლების განმავლობაში სოფლის მასწავლებელი იყო. ჩემი ქმარი ძალიან ხშირად ეხმარებოდა ქეთევანს. იმ დღეს ჩემი მეუღლე ქეთევანთან უნდა გადასულიყო შეშის დასაჩეხად. დილის 11 საათი იქნებოდა, მითხრა, რამდენჯერმე დავუძახე და არ მიპასუხა, შედი სახლში და გააღვიძეო. ეს ამბავი გამიკვირდა, ქეთევანი ადრე დგებოდა და გამთენიიდან იწყებდა ეზოში ფუსფუსს. სახლის კარი ღია იყო. ერთი შევძახე, არც მე გამომეპასუხა და პირდაპირ შევედი სახლში, შესვლისთანავე სისხლის სუნი მეცა. ორი ნაბიჯი გადავდგი და დავინახე სისხლის გუბე. ქეთევანის ცხედარი, მთლიანად სისხლში მოსვრილი იატაკზე ეგდო, პირი აკრული ჰქონდა შარფით. ტანზე თითქმის არაფერი ეცვა - ყველაფერი შემოხეული ჰქონდა. სასტიკად, წამებით იყო მოკლული. ჩემი ქმრისა და მეზობლების დასაძახებლად გარეთ კივილით გამოვვარდი. მერე პოლიციაც მოვიდა, მათ მეზობლები სახლში აღარ შეგვიშვეს, რომ მკვლელობის კვალი არ დაკარგულიყო".



როგორც გამოძიებით დადგინდა, ქალი სახლში სულ რამდენიმე ადამიანს უშვებდა, რომელთა შორისაც იყო მოგვიანებით მკლველობაში ბრალდებული მალხაზ ნ-შვილი, რომელიც ქალს შორეულ ნათესავად ეკუთვნოდა. მალხაზის ბებია და გარდაცვლილი ქალი დეიდაშვილები იყვნენ.


ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქალი გარდაცვალებამდე გაუპატიურებულიც იყო. ის თავის არეში მიყენებული დაზიანებით იყო გარდაცვლილი. მალხაზ ნ-შვილი დაკითხვის დროს აცხადებდა, რომ მკლველობასთან კავშირი არ ჰქონდა და იმ ღამეს, როცა დანაშაული მოხდა, საკუთარ სახლში იმყოფებოდა, რასაც დედაც ადასტურებდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით დადგინდა, მან მკვლელობის ღამეს საკუთარი ბინა სამი საათით დატოვა, რა დროსაც ქეთევან ბ-ძე მოკლა.


საქმის მასალების მიხედვით, რაც მოგვიანებით, თავად ბრალდებულმაც დაადასტურა, მან ქალი გაძარცვის მიზნით მოკლა. მალხაზმა ქეთევანის ბინიდან 360 ლარი და ქალის კუთვნილი ოქროს ჯვარი მოიპარა, რომელიც გარდაცვლილს ყელიდან სიკვდილის შემდეგ ჩამოგლიჯა.


ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, ის ნათესავ ქალს ღამის 12 საათზე ეწვია. ქეთევან ბ-ძე მალხაზის ღამის სტუმრობამ გააკვირვა, რაზეც ახალგაზრდა მამაკაცმა უთხრა, რომ ფულის სასესხებლად ეწვია. ქეთევანმა მალხაზს ასი ლარის მიცემაზე უარი უთხრა, რადგან ორჯერ ჰქონდა მისთვის ფული მიცემული და უკან აღარ უბრუნებდა. ნათესავი ქალის უარმა მალხაზი გაანაწყენა, მან ქალი ძირს დააგდო და ცემა დაუწყო. ფიზიკური ძალადობის დროს მალხაზი ქალს ზემოდან მოექცა და მისი გაუპატიურება დააპირა. ქეთევანი ახალგაზრდას წინააღმდეგობას უწევდა, ყვიროდა, შველას ითხოვდა, რა დროსაც მალხაზმა მას პირი შარფით აუკრა და მასთან იძულებით, სქესობრივი კავშირი დაამყარა. შემდეგ, კაცმა ქალს თავი ცემენტის იატაკზე არტყმევინა და მოკლა. ქალი უკვე გარდაცვლილი იყო, მალხაზ ნ-შვილმა მას ყელიდან ოქროს ჯვარი რომ ჩამოგლიჯა. შემდეგ ფულის ძებნა დაიწყო და გარდერობში 360 ლარს მიაგნო. ფული აიღო, სისხლიანი ტანსაცმელი სამზარეულოში გაიწმინდა და შემთხვევის ადგილი დატოვა.


მალხაზ ნ-შვილმა მკვლელობის დანაშაული აღიარა, სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


მსგავსი თემები: ქალმა ქალი მოკლა, ოთახში იატაკქვეშ დამარხა და ფიცრები დააჭედა

26 წლის ბიჭის გვამი თბილისის ზღვამ გამორიყა - რა მოხდა ლილოს დასახლებაში?

ორი მოკლული, თოვლზე დატოვებული კვალი და „ლეტნიკის“ ტყის საიდუმლო

0
264
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0