x
სიონიზმის წარმოშობა
XIX საუკუნესა და XX საუკუნის პირველ ათწლეულში ნათელი გახდა აშკენაზი (ევროპელი) ებრაელების დიდი მიღწევები ეკონომიკაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში. XIX საუკუნიდან საშუალო კლასები გახდა წამყვანი სოციალური ძალა მთელ ევროპაში. ამ კლასებში კი ებრაელების წილი საგრძნობი იყო. შუა საუკუნეების ევროპის ქვეყნებში ებრაელებს არბევდნენ ძირითადად, შურის მიზეზით. ეს ყველაფერი უმრავლესად ხელისუფლების მხრიდან იყო წაქეზებული. XIX საუკუნის ევროპაში სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს ის, რასაც დაერქვა – “ანტისემიტიზმი". ზოგიერთი ებრაელი გამოსავალს გაუცხოების პრობლემიდან ნებაყოფლობით ასიმილაციაში ხედავდა. მაგალითად, კარლ მარქსი ასიმილირებული ებრაელი იყო, ქრისტიანად მონათლული და დაქორწინებული გერმანელ ბარონესაზე. ევროპის გარეთ მყოფი ებრაელებისთვის ასიმილაცია მიუღებელი იყო.

XIX საუკუნის ბოლოს ევროპაში გაძლიერებულმა ანტისემიტიზმმა ევროპის ებრაელთა წრეები აიძულა დაეწყოთ სერიოზული მსჯელობა, თუ სად შეიძლებოდა შექმნილიყო ებრაული სახელმწიფო. განიხილებოდა სხვადასხვა ვარიანტი, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობოდა დაბრუნებას შორეული წინაპრების მიწაზე –პალესტინაში, რომელიც ებრაელებისთვის იყო სიონი. სიონიზმის, როგორც ებრაელთა ეროვნული მოძრაობის, დაფუძნება მოხდა 1897 წელს ქ.ბაზელში ჩატარებული პირველ სიონისტურ კონგრესზე, რომლის მოწვევის ინიციატორი იყო თეოდორ ჰერცლი (1860-1904). ის იყო ავსტრიელი ჟურნალისტი, პრაქტიკულად ასიმილირებული ებრაელი (მან წინდაცვეთაც კი არ გაუკეთა საკუთარ ვაჟს). ჰერცლს სიონიზმის იდეების პროპაგანდისკენ უბიძგა ფრანგი ოფიცრის, რელიგიით ებრაელი დრეიფუსის, წინააღმდეგ ჩატარებულმა სასამართლო პროცესმა. თუმცა ღალატის ბრალდება დრეიფუსს ვერ დაუმტკიცდა, პროცესს და მასზე პრესის გამოხმაურებას ანტისემიტიზმის სუნი უდიოდა.


თეოდორ ჰერცლი


სიონიზმი შეიქმნა, როგორც სეკულარული, არარელიგიური მოძრაობა. მაგრამ “ძველი ახალი მიწის" ასარჩევად გამოყენებულ იქნა რელიგიური არგუმენტი: ის, რომ თორას თანახმად, ებრაელთა ღმერთმა იაჰვემ თავის რჩეულ ხალხს აღუთქვა ქანაანი, რომელიც ტერიტორიულად პალესტინას ემთხვევა. სიონიზმისთვის ეკონომიკური ბაზის შექმნა შედარებით ადვილი საქმე იყო: ბევრი მდიდარი ებრაელი დათანხმდა, გაეღო თანხა ამ მიზნით. 1901 წელს შექმნილმა ებრაულმა “მიწის ფონდმა" (კერენ კაიემეთ), რომელიც შემოწირულობებით არსებობდა, ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე, 1948 წლამდე, პალესტინაში შეიძინა 96 ათასი ჰექტარი მიწა, რაც ებრაელი ხალხის განუყოფელ ქონებად ითვლება. XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში, მდიდარ ებრაელ როტშილდთა ფრანგული შტოს წარმომადგენელი ბარონი ედმონ როტშილდი და ზოგი სხვა მსხვილი ებრაელი ფინანსისტი ყიდულობდა მიწას პალესტინაში და ცდილობდა იმიგრაციის წახალისებას. ასე გაჩნდა დასახლებები. 1909 წელს ქ.იაფოდან გამოსულმა ებრაულმა თემმა ცოტა ჩრდილოეთით გადაინაცვლა და დააარსა დასახლება, რომელსაც თელ-ავივი (“გაზაფხულის ბორცვი") ეწოდა.



თელ-ავივის დაარსება


1903 წლისთვის პალესტინაში უკვე 25 ათასი ებრაელი ცხოვრობდა. XX საუკუნის დამდეგიდან ებრაულმა იმიგრაციამ პალესტინაში იმატა. ისინი პალესტინაში აარსებდნენ კიბუცებს – სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს აბსოლუტურად ყველაფრის კოლექტიური საკუთრებით. ამ ყველაფრით ქმნიდნენ სახელმწიფოს ხერხემალს.

ვიდრე პალესტინა ოსმალეთის იმპერიას ეკუთვნოდა, ებრაელთა ჩასახლება უფრო ადგილობრივი ოსმალო მოხელის ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული. ვითარება შეიცვალა, როდესაც ეს მხარე ევროპული იმპერიის – დიდი ბრიტანეთის ხელში აღმოჩნდა. ებრაელთა რეპატრიაციის რეალური იურიდიული საფუძველი გახდა “ბალფურის დეკლარაცია", სადაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებდა მხარდაჭერას სიონისტური მიზნისთვის.

როგორც ისრაელელი ავტორი ტომ სეგევი წერს: “ბრიტანელებმა შეუსრულეს დაპირება სიონისტებს. წინააღმდეგ ფართოდ გავრცელებული აზრისა, თითქოს ბრიტანეთი პროარაბული იყო, სინამდვილეში ბრიტანეთის ქმედება საგრძნობლად უწყობდა ხელს სიონისტურ წამოწყებას".

0
177
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ხუციშვილი
ანი ხუციშვილი
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0