x
ოსმალური ცივილიზაცია
1453 წლის 29 მაისს მეჰმედ II დამპყრობელმა დაიმორჩილა კონსტანტინოპოლი და გადააქცია ის თავისი იმპერიის დედაქალაქად სახელწოდებით – Istanbul (სტამბოლი). XVI საუკუნე ოსმალეთის ისტორიაში ითვლება “ოქროს საუკუნედ".1517 წელს სულთანმა სელიმ I-მა ეგვიპტის დაპყრობით დაასრულა მთელი არაბული ახლო აღმოსავლეთის დამორჩილება. ოსმალეთის იმპერიის ყველაზე თვალსაჩინო სულთნის – სულეიმან I-ის მმართველობის 46 წლის მანძილზე ქვეყნის ძლიერებამ და ოსმალურმა ცივილიზაციამ თავის აპოგეას მიაღწია. აღნიშნულ პერიოდში სტამბოლი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ქალაქი გახლდათ ყველა სფეროში. ისლამის ისტორიაში ის შევიდა სულეიმან კანუნის სახელით. მან გამოსცა კანონთა კოდექსი (კანუნ-ნამე), რომელიც პასუხობდა ოსმალეთის იმპერიის მოთხოვნებს.


სულთანი სულეიმანი

XVIს და XVIIს-ის პირველი ნახევარი აღინიშნა პოეზიის განვითარებით. სასახლის კარზე განსაკუთრებით განთქმულნი იყვნენ პოეტები: ბაქი, ფუზული და ზათი. აღსანიშნავია ნეფის (ომერ ეფენდი, 1572-1635) სატირა, რომელსაც გამოარჩევდა ბრალდებები თავისი დროის ვეზირების და ჩინოვნიკების წინააღმდეგ. მრავალრიცხოვანი სატირული ლექსისგან მან შეადგინა კრებული – სიჰამ ალ-კადა (ბედის ისრები). სატირა სულთნის ვეზირზე – ბაირამ ფაშაზე პოეტს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.


ნეფი



გარკვეული წარმატებები იქნა მოპოვებული ისტორიულ და გეოგრაფიულ ლიტერატურაში. XVI საუკუნის ცნობილი კარტოგრაფი იყო პირი რეისი, რომლის საზღვაო რუკები ტოპოგრაფიული ილუსტრაციების საუკეთესო ნიმუშია. თურქული გეოგრაფიის განვითარებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა ალი რეისმა, რომელსაც ეკუთვნის “Muhit" (ოკეანე). ავტორის შედარებით ორიგინალურ ნაშრომად ითვლება “მირათ ალ-მამალიქ" (სამყაროს სარკე). XVIს-ის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად უნდა ჩაითვალოს მუჰამმად აშიქის კოსმოგრაფიული ნაშრომი – “მანაზირ ალ-ავალიმ" (სამყაროს სანახაობანი), რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. მნიშვნელოვანია ქათიბ ჩელების გეოგრაფიული ნაშრომი “ჯიჰან-ნუმა" (სამყაროს მეგზური). მასში მოცემულია ცნობები ოსმალეთის იმპერიის გეოგრაფიაზე, რაც ეყრდნობა ავტორის პირად დაკვირვებებს. მეცნიერთა შეფასებით ამ ნაშრომის ღირებულება უდიდესია. ნაშრომში დაცულია საყურადღებო ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ.

სელიმ I-ის და სულეიმან I-ის დროს ღაზა-ნამე გახდა წამყვანი ლიტერატურულ-ისტორიული ჟანრი. იქმნებოდა აგრეთვე ბიოგრაფიული ლიტერატურა. თუმცა მთლიანობაში ინტელექტუალური ცხოვრება იყო უძრავ მდგომარეობაში, რადგან რელიგია ეწინააღმდეგებოდა ახალი იდეების გავრცელებას.

სულთან სულეიმანის I-ის შემდეგ დაიწყო დაცემის ეპოქა. ოსმალები ყურადღებას არ აქცევდნენ ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო რეფორმებს, რომლებმაც რენესანსის ეპოქაში უზრუნველყო აღმოსავლეთზე მისი ბატონობა. გეოგრაფიის დარგში მნიშვნელოვანია ევლია ჩელების და აბუ ბაქრ დიმაშქის ნაშრომები, რომლებიც იყენებენ როგორც ევროპულ ისე მუსლიმურ წყაროებს.

XVIII საუკუნეში გაძლიერდა დასავლეთის გავლენა თურქულ კულტურაზე. სულთან მაჰმუდ I-ის დროს ოსმალეთში ჩამოვიდნენ სკულპტორები, დეკორატორები, მხატვრები და ამის შემდეგ გაძლიერდა ფრანგული გავლენა ხელოვნებაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო წიგნის ბეჭდვის უფლების მოპოვება თურქულ ენაზე არაბული გრაფიკის გამოყენებით. შეიხ ალ-ისლამმა გამოსცა სპეციალური ფეთვა, რომელიც უშვებდა ყველა სახის წიგნების ბეჭდვას, რელიგიური ლიტერატურის გარდა. ამას მოჰყვა სულთნის სპეციალური ბრძანება ტოპოგრაფიის დაარსების თაობაზე, მაგრამ მხოლოდ 1729 წელს დაიბეჭდა პირველი თურქული წიგნი. ამის შემდეგ იწყება ახალი ეტაპი ეროვნული კულტურის განვითარებაში.

სტამბოლი შუა საუკუნეებში


0
121
2-ს მოსწონს
ავტორი:ანი ხუციშვილი
ანი ხუციშვილი
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0