x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კვიპროსის კონფლიქტი და გადაჭრის გზები
თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში ხმელთაშუა ზღვის აღმოსვლეთი რეგიონი, შესაბამისი სახელმწიფო ურთიერთობებით, სისტემებითა და სხვადასხვა დაჯგუფებებით, ყოველთვის პრობლემათა რთულ კვანძს წარმოადგენდა. დღეს ეს პრობლემები კიდევ უფრო დაამძიმა წარსულში სამხედრო ან ეთნო-კონფლიქტების საშიშმა შედეგებმა. ამის ერთ-ერთ კონკრეტულ მაგალითს წარმოადგენს კვიპროსის პრობლემა, რომელიც წარმოიშვა და განვითარდა უშუალოდ ბერძნებსა და თურქებს შორის ისტორიულად არსებული წინააღმდეგობების საფუძველზე. იგი მნიშვნელოვნად განპირობებული იყო აგრეთვე წინარე ეპოქაში შექმნილი საერთაშორისო-პოლიტიკური ვითარებით, როგორც ორი ქვეყნის, ისე აშშ-ს და ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოების ინტერესებით. ყოველივე ეს, ერთად აღებული არაერთ წინააღმდეგობას ქმნიდა და დღემდე შეინარჩუნა თავისი პრობლემური ხასიათი.

კვიპროსის კონფლიქტი ერთ-ერთი გადაუჭრელი და ამასთანავე უნიკალური მოვლენაა მსოფლიო არენაზე. ეს სახელმწიფო ტერიტორიულად ორად არის გაყოფილი თურქებსა და ბერძნებს შორის 1974 წლიდან, როცა ანკარამ კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის ოკუპაცია მოახდინა. 1983 წელს შეიქმნა ე.წ. "ჩრდილოეთი კვიპროსის თურქული რესპუბლიკა", დღემდე თურქეთის გარდა ამ ტერიტორიას, როგორც სახელმწიფოს არავინ სცნობს. ბოლო 20 წლის განმავლობაში თურქეთს, რომელიც მხარს უჭერს კვიპროსელი თურქების ლიდერებს, კუნძულზე ჯარი ჰყავს ჩაყენებული. კონფლიქტის სუბიქტებად ოფიციალურად სახელდებიან ე.წ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა და სამხრეთ კვიპროსის ბერძნული სახელმწიფო, მაგრამ ძირითადი პოლიტიკური კლიმატის შემქმნელი ირიბი მონაწილეები, თურქეთი და საბერძნეთი არიან. კონფლიქტის ტიპოლოგიის მიხედვით გამოიყოფა ორი ფაქტორი:

ინტერესთა კონფლიქტი;

ღირებულებითი კონფლიქტი.

ინტერესეთა კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ნებისმიერი მატერიალური თუ არამატერიალური ინტერესი (ფული, ტერიტორია, აღიარება და სხვა.) ამ შემთხვევაში ტერიტორია.
ღირებულებითი კონფლიქტის გამომწვევი ფაქტორებია ის განსხვავებული პრონციპები, რომლებსაც მხარეები იზიარებენ. ღირებულებითი ფაქტორები ხშირად უდევს საფუძვლად რელიგიურ და ეთნიკურ კონფლიქტებს. ამ სიტუაციაში რელიგიური დიფერენციაცია და კულტურული სხვადასხვაობა კიდევ უფრო ართულებს დაპირისპირებულ მხარეებს შორის ურთიერთობას. კონფლიქტის ძირითად ობიექტს მატერიალური ანუ ტერიტორია წარმოადგენს, რომელიც თურქული მხარის მიერ არის ოკუპირებული.კვიპროსის პრობლემა დინამიკის კუთხით ესკალაციის პროცესშია. ესკალაცია იმთავითვე არ გულისხმობს სიტუაციის პერმანენტულად ცხელ ფაზაში ყოფნას. მართალია ესკალაციის დროს კონფლიქტი საფეხურებით მაღლა მიიწევს და კონფლიქტის მხარეების ცალკეულ აქტებში რეალიზდება ქმედებებსა და უკუქმედებებში, მაგრამ არსებობს ე.წ ტალღისებური ესკალაცია, როდესაც დაძაბულობა ხან მატულობს, ხან იკლებს. ზოგადად კონფლიქტის გადასაწყვეტად არ არსებობს რაიმე უნივერსალური ანუ ყველა შემთხვევაში გამოსადეგი სტრატეგია, არც ერთმნიშვნელოვნად კარგი ან ცუდი. სხვადასხვა სტრატეგიებს შეუძლიათ საუკეთესო შედეგი მოგვცენ კონფლიქტის აღმოცენებისა და განვითარების კონკრეტული პირობების მიხედვით. თუმცა, თანამშრომლობის სტრატეგია ყველაზე უფრო შეესაბამება ადამიანთა ან სახელმწიფოთა შორის კონსტრუქციული და გრძელვადიანი ურთიერთქმედების თანამედროვე წარმოდგენებს.

კვიპროსის კონფლიქტის პრევენცია საერთაშორისო საზოგადოებამ იტვირთა, მედიატორი მხარე ასეთი რთული სიტუაციის დროს საჭიროა, მაშინ როცა საერთო დაპირისპირებულ მხარეებს ძალიან ცოტა აქვთ. სწორედ ამ მიზნით, რომ თურქებსა და ბერძნებს შორის მშვიდობა დამყარებულიყო, 2003 წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მიიღო გეგმა კვიპროსის გაერთიანების შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემდა ორივე მხარეს მისი განხორციელების შემთხვევაში მოგებული დარჩენილიყო. გაეროს ადმინისტრაცია ცდილობდა ერთგვარი ჰიბრიდი, თურქულ-ბერძნული კულტურა შეექმნა, რაც ურთიერთობას მხარეებს შორის გაადვილებდა. ანანის გეგმის მიხედვით, სახელმწიფოს მოწყობისა და ქვეყნის სიმბოლოების შექმნა ნაწილობრივ გადაჭრილი იყო. ქვეყნის ახალ დროშაზე ლურჯი ფერი საბერძნეთის წარმომადგენლობის სიმბოლო გახდებოდა, წითელი _ თურქეთის, შუაში მოქცეული სპილენძისფერი კი გაერთიანებულ კვიპროსს გამოხატავდა.

უპრეცედენტო სურათი იქმნებოდა იმ მხრივ, რომ მუსლიმებს დასვენება ქრისტიანულ დღესასწაულებზე მოუწევდათ, ხოლო ქრისტიანებს მუსულმანურ უქმე დღეებზე. ამავე კოფი ანანის გეგმით, გაერთიანებული კვიპროსი ევროკავშირში წარსდგებოდა ორი ლიდერით. ქვეყნის მართვა უნდა განეხორციელებინა პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, რომელთაგან ერთი ბერძენი იქნებოდა, მეორე კი თურქი. მათი პოსტზე მონაცვლეობა კი ყოველ 20 თვეში განხორციელდებოდა.
დოკუმენტი უფლებას აძლევდა თურქეთის რეგიონს, რომ ბერძნების კუნძულის ამ ნაწილში დაბრუნებამდე შეენერჩუნებინათ თვითმმართველობის გარკვეული ელემენტები. თურქულ საჯარისო ნაწილებს ეძლეოდათ საშუალება სამუდამოდ დარჩენილიყვნენ კვიპროსის ტერიტორიაზე სადემარკაციო ხაზის გასწვრივ, მაგარმ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ მათი რაოდენობა 40 000-დან 650-მდე უნდა შემცირებულიყო. ქვეყნის მმართველი პირები იქნებოდნენ ბერძენი და თურქი ეროვნების წარმომადგენლები. ასეთი შერეული მმართველობა და გარდამავალი პერიოდი გაეროს გაანგარიშებით ექვს წელიწადს გაგრძელდებოდა.

გეგმის ძირითადი პრინციპები:

ორი თანაბარუფლებიანი სუბიექტის “განუყოფელი” კავშირით შექმნილი საერთო სახელწიფო. საერთო მოქალაქეობა;

ორი მხარის მოსახლეობის პროპორციულად არჩეული ექვსწევრიანი მმართველი საბჭო, თავჯდომარეობის 10 თვიანი როტაციის საფუძველზე;

გარდამავალი მთავრობა სამი წლის მანძილზე;

ორპალატიანი პარლამენტი, თითოეულ პალატაში 48 წევრით;

საბერძნეთსა და თურქეთს უფლება ეძლეოდათ შეენარჩუნებინათ კუნძულზე 6000 კაციანი სამხედრო კონტიგენტი;


წინააღმდეგობრივი საკითხები:

გეგმის თანახმად თურქმა კვიპროსელებმა მათ კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიის მხოლოდ 7-9% უნდა დათმონ მაშინ, როცა ბერძნები მოითხოვენ 80 ათასმა თურქმა ახალმოსახლემ დატოვოს ტერიტორია.

კვიპროსის ბერძნული მხარისათვის მიუღებელია თურქული სამხედრო კონტიგენტის განუსაზღვრელი რაოდენობით ყოფნა.

გამოკითხვებით ბერძენ კვიპროსელთა 90 პროცენტი არ ეთანხმება გეგმას.

2004 წლის 24 აპრილს კუნძულის ორივე ნაწილში ჩატარდა რეფერენდუმი კვიპროსის გაერთიანებასთან დაკავშირებით გაეროს გეგმის თანახმად.


მონაწილე მხარეები კი არა

თურქული მხარე 64.90% 35.09%

ბერძნული მხარე 24.17% 75.83%


კვიპროსის ბერძნული ნაწილის პრეზიდენტმა ტასოს პაპანდოპულოსმა ძალიან მკაცრად ისაუბრა ამ გეგმის შესახებ. ის, რომ ბერძნების 75%-მა მხარი არ დაუჭირა გეგმას, აიხსნებოდა ამ გეგმის პროთურქული ორიენტაციის გამო. "ჩრდილოეთი კვიპროსის თურქული რესპუბლიკის" ლიდერები, თავის მხრივ, მოითხოვენ, რომ კუნძული ევროპის კავშირში ორი სუვერენული სახელმწიფოს სახით შევიდეს. ამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაუფ დენქთაშმა, ანკარაში, ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, კვიპროსზე ვერავითარი გარიგება ვერ მოხდება, სანამ თურქეთი ევროპის კავშირში არ შევაო. "ჩემი აზრით, ევროპის კავშირს თურქეთის მიღების გაჭიანურება სურს, რათა მიიღოს კვიპროსი, ხელში ჩაიგდოს კვიპროსი და თურქეთის გარშემო ქრისტიანული სარტყელი შექმნას."ვინაიდან არ მოხდა კვიპროსის გაერთიანება ერთ სახელმწიფოდ, 2004 წლის 1 მაისს კვიპროსის ბერძნული ნაწილი შევიდა ევროკავშირში. ყოველივე ამან მოვლენათა გამწვავებას შეუწყო ხელი, რადგან თურქეთი 1983 წლიდან უშედეგოდ ცდილობს ევროკავშირში შესვლას. კუნძულზე ვითარება თანამედროვე ეტაპზე არ შეცვლილა. “ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკას” კვიპროსელი ბერძნები არაკანონიერად მიიჩნევენ. თურქები კი თავისმხრივ აცხადებენ, რომ თურქეთი ნაბიჯსაც არ მოიცვლის კვიპროსიდან.
კვიპროსის პრობლემას მრავალმხრივი განხილვა სჭირდება, ვინაიდან დაკავშირებულია როგორც თემთაშორის დამოკიდებულებასთან, ასევე ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ს პოლიტიკასთან. პრობლემის მოგვარების გზების ძიებისას ძნელია რომელიმე გამოირიცხოს, რადგან ისინი მჭიდროდაა ახლოს აღმოსავლურ საკითხთან. დაბეჯითებით რაიმეს თქმა ძნელია, სანამ იარსებებს სხვა ქვეყნების ჩარევა შინაურ საქმეებში. მითუმეტეს, რომ პრობლემის ფესვები უფრო ღრმაა და რადიკალური ცვლილებების შეტანა ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია. ამრიგად, კვიპროსის საკითხი თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკური ურთიერთობების ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა, რომელიც დღესაც გადაუჭრელი რჩება.

გამოყენებული ლიტერატურა:

THE CYPRUS CONFLICT AND THE ANNANPLAN:
WHY ONE MORE FAILURE?

http://eab.ege.edu.tr/pdf/5/C5-S1-2-M4.pdf
0
1958
4-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
1958
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0