x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ ვაკეთებთ საახალწლოდ გოზინაყს და რა შეცდომებს ვუშვებთ მისი მომზადებისას
image
საქართველოში თაფლი და ნიგოზი ჯერ კიდევ წარმართობის ხანიდან ითვლებოდა წმინდა წაკვებად და საკულტო დღესასწაულებზე სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო. აღნიშნულ პროდუქტებს წარმართულ ღვთაებებს, "ბატონებსაც" სწირავდნენ. საქართველოს მთიან რეგიონებში დღემდე შემორჩენილია ტრადიცია, რომლის მიხედვითაც საახალწლო სუფრაზე ტკბილეულთან ერთად თაფლით სავსე ჯამიც უნდა იდოს.
image
სწორედ ამიტომ იქცა საახალწლო სუფრის ყველაზე მნიშვნელოვან ატრიბუტად სწორედ თაფლისა და ნიგვზის დამზადებული ნუგბარი - ყველასათვის საყვარელი გოზინაყი.


გოზინაყის უშუალო "წინაპრად" შეიძლება ჩაითვალოს ალვახაზი, რომელსაც ადრე საქართველოში შობა-ახალი წლისთვის ამზადებდნენ. ალვახაზისთვის თაფლი ისევე იხარშებოდა, როგორც გოზინაყისთვის. კარამელიზების დაწყების შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგამდნენ, გადაიტანდნენ ლარნგარზე და შეგრილებულს ხელით ზელდნენ. აღნიშნული პროცესი ბარბარე ჯორჯაძესთან შემდეგნაირად არის აღწერილი: "...გასწიეთ ორი ხელით თავსა და ბოლოს და გააგრძელეთ, შემდეგ გადმოჰკეცეთ, ახლა კიდევ გასწიეთ, გააგრძელეთ, ისე, რომ თაფლი აიზილოს და თანდათან გათეთრდეს. ვინიცობაა ხელში დაგიდნეთ, გარედ უნდა გახვიდეთ და ისე დაზილოთ, რომ სულ გათეთრდეს და გამაგრდეს." მიღებული მასით კაკლისოდენა ბურთულებს ამზადებდნენ და აშრობდნენ. მაგრამ, იმდენად, რამდენადაც ალვახაზის მომზადება საკმაოდ შრომატევადი იყო, მისი მომზადების ტრადიცია თანდათან დავიწყებას მიეცა.
image
სამაგიეროდ, ახალი წელი დღესაც კი წარმოუდგენელია გოზინაყის გარეშე. მისი მომზადება, ერთი შეხედვით ძალიან მარტივია - კარამელიზებულ თაფლში არეული ნიგოზი. მაგრამ კარგი გოზინაყი ძალიან ცოტას თუ გამოსდის. როგორც წესი, გოზინაყი ყველა დიასახლისს თავისებური გამოსდის, მაგრამ იდეალურად ითვლება ღია ფერის, მსხვრევადი (და არა წელვადი) და თანაბრად დაჭრილი ნიგოზისგან მომზადებული ნუგბარი. ამ ყველაფრის მიღწევა საკმაოდ რთულია. არის რამდენიმე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც გამოუცდელი დიასახლისები გოზინაყის მომზადებისას უშვებენ და რის გამოც ნუგბარი სასურველი კონსისტენციის, შეფერილობისა თუ გემოსი არ გამოდის. ქვემოთ სწორედ ამ შეცდომებზე ვისაუბრებთ. თუმცა მანამდე ჯერ რეცეპტს შემოგთავაზებთ:
ინგრედიენტები:

ნიგოზი(თეთრი, მოხალული, კანგაცლილი და დაჭრილი, შეიძლება ასევე თხილი) – 3 ჩ.ჭ.

თაფლი – 1 ჩ.ჭ.

შაქარი – 2 ს.კ.



მომზადება:


სქელძირიან ღრმა ტაფაში ჩავასხათ თაფლი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, თან გამუდმებით ვურიოთ. თაფლი როგორც კი დუღილამდე მივა და აქაფდება, ცეცხლიდან გადმოვდგათ. ცოტა ხანში ისევ შევდგათ ცეცხლზე და ასე გავიმეოროთ სამჯერ. მესამედ გაცივების შემდეგ თაფლი ისევ დავდგათ ცეცხლზე და დავაყაროთ ნიგოზი. დავუმატოთ შაქარი. კარგად ავურიოთ ერთმანეთში და გავაჩეროთ რამდენიმე წუთი.


image



გადმოვიღოთ სველ დაფაზე და დავიწყოთ გაბრტყელება სველი გასაბრტყელებლით. საჭიროა სწრაფად გავაბრტყელოთ, რომ თაფლი არ გაგვიცივდეს. მალევე უნდა დავჭრათ, თორემ გაცივების შემდეგ გამაგრდება და დაჭრაც გაძნელდება.


image

შეცდომები, რომლებსაც გოზინაყის მომზადებისას ხშირად ვუშვებთ:
1. შეცდომაა: ნიგოზს ჯერ ვჭრით და შემდეგ ვხალავთ, ან კანის გასაცლელად ცხელ წყალში ვალბობთ.
ნიგვზის ლებნები ჯერ დაუჭრელად ოდნავ უნდა მოვხალოთ, კანი გავაცალოთ და შემდეგ თანაბრად დავჭრათ.
2. შეცდომაა: გოზინაყის მოსამზადებლად ყურადღებას არ ვაქცევთ როგორ თაფლს ვიყენებთ.
თაფლი არ უნდა იყოს წაბლის - წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არომატს დაუკარგავს ნიგოზს და გოზინაყს განსხვავებულ გემოს მისცემს. საუკეთესო ვარიანტია ე.წ. მაისის თაფლი.
3. შეცდომაა: თაფლს დიდხანს ვადუღებთ ან გადმოდგმის შემდეგ გაგრილებას არ ვაცდით და ისე ვაბრუნებთ ცეცხლზე.
თაფლი სანამ კარგად არ შეგრილდება ცეცხლზე არ უნდა შევაბრუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გოზინაყი მუქი ფერის გამოვა.
image
4. შეცდომაა: გოზინაყის მომზადებისას არ ვიყენებთ შაქარს.
თაფლში აუცილებელია შაქრის დამატებაც, რათა მიღებულმა ნუგბარმა სიმაგრე შეიძინოს და მსხვრევადიც გამოვიდეს.
5. შეცდომაა: ვიყენებთ პლასტმასის ფიცარს და საბრტყელებელს და არ ვასველებთ ხელსაწყოებს.
ფიცარი, გასაბრტყელებელი ჯოხი, დანა და ლანგარი, რომელზეც დაჭრილ გოზინაყს დავალაგებთ, უნდა იყოს სველი. ამასთან, ფიცარი და საბრტყელებელი უნდა იყოს ხის.
ასევე დაგაინტერესებთ:
2
9835
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
9835
  
2017, 20 დეკემბერი, 15:28
ნატეხი შაქარი უნდა, გაცილებით უკეთესი გამოდის, ხრაშუნა.. 1 კგ ნიგოზზე უნდა დაახლოებით 10-15 ნატეხი.
2017, 20 დეკემბერი, 9:49
შაქრის მაგივრად ჯობია პუდრა გამოიყენოთ, უკეთესია, დამიჯერეთ :)
და კიდევ, მე სილიკონის ფურცელზე ვაბრტყელებ და არც დასველება ჭირდება და არც ბევრი წვალება-ეგრევე ძვრება იოლად და ლამაზიცაა.
0 1 2