x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
პროფესია - მეკუბოვე... თბილისელი მეკუბოვეების სახალისო თავგადასავლები
image

მეკუბოვე ერთერთი უცნაური პროფესიაა, არცთუ ისე სასიამოვნოა, ყოველდღიურად რამდენიმე გარდაცვლილს სამუდამო სასახლე „აუგო“. მაგრამ, უხერხულობის მიუხედავად, ეს პროფესიაც აუცილებელი და საჭიროა. თბილისის თითქმის ყველა „ცეხი“ მოვინახულე, თუმცა ხელოსნების ინტერვიუზე დაყოლიება ძალზე გაგვიჭირდა. ზოგი დაკეტილი დაგვიხვდა, ზოგსაც ეთაკილა... მოკლედ, ორდღიანი ძებნის შემდეგ საინტერესო რესპოდენტებს დიდუბეში მივაკვლიეთ.


ამირან ლელაშვილი და რეზო კობახიძე საკმაოდ გამოცდილი მეკუბოვეები არიან. ჩვენთან საუბრისას ორივე აღიარებს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმამდე უმუშევრობამ და გაჭირვებულმა ცხოვრებამ მიიყვანა, თორემ ასეთ უცნაური პროფესიის არჩევაზე არასოდეს უფიქრიათ. მიუხედავად ყველაფრისა, ხელოსნები ცდილობენ თავიაანთ საქმეს იუმორით მიუდგნენ.


ამირანი: „_ სადურგლო სპეციალობა 1953 წელს შევისწავლე. თავიდანვე ხეზე ვმუშაობდი, მაგრამ კუბოების დამზადებაზე არასოდეს მიფიქრია. თავდაპირველად სხვადასხვა ხის ნივთებს ვამზადებდი. მოგვიანებით ისეთი ვითარება შეიქმნა, იძულებული ვიყავი ეს საქმე წამომეწყო. ხალხს დამატებითი საგნებისთვის აღარ „ცხელოდა“, ამიტომ ისეთი ნივთის დამზადებას უნდა შევჭიდებოდი, რომლიც აუცილებლად საჭიროა... თუმცა, ჩემს საქმიანობაში რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ მომხდარა, სასახლეც ხისგან მზადდება და მასზე მუშაობა განსხვავებულ სპეციფიკას, ან სირთულეს არ უკავშირდება. უბრალოდ, თავიდან გარკვეული უხერხულობა და დაძაბულობა იყო, თუმცა წლების მატებასთან ერთად, გამოცდილებამ თავისი გაიტანა და მივეჩვიეთ...“



რეზო: „_ თავიდან ვაგონშემკეთებელ ქარხანაში ვმუშაობდი, თუმცა ქვეყანა რომ აირია და სამუშაოს შოვნა გაჭირდა, ოჯახის უზრუნველსაყოფად იძულებული გავხდი ასეთი საქმე ამერჩია, თორემ ყველა დამეთანხმება, რომ ეს პროცესი ძალიან არასასიამოვნოა. ასეა თუ ისე, უკვე მერვე წელია აქ ვმუშაობ...
– გულწრფელად რომ მითხრათ თავიდან არ გაგიჭირდათ?
– როგორ არა, დასამალი რა არის... გამიჭირდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო...
– არ დამიმალოთ, ალბათ კუბო ხშირად დაგსიზმრებიათ?
– (ეღიმება) ცხადია დამსიზმრებია... პირველი თვეების მანძილზე ყოველ ღამე კუბოები და საშინელებები მესიზმრებოდა. საერთოდ, ადამიანი ძირითად დროს რა გარემოშიც ატარებს, დაახლოებით იმავე ხასიათის სიზმრებს ხედავს. გამოგიტყდებით, თავიდან მართლა დავიზაფრე. უარყოფითი განწყობა მექმნებოდა, მაგრამ შევეჩვიე.
– გატყობთ, ახლა უკვე ხალისით მუშაობთ. სასახლეს სულ ღიმილით აკეთებთ... კარგი განწყობის შესაქმნელად ალბათ, ასი გრამიც ხშირად „გადაგიკრავთ“...
– (იცინის) აბა, ფხიზელი თვალით ყოველ დღე ჩემმა მტერმა უყურა ამდენ კუბოს... როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ, მუშაობის პროცესი განსაკუთრებით ცუდ აურას ქმნის და ხასიათს გიმძიმებს... ამიტომ, ერთადერთი და საუკეთესო გამოსავალი ასი გრამი არაყია... მამაკაცები ვართ და ხშირად ასეც მოვქცეულვართ. განსაკუთრებით ზამთარში...
– ანუ პროფესიიდან გამომდინარე ხშირად გიწევთ, საკუთარ საქმეს იუმორის კუთხით შეხედოთ?
– რა თქმა უნდა... სხვაგვარად, ყოველდღიური ერთფეროვნება ძალზე მოსაბეზრებელი იქნებოდა, მით უფრო, რომ არცთუ კარგ აურაში საათობით გვიწევს მუშაობა.
– მას შემდეგ რაც ასეთ გარემოს მიეჩვიეთ, საინტერესოა, ხუმრობით შიგ თუ წოლილხართ, ან გულწრფელად მითხარით, ამის სურვილი არ გაგჩენიათ?


ამირანი: „არა... შიგ ჩაწოლის სურვილი მე ნამდვილად არ გამჩენია, როცა დრო მოვა ამ პროცედურას მაინც ვერსად გავექცევი, მაგრამ ადამიანს კუბოში ნებით ჩაწოლა რატომ უნდა გინდოდეს, ჩემთვის სრულიად გაუგებარია... თუმცა ხომრობით ბევრი წვება ხოლმე“...


რეზო: „_ ერთხელ კლიენტი დიდხანს დავობდა, მიცვალებული არ ჩაეტევაო და კუბოს წაღებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა. ერთი ჩვენი თანამშრომელი იძულებული გახდა საჩვენებლად ჩაწოლოლიყო. მე რატომღაც ჯერ ამის სურვილი არ გამჩენია.
– ამბობენ, ზოგი ხელოსანი ისეა კუბოსთან „გაშინაურებული“, გაზეთს გადააფარებს და ზედ სუფრას გაშლის ხოლმეო. აბა გამოტყდით, თქვენც ასე ხომ არ იქცევით?
– ასეთი რამ ჩვენც გვსმენია, მაგრამ მერწმუნეთ ჩვენთან ასეთი რამ ნამდვილად არ ხდება... და საერთოდ, არა მგონია, ქრისტიანი ადამიანი ასე მოიქცეს.“
ამირანი: „_ ამბობენ ქურთები „პერერივის“ დროს კუბოზე პურს ჭამენო მაგრამ, პირადად მე ასეთი რამ არსად მინახავს.“
მიშა: „_ უმაღლესი განათლების მიუხედავად უკვე 11 წელია ჩასასვენებელ სასახლეებს ვამზადებ. ადრე, ასეთი ტრადიცია იყო, რომ მიცვალებულის პატრონი, სასახლის წასაღებად რომ მოვიდოდა აუცილებლად ხარჯი მოჰქონდა და ისე არ წაიღებდნენ, ორი ჭიქა რომ არ დაგველია და არ დაგველოცა... მაშინ კუკიაზე ვმუშაობდი, მაგრამ ეს პატარა პურ-მარილი ყოველთვის მაგიდაზე იშლებოდა. კუბოზე ჭამა შეურაცხმყოფელად მიმაჩნია და დიდი ცოდვა მგონია. გამორიცხულია, ადამიანს თუ ღმერთი გწამს, ასეთ რამ როგორ უნდა იკადრო... რაც შეეხება კუბოში ჩაწოლას, ერთი სომეხი ხელოსანი იყო, ვალოდია... როგორც ვიცი, ზაფხულობით ღამით კუბოში იძინებდა-ხომლე, იქ გრილაო...
– პრეტენზიული კლიენტები თუ შეგხვედრიათ და რა სახის შენიშვნებს გამოსთქვამენ?
– პრეტენზიული კლიენტი ძალიან ბევრია. ზოგს შეღებილი არ მოსწონს, ზოგს ფორმა... რატომღაც ყოყმანობენ ხოლმე.
– თქვანგან წაღებული სასახლე უკან თუ დაუბრუნებიათ, და მიზეზად რა დაუსახელებიათ?
– ასეთი შემთხვევები ხშირად არ ყოფილა, სულ რამდენიმე იყო... მახსოვს, ერთხელ უკან დააბრუნეს და დამკვეთი გვედავებოდა, წვიმის დროს მიცვალებულს წყალი ჩაუვაო... (იცინიან) ამის გამო ნახევარი საათი გვეკამათებოდა. ბოლოს რომ ვერაფერი შევაგნებინეთ, ვუთხარით, მაშინ ნუ დაასაფლავებთ და სახლში გყავდეთო“...
– მოდით გაიხსენეთ, კიდევ რა კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩენილხართ?


რეზო: „_ ერთხელ, კარგად მახსოვს, კახეთიდან ორი კუბო შეგვიკვეთეს. კი გაგვიკვირდა, ერთდროულად ორი რატომ უნდა სდომებოდათ, მაგრამ უყოყმანოდ დავამზადეთ... ისიც გვეუცნაურა, რომ სიგრძე-სიგანის ზომები არ დაუტოვებიათ... თურმე, გარდაცვლილისთვის კი არა, საპროტესტო აქციისთვის უნდოდათ. კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცარიელი კუბოები, პროტესტის ნიშნად, კახელ სამართალდამცავებს არაეფექტური მუშაობის გამო, სამსახურში მიუტანეს... იმ დღეს ადგილობრივი ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეთა დარბევა მოხდა. საღამოს, ჩვენს მიერ დამზადებული სასახლეები ყველა ტელევიზიის ეთერში გადაიცა და ვიცანით... მეორე დღეს პოლიცია დაგვადგა და დამკვეთის ვინაობას აინტერესებდათ... თუმცა, მათი ვინაობა ჩვენ ნამდვილად არ ვიცოდით... უბრალოდ, ჩვენი დამზადებული სასახლეები ვიცანით... სულ ეს იყო.“
– საერთოდ, რამდენი ტიპის სასახლეს ამზადებთ?
– ჯერჯერობით, ჩვენთან ორი სახის კუბოს ვამზადებთ, ტრადიციული ქართული მამაპაპური სასახლე და იტალიური სტილის, მუქად შეღებილი.
– ალბათ, მოსახლეობის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე ძირითადად ქართული სასახლის დამზადება გიწევთ ხოლმე...
– გეთანხმებით, ყველაზე ხშირად ტრადიციული ქართული კუბოების დამზადება გვიწევს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ იტალიური სტილის სასახლეები საზღვარგარეთიდან შემოტანილთან შედარებით რეკორდულად იაფია და არც ხარისხით ჩამოუვარდება. ამიტომ მასაც ხშირად გვიკვეთავენ, რადგან შედარებით კარგი ხარისხის ხის მასალისგან მზადდება. ცხადია, ასეთებს ძირითადად მაღალი ფენის წარმომადგენლები ითხოვენ.
– ანუ, თქვენთან სასახლეები უცხოეთიდან არ შემოაქვთ?
– ნამდვილად არა... შემოტანილი სასახლეები ე.წ. „დიქტისგან“ მზადდება, ჩვენ კი იგივეს მუხის ხის მასალისგან ვამზადებთ. თანაც შემოტანილი ძალზე ძვირია. მათი ფასი 3 000 ლარამდე ადის,
– საინტერესოა, საქართველოში კუბოს ფასები როგორია?
– ჩვენთან უცხოური სტილის 500 – 700 ლარამდე... ქართული კუბოები კი 200-300 ლარამდე მერყეობს.“
– ოჯახში ან საახლობლოში არავის უცდია თქვენი საქმიანობისთვის გული აეცრუებინათ?


ამირანი: „_ მიმაჩნია, რომ კეთილ და სახალხო საქმეს ვემსახურები. ჩვეულებრივ, ხეზე მუშაობას მიჩვეული ვიყავი და ახლა უკვე სასახლეებს ისეთივე განწყობით ვამზადებ, როგორც მაგალითად სკამი ან მაგიდა შეიძლება დავამზადო...
– აბა რა არის ის რაღაც, რის გამოც წლობით ამ საქმეში რჩებით და სხვა საქმეს არ ეძებთ?
– აქ ძირითადად სამსახურის არქონის გამო ვმუშაობთ. სხვა ალტერნატივა ვერ ვნახეთ და იმიტომ, თორემ, არც ისეთი შემოსავლიანია ჩვენი საქმე, რომ რამედ ღირდეს. მოკლედ, სხვა გზა არ გვაქვს... ოჯახშიც იციან, რომ ეს ჩემი პროფესიაა და ამიტომ ხელს არ მიშლიან. ოჯახის წევრებიც ძალაუნებურად შეეგუვნენ.
– როგორც ვიცი ორი ბიჭი გყავთ, საინტერესოა არ გიცდიათ მათთვის ეს ხელობა შეგესწავლებინათ?
– ჩემმა შვილებმაც რომ ეს გზა აირჩიონ, წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნები. თუმცა მათ სულ სხვა გზა აირჩიეს...

0
665
4-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
665
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0