x
image
ღიმილიანი
"გულზე ჯვარი არის და თითზე ქართული ბეჭედი" - ფერეიდნელი ქართველი რეპერი ანდრია იოსელიანი
ანდრია (ჰადი) იოსელიანი - McXBoy, 28 წლის გახლავთ ახალგაზრდა, რომელიც ფერეიდანში დაიბადა, მაგრამ სულითა და ხორცით ქართველია. ამჟამად იგი ისპაჰანში ცხოვრობს და სხვა ქართველებთან ერთად მუსიკას ქმნის. მისი სიმღერა "სამშობლო" სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. უსმენ და ხვდები, რომ იგი სიყვარულითაა დაწერილი, იმ სიყვარულითა და ტკივილით, რომელსაც ფერეიდნელი ქართველები ამ ხნის მანძილზე გულით დაატარებენ.



image


ანდრიას როდესაც დავუკავშირდი და ინტერვიუ ვთხოვე, მითხრა, რომ ქართულად საუბარი ცოტა უჭირდა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მან ამომწურავი პასუხები გამცა და ინტერვიუს ძალიან მცირედი კორექტურით უცვლელად გთავაზობთ:


- ანდრია, პირველ რიგში, გვითხარი ისპაჰანში შენი საქმიანობის შესახებ.



- პროგრამისტი ვარ და აქ კომპიუტერის მაღაზია მაქვს, ასევე ერთი სტუდია მაქვს, სადაც ხანდახან მეგობრებთან ერთად მივდივარ და მუსიკაზე ვმუშაობთ. ღმერთის იმედით, ყველაფერი კარგად არის.



- როგორც ვიცი, რამდენჯერმე იყავი კიდევაც საქართველოში...



- სამჯერ მოსული ვარ საქართველოში და არ ვიცი როგორ გითხრათ, როგორ გამიხარდა და როგორ მიყვარს ჩემი სამშობლო, მაგრამ მესამეჯერ რომ მოვედი, ცოტა პრობლემები იყო და მოვბრუნდი ირანში, ჩემი ოცნებაა საქართველოში ვიცხოვრო და იმედია, მალე ისეთი დრო მოვა, რომ დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში.


- საქართველო რომ გიყვარს და შენს ქვეყანაში დაბრუნებაზე ოცნებობ, შენი სიმღერებიდანაც კარგად ჩანს, რამდენი ხანია, რაც სიმღერებს წერ და მღერი?


- მე 15 წელია, რაც სიმღერებს ვწერ, 100 მუსიკა მაქვს სპარსულ ენაზე, სპარსულად 10 წუთი მჭირდება ტექსტის დასაწერად, მაგრამ ქართული ძაან ძნელია ჩემთვის, იმიტომ, რომ ფერეიდნული ქართული ენა ცოტა ძველია, დიდი დრო უნდა, რომ ერთი ქართული ტექსტი დავწერო. პირველი ჩემი სიმღერა " სამშობლო " იყო, ეს ტექსტი მე სპარსულად დავწერე და ჩემი ძმაკაცი - არსენ ხუციშვილი დამეხმარა, ქართულ ენაზე გავაკეთეთ და შემდეგ ერთად ვიმღერეთ.


ერთი- ორი ჩემი მუსიკა ქალბატონ ნანა მეფარიშვილის ტექსტზეა დაწერილი და დანარჩენი მუსიკები ჩემი ტექსტებით არის.

ახლაც ვმუშაობ ახალ მუსიკაზე და ტექსტს ვწერ მარტო.

ესეც ვიცი, რომ თუ კარგად ქართული ლიტერატურა ვისწავლო, ძლიერი ვიქნები საქართველოს მუსიკაში, რეპს ვგულისხმობ.



- რაზე ოცნებობ შენ და რაზე ოცნებობენ მანდ დარჩენილი ქართველები?


- ჩემი მეტსახელია "საქართველოს შვილი ვარ". აბა, ვინმე არის, რომ არ უყვარდეს საქართველო?!

ყველა ფერეიდნის ოცნებაა საქართველოს ნახვა.

ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემი აზრიც ის არის, რომ ღმერთი ერთია და სამშობლოც ერთია, ჩვენ აუცილებლად ქართველები ვართ და ირანში სტუმრად ვართ. ჩემს სახლში საქართველოს დროშები არის, ქართული წიგნები, ქართული ნაწერები სახლში და მაღაზიაში და მანქანაზე არის და... არამხოლოდ მე ვარ ეგრე, ყველა ფერეიდნელები ეგეთი არიან.




- რას ნიშნავს შენთვის სამშობლო?

ჩემი ოცნებაა საქართველოში ვიცხოვრო და საქართველოში მოვკვდე. გულზე ჯვარი არის და თითზე ქართული ბეჭედი. ქართულად ვცხოვრობთ. ეს სამი სიტყვა ჩემთვის მთელი ცხოვრებაა- "მე ქართველი ვარ ".

მინდა იმდენად ძლიერი ვიყო მუსიკაში, რომ როდესაც საქართველოში მოვალ, ჩემი კონცერტი გავაკეთოთ. დავბრუნდები საქართველოში, მაგრამ როდის არ ვიცი.


- რა მიგაჩნია მანდ დარჩენილი ფერეიდნელების უმთავრეს პრობლემად?


- ბაბუაჩემი ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, ვერ მოასწრო საქართველოს ნახვა, მას ძალიან უნდოდა ენახა საქართველო. ძალიან ბევრი ფერეიდნელის ოცნებაა საქართველოს ნახვა. საქართველო ჩემთვის ის ადგილია, სადაც სამოთხეში ვგრძნობ თავს. ჩემი ოცნებაცა და მიზანიც ის არის, რომ ჩამოვიდე საქართველოში და ვიცხოვრო, ჩემს ხალხს შევწირო ჩემი ცხოვრება, მინდა ბოლო ამოსუნთქვამდე საქართველოში ვიყო, საქართველო ჩემს გულშია.


ერთი კითხვა მაქვს: ჩვენ ქართველები ვართ თუ არა?! თუ ვამბობთ ჩვენ ფერეიდნელები ქართველები ვართ მაშინ, რატომ არ უნდა ვიყოთ საქართველოს მოქალაქეები?! მე არ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ფერეიდნელები ყველა კარგები ვართ და ვიცი, ცუდი ადამიანი და კარგი ყველაგან არის, მაგრამ გამოიძიონ ვინ კარგი არის და ვინ ცუდი და ვინც კარგები არიან, მოქალაქეობა რატომ არ უნდა მიიღონ? ვისაც უნდა, რომ აუცილებლად საქართველოში იცხოვროს, რატომ არ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე? ყველაფერი კარგად არის და მხოლოდ ეს პრობლემა რომ არ იყოს, უფრო კარგად იქნება.



image


მე სამჯერ მოსული ვარ საქართველოში და რამდენჯერაც მოვედი მეგონა, რომ ჩემს ქვეყანაში ვარ და ჩემს ხალხთან, აი, იგრე იყო, რომ საქართველო ჩემია და მე საქართველოსთვის ვარ.




- შენ შეგიძლია, ახლა მიმართო ქართველებს და უთხრა შენი სათქმელი, რას ეტყვი მათ?



- ჩემო ძმებო და დებო, იცოდეთ საქართველო რა არის, თქვენ იმიტომ რომ მანდ ცხოვრობთ, არ აფასებთ მას. საქართველოში ცხოვრება ჩვენი, ფერეიდნელი ქართველების ოცნებაა, მჯერა, ღმერთის იმედით, მალე ყველა ერთად ვიქნებით და კიდევ დიდი იბერია იქნება ჩვენი სამშობლო, მთავარია, ერთად ვიყოთ, იმიტომ, რომ ძალა ერთობაშია, მიყვარხართ და გენაცვალეთ გულში თითოეულ ქართველს.



image

ფერეიდნელები ოთხი საუკუნეა, რაც ირანის მიწაზე ცხოვრობენ.

ისინი XVII საუკუნის დასაწყისში შაჰ-აბასს გადაუსახლებია უმთავრესად კახეთიდან და საინგილოდან.

მიუხედავად ყველაფრისა, ისინი ერთი წამითაც არ ივიწყებენ, რომ მათი ისტორიული სამშობლო საქართველოა და დიდი და პატარა საქართველოში ჩამოსვლაზე ოცნებობს.




1
719
7-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
719
  
2018, 19 იანვარი, 22:25
წარმომიდგენია რას განიცდის როგორ ენატრება.რომ ატარებს ნივატებს რომელიც ახსენებს სამშობლოს
0 1 1