x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ავტორიტეტისადმი მორჩილება - მილგრემის ცნობილი ექსპერიმენტი

image

მორჩილება სოციალური გავლენის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის ზეგავლენისას ინდივიდი მოქმედებს ბრძანების საპასუხოდ, რომელსაც ძირითადად ავტორიტეტული ფიგურები გასცემენ. მიჩნეულია, რომ მსგავსი მითითების გარეშე ადამიანი არ მოიქცეოდა ასე და არა სხვაგვარად. მორჩილება გვხვდება მაშინ, როცა შენ გიბრძანებენ, რომ გააკეთო კონკრეტული რამ, ხოლო კონფორმულობა თავს იჩენს სოციალური ზეწოლის შემთხვევაში(როცა უმრავლესობა ემხრობა რაიმე ნორმას). მორჩილება მოიცავს სტატუსთა იერარქიას, ანუ ბრძანების გამცემი უფრო ძლიერი სტატუსით სარგებლობს, ვიდრე მისი მიმღები.

ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით ბრძანებებს, ინსტრუქციებს და მითითებებს. რა არის ის, რაც გვაიძულებს დავემორჩილოთ ან წინ აღვუდგეთ მათ? მილიონობით ადამიანი იქნა მოკლული ნაცისტურ გერმანიაში კონცენტრაციულ ბანაკებში, მაგრამ ამას ჰიტლერი მარტო ვერ შეძლებდა. რა აიძულებდა ათასობით ნაცისტს, დამორჩილებოდნენ ჰიტლერის ბრძანებებს და მილიონობით ებრაელი დაეხოცათ გაზის კამერებში? მათ უბრალოდ ეშინოდათ თუ მათი პიროვნული მახასიათებლების ბრალი იყო? ჩვენი გადმოსახედიდან, მოქმედი სოციალური ძალების გავლენით, თქვენც და ჩვენც, შესაძლოა, იგივე გავაკეთოთ, რასაც სხვა ადამიანები აკეთებდნენ იგივე სიტუაციაში, რაც არ უნდა წარმოუდგენლად და საზარლად გვეჩვენებოდეს მათი ქცევა ჩვენც და იმ ადამიანებსაც, რომლებიც იმ სიტუაციაში უშუალოდ არ იმყოფებიან.

"ადლოფ ეიჩმანი დადანაშაულებულ იქნა 1962 წელს ჰოლოკოსტის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღებისთვის, რომლის დროსაც 6 მილიონი ებრაელი იქნა მოკლული. ეიჩმანი მათემატიკოსი გენიოსი იყო, რომლის წვლილი ჰოლოკოსტში მათი შეგროვება, ტრანსპორტირება და შემოწმება იყო, ვინც უნდა მოეკლათ. სასამართლო პროცესზე მან გაოცება გამოხატა, როცა გაიგო რომ ებრაელებს ის სძულდათ, ვინაიდან ის ამბობდა, რომ მას მხოლოდ ბრძანებების შესრულება შეეძლო. საკუთარ „საპატიმრო დღიურში“ ეიჩმანი წერს: „ბრძანებები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მაღალი რამ იყო ჩემს ცხოვრებაში და მე ვალდებული ვიყავი დავმორჩილებოდი მათ ზედმეტი კითხვების გარეშე". (The Guardian, 12 August, 1999, p. 13). ეიჩმანი ექვსმა ფსიქიატრმა გამოაცხადა როგორც შეშლილი, მიუხედავად იმისა, რომ მას ჩვეულებრივი ოჯახური ცხოვრება ჰქონდა და სასამართლო პროცესის დროს დაკვირვებებმა ის შეაფასა, როგორც ჩვეულებრივი, ტიპური მამაკაცი. ამ შედეგებზე დაყრდნობით, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ მისი საქციელი იყო სოციალური სიტუაციის პროდუქტი. ადრეული მცდელობები, აეხსნათ ჰოლოკოსტი, ფოკუსირდებოდა იმ იდეაზე, რომ თავად გერმანულ კულტურაში არსებობდა განსხვავებული რამ, რამაც განაპირობა ჰოლოკოსტი.



ინდივიდის ქცევაზე სოციალური ძალების გავლენა სტენლი მილგრემმა თავის ექსპერიმენტით დაადასტურა. მას სურდა გაერკვია „იყვნენ კი გერმანელები განსხვავებულნი?“, მაგრამ მალე აღმოაჩინა, რომ ჩვენ ყველანი ერთნაირად მორჩილნი ვართ ავტორიტეტების წინაშე. მილგრემის კვლევამ (1965, 1974) ცხადყო, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების ბრმა მორჩილება იმდენად მათი დისპოზიციური მახასიათებლების (ანუ მათი განსაკუთრებული პიროვნული თვისებების ან გერმანელების ეროვნული ხასიათის) მოქმედების შედეგი არ იყო, რამდენადაც ისეთი სიტუაციური ძალების მოქმედებისა, რომელთაც ნებისმიერი ადამიანის დაყოლიება შეეძლო. ის ექსპერიმენტული დასკვნები, აღმოჩენილი სოციალური ფენომენი და ზოგადად მიღებული შედეგები, რაც მილგრემის ექსპერიმენტთა სერიაში გამოიკვეთა, კაცობრიობისთვის და მითუმეტეს ფსიქოლოგიის სფეროს წარმომადგენლებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომლის გარეშეც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სხვა შეხედულებები გვექნებოდა ადამიანებზე და სხვანაირად შევაფასებდით მათ ქცევებს. პიროვნული თავისებურებებისა და სოციალური მახასიათებლების ერთმანეთისგან გამიჯვნიეს მიზნით, მილგრემმა ლაბორატორიული ექსპერიმენტების მთელი სრია – ავტორიტეტისადმი დამორჩილების 19 კვლევა ჩაატარა, რომელშიც 1000-ზე მეტი ცდის პირი მონაწილეობდა. მილგრემის ძირითადი ექსპერიმენტული პარადიგმა ის იყო, რომ ცდის პირები ჩართულნი იყვნენ ისეთ საქმიანობაში, რომელიც სხვა ადამიანზე სხვადასხვა დიაპაზონის ელექტროშოკის მიყენებას გულისხმობდა. ეს ნებაყოფლობით შერჩეული ხალხი დარწმუნებული იყო, რომ მონაწილეობდა მეხსიერებისა და დასწავლის პროცესის მეცნიერულ კვლევაში. "ისინი დაარწმუნეს, რომ კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმის გარკვევა, თუ როგორ მოქმედებს სასჯელი მეხსიერებაზე და როგორ გაუმჯობესდებოდა დასწავლის პროცესი შექებისა და დასჯის სათანადო თანაფარდობით გამოყენებით". ცდის პირებს, რომელთაც მასწავლებლის სოციალური როლი მიენიჭათ, დაშვებული შეცდომებისათვის უნდა დაესაჯათ ისინი, რომელთაც მოსწავლის როლი ჰქონდათ დაკისრებული. მათ განემარტათ ძირითადი წესი, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ და რომლის მიხედვით ყოველი შეცდომის შემდეგ ელექტროშოკი უნდა გაეძლიერებინათ, ვიდრე არ მიაღწევდნენ დასასწავლი მასალის უშეცდომოდ გადმოცემას. ექსპერიმენტატორი მასწავლებლებს მითითებებს აძლევდა, რომ კარგად შეესრულებინათ დაკისრებული დავალება, როგორც კი მათ ყოყმანს ან განსხვავებული აზრის გამოვლენის მცდელობას ამჩნევდა. დამოუკიდებული ცვლადის _ ელექტროშოკის მაქსიმალური მაჩვენებელი აპარატზე 450 ვოლტი იყო, რომლის მიღწევაც მცირე, 1.5-ვოლტიანი ბიჯებით ხდებოდა და რომელსაც მასწავლებელი მოსწავლის ყოველი შეცდომის საპასუხოდ უმატებდა, ვიდრე ის არ შეწყვეტდა „ავტორიტეტის" (ე.ი. ექსპერიმენტატორის მიმართ) დამორჩილებას და უარს არ იტყოდა დავალების შესრულებაზე. ექსპერიმენტი ისე იყო დაგეგმილი, რომ ცდის პირი იძულებული იყო დაეჯერებინა, რომ იგი – ასრულებდა რა ბრძანებებს – ტკივილს აყენებდა, სტანჯავდა და, შესაძლოა, მოეკლა კიდეც უდანაშაულო ადამიანი. თითოეულ მასწავლებელს 45 ვოლტის ძაბვის ელექტროდარტყმა მიაყენეს, რათა მას წარმოდგენა ჰქონოდა, თუ რა ინტენსივობის ტკივილს იწვევდა იგი. მოსწავლე მშვიდი, სასიამოვნო გარეგნობის, გაწონასწორებული მანერების მქონე, ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი იყო, რომელიც, სხვათა შორის, ამბობდა, რომ გული აწუხებდა, მაგრამ ფულის გამო მზად იყო ამ პროცედურის გასავლელად. მას გვერდით ოთახში აბამდნენ “ელექტროსკამზე” და მასწავლებელთან შიდა საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით ურთიერთობდა. მოსწავლეს ევალებოდა დაწყვილებული სიტყვების დამახსოვრება და წყვილიდან ერთ-ერთი სიტყვის დასახელება, როგორც კი გაიგებდა ამ წყვილის მეორე სიტყვას. მოსწავლემ, წინასწარ დადგენილი განრიგის შესაბამისად, მალევე დაიწყო შეცდომების დაშვება და მასწავლებელმაც არ დააყოვნა ელექტროშოკის გამოყენება. მსხვერპლის პროტესტი იზრდებოდა ელექტროშოკის ვოლტაჟის მატებასთან ერთად. 75 ვოლტზე მან ჩივილი და ბუზღუნი დაიწყო. 150-ზე ექსპერიმენტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და განთავისუფლება მოითხოვა. 180 ვოლტზე ის ყვიროდა, რომ ვეღარ გაუძლებს ამ ტკივილს. 300 ვოლტზე გაჰყვიროდა, რომ მეტის ატანა აღარ შეუძლია და განთავისუფლებას ითხოვდა. ბოლოს ტირილით ლაპარაკობდა თავის ავადმყოფ გულზე და კიოდა. თუ მასწავლებელი ყოყმანობდა, ან უარს აცხადებდა უფრო მაღალი ელექტროშოკის მიყენებაზე, ექსპერიმენტატორი მას ეუბნებოდა: “ექსპერიმენტი მოითხოვს, რომ თქვენ გააგრძელოთ, ” ან “თქვენ არ გაქვთ არჩევანი, უნდა გააგრძელოთ”. ექსპერიმენტის დაწყებამდე მილგრემმა 40 ფსიქიატრს მიმართა თხოვნით, რათა ეწინასწარმეტყველათ ცდის პირთა ქცევა ექსპერიმენტის განმავლობაში. მათ (ექსპერიმენტის აღწერაზე დაყრდნობით) იწინასწარმეტყველეს, რომ ცდის პირების უმრავლესობა არ აცდებოდა 150 ვოლტს, 4%-ზე ნაკლები მორჩილებას გამოხატავდა 300 ვოლტამდე და მხოლოდ 0.1% გააგრძელებდა ზემოქმედებას 450 ვოლტამდე. პროგნოზირებისას ფსიქიატრები ეყრდნობოდნენ მოსაზრებას, რომ სრულ მორჩილებას გამოავლენდნენ და მაქსიმალურ ელექტროშოკს გამოიყენებდნენ მხოლოდ გარკვეული მახასიათებლებით არანორმალური, სადისტი ადამიანები, რომლებსაც სიამოვნებთ სხვებისთვის ტკივილის მიყენება. ექსპერტები შეცდნენ: ცდის პირთა უმრავლესობა სრულად დაემორჩილა ავტორიტეტს. არც ერთი ცდის პირი არ შეჩერებულა 300 ვოლტზე ნაკლებ ძაბვაზე. მოსწავლეების მიმართ 68%-მა გამოიყენა მაქსიმალური ელექტროშოკი – 450 ვოლტი. მიაქციეთ ყურადღება, რომ მათი უმრავლესობა სიტყვიერად აცხადებდა წინააღმდეგობას, მაგრამ ქცევით ემორჩილებოდა ავტორიტეტს.

ცდის პირების ქცევის ერთ-ერთ ალტერნატიულ ახსნას წარმოადგენს ის, რომ ექსპერიმენტის შედეგებზე გავლენა მოახდინა მისი პირობების მოთხოვნითმა მახასიათებლებმა. ეს მოთხოვნითი მახასიათებლები ექსპერიმენტული სიტუაციის მანიშნებლებია, რომლებიც ზემოქმედებდნენ ცდის პირებზე და ანიშნებდნენ, თუ რას ელიან მათგან, შესაბამისად, წინასწარი განწყობით ის ასრულებას ისეთ ქცევას, რომელიც ამ მოლოდინებს გაამართლებს. მილგრემი და კიდდევ ბევრი სხვა მკვლევარი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დამორჩილების ეფექტი განპირობებულია არა პიროვნული, არამედ სიტუაციური ფაქტორებით. მილგრემის მიერ ჩატარებული, ავტორიტეტისადმი დამორჩილების კვლევები ანგრევს მითს იმის შესახებ, რომ ადამიანების ცოდვის წყარო მათ ცოდვილ ბუნებაშია. ესე იგი ნორმალური, კარგად მოაზროვნე ინდივიდიც კი, შესაძლოა, პოტენციურად სუსტი აღმოჩნდეს ძლიერი სიტუაციური და სოციალური ძალების წინაშე. ორი მიზეზი, რომლის გამოც ადამიანები ავლენენ მორჩილებას ამ სიტუაციებში, ნორმატული და ინფორმაციული გავლენის წყაროებამდე მიგვიყვანს: ადამიანებს სურთ, რომ მოწონებულ იქნენ (ნორმატული გავლენა) და იყვნენ მართლები (ინფორმაციული ზეგავლენა). ისინი მიდრეკილნი არიან მოიქცნენ ისე, როგორც სხვები იქცევიან, ან იქცეოდნენ ისე, რომ იყვნენ სოციალურად მისაღებნი და მოსაწონნი. ამასთან, გაურკვეველ, ახალ სიტუაციებში, მაგალითად, ამ ექსპერიმენტის მსგავს სიტუაციებში, ადამიანები ენდობიან სხვების მინიშნებებს იმის თაობაზე, თუ რა სახის ქცევებია ადეკვატური და სწორი. უფრო ხშირად ისინი ექსპერტებს და სანდო პირებს ენდობიან, რომლებიც კარნახობენ მათ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ. მილგრემის პარადიგმის მესამე ფაქტორი ისაა, რომ, ცდისპირებს არ ჰქონდათ ისეთივე პირდაპირი გამოსავალი "ექსპერიმენტის შეწყვეტა", როგორც "ელექტროშოკის მიწოდება" იყო. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მსგავს სიტუაციაში აუცილებლად გამოეთიშებოდნენ კვლევას, მაგრამ რახან მსგავსი ღილაკი არ იყო, ფიქრობდნენ, რომ სხვაგვარად არც შეიძლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ცდის პიეს ქვს უფლება სურვილისამებრ ნებისმიერ დროს გამოეთიშოს კვლევას ან უარი თქვას მისი მონაცემის შედეგებში გათვალისზინებაზე. ძალაუფლების მქონე პირებისადმი მორჩილება ასევე იზრდება, როდესაც ადამიანებს მიაჩნიათ, რომ მათ სამართლიანად ექცევიან, ენდობიან ძალაუფლების მქონე პირების მოტივებს და ჯგუფთან ან ორგანიზაციებთან საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენენ.


დაიანა ბაუმრინდმა მკაცრად გააკრიტიკა მილგრემი ექსპერიმენტი მონაწილეებისთვის მიყენებული ფსიქოლოგიური დისტრესის, მათთვის უხერხული სიტუაციის შექმნისა და ღირსების გრძნობის შელახვის გამო. ბაუმრინდი ასევე მიუთითებდა ექსპერიმენტის ხანგძლივ ეფექტზე – მილგრემის ექსპერიმენტის მონაწილეებს შეიძლება მომავალში დაქვეითებოდათ თვითშეფასება და ექსპერიმენტში გამოყენებული მანიპულაციების გამო, ნდობა დაეკარგათ ძალაუფლების მქონე პირების მიმართ.
მილგრემმა თავისი კვლევის დასაცავად ძლიერი არგუმენტები მოიყვანა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ კვლევა საბოლოოდ ცდისპირებისთვის საზიანო არ ყოფილა. მან აღნიშნა, რომ ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ცდისპირებს კვლევის შესახებ დაწვრილებითი და ღრმა ახსნა-განმარტება ეძლეოდათ. მან ასევე შენიშნა, რომ კვლევის ერთი წლის შემდეგ ცდისპირებთან გასაუბრებამ არ აჩვენა დროში ხანგძლივად მოქმედი ფსიქოლოგიური ზიანი. მან აღნიშნა, რომ არც თვითონ და არც მისი კოლეგები არ ელოდნენ მორჩილების ისეთ დონეს, რომელიც ნახეს და ამ კვლევით ადამიანის ქცევის შესახებ მნიშვნელოვანი ახალი ინფორმაცია მიიღეს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩვენ ოდითგანვე ვცდილობდით გვეპოვა ლიდერი, რომელსაც მივანდობდით საკუთარ თავს და ექნებოდა ჩვენზე მეტი უფლება. საკამათოა ის საკითხი, თუ რატომ გვჭირდება ადამიანებს ვინმე, ვისაც დავემორჩილებით და ვინც რაიმეს მიგვითითებს, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება და ისტორიაც ადასტურებს ჩვენს ამ მოთხოვნილებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიბლიაც გვესაუბრება დამორჩილებაზე, მის დადებით მხარეებსა და შედეგებზე. ძველ აღთქმაში ვხვდებით: "დაემორჩილე მათ, ვინც შენზე მაღლა დგას დაემტი ძალა აქვს, ვინაიდან ისინი გმერთის მიერ არიან მოვლენილნი". და შეგვიძლია საქართველოს ისტორიიდანაც გავიხსენოთ, რომ მეფედ კურთხევა არა მხოლოდ რიტუალის ჩატარებას გულისხმობდა, არამედ ამით ხაზი ესმებოდა იმას, რომ მეფე ღმერთის მიერ იყო არჩეული და სხვაგვარად ის ტახტს ვერ დაიმსახურებდა თუნდაც გვარის შთამომავალი ყოფილიყო.

ამით ჩვენ გვსურდა გაგვეცნო თქვენთვის საინტერესო, თუმცა ერთ-ერთი გახმაურებული არაეთიკური ექსპერიმენტი, რომლის შედეგები უდაოდ უმნიშვნელოვანესია ფსიქოლოგიისა და კიდევ ბევრი სხვა სფეროსთვის. და გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო გამოგვეკვეთა ამ შედეგების არსი, რომ ადამიანი ბუნებით ბოროტი არ არის, მას ასეთად გარემო ან სოციუმი აქცევს და არ ღირს ამ კვლევის ცდის პირების მკაცრად შეფასება, ვინაიდან არავინ იცის იგივე სიტუაციაში რას იზამდით თქვენ, ან მე.

0
865
შეფასება არ არის
ავტორი:ანი იმნაძე
ანი იმნაძე
865
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0