x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
საკუთრების უფლების შინაარსი, საკუთრებითი უფლებების ეკონომიკური თეორიისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად

საკუთრების უფლების შინაარსი, საკუთრებითი უფლებების ეკონომიკური თეორიისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საკანონმდებლო რეგულაციის მიხედვით"

კერძო საკუთრება ყველა დროის (ეკონომიკურ-სოციალურ-პოლიტიკური) მოვლენაა, რომელიც, თავისი შინაარსით, ოდითგანვე, საზოგადოების უდიდეს ინტერესს იწვევდა.

დროში აცდენილი აზრების თანხვედრა - ალბათ ეს არის მთელი ჩვენი უცნაურობა, კაცობრიობის გენიალურობაც სწორედ ამაში მდგომარეობს! მაშასადამე, აზროვნება არ ემორჩილება დროს. იგი ერთადერთია, რომელიც ქედს არ იხრის დროის, ამ უნიკალური ფენომენის წინაშე. აზროვნების ეს სპეციფიკა, ვრცელდება, მათ შორის, საკუთრების უფლების გარშემო არსებულ სამეცნიერო პარადიგმაზე, ფილოსოფიურ დოქტრინაზე, რომელიც, თავის მხრივ, ყოველი სამართლებრივი სისტემის იდეურ დასაყრდენს წარმოადგენს.

ზემოხსენებულის საილუსტრაციოდ შემოგთავაზებთ სხვადასხვა ეპოქის ორი გამოჩენილი მოაზროვნის შეხედულებას: მარკუს ტულიუს ციცერონი -სახელმწიფოს წარმოშობის საფუძველი კერძო საკუთრების დაცვის აუცილებლობაა; ჟან ჟაკ რუსო მიწაზე საკუთრებას ძალზედ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და ფიქრობდა, რომ სამართლის წარმოშობა სწორედ მიწაზე საკუთრების უფლებასთან იყო დაკავშირებული[1]. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივე მსჯელობა საერთო ხედვამდე დადის: (I) კერძო საკუთრება - სახელმწიფო

(II) კერძო საკუთრება - სამართალი


მაშასადამე: (III) კერძო საკუთრება - სახელმწიფო - სამართალი (ამ უკანასკნელ შემთხვევაში დავუშვით შემდეგი სახის პრეზუმფცია: არსებობს სახელმწიფო, ე.ი. არსებობს სამართალიც[2] (სახელმწიფო - სამართალი). ლოგიკურად, თუ კი გამოვრიცხავთ კერძო საკუთრებას, მასთან ერთად გამოირიცხება სამართალიც. ამის ნათელ მაგალითს გვაწვდის გასული საუკუნის ისტორია, საბჭოთა კავშირის სახით, რომლის პირობებშიც, კერძო საკუთრების გარეშე დამკვიდრებულმა ყოფამ სრულად გააბათილა “მართალი სამართლის“ ფუნდამენტური პრინციპები და ღირებულებები.

ავსტრიელი ეკონომისტი და ფილოსოფოსი, ე.წ. ახალი „ავსტრიული სკოლის“ წარმომადგენელი, ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი (1899-1992 წწ.) არ ცდებოდა, როდესაც ვარაუდობდა, რომ დიდი მოთხოვნა იქნება იმ მეცნიერების შრომებზე, რომლებიც შეეცდებიან გაარკვიონ თუ რატომ მოხდა, რომ ისეთი “ფატალურად თავდაჯერებული“ იდეა, როგორიც სოციალიზმი იყო, ამდენი ხნის განმავლობაში მართავდა ადამიანების გონებას და ასეთ ინტელექტუალურ სიმაღლეებს მიაღწია[3]. ტოტალიტარულ კოლექტივიზმს ხომ საზოგადოება მიჰყავს არა მხოლოდ ეკონომიკური უფლებების, არამედ ადამიანის ძირითადი უფლებების დაკარგვამდე. იგი ამჟღავნებს ანტიადამიანურ ბუნებას, იმდენად რამდენადაც, თითოეული პიროვნების წარმატება მიიღწევა სწორედ მისი თვითმყოფადობითა და შემოქმედებითი უნარის თავისუფალი გამოხატვით.

განვსაზღვროთ, თუ საიდან მომდინარეობს ზემოხსენებული თვითმყოფადობისა და შემოქმედებითი უნარის თავისუფალი გამოხატვის არსი (უდევს თუ არა მას საფუძვლად კერძო საკუთრების უფლება); - უდაოა, რომ თანამედროვე ადამიანი უაღრესად დამოკიდებული ხდება სხვა ადამიანის ქცევაზე, რაც მისი პირადი კონტროლის ფარგლებს გარეთაა. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ფაქტი მას ძალზედ აშფოთებს, გამომდინარე მისი კერძო ინტერესების ფეტიშიზმიდან, ამიტომაც ადამიანი საკუთარ კეთილდღეობაზე სხვათა ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანას ცდილობს. ამ პირობებში, იგი მიიჩნევს, რომ მისი კეთილდღეობის გარანტი - ეს არის მისივე ავტონომია, თავისუფლება, ხოლო თვით თავისუფლების გარანტი კი კერძო საკუთრებაა! ამასთან დაკავშირებით არსებობს ემპირიული ვარაუდიც, რომლის თანახმად, ადამიანი კერძო საკუთრებისკენ იმიტომ ილტვის, რომ რესურსების განკარგვაზე თავისუფლების შენარჩუნება უნდა, რის გარეშეც მას თავისი ცხოვრების დონის გაუმჯობესების არანაირი იმედი არ ექნება. შესაბამისად, მე ვიტყოდი, რომ სა-

კუთრების უფლების შინაარსი, ძირითადად მაინც, ეკონომიკურ მოტივებზეა დაფუძნებული.

მსჯელობის პირველი ნაწილი, სწორედ, საკუთრებითი უფლებების ეკონომიკური

თეორიის მიხედვით საკუთრების უფლების შინაარსის ანალიზს დაეთმობა (ზოგადად), ხოლო მეორე ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შინაარსობრივ ელემენტებს მიმოვიხილავთ (კონკრეტულად). ამასთანავე, აუცილებელია, რომ ამ ორ - ზოგადი და კონკრეტული ხასიათის მჯელობას შორის არსებულ ლოგიკურ კავშირებზეც გავამახვილოთ ყურადღება;

(რაზე მიგვიგებს საკუთრებითი უფლებების ეკონომიკური თეორია? ) ამ თეორიის მიხედვით, შესაძლებელია ორი ურთიერთსაწინააღმდეგო სამარლებრივი ტენდენციის გამოყოფა: პირველი, რომელიც საკუთრების უფლებას განიხილავს, როგორც ცალკეულ უფლებამოსილებათა ერთობლიობას. მეორე - საკუთრების უფლება, როგორც “განუყოფელი მონოლითი“. ეს უკანასკნელი კლასიკური სახით აისახა ნაპოლეონის კოდექსში[4], რომლითაც კერძო საკუთრების უფლება, “წმინდად და ხელშეუხებლად“, “შეუზღუდავად და დაუყოფლად“ გამოცხადდა[5].

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით ამ ორ მიდგომას შორის იმარჯვებს პირველი. მიუხედავად იმისა, რომ იგი, ასე ვთქვათ, ანგლოსაქსური ტრადიციის სულისკვეთებაა, თანდათანობით კონტინენტური ევროპის ქვეყნების სამართლებრივ სისტემებშიც აღწევს (ამის ნათელი მაგალითია საქართველოს კანონმდებლობაც) და ზოგადად, საერთაშორისო დონეზე სამართლის კოდიფიცირებაც სწორედ მას ეყრდნობა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ალბათ ის, რომ ამ მიდგომისთვის დამახასიათებელია, მეტწილად მაინც, შედარებით მაღალი ხარისხის მოქნილობა და დახვეწილობა (ვიდრე ეს გვაქვს მეორე შემთხვევაში), რაც, უდაოდ, თანამედროვე საზოგადოების ეკონომიკურ, სოციალურ თუ პოლიტიკურ ასპექტებს უფრო მეტად შეესაბამება.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსიც სწორედ ზემოაღნიშნულ მიდგომას იზიარებს, დავახასიათოთ საკუთრების უფლება, როგორც ცალკე ული უფლებამოსილებების ერთობლიობა; - აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც რაიმე ცნების განმარტება ხდება ისეთი ტერმინებით, როგორიცაა “ჯამი“, “ერთობლიობა“, “აგრეგატი“, ყოველთვის არსებობს იმის საშიშროება, რომ შინაარსი შემადგენელი ნაწილების ჩამონათვალში აითქვიფოს. ფორმების მრავალფეროვნების მიუხედავად, უნდა არსებობდეს შინაარსობრივი ბირთვი, რომელიც მათ ერთ მთლიანობად შეკრავს.

როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი საკუთრებით ურთიერთობებთან მიმართება ში? - ყველაზე ზოგადი სახით, საკუთრებასთან დაკავშირებული ურთიერთობები შეიძლება დავახასიათოთ, როგორც საზოგადოებაში ფაქტიურად მოქმედი სისტემა, რომელიც მატერიალური და არამატერიალური რესურსების ხელმისაწვდომობას ზღუდავს (ხელმისაწვდომობაში რესურსზე ყველა შესაძლო ზემოქმედების ერთობლიობა იგულისხმებ, რაც მასზე ფიზიკური ზემოქმედების აუცილებლობას როდი გულისხმობს)[6]. ამას, რასაკვირველია, საკუთრებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობები არ დაჰყავს ადამიანსა და საგანს შორის ურთიერთობის დონემდე, არამედ, ასეთი სახით შეიძლება ფაქტობრივად ყველა იმ ურთიერთქმედების მატრიცის შედგენა, რომელიც შესაძლოა, ერთი მხრივ, იმათ შორის დამყარდეს ვისაც რესურსებზე ხელი არ მიუწვდება და მეორე მხრივ, იმათ შორის ვისაც ამის საშუალება აქვს. რესურსის ხელმისაწვდომობის შეუზღუდაობა (ანუ მისი საყოველთაო ხელმისაწვდომობა) ნიშნავს, რომ იგი არავის არ ეკუთვნის, რაც იგივეა, რომ ის ყველას ეკუთვნის.

აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ “გამორჩეულობის“ (ანუ საკუთრების ექსკლუზიურობის) ხარისხი მუდმივი, ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდ რებული სიდიდე როდია. იგი შეიძლება მერყეობდეს 0-დან 1-მდე!

“0“ - როდესაც რესურსზე ხელი საზოგადოების ყველა წევრს მიუწვდება.

“1“ - როდესაც რესურსზე ხელი მხოლოდ ერთ პირს მიუწვდება. ე.ი. საერთო საკუთრება - ექსკლუზიურობის ხარისხი “0“

კერძო საკუთრება - ექსკლუზიურობის ხარისხი “1“

დავაკონკრეტოთ, თუ რას გულისხმობს საკუთრების ექსკლუზიური ხასიათი: საკუთრების ექსკლუზიური ხასიათი ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მესაკუთრეა უფლებამოსილი იმ უპირატესობებზე, რომელსაც ნივთზე საკუთრების უფლება მას ანიჭებს. ექსკლუზიურობა, უპირველესად მესაკუთრეს ანიჭებს ძალაუფლებას დაუპირისპირდეს ნებისმიერი პირის ჩარევას მის საკუთრების უფლებაში[7]. სწორედ ამგვარი (ექსკლუზიური) უფლებამოსილებების ერთობლიობა ქმნის საკუთრების უფლების შინაარსს.

საკუთრების უფლების ამჟამად უკვე ქრესთომატურად ქცეული ყველაზე “სრული განსაზღვრება“ ინგლისელ სამართალმცოდნე ონორეს ეკუთვნის. მან გამოყო საკუთრების უფლების 11 შემადგენელი ელემენტი: [8]

  • ფლობის, ანუ საგნის ფიზიკური კონტროლის უფლება.
  • სარგებლობის, ანუ საგნის პირადი გამოყენების უფლება.
  • მართვის, ანუ გადაწყვეტილების მიღების უფლება, იმის თაობაზე თუ ვინ და როგორ შეიძლება გამოიყენოს საგანი.
  • შემოსავლის, ანუ იმ სიკეთის მიღების უფლება, რომელიც საგნის წინარე პირადი გამოყენებიდან ან ამ უფლების სხვისთვის მინიჭებიდან გამომდინარეობს (მითვისების უფლება).
  • უფლება საგნის “კაპიტალურ ღირებულებაზე“, რაც საგნის მოშორების, მოხმარების, გაფლანგვის, გარდაქმნის ან განადგურების უფლებას მოიცავს.
  • უსაფრთხოების, ანუ ხელშეუხებლობის უფლება.
  • მემკვიდრეობით ან ანდერძით გადაცემის უფლება.
  • უვადობა.
  • ზიანის მომტანი გამოყენების აკრძალვა, ანუ სხვების საზიანოდ საგნის გამოყენებისგან თავის შეკავების ვალდებულება.
  • პასუხისმგებლობა საზღაურის სახით, ანუ ვალის დაფარვის მიზნით საგნის ჩამორთმევის შესაძლებლობა.
  • დროებითი ხასიათი, ანუ იმის მოლოდინი, რომ გადაცემული უფლებამოსილებები ვადის გასვლის შემდეგ ან ნებისმიერ სხვა შემთხვევაში უკან დაბრუნდება.
ეს თერთმეტი შემადგენელი ელემენტი უამრავი სხვადასხვა კომბინაციის მიღების საშუალებას იძლევა, თუმცა, როგორც ამერიკელი სოციოლოგი და ეკონომისტი ბეკერი მიიჩნევს, კომბინაციების ყველა შესაძლო შედეგის ქონებრივ უფლებად მოხსენიება არ ღირს[9].

ბეკერი ღრმა კვლევის შედეგად მიდის დასკვნამდე, რომ პირველი ხუთი შემადგენლიდან ერთ-ერთი მაინც აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს კვანძში, რათა საკუთრებითი უფლება მივიღოთ. ეს კვანძი არის მინიმუმ ორი ელემენტის კომბინაცია, ან სამი ოთხი და მეტი ოდენობის ელემენტთა ერთობლიობა. ამ პირობებში შესაძლო კომბინაციების რიცხვი შეადგენს ათას ხუთასს. ანუ, წარმოვიდგინოთ ერთი მესაკუთრე, რომელიც მართლზომიერების ფარგლებში სხვადასხვაგვარად ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს სხადასხვაგვარობა გულისხმობს ათას ხუთას შესაძლო ვარიანტს, ე.ი. ერთი მესაკუთრე 1500 ურთიერთგანსხვავებულ მდგომარეობაში (ამ შემთხვევაში ვუშვებთ, რომ მესაკუთრეს უდაოდ აქვს ზემოთხსენებული 11 უფლებამოსილება).

ბეკერმა აღნიშნული მაჩვენებელი (1500) მიიღო სამართლის სუბიექტებისა და ობიექტების გაუთვალისწინებლად, ხოლო თუ კი სამართლის სუბიექტებისა და ობიექტების მიხედვით განვიხილავთ მათი კომბინირების საკითხს, მაშინ, ბეკერის სიტყვებით, საკუთრების უფლების შინაარსის მრავალფეროვნება მართლაცდა “შემაძრწუნებელია“.

ეს არის ნათელი დასტური იმისა, თუ რამდენად “ამოუწურავი“ გახლავთ საკუთრების უფლება თავისი შინაარსით და რამდენად ვრცელია მესაკუთრის ექსკლუზიური უფლებამოსილებების ჩამონათვალი.

ამ კუთხით, სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი არასრულყოფილია, იმდენად რამდენადაც იგი აკეთებს აქცენტს მესაკუთრის მხოლოდ სამ პოზიტიურ უფლებამოსილებაზე: მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა. საკუთრების უფლება ხომ ბევ-რად მეტია, ვიდრე ეს სამი უფლებამოსილება ერთად. იგი ამ სამი უფლებამოსილების გარეშეც არსებობს, მაგ. ყადაღა დადებული საკუთრება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის სახით გადმოცემული საკუთრების უფლების ლეგალური დეფინიცია (რომელიც არათუ საკუთრების ცნების, არამედ მისი შინაარსის საკანონმდებლო განსაზღვრებას გულისხმობს) არის ერთგვარი რუდიმენტი, საბჭოთა სამართლის გადმონაშთი, პრაქტიკული დატვირთვის არმქონე, მაშინ როდესაც სწორედ პრაქტიკა უნდა იყოს გადამწყვეტი! აღნიშნულის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ალჩიანისა და დემსეცის მიხედვით, თუ რამდენად ეკუთვნის ესა თუ ის უფლებამოსილება მესაკუთრეს შეიძლება იმის მიხედვით დადგინდეს, თუ რამდენად განაპირობებს მისი გადაწყვეტილება რეალურ გამოყენებას, ე.ი. რამდენად ჰპოვებს ასახვას პრაქტიკაში[10]. - აი აქ იხსნება პანდორას ყუთი, რადგან სერიოზული პრობლემა სწორედ მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც საკანონმდებლო რეგულირება არ მოიცავს ამა თუ იმ ინსტიტუტის ყველა შესაძლო პრაქტიკულ გამოვლინებას, როდესაც იგი თავის თავში ვერ იტევს წარმოშობილი ურთიერთობის ყველა ასპექტს. ალბათ ამიტომაც არსებობს სკეპტიციზმი იურიდიულ ლიტერატურაში განსაზღვრებებთან მიმართებით. მაგალითისთვის, ფრანგულ სამართალში კრიტიკის საგანია 544-ე მუხლი მისი ლიბერალიზმის გამო (ქართული რეალობისგან განსხვავებით, აქ მეორე უკიდურესობასთან გვაქვს საქმე, - “გადამეტებულ თავისუფლებასთან“).[11] ფრანგული სამოქალაქო კოდექსი საკუთრებას განსაზღვრავს, როგორც “ნივთებით სარგებლობსა და განკარგვის უფრო აბსოლუტურ უფლებას, თუ სარგებლობა არ არის აკრძალული კანონებითა და რეგლამენტებით.

ფაქტია, რომ სსკ-ის 170-ე მუხლიც შეიცავს ხარვეზს საკუთრების უფლების განსაზღვრების კონტექსტში. ამ პრობლემის უკეთ გასაანალიზებლად საკითხი დავსვათ ასე: აღნიშნული ტრიადის ჩამოთვლის საპირწონედ, რა ალტერნატივა შეიძლება იქნას შემოთავაზებული? კითხვაზე სათანადო პასუხის გაცემის მიზნით, უპირველეს ყოვლისა, პარალელი უნდა გავავლოთ გერმანიის კანონმდებლობასთან : “ნივთის მესაკუთრეს შეუძლია, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს ან მესამე პირთა უფლებებს, განკარგოს ნივთი თავისი შეხედულებისამებრ და გამორიცხოს მესამე პირთან ნებისმიერი ჩარევა“ (შევადაროთ, სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებოშებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენე - ბას). - ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ გერმანული საკანონმდებლო რეგულირება უფრო ზომიერია, თუმცაღა ვერც იმას ვიტყვით, რომ ქართულისგან რადიკალურად განსხვავებულ მოცემულობასთან გვაქვს საქმე. - როგორც ვხედავთ, BGB არ ითვალისწინებს საკუთრების სამი ელემენტის ჩამოთვლას. მიუხედავად ამისა, ხაზგასმულია ამ სამიდან უმთავრესი, ანუ განკარგვის უფლებამოსილება. აგრეთვე, მესაკუთრის უფლებამოსილების ნეგატიური მხარე, რომელიც ვლინდება სხვების მიერ საკუთრებით სარგებლობის გამორიცხვის უფლებამოსილებაში, გერმანულ სამართალში უფრო მკვეთრად არის გამოხატული[12]. გერმანული დოქტრინა ეფუძნება იმ შეხედულებას, რომ თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაში საკუთრების განსაზღრვა შეიძლება მხოლოდ მესაკუთრის ე.წ. ნეგატიური უფლებამოსილებებით. ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, თუ ჩვენც გავიზიარებდით ამ მიდგომას.

ნეგატიური უფლებამოსილება პოზიტიურთან შედარებით, მე ვიტყოდი, რომ ყოველთვის “ერთით მეტი უფლებაა“. ავხსნათ და დავაკონკრეტოთ აღნიშნულის არსი: ყოველ ჯერზე, ნეგატიური უფლებამოსილების განხორციელებისას იმავდროულად ხდება მესაკუთრის პოზიტიური უფლებამოსილების იდენტიფიცირებაც, არაპირდაპირი გზით, ირიბად. - დავუშვათ, გვყავს კონკრეტული მესაკუთრე, რომელიც ახორციელებს საკუთარი ნივთის ფლობას და მესამე პირი, რომელიც გადაწყვეტს გაუმართლებლად, ყოველგვარი ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე, ჩაერიოს კანონიერი მესაკუთრის უფლებამოსილების სფეროში, კერძოდ ხელჰყოს მისი ეს უფლებრივი მდგომარეობა (ფლობა). საპასუხოდ, ნამდვილი მესაკუთრე იყენებს მის ნეგატიურ უფლებამოსილებას და მოითხოვს არამართლზომიერი ხელყოფის აღკვეთას. ასეთ შემთხვევაში გვაქვს შემდეგი სახის მიმართება:

(I) უფლება (II) უფლების ხელყოფა (III) ხელყოფის აღკვეთა

ამ დროს, მესაკუთრე ხაზს უსვამს, რომ სხვას არავის აქვს უფლება ჩაერიოს მის, როგორც მესაკუთრის, კომპეტენციაში, რამეთუ მხოლოდ მას გააჩნია სრული მონოპოლია, მხოლოდ ის სარგებლობს ექსკლუზიური უფლებამოსილებით. როდესაც მესაკუთრე ცდილობს საკუთარი უფლების ხელყოფის აღკვეთას, იგი ამ დროს იცავს თავის პოზიტიურ უფლებამოსილებას, მიგვითითებს, რომ ეს ჭეშმარიტად მისი პრეროგატივაა (მხოლოდ მას აქვს უფლება ფლობდეს, სარგებლობდეს, განკარგავდეს...) და არ დაუშვებს უკანონო ხელშეშლას. სწორედ ამაში გამოიხატება უფლების იდენტიფიცირების არაპირდაპირი, ირიბი ხასიათი.

მაშასადამე, ნეგატიური უფლებამოსილება ყოველთვის გულისხმობს პოზიტიური უფლებამოსილების უკვე არსებობას, თავად ხელყოფის აღკვეთის მოთხოვნა კი მოვლენათა შემდგომ განვითარებას წარმოადგენს. საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ ნეგატიური უფლებამოსილება უფრო ფართოა, უფრო ყოვლისმომცველი... ამიტომაც, ვთვლი, რომ უმჯობესი იქნება, თუ კი ნეგატიურ უფლებამოსილებებზე მოვახდენთ ფოკუსირებას, სათანადო საკანონმდებლო რეგულირების გზით.





[1] ჟან ჟაკ რუსო, საზოგადოებრივი ხელშეკრულება, პირველი წიგნი, Foederis aequas Dicamus leges.* Virg. AEneid. XI, V, 321 პირველი თარგმანი, თამაზ ბუაჩიძე, 1997 წელი, 153 გვ. შესრულებულია ფრანგული დედნიდან J. J. Rousseau „Du Contrat Social“; La Renaissance du Livre, Ed. Mignot, Editeur, Paris.


[2] გივი ინწკირველი, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2003, გვ.7.

[3]ფრიდრიხ ოგიუსტ ჰაიეკი, დამღუპველი თავდავიწყება: სოციალიზმის შეცდომები, 1989, (ლიბერალიზმი და ძალაუფლება; გზა ბატონყმობისაკენ, შესავალი, მიხეილ შეშელიძის თარგმანი).


ფრიდრიხ ოგიუსტ ჰაიეკი, ლიბერალიზმი და ძალაუფლება; გზა ბატონყმობისაკენ (The Road to Serfdom), 1945, უდიდესი უტოპია, გვ. 637-641; თენგიზ ვერულავას თარგმანი. სამეცნიერო ჟურნალი "ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა" N 2. 2015 www.hepoins.com

[4] Grab, Napoleon and the transformation of Europe, 94. ნაპოლეონის კოდექსი გახდა ბაზისი იტალიის,

ჰოლანდიის, ბელგიის, ესპანეთის, პორტუგალიის, პოლონეთისა და გერმანული რაინლანდის სამოქალაქო სამართლის სისტემებისათვის. რაინის დასავლეთ სანაპიროზე, ყოფილ ბერგისა და ბადენის საჰერცოგოებში, ნაპოლეონის კოდექსი ძალაში იყო 1900 წლამდე, სანამ გერმანიის იმპერიის პირველი საერთო სამოქალაქო კოდექსი არ მიიღეს

[5] „Napoleon's Civil Achivements", Napoleon: International journal of the French Revolution and age of Napoleon, N17, Ed. Matt DeLaMater (2000), 44.

[6] საკუთრებითი უფლებები ბუნებრივ რესურსებზე, როგორც განადგურებისგან გადარჩენის გზა, დევიდ თერო, 1994 წელი.

თავისუფლება და საკუთრება, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი, სამოქალაქო სამართლის განყოფილება, (კრებული / მთ. რედ. პაატა შეშელაძე ; ბიოგრ. ცნობების ავტ. ზვიად აბაშიძე ; მთარგმნ.: რუსუდან აფაქიძე, გიგა გველესიანი და გია ჯანდიერი) – თბ. ენა და კულტურა, 2005.



[7] თამარ ზარანდია, სანივთო სამართლის საფუძვლები, ქონება, მფლობელობა, საკუთრება გვ. 278, გამომცემლობა “საქართველოს მაცნე“, 2016, რედაქტორები: ბესარიონ ზოიძე, ლადო ჭანტურია

[8] საკუთრებითი უფლებების ეკონომიკური თეორია-მეთოდოლოგია, ძირითადი ცნებები, პრობლემური საკითხები, თავი მე-2 სამართლებრივი წინამძღვრები რომან კაპელუშნიკოვი, 1990.




[9] Gary Becker's Contributions to Law and Economics Author(s): Richard A. Posner Source: The Journal of Legal Studies, Vol. 22, No. 2 (Jun., 1993), pp. 211-215 Published by: The University of Chicago Press for The University of Chicago Law School Stable URL: http://www.jstor.org/stable/3085580 . Accessed: 04/05/2014

Essays in the Economics of Crime and Punishment, Author/Editor: Gary S. Becker and William M. Landes, eds. Chapter Title: Crime and Punishment: An Economic Approach, Chapter pages in book: (p. 1 - 54)

[10] Some economic of property rights armen A. AlchianIl PoliticoVol. 30, No. 4 (DICEMBRE 1965), pp. 816-829Published by: Rubbettino Editore საკუთრებითი უფლებების პარადიგმა ჰაროლდ დემსეცი/არმენ ალჩიანი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი, 2005, საერთაშორისო სამართალი/ადამიანის უფლებები, სამოქალაქო განათლების განყოფილება

[11] ბესარიონ ზოიძე, წიგნში ევროპული კერძო სამართლის რეცეფცია საქართველოში : საჭირო შეიქმნა ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც “ლაგამს“ ამოსდებდა ზღვარგადასულ კერძომესაკუთრულ ფსიქოლოგიას და ოპტიმალურად შეუხამებდა მის სოციალურ ინტერესებს; ევროპის კერძო სამართალი/საქართველოს სამოქალაქო სამართალი, თბილისი: საგამომცემლო საქმის სასწავლო ცენტრი, 2005

[12] თამარ მაზმიშვილი, საკუთრების უფლების შინაარსი და მისი შეზღუდვის სამართლებრივი საფუძ ვლები, თბილისი, 2013, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გვ. 15: საკუთრების უფლება არ უნდა იქნას გაგებული, როგორც მხოლოდ უფლება, იგი ამავდორულად ვალდებულების მატარებელიცაა, ეს ვალდებულება კი თავის თავში გულისხმობს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას სხვებისათვის ზიანის მიყენების გარეშე. გერმანიის ძირითადი კანონის 14- მუხლში წერიასაკუთრება ავალდებულებს“, ანუ მესაკუთრეს მთელ რიგ უფლებამოსილებებთან ერთად ეკისრება ვალდებულებები საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. მხოლოდ საზოგადოების კეთილ ნებაზე დამოკიდებულებით სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების დაცვას, ადამიანის უფლება არ უნდა იქცეს სხვებისათვის ზიანის მისაყენებელ იარაღად. კეთილსინდისიერების დაცვა, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს ქართულ სამოქალაქო კოდექსს და ზოგადად კერძო სამართალს ვერ იქნება დამოკიდებული ინდივიდების სუბიექტურ ნებაზე, ამისათვის სახელმწიფოს ჭირდება ჩარჩო- პრინციპების შექმნა, მან უნდა აიძულოს საზოგადოება იყოს კეთილსინდისიერი და იზრუნოს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვათა უფლებების დაცვაზეც.

(13) შ.დ.რ. საკუთრება და სამართლებრივი სტაბილურობა: საკუთრების ცნების ტრანსფორმაცია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2016. რედაქტორები, თამარ ზარანდია, ევგენია კურზინსკი-სინგერი, ლია შატბერაშვილი. საკუთრება სამოქალაქო სამართალში, პოლიტიკურფილოსოფიასა და ეკონომიკურ კონსტიტუციაში, იურგენ ბაზედოვი, გვ. 62: გერმანისს 1949 წლის ძირითად კანონში დღემდე არსებობს წარმოების საშუალებების სოციალიზაციის პრინციპული შესაძლებლობა. თვალსაზრისის ცვლილება სამოქალაქო სამართლის მიმართ გამომდინარეობს ძირითადი კანონის (GG) მე-14 მუხლის მე-2 აბზაციდან, რომლის მიხედვითაც, “საკუთრება ავალდებულებს. მისი გამოყენება იმავდროულად უნდა ემსახურებოდეს საყოველთაო კეთილდღეობას“. ამ გაგებით საკუთრება უფლებაც არის და მოვალეობაც. ამის საფუძველზე კონსტიტუციურსამართლებრივი, საყოველთაო კეთილდღეობაზე ორიენტირებული გაგება წლების განმავლობაში ფარავდა კლასიკურ ლიბერალურ კონცეფციას.

0
199
შეფასება არ არის
ავტორი:თეიმურაზ მალანია
თეიმურაზ მალანია
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0