x
image
მანანა თურმანიძე
ფრთხილად, საშიშია!
image
აშშ - ში ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში „ნეიროსაიქოფარმაკოლოჯი“ (Neuropsychopharmacology), გამოვლინდა, რომ თაგვები, რომლებიც 20 დღის განმავლობაში აქტიური ნივთიერება მარიხუანას მცირე დოზის ზემოქმედებას ექვემდებარებოდნენ, განიცდიდნენ ხანგრძლივმოქმედ ტვინის დაზიანებას მოზრდილ ასაკში. აღმოჩნდა, რომ მათი ტვინის აქტივობა გაუარესდა, ზრდასთან ერთად კი დაზიანებამ იმატა.


კვლევამ დაადგინა, რომ თინეიჯერები, რომლებიც კანაფის მომხმარებლები არიან ადრეული ასაკიდან სამუდამო ზიანს აყენებენ თავიანთი თავის ტვინის ფუნქციონირებას. მოზარდები, რომლებიც რეგულარულად ეწევიან კანაფს, გრძელვადიან ტვინის დაზიანებას განიცდიან და ტვინის ფუნქციონირების დეფიციტის სერიოზული საფრთხე ემუქრებათ. ხშირ შემთხვევაში კანაფის მოწევის შედეგად შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა სახის გონებრივი აშლილობები, როგორიც არის შიზოფრენია და სხვა. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს ინტელექტის დაქვეითება, რაც გამოიხატება დაბალ ინტელექტის კოეფიციენტში (IQ). ამერიკელი მკვლევარები ამბობენ, რომ პრეპარატი განსაკუთრებით საშიშია ადამიანების ჯგუფისთვის, რომლებსაც გააჩნიათ ფსიქიკური ჯანმრთელობის გენეტიკური მგრძნობელობა. ასეთ შემთხვევაში მარიხუანამ შეიძლება გამოიწვიოს რეციდივის პროვოცირება.


მერილენდის მედიცინის სკოლის მეცნიერი, ასაფ კელერი ამბობს, რომ მარიხუანის მოხმარება განსაკუთრებით საშიში და საფრთხის შემცველია მოზარდების ფორმირების ასაკში, რასაც შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.


კვლევა ხაზს უსვამს, თუ როგორ ექცევიან მარიხუანის რეგულარულად მოხმარების შედეგად მოზარდები სხვადასხვა მძიმე ფსიქიკური აშლილობის, მ.შ. შიზოფრენიის განვითარების დიდი რისკის ქვეშ. ამიტომ, ნარკოტიკული ნივთიერებების დეკრიმინალიზაციის და ლეგალიზაციის პროცესებს აუცილებლად თან უნდა ახლდეს მოზარდების და მათი მშობლებისთვის საინფორმაციო კამპანიები, საფრთხეების შესახებ მათი წინასწარი გაფრთხილების მიზნით.



ინფორმაცია აქტიურად უნდა გავრცელდეს, რომ ყველამ იცოდეს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. თუმცა, ერთი ცხადია, აკრძალვის შემთხვევაში საფრთხეები გაცილებით მეტი იყო, ვინ რას ყიდდა და რით აუბედურებდა ახალგაზრდებს, ერთმა ღმერთმა იცის. ყოველ შემთხვევაში, თითოეულმა ჩვენგანმა სულ მცირე, ერთი შემთხვევა მაინც ვიცით ასეთი. ყველას ჰყავს გაუბედურებული ახალგაზრდა, უბანში, ნაცნობობაში ან ნათესაობაში, ან ბოლოსდაბოლოს ქუჩაში მაინც დაუნახავს. ეს ე.წ. „კაიფში ჩარჩენილები“, რომლებსაც მუდმივი, სერიოზული, მედიკამენტოზური მკურნალობა ესაჭიროებათ, პერიოდულად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაჰყავთ, სადაც სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ უტარდებათ მკურნალობის კურსი. ერთი ასეთი შემთხვევის მოწმე სულ ახლახანს გავხდი, ნაცნობები ამბობენ ყოველმხრივ სამაგალითო ბიჭი იყოო, დღეს კი მეზობლებს ეშინიათ, სახლიდან არ გამოიპაროს და სადმე არ გადაეყაროთ, საზოგადოებისთვის საშიში, აგრესიული ფსიქოპატია. აღარაფერს ვამბობ ჩვენს დაკარგულ თაობაზე, რომლის დიდი ნაწილიც სწორედ ნარკოდამოკიდებულებამ შეიწირა.


წინაპრებს უთქვამთ – აკრძალული ხილი ტკბილიაო. ტკბილის რა მოგახსენოთ, მაგრამ ცნობილია, ბავშვს რასაც აუკრძალავ ის აინტერესებს და სწორედ იმას აკეთებს. მეეჭვება აკრძალვები დადებით ეფექტს იძლეოდეს, კორუფციის, დანაშაულის და კონტრაბანდისთვის კი სასათბურე პირობებს ქმნის და არა მხოლოდ ნარკოტიკების შემთხვევაში. გამოჩნდებიან ხოლმე ისინი, ვინც ამ აკრძალვით ხელს მოითბობს. ისტორიას ახსოვს ალკოჰოლის აკრძალვის შედეგები, კორუპციის და დანაშაულის უშრეტი წყარო! ვფიქრობ, აკრძალვების მოხსნა მეტად გამჭვირვალეს და კონტროლირებადს გახდის სიტუაციას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამასთანავე, დასრულდება ე.წ. „ჩადებების“ ყბადაღებული თემა და ბოლო მოეღება ამ ნიადაგზე პოლიციის დისკრედიტაციასაც. თუმცა, საფრთხეების შესახებ ყველა უნდა იყოს ინფორმირებული. ამიტომ, რაც შეიძლება ხმამაღლა ვიყვიროთ, განგაშის ზარები შემოვკრათ, რაც შეიძლება მეტს მივაწვდინოთ ხმა, ავუხსნათ, ვურჩიოთ, გავაფრთხილოთ – ახალგაზრდებო ფრთხილად, ნარკოტიკი საშიშია!


0
60
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0