x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ხორნაბუჯის ციხესთან ბეტონის გზის მოსაწყობად 500 000 ლარი გამოიყო
image
ქალაქ დედოფლისწყაროში, ხორნაბუჯის ციხესთან მისასვლელი გზის მოსაწყობად 500 000 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები 2018 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.
რელიეფის სპეციფიურობის გათვალისწინებით დაგეგმილია ბეტონის გზის მოწყობა. ხორნაბუჯის ციხე V საუკუნის უნიკალური ისტორიული ძეგლია, რომელიც რამდენიმე წლის წინ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტურისტულ მარშრუტში მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ ძეგლი ნაკრძალის არეალში შეიტანეს და მიმდებარედ გარკვეული ინფრასტრუქტურის მშენებლობაც დაიწყო, დღემდე კეთილმოუწყობელია ისტორიულ ძეგლამდე მისასვლელი გზა. გზის არარსებობა კი გადაადგილებას აფერხებს. განსაკუთრებით რთული ვითარება ნალექის შემდეგ იქმნება. ამ პრობლემის გამო ტურისტებისთვის ციხის მონახულება არცთუ ისე ხელმისაწვდომია.
დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრებმა განიხილეს და მოიწონეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2018 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებები. ფონდი მომავალ წელს დედოფლისწყაროში ჯამში 6 059 590 ლარს დახარჯავს.
image
ხორნაბუჯის ციხე ისტორიული ქართლის სამეფოს ერთ-ერთი პროვინციის კამბეჩოვანის ცენტრი. ხორნაბუჯის ნანგრევები შემორჩენილია ახლანდელი დედოფლისწყაროს რაიონული ცენტრის მახლობლად. აქ მეფე ვახტანგ I გორგასალმა საეპისკოპოსო კათედრალი დააარსა. მანვე ხორნაბუჯი (ჭერემსა და ნეკრესთან ერთად) საუფლისწულოდ მისცა თავის ძეს, დაჩი I უჯარმელს. VI საუკუნის I ნახევარში, ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ, ხორნაბუჯი სპარსელი მოხელის რეზიდენცია იყო. VI საუკუნის II ნახევარში ქალაქი გაათავისუფლეს. ამიერიდან მას ქართლის ერისმთავრების უმცროსი შტო ფლობდა. VIII საუკუნიდან, ჰერეთის სამთავროს (შემდგომში ჰერეთის სამეფო) წარმოქმნის შემდეგ, ხორნაბუჯი მისი ერთ-ერთი საერისთავოს ცენტრი გახდა (XI საუკუნის 30-იან წლებში იხსენიება ვაჩე ხორნაბუჯის ერისთავი). XI საუკუნის 60-იან წლებში ხორნაბუჯის განძის ამირა ფადლონი დაეუფლა. 1068 კახეთ-ჰერეთის მეფემ აღსართან I-მა დაიბრუნა. საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის წარმოქმნის (XI საუკუნის დასაწყისი) შემდეგ ხორნაბუჯი ქვეყნის სანაპირო (განაპირა მხარის) საერისთავოს ცენტრად გადაიქცა. აქ იყო ფეოდალური საგვარეულოს მახატლისძეთა რეზიდენცია. XIII საუკუნის 60-იან წლებში დაარბია მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით. XVII საუკუნის I მეოთხედში ხორნაბუჯში რეზიდენცია ჰქონდა ირანის შაჰის აბას I-ის მიერ კახეთის ერთი ნაწილის გამგებლად დანიშნულ ფეიქარ-ხანს. 1625 წლის გაზაფხულზე სპარსელებისაგან გიორგი სააკაძემ გაათავისუფლა. აქვე მეფე თეიმურაზ I-ს დატყვევებული ჰყავდა მოწინააღმდეგე ჯავახიშვილთა ფეოდალური საგვარეულოს თავკაცები.
0
117
3-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0