x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
" ყველას თავისი ბილიკი აქვს... თავისი მისია... "- მაკა კვერენჩხილაძე-კარტაიზერი
image


„ამერიკიდან საქართველოში დაბრუნებულს უნდობლობა, ტყუილი, უმუშევრობა, უფულობა, სიუხეშე, უღიმილობა სახეში გარტყმული სილასავით გეწვის. ბევრჯერ დაგისვამენ ცინიზმით სავსე კითხვას: თავი ამერიკაში ხომ არ გგონიაო და ამ ყველაფრისგან დაღლილს, უხილავი თოკი ნელ-ნელა ისევ ნათელი წერტილისაკენ გექაჩება...“ - წერდა ქართველი ემიგრანტი თავის მემუარულ წიგნში - "ბილიკები ამერიკისკენ" 2012 წელს.

საინტერესოა, რა შეიცვალა მას შემდეგ? როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, ახლა, 5 წლის შემდეგ უფრო მეტი ღიმილიანი სახე ხვდება, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ უმუშევრობა და ამით გამოწვეული უფულობა ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრობლემაა.




ქალბატნონი მაკა კვერენჩხილაძე-კარტაიზერი ამჟამად აშშ-ში, კერძოდ, ილინოისის შტატში ცხოვრობს.


ქალბატონი მაკა შვილებთან - ნიკა, სანდრო და ლევან მაღრაძეებთან ერთად:

image


მას ძალიან აქტიური ცხოვრება აქვს - ქართულ სკოლაში ქართველ ემიგრანტ ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის, ასევე ჩიკაგოში მუშაობს შემცვლელ მასწავლებლად, ჩართულია ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრებში, ღონისძიებებსა და სხვა უამრავ სასარგებლო საქმიანობაში.

იგი ამასთანავე 4 წიგნის ავტორი გახლავთ და თავის ერთ-ერთ ინტერვიუში წერს:

- ჩემი წიგნები, რა გასაკვირია და ემიგრაციულ თემატიკას მოიცავს. „რატომ დატოვე საქართველო?“ - მეკითხებოდნენ ქართველები, „რამ ჩამოგიყვანა ამერიკაში და სადაა საქართველო?“ - მეკითხებოდნენ ამერიკელები. დროთა განმავლობაში, უამრავი პასუხ გაუცემელი კითხვა დაგროვდა, სწორედ ამ ფაქტორმა გადამაწყვეტინა, რომ ჯერ ქართველებისთვის „ბილიკები ამერიკისკენ“, ხოლო შემდეგ ამერიკელებისთვის „A Soul divided: Memoir of a modern Emigrant“ დამეწერა. აგრეთვე, დავწერე ფიქრად ქცეული ლექსების კრებული „სული სივრცეში“ და ჩანაწერები და მოგზაურობების დღიურები „ლეპტოპიადა“.


ვირჩევთ მთავრობას, პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან, მაგრამ კვლავაც მწვავე სოციალური პრობლემების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ამიტომ ისევ უამრავი ქართველი ტოვებს საქართველოს და ეს საკითხი ისევ მტკივნეულ საკითხად რჩება, ამ ფიქრებით მივმართე ქალბატონ მაკას და ინტერვიუ ვთხოვე, ვფიქრობ, მისი პასუხებიც შესაბამისად მწვავე და პირდაპირია.


გთავაზხობთ მასთან ინტერვიუს:



- ქალბატონო მაკა, რას ნიშნავს, იყოთ ემიგრანტი? რა სირთულეებს აწყდებით ან აწყდებოდით და რას ეტყოდით იმ საზოგადოებას, რომელიც ფიქრობს, რომ მარტივია ეს ყველაფერი?



- რას ნიშნავს იყო ემიგრანტი? რას ფიქრობს ემიგრაციის ერთი ნაწილი ემიგრანტობაზე?

ჩვენ, მე და ჩემი თაობის ემიგრანტები მსხვერპლნი ვართ იმ დროისა, იმ ცვლილებების დასაწყისის პერიოდისა (90-ნი წლების დასაწყისს ვგულისხმობ), როცა მიამიტურად გვეგონა, რაღაც ნათელ გზას დავადგებოდით.

კი...დავადექით კიდეც, ბევრმა ჩვენგანმა ვთქვით კიდეც ჩვენი სათქმელი, კიდევ ვამბობთ და კიდევ მეტს ვიტყვით, მაგრამ ეს ხდება მუდმივ ტკივილზე გამარჯვებით. ემიგრანტობა მუდმივი ბრძოლა და მუდმივი გადარჩენაა... ჰკითხეთ ნებისმიერ ემიგრანტს, თუ არ ურჩევნია, ყველა ამ წარმატებას სამშობლოს მიწაზე აღწევდეს....

საზოგადეობა, და არა მარტო ქართული, ზედაპირულად განიხილავს ყოველ საკითხს და აქედან გამომდინარე, ისინი ხედავენ წარმატებულ ემიგრანტს - საბოლოო პროდუქტს. ისინი ხედავენ იმ აისბერგს, რომელიც ოკეანის ზედაპირზე ჩანს და ვერ ხედავენ სიღრმეს ამავე აისბერგისა, რომელიც ოკეანეშია და ამყარებს ზედა ნაწილს. საზოგადოება არ ხედავს, თუ რა სირთულითაა მიღწეული ყოველი პატარა წარმატება უცხოეთის მიწაზე.


ემიგრანტობა არაა ხსნადი ყავასავით, მომენტალური წარმატება. მე ამაზე ვწერ ჩემს წიგნშიც „ბლიკები ამერიკისკენ“: ის ვინც წარმატებულია უცხოეთში, თავის ქვეყანაშიც წარმატებული იქნებოდა და ის, ვინც წარუმატებელია თავის ქვეყანაში, ვერც უცხოეთში იქნება წარმატებული...



- თქვენი თვალით დანახული დღევანდელი საქართველო როგორია?



- დღევანდელი საქართველო, სამწუხაროდ, არის სიყალბის ნიღაბაფარებული ფუღურო ხე.

საზოგადოების რაღაც ნაწილმა, რომელმაც გრანტებითა თუ ემიგრანტი ახლობლებისგან, ან რაღაც სხვა მისტიური ხერხებით მიაღწიეს წარმატებას, თვალს ხუჭავს იმ გაჭირვებული საქართველოს დანახვაზე, რომელიც შეადგენს ლამის 80 % ქვეყნისა. ეს წარმატებული ნაწილი რესტორნებში ქეიფსა და მოგზაურობებს არ იკლებს, ქველმოქმედება ჯერ კიდევ შორეული ოცნებაა. საქართველო, სამწუხაროდ, ერთი დიდი შეუსაბამობაა.


- ჩვენი ბილიკები...


- ჩვენი ბილიკები?... ყველას თავისი ბილიკი აქვს... თავისი მისია... ერთგან მოვისმინე და ამ აზრის პერიფრაზს გავაკეთებ: ზოგი აზრს ნახევარი სიტყვით ხვდება, ზოგს კი - ორი ცხოვრებაც არ ეყოფაო...



- და ბოლოს, რას ეტყოდით ქართველებს?



- სიფხიზლის დროა, ეცადეთ დაინახოთ კარგი მხარე ყველაფერში, იყავით კარგი, აკეთეთ კარგი! შეედარეთ კარგს. სამყაროს მიზიდულობის კანონი აქვს, რა ენერგიასაც გასცემთ, იმ ენერგიას დაატრიალებთ მასში! ამას ჩაწვდე, ადვილი არაა, მაგრამ ესაა ერთადერთი გზა!

იხილეთ ასევე:
image
ქალბატონ მაკასა და მის ოჯახს ვუსურვებ წარმატებებს!


0
165
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0