x
მეტი
  • 24.01.2018
  • სტატია:73413
  • ვიდეო:326460
  • სურათი:429067
ჩვენი ბავშვობის კეთილი მეზღაპრე - ჰანს კრისტიან ანდერსენი

image


მის ზღაპრებში ყოველთვის საკვირველი ამბები ხდება - ისეთი, გულისფანცქალით რომ კითხულობ, რა მოხდება მერე... აუცილებლად აგიჩქარდება გული, როცა პატარა გერდა მძინარე კაის დაჰყურებს... მოლოდინად გადაიქცევი, როდესაც პატარა სირინოზი, დანით ხელში, უფლისწულისკენ მიდის... დაელოდები, როგორ დაასრულებს ქარი თავის ნაამბობს ერთ უცნაურ კაცზე... ამ მართლაც საოცარი ზღაპრების ავტორი დანიელი მეზღაპრე ჰანს კრისტიან ანდერსენია.


image



დღეს მართლაც რომ საოცრად ზღაპრული დღეა... არა იმიტომ, რომ ზამთარი იწყება, არამედ იმიტომაც, რომ სწორედ დღევანდელ დღეს, 1835 წლის 1 დეკემბერს, ზამთრის პირველ დღეს გამოქვეყნდა შესანიშნავი და განუმეორებელი ჰანს ქრისტიან ანდერსენის პირველი წიგნი... და აბა, ასეთი თბილი ზღაპრების ფონზე ზამთარი რაღას დაგვაკლებს?

მე არ წამიკითხავს ამ საოცარი ადამიანის ზღაპრების მსგავსი კეთილი და ყველასგან განსხვავებული ზღაპრები: ლამაზი, ყველასათვის გასაგები ენით დაწერილი; იდუმალებით, მოლოდინით, ჯადოსნობით და სიკეთით სავსე.

ანდერსენი იყო ღარიბი მეწაღის შვილი. მას ადრევე აღმოაჩნდა დიდი წარმოსახვის უნარი, რაც უფრო გააძლიერა დედამისის ცრუმორწმუნეობამ. მამა 1816 წელს გარდაეცვალა და ჰანს-ქრისტიანს თავის რჩენა თავად უწევდა. მან შეწყვიტა სკოლაში სიარული, თავადვე ააგო თოჯინების პატარა თეატრი და დაიწყო თავისი მარიონეტებისთვის ტანსაცმლის კერვა. გარდა ამისა, კითხულობდა ყველაფერს, რის შოვნასაც ახერხებდა.


image



ჰანს ქრისტიანის ოცნება იყო ოპერის მომღერლობა, ამის გამო 1919 წელს კოპენჰაგენში წავიდა. აქ იგი გიჟად მიიჩნიეს და სადაც კი მივიდა, ყველა თეატრიდან გამოაგდეს. სამაგიეროდ დაუმეგობრდნენ ისეთი მუსიკოსები, როგორებიც იყო კრისტოფერ ვეისი და სიბონი, მოგვიანებით კი პოეტი ფრედერიკ გულდბერგი. მალე იგი შეგირდ მოცეკვავედ მიიღეს სამეფო თეატრში. სიზარმაცის გამო ჰანსმა გულდბერგის კეთილგანწყობა დაკარგა, სამაგიეროდ იპოვა ახალი მფარველი ჯონა კოლენის სახით.

მეფე ფრედერიკ მეექვსე დაინტერესდა ამ უცნაური ბიჭით, თავის თავზე აიღო მისი მფარველობა და გააგზავნა სლაგელსის გრამატიკის სკოლაში სასწავლებლად. 1822 წელს ანდერსენმა გამოსცა თავისი პირველი წიგნი ''მოჩვენება პალნატოკის საფლავზე''. იგი ძალიან უდისციპლინო და ზარმაცი მოსწავლე აღმოჩნდა და სასწავლებელში 1827 წლამდე დარჩა.

1829 წელს ანდერსენმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ფანტასტიკური რომანით ''ფეხით მოგზაურობა ჰოლმენის არხიდან ამაგერამდე''. ამავე წელს გამოაქვეყნა ლექსების კრებული. 1833 წელს მეფემ იგი ევროპაში სამოგზაუროდ გაგზავნა.

1835 წელს გამოვიდა ანდერსენის რომანი ''იმპროვიზატორი'', რომელმაც ძალიან დიდი წარმატება მოიპოვა. ამავე წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ზღაპრები, რომელთა მნიშვნელობა თავიდანვე არ იქნა აღიარებული და არც კი იყიდებოდა.



image



1838 წელს გამოვიდა ზღაპრების მეორე სერია, 1845 წელს კი - მესამე. მიუხედავად იმისა, რომ ზღაპრები ანდერსონს ბავშვებისთვის არ დაუწერია, ისინი სწორედ მოზარდებში გახდა პოპულარული.

ამ პერიოდისთვის იგი უკვე მთელს ევროპაში იყო ცნობილი. 1857 წელს გამოსცა ნოველა ''ყოფნა თუ არყოფნა''. 1872 წელს გამოვიდა ანდერსენის ბოლო ზღაპრები. ამავე წელს მან ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც გარდაიცვალა 1875 წლის 4 აგვისტოს. იგი დაკრძალულია ასისტენის სასაფლაოზე, კოპენჰაგენში.

ანდერსენის ყველაზე ცნობილი ზღაპრებია: "თოვლის დედოფალი", "საძაგელი ბატის ჭუკი", "ცეროდენა", "ტყვიის ჯარისკაცი", ''ქალთევზა", "მეფის ახალი კაბა" და უამრავი სხვა. ბევრი ზღაპრის მიხედვითაა გადაღებული მხატვრული თუ ანიმაციური ფილმები, თუმცა ყველაზე პოპულარული ამ მხრივ "თოვლის დედოფალი" გახდა, რომლის ეკრანიზაცია უამრავჯერ განხორციელდა. 2013 წელს ამ ცნობილი ზღაპრის მიხედვით გადაღებულმა ანიმაციურმა ფილმმა "ცივი გული" ორი "ოსკარიც" კი დაიმსახურა.



image


თურმე ანდერსენი თავის ზღაპრებს, როგორც წესი, წერდა ღამ-ღამობით... სწორედ ამიტომ გაჩნდა, ალბათ, მისი მეზღაპრე ოლე ლუკოიე, რომელიც ქოლგით დადიოდა ბავშვებთან და უშლიდა საწოლებზე, ლამაზი სიზმრები რომ ენახათ...
ანდერსენი იყო ძალიან მაღალი და გამხდარი, საკმაოდ მძიმე ხასიათის მქონე ადამიანი...
მას თავად ალექსანდრ სერგეევიჩ პუშკინის ავტოგრაფი ჰქონდა შენახული, რომელიც რუსმა პოეტმა პირადად მას მიუძღვნა, რითაც მთელი ცხოვრება ამაყობდა...
ბავშვობიდან სჯეროდა, რომ მისი მამა დანიის მეფე იყო... ეს ლეგენდა შეიქმნა თავად ჰანსის მონაყოლის საფუძველზე იმის შესახებ, რომ ის ბავშვობაში თამაშობდა პრინცთან, რომელიც მომავალში გახდა მეფე ფრედერიკ III. აღსანიშნავია, რომ მათი მეგობრობა გრძელდებოდა მთელი ცხოვრება და მეფის დაკრძალვაზე ანდერსენი მიიწვიეს, თუმცა ცერემონია ტარდებოდა ძალიან ვიწრო ოჯახურ წრეში, რაც საკმაოდ დამაფიქრებელია...
თავის მიერ დაწერილ ზღაპრებს შორის ყველაზე მეტად უყვარდა ზღაპარი „ქალთევზა''.
მას არასდროს ჰყოლია საკუთარი ოჯახი და საერთოდ, ქალებში დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, რადგანაც იშვიათად იღიმებოდა... თუმცა თანამედროვეების ნაამბობით, როდესაც ის იღიმებოდა, ყველას მოხიბვლა შეეძლო...
მისი პირველი სიყვარული იყო - მისი უნივერსიტეტელი მეგობრის და, მაგრამ მან მეზღაპრეს აფთიაქარი არჩია...



image


საინტერესოა, რომ 1918 წლიდან 1986 წლამდე ანდერსენი იყო საბჭოთა კავშირში ყველაზე „გამოცემადი“ უცხოელი ავტორი...
თუმცა, მისი ზღაპრებიც კი გარკვეულ ცენზურას გადიოდნენ. მაგალითად, ზღაპარში „თოვლის დედოფალი“ გერდა ლოცულობს ხოლმე, როდესაც რამე სირთულეს შეეყრება... ეს ნაწილი ზღაპრიდან ამოღებული იყო...

ანდერსენს დაწერილი აქვს რამდენიმე ზღაპარი ისააკ ნიუტონზე...

ლევ ტოლსტოის ინიციატივით, ანდერსენის ზღაპარი „მეფის ახალი კაბა“ გამოქვეყნდა პირველ საბჭოთა ანბანში.
საერთოდ ანდერსენი თავის ზღაპრებს ძალიან სწრაფად წერდა - მაქსიმუმ ორ დღეში...

დიდი მეზღაპრე გარდაიცვალა სრულ სიმარტოვეში, 70 წლის ასაკში...
ასე ამბობენ, მაგრამ მე არ მჯერა... მის გვერდით აუცილებლად იქნებოდნენ მისი საოცარი ზღაპრების კეთილი გმირები და სავარაუდოდ, მის თავზე ბოლოჯერ ქოლგას ისევ ის პატარა და კეთილზე კეთილი ოლე ლუკოიე გაშლიდა...



image



დღეს მისი სახელობის პრემია არსებობს, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას "მცირე ნობელის პრემიასაც" უწოდებენ.

გისურვებთ ანდერსენის ზღაპრებივით ლამაზ და ჯადოსნურ დღეს!!!



image








7
30
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
30
  
2017, 2 დეკემბერი, 14:55
არცაა ზღაპრები, უაზრობების კრებულია და არა ზღაპარი.
2017, 2 დეკემბერი, 14:52
თანამედროვე ზღაპრების არ მწამს არაფერი.
2017, 2 დეკემბერი, 14:49
აბა რა, დღევანდელ აბდაუბდა ზღაპრებს ათასჯერ მირჩევნია...
2017, 2 დეკემბერი, 14:48
გაიხარეთ...მე მგონია, რომ სული არ ბერდება და შინაგანად ბავშვები ვრჩებით ცხოვრების ბოლომდე :)
2017, 2 დეკემბერი, 14:02
რა სასიამოვნო სტატიაა, ბავშვობა გამახსენდა
2017, 1 დეკემბერი, 14:42
მე ახლაც მიყვარს
სამწუხაროა, რომ არავის აინტერესებს ასეთი სტატიები. :)
2017, 1 დეკემბერი, 13:50
ვგიჟდებოდი მის ზღაპრებზე. სტატია კი ძალიან კარგი და თბილია
0 1 7