x
image
ნინო ბაისონაშვილი
პრიორიტეტების დალაგების პრობლემა ანუ რაციოს გარდაცვალება
image

ინფლაციამ არნახულ ნიშნულს მიაღწია, რუსეთს ჩვენი ტერიტორიები დღითი დღე მიაქვს, ცოტახნის წინ ტეროროსტული აქტი მოგვიწყვეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა შაგრენის ტყავივით ხელში გვადნება, ზედიზედ ვიხილეთ აშკარად მიზანმიმართული შეტევა ქვეყნის ეკოსისტემაზე, ადამიანების ყოფა დღეს უფრო მძიმეა, ვიდრე გუშინ, ხვალ ალბათ უფრო დამძიმდება, უამრავ მათგანს ჩამოერთვა სოციალურად დაუცველის სტატუსი, თუმცა მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ტოვებს ქვეყანას, რათა შვილები არჩინოს და მათი მომავალი უზრუნველყოს, მძიმედ დაავადებული ბავშვები ხელიდან გვეცლებიან და ჩვენ უძლური ვართ- ამ ყველაფერს სრული ნიჰილიზმით შევყურებთ, თუმცა, საკმარისია, გეიმ ჩაიცვას ჩოხა, ქართველებმა, განსაკუთრებით ქალებმა, გაბედონ და საქმე დაიჭირონ უცხოელებთან, მითუმეტეს, დაქორწინება- ამ სიტყვის სრული დატვირთვით, ჯვარს ვაცვამთ,


image


გაიღვიძებს კოლექტიური ციციკორე, წამოვენთებით“ ეროვნული ღირსებისა, თავმოყვარეობის მგზნებარე დამცველი ვხვდებით, უკანასკნელ “პატრიოტულ“ ძალებს მოვიკრებთ და ქვეყანას შევძრავთ . ამ გადასახედიდან, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: სად არის რაციო?


დიახ, როგორ შეიძლება რაციო ცოცხალი იყოს და ჩვენ ვმსჯელობდეთ იმაზე, უნდა ჩაეცვა თუ არა გეი წყვილს ჩოხა, მაშინ, როცა ჩვენ გარშემო შიმშილობს ათაოსბით ადამიანი, ამ შიმშილობის დასაძლევად უამრავი მათგანი ტოვებს ოჯახებს და ხშირად ვეღარასდროს ბრუნდებიან. ნუთუ შეიძლება, ჩვენში პულსი ესინჯებოდეს რაციოს და ამ დროს, სრული ინდიფერენტიზმით ვუყურებდეთ, როგორ ყიდიან ლიმონს და მზესუმზირას მოხუცები, რათა წამლები იყიდონ, როგორ ატყუებს მათ აბსოლუტურად ყველა მთავრობა და როგორ არც ერთმა არ აღირსა ღირსეული სიბერე. სამაგიეროდ, საკმარისია, ორი მიგრანტით ან ჩადრიანი ტურისტით მეტი დავინახოთ ქვეყანაში და აღშფოთებული ერი “მარშს“ უმალვე მოაწყობს დედაქალაქის ქუჩებში, არასდროს ნამდვილი მტრის წიანაღმდეგ.

ქართული საზოგადოება, რომელიც ასეთი პრობლემების პირისპირ დგას, სრულიად ინდიფერენტულია რეალური გამოწვევების მიმართ. მერე რა, რომ მან ვერ მიაღწია ცხოვრების ღირსეულ დონეს და, მიუხედავად იმისა, დასაქმებულია თუ არა, ცხოვრობს კრედიტებით, გაცილებით ნაკლებს მოსთქვამს მის მიმართ არსებულ სოციალურ უსამართლობაზე, ვიდრე გეიწყვილის ჩოხაში ქორწინების ფაქტზე. მოტივები კი ფსევდოპატრიოტული და რელიგიურია, მიამიტური რწმენა იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალიზმი ეგრეთ წოდებულ ქართველობას ვერ უთავსდება.

ხალხი, რომელმაც მოკლა რაციო, ვერ ისწავლა პრიორიტეტების დალაგება, ვერ ქმნის ვერაფერ ღირებულს, მუდმივად აპელირებს წარსულზე, აწმყოს შეგრძნება დაუკარგავს და “ როგორც უმბერტო ეკო იტყოდა, ეკედლება “, პატრიოტიზმს, როგორც ღატაკთა უკანასკნელ თავშესაფარს“(“პრაღის სასაფლაო“)

დიახ, ვიდრე ჩვენ არ ვისწავლით თავისუფლების ფასს, ვიდრე ჩვენ გვეშინია ყველაფრის, რაც ჰუმანურია, ვიდრე “ლიბერალისზმის“ ხსენებაზე ტანში გაუცნობიერებელი შიში გვივლის, ვიდრე ჩვენ ვიკვებებით “ქართველობის“ პრიმიტიული იდეალით(ეროვნულობის დამახინჯებული აღქმით) რუსეთისგან სიწმინდეს ველით, ხოლო გვჯერა, რომ “ამერიკა გარყვნილია და ჩვენც გაგვრყვნის“ ვიდრე ჩვენ ინდიფერენტული ვართ ნამდვილი გამოწვევბის მიმართ და მათ ვეძებთ იქ, სადაც ისინი არ არიან, ვიდრე მკვდრეთით არ აღვადგენთ რაციოს, არ ღირს პროგრესზე ოცნება. ნუთუ გვჯერა, რომ პროგრესს მთავრობები ქმნიან, მას ქმნის საზოგადოება, რომელიც ადეკვატურია, მომთხოვნი და კრიტიკული და, რომელსაც, ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის ისეთი მთავრობა ჰყავს, როგორსაც იმსახურებს.

0
73
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0