x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
პეტრე-პავლეს სასაფლაომდე რამდენიმე კაცი მიაცილებდა-ტერენტი გრანელი
image

დღეს 25 ნოემბერს, დაბადებიდან 120 წელი შეუსრულდა შესანიშანავ ქართველ პოეტს ტერენტი გრანელს(ნამდვილი სახელი- ტერენტი კვირკველკია)(1897 წლის 25 ნოემბერი წალენჯიხა-1934 წლის 10 ოქტომბერი თბილისი), პოეტმა სულ 37 წელის იცოცხლა, თუმცა უდიდესი კვალი დატოვა ქართული პოეზიაში და ღირსეული ადგილი დაიკავა ქართველ კორიფე პოეტებს შორის.

image

ქვემოთ წარმოგიდგენთ მოგონებებს, რეცენზიებს თუ წერილებს პოეტის შესახებ, რომელიც მისი მეგობრების, კოლეგების თუ ლიტერატურათმცოდნეების მიერ არის არის სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული.

image




აკაკი ანდრიაშვილი:

"იმ მეგობართა შორის, რომელნიც ოდესმე მყოლია, ტერენტის განსაკუთრებული ადგილი უკავია. მისი გახსენება ჩემში ყოველთვის იწვევს სიყვარულს, პატივისცემისა და სიბრალულის გრძნობას. ასეთივე გრძნობით ვიყავი მისადმი განწყობილი სიცოცხლეშიც. ტერენტისთან მეგობრება ძალზე ძნელი იყო: ამიტომ მას თითქმის არ ყოლია მეგობარი. მიზეზი მისი თავისებურება იყო: ხან ბავშვივით ფაქიზი და ბუტია, ხან უმიზეზოდ ჭირვეული იყო, ხან ეჭვიანი და ბუზღუნა; ხოლო უფრო ხშირად ანგელოზსავით სათნო და გულუბრყვილო. მე ვახერხებდი მასთან ხასიათის შეწყობას. ხშირად ვუთმობდი, მაგრამ ხშირად ვტუქსავდი კიდეც. ამავე დროს ვიცავდი ზოგიერთი უსულგულო ადამიანისგან, რომლებიც ცდილობდნენ აბუჩად აეგდოთ პოეტი. ჩემი ცხოვრებაც იმ ხანებში რამდენადმე წააგავდა ტერენტისას. მეც მასავით უთვისტომოდ ვიყავი ჩარჩენილი დიდ ქალაქში. მეც მასავით მიყვარდა თბილისი და მარტოობა. მაგრამ ჩვენს შორის იყო დიდი განსხვავებაც მიზნების მხრივ: მე ვმუშაობდი და ვსწავლობდი. ტერენტის ცხოვრება კი, – მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო “უმიზნო ხეტიალი”.

image

ფოტოზე: ტერენტი გრანელი და გალაკტიონ ტაბიძე 1917წ.




გალაკტიონ ტაბიძე:

"იგი გამოხვეულია თბილ, ჭუჭყიან ძონძებში და აგვისტოს მზე დაუნდობლად აჭერს შიშველ თავზე.
ვინ არის ეს კაცი? – იკითხეს.
გრანელია, პოეტი, – იყო პასუხი.
იმავე ქვაფენილზე მიდის იგივე ფეხშიშველა ადამიანი და ახლა კი მას თბილი ძონძებიც არა აქვს. თოვს, ზამთარია, ის კი თეთრეულის ამარა მიდის.
ვინ არის ეს კაცი, – იკითხეს. გრანელია, პოეტი, – იყო პასუხი.“

სიმონ ყაუხჩიშვილი:

"ეს იყო 1918 წელს... იმ ხანებში ჩვენთან სამუშაოდ მოეწყო ერთი ახალგაზრდა, სახელად ტერენტი. მის მოვალეობას შეადგენდა საქმიანი ქაღალდების სტამბაში წაღება... ერთხელ ჩვენ ორნი ვიყავით ოთახში. უცბად შუაზე გადაკეცილი ქაღალდი დამიდო მაგიდაზე, თვითონ კი გარეთ გავარდა. ქაღალდი გავხსენი. ვხედავ, შესანიშნავი ლექსია. არ მეგონა, თუ ტერენტი ლექსებს წერდა. გავბედე და არავისთვის მიკითხავს, ისე დავბეჭდე... ქართულ პოეზიაში მისი პირველი ნაბიჯების დამლოცველი მე ვიყავი"




კონსტანტინე გამსახურდია:

"ჩვენი თანამედროვეობა მისტიკის სანიშნოს უყურებს. ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ახალგაზრდა პოეტის საოცარი გამბედაობით გამოცემულმა წიგნმა, რომელიც უფრო საოცარ წარწერას ატარებს: “ტ. გრანელი მოდის სისხლიანი საფლავიდან”. ჩვენ დროს ესაჭიროება ქრისტეს სისხლიანი სახის დემონური შემოხედვა. ევროპულის მასშტაბით მოხდა დიდი გარდატეხა, რადიკალიზმიდან მარჯვნივ. ფილოსოფიაში მისტიკა იმარჯვებს. პოეზიასაც მისტიკური ქროლვა ეუფლება. ახალგაზრდა ტ. გრანელი სიმპატიურია ამ მხრივ. წიგნში მრავალი გულწრფელი ცრემლია, დიდი მჭმუნვარება, დიდი სევდა, გაუხარებელ ნაღველში გამოზრდილი თაობისა. სტრიქონები აქა-იქ სევდიანია, როგორც ცოდვილი ქერუბიმების თეთრი ფრთების შრიალი.
ლექსების ტექნიკაშიც დიდი წინსვლა ეტყობა პოეტს. არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ, რომ ტერენტი გრანელი ალაგ-ალაგ დაშინებას გვიპირებს თავის “მკვდრების” ფანტომებით. ჩვენ ისეთი საშინელი ვაკხანალიის განმცდელი თაობის წარმომადგენლები ვართ, რომ სისხლიანი სურათებით ვერავინ დაგვაშინებს. დღეს რეალობა უფრო მეტ ტრაგიკულ მოტივებს იძლევა. ვურჩევთ ახალგაზრდა პოეტს, მოიზომოს ფერადები; ფერადების ნაძალადევი დამუქება მხოლოდ იმას მოწმობს ყოველთვის, რომ ავტორს ალაგ-ალაგ ფერადების ჰარმონია აკლია.
ეს წიგნი უახლეს პოეზიაში ძლიერ თამამი სიტყვაა, მას ჩვენ თავის დროზე, ჯეროვან ყურადღებას მივაქცევთ.
საოცარი მატერიალური სიღარიბე ეტყობა წიგნს, მაგრამ ეს აორკეცებს იმ ცრემლიან მჭმუნვარებას, რომელიც ასე ძლიერად ჰქრის ამ მინანქრის სტრიქონებიდან”.

image

ტერენტი გრანელის საპასპორტო ფოტო-1917წ



დავით-თოთიბაძე შალიკაშვილი-პარიზის ლიცეუმის პროფესორი, შედარებითი ლიტერატურის დოქტორი.

"როდესაც ტერენტი გრანელზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, მისი დატანჯული სული, მისი მისტიკური პოეზია, მისი ღვთაებრივი ზეციური მზერა და მისი იმქვეყნიური, ბოდლერისათვის დამახასიათებელი მისწრაფება მაგონდება.
ტერენტი გრანელის პოეზია არის უმანკო, სულივით ამაღლებული, ღვთაებრივი და მარადიული მელოდია, ის – ამ ბუნებით ლამაზ სამყაროში. უკვდავი სულის და ღვთის ძიებაშია.
ყოველთვის, როცა ცხოვრებისეული პრობლემები შემოგაწვება, როდესაც გეჩვენება, რომ მიჯაჭვული ხარ ამ ტანჯულ მიწაზე და ჩვენი წუთისოფლიდან არანაირი გამოსავალი თითქოს არ ჩანს, უცებ პოულობ გამოსავალს და ეს გამოსავალი ყოველთვის რაღაც ამაღლებულშია, იმ ზეციურ სხივში, რომელსაც ტერენტი გრანელი “მესამე გზას” უწოდებს:

“არა სიცოცხლე, არა სიკვდილი,
არამედ რაღაც სხვა”.


image






კორნელი სანაძე:




"ჭეშმარიტ ქართველ პოეტთან ტერენტი გრანელთან დიდი ხნის ხანგრძლივი მეგობრობა მაკავშირებდა. დღეს მინდა მოგითხროთ ერთი ეპიზოდი, თუ როგორ გავიცანით ერთმანეთი.
1923 წლის გაზაფხულზე ცნობილმა ქართველმა მხატვარმა მოსე თოიძემ რუსთაველის თეატრთან ახლოს, დღევანდელი კულტურის სამინისტროს შენობაში (ადრე “ჩემოს” სახელით იწოდებოდა) გამართა თავისი სტუდიის მოწაფეთა ნამუშევრების დიდი გამოფენა. რამდენიმე სურათი მეც მქონდა აქ წარმოდგენილი. მათ შორის ერთ ყველაზე დიდ ტილოს ეწოდებოდა “სევდა”. ეს გახლავთ ლამაზი ქალი, რომელსაც ტანზე გველი ჰყავდა შემოხვეული. სიმბოლურად ამ ნახატში ჩაფიქრებული მქონდა სამშობლო, მისი მძიმე ბედი.
გამოფენას დიდძალი ხალხი ესწრებოდა. ერთხელ, მოულოდნელად, ერთი ახალგაზრდა მომიახლოდა, ხელი ჩამომართვა და მითხრა.
– ყოჩაღ, მხატვარო, შენ კარგი სურათი დაგიხატიაო! – შემდეგ დასძინა: – მე ვარ პოეტი ტერენტი გრანელი!

image

ტერენტი გრანელი - კორნელი სანაძე, სიცოცხლის ბოლო წუთები





ვლადიმერ მაიაკოვსკი და ტერნეტი გრანელი(ალექსანდრე სიგუას მოგონებიდან)



"1927 წლის ერთ დილას ორი კაცი მოადგა ჩემს ბინას და ალექსანდრე სიგუა იკითხა. მე გახლავართ ბატონო მეთქი.

-ტერენტი გრანელი თქვენთან ცხოვრობს, არა?

-დიახ ჩემთან ცხოვრობს, ბატონო, – შევიპატიჟე ოთახში.

ესენი იყვნენ ვლადიმერ მაიაკოვსკი და ცნობილი პუბლიცისტი ალი არსენიშვილი. პოეტები ერთმანეთს გაეცვნენ. ბევრი ისაუბრეს ლიტერატურასა და ხელოვნებაზე. განსაკუთრებით დიდი ადგილი დაუთმეს სერგეი ესენინს, რომელიც ტერენტი გრანელმა თბილისში გაიცნო.

– მე თქვენ პოეზიაზე, – უთხრა ტერენტის ვლადიმერ მაიაკოვსკიმ, – ბევრი საინტერესო მიამბეს ქართველმა პოეტებმა: ტიციან ტაბიძემ, პაოლო იაშვილმა, ვალერიან გაფრინდაშვილმა, კოლაუ ნადირაძემ და სხვებმა. ამიტომ გადავწყვიტე თქვენი ნახვა, როგორც პოეტის. ხომ არ მომცემთ ლექსებს, რომ გადავთარგმნო და დავბეჭდო რუსულ პრესაში.

– ლექსებს კი მოგცემთ, ბატონო ვლადიმერ, მაგრამ ჩემს ლექსებშუი არ ჩანს წითელი აგიტაცია – პროპაგანდა, ანუ უკაცრავად, ცხოველური აღტკინება, ბიოლოგიური პათოსი; არც და ვერც იქნება. გამორიცხულია. ჩემს ლექსებში სულიწმინდის მადლია განფენილი. სტრიქონებში ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატებია ჩაწნული, მისტიური ხედვითაა გაცნობიერებული, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის წარსული და მომავალი, ღვთიური სულის განკაცებისა და ადამიანის უკვდავი სულის განღმრთოების საფეხურები. არამცთუ მთარგმნელის, არამედ ქართველი წამკითხავიც (შემგრძნობი, გამგები) მისტი უნდა იყოს; უფრო მეტიც, განდობილი… ასე, რომ… მარადისობას – პოეზიას არ ეჩქარება… პოეტებიც ნუ აჩქარდებით. ოდესღაც, როცა “ჩემს საფლავს დაადგება მზე შორეული რიცხვის” და სულიერება აღორძინდება, “ვიცი დრო მოვა ჩემი გაგების”, ეს სიტყვები ისეთი ხმით წარმოთქვა, გეგონებოდათ საკურთხეველთან იდგა და ლოცულობდა. როცა მონოლოგი დაამთავრა, გაუღიმა. ასე, რომ შეწუხებად არ ღირს, მადლობას მოგახსენებთ. არსენიშვილი და მე მოჯადოებულებივით ვისმენდით პოეტებს შორის გამართულ დიალოგს.

მაიაკოვსკი ააფორიაქა ასეთმა პასუხმა. ეტყობა, არ ელოდა ასეთ ფინალს. უცებ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ისევ მაიაკოვსკიმ მოხსნა ეს დაძაბულობა.

-პოეტო, არც მე მოვსულვარ სააგიტაციოდ.

ყველას გაგვეცინა, უშუალობა დაბრუნდა.

ვლადიმერ მაიაკოვსკი და ტერენტი გრანელი შეთანხმდნენ, რომ შეხვდებოდნენ მწერალთა კავშირში და იქ ტერენტი მიუტანდა მას ლექსებს, რომელსაც თვითონ ვლადიმერი გადათარგმნიდა და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდავდა."




ტერენტი გრანელმა სიცოცხლის ბოლო ოთხი წელიწადი სურამის და თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა, გარდაიცვალა 1934 წლის 10 ოქტომბერს "არამიანცის" საავადმყოფოში, მისი დაკრძალვის პროცესიას პეტრე-პავლეს სასაფლაოზე სულ რამდენიმე კაცი ეწრებოდა, ტერენტი გრანელის ნეშტი დიდუბის პანთეონში მხოლოდ 1987 წელს გადაასვენეს.


1
173
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
173
  
2017, 25 ნოემბერი, 16:03
ნიჭიერ ხალხს სიკვდილის მერეღა ვაფასებთ ქართველები...
0 1 1