x
image
მანანა თურმანიძე
ჩემი საამაყო დიდი ბებია
image


ეს არის ცნობილი მეომარი ქართველი ქალი - ბებიაჩემის გამზრდელი მამიდა, ნამეტია (ივლიტა) ბერძენიშვილი. ბებიაჩემის მშობლები ბოლშევიკებმა დახვრიტეს და ნამეტიამ გაზარდა ობლად დარჩენილი პატარა ძმისშვილები.


1918 წელს ნამეტია თბილისის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო (სამედიცინო) ფაკულტეტზე ჩაირიცხა, 1919 წელს კი ცოლად გაჰყვა საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლის მეთაურ ვალოდია გოგუაძეს. დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში გოგუაძის ჯავშანმატარებლები შიშის ზარს სცემდნენ ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებს. გრიგოლ რობაქიძე წერდა: “ვალოდია ამოზრდილი იყო ქართული ეპოსითგან. ფესვმაგარი, მტკიცე, ურყევი, უდრეკი, უტეხი, უშიშარი: როგორც თავგამოდებული მებრძოლი თავისუფლებისათვის სამშობლოისა თვითონ ჯავშანი - საარაკო ბელადი შემმართებელი “ჯავშნოსანისა”. არავითარი სიძნელის წინაშე უკან-არ-დამხევი - ძალაყრით მოშვილდული, ყოველი დაბრკოლების გადამლახავი. ამასთანავე: ხალისიანი, მონადიმე, მომლხენი, მოშაირე - ქართულ სუფრასთან.”




როცა გოგუაძე ხალხს აგროვებდა აჭარის გასათავისუფლებლად, ასე მოუწოდა ქართველებს: - სამშობლოსათვის სიკვდილზე გეპატიჟებითო. პირველი ნამეტია ავიდა ჯავშნოსან მატარებელში და გვერდით დაუდგა მეუღლეს. ვალოდია მემუარებში წერდა: „მე ჯავშნოსანზე მყავდა ახალი მეომარი – ჩემი მეუღლე. მე ჩემს ძმას და ნათესავებს დავავალე, ბრძოლის დროს ჩემს ცოლთან ახლოს ყოფილიყვნენ და თუ საქმე ცუდად წავიდოდა, მოეკლათ კიდეც, რათა ოსმალებს ტყვედ არ ჩავარდნოდა.“



საბჭოთა რუსეთთან ბრძოლებში (1921 წლის თებერვალი) მძიმედ დაჭრილი ვალოდია გოგუაძე მეგობრებმა სტამბულში წაიყვანეს, სადაც ის ფრანგულ ჰოსპიტალში მკურნალობდა. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მას მეუღლეც შეუერთდა. თურქეთში ორ წელიწადს გაჩერდნენ. როცა სამშობლოში დაბრუნების იმედი გადაეწურათ, რუმინეთ–პოლონეთის გავლით, 1923 წელს პარიზში ჩავიდნენ და თავი ლევილის მამულს შეაფარეს. როგორც ქართველი ემიგრანტი, ლევან ფაღავა იხსენებდა: “ვალოდიამ და ნამომ ხმალი ქარქაშში ჩააგეს და მათ გონიერი, მუყაითი მიწის დამუშავებით და განუწყვეტელი მძიმე შრომით შექმნეს ემიგრაციაში განთქმული ქართული ოჯახი, სადაც მეფობდა ენა ქართული, შემკული ყველა მშობლიურ დიდებულ ტრადიციებით”.


ნოე ჟორდანიას ვაჟი, რეჯებ ჟორდანია, რომელიც საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა, ასე იგონებს იმ წლებს, როდესაც ლევილში ვალოდია გოგუაძესა და მის მეუღლეს სტუმრობდა ხოლმე: „გოგუაძეებმა ეს არემარე ფერმად აქციეს და ააყვავეს. ჰყავდათ ყველანაირი ფრინველი, კურდღელი, ღორები და ძროხები... რა სასიამოვნო სუნი იდგა ხოლმე გოგუაძეების დიდ ოთახში... ნახშირის უზარმაზარი ქურა მუდამ ენთო და იქ გემრიელი კერძები თუხთუხებდა... იშვიათი იყო შემთხვევა, მათ სუფრასთან ხუთი-ექვსი ან მეტი ადამიანი არ მჯდარიყო, ბავშვებს თუ არ ჩავთვლით, მუდმივად იქ რომ ვიყავით რაიმე გემრიელის მოლოდინში...“


ვალოდია გოგუაძემ ემიგრაციაში დაწერა ვრცელი „მოგონებები“, თუმცა II მსოფლიო ომის დროს გერმანიის ჯარების საფრანგეთში შესვლისას ავტორმა ხელნაწერები ცეცხლს მისცა. „მოგონებების“ ფრაგმენტები, რომელიც ძირითადად 1890-1919 წლებს ასახავს, გადაარჩინა და 1963 წ. პარიზში ქართულად გამოსცა ნამეტიამ.


როგორც ამბობენ, ნამეტია მეუღლესთან ერთად ემიგრაციაში გაქცევისას იმედოვნებდა, რომ მალე დაბრუნდებოდა სამშობლოში, მაგრამ საბჭოთა კონიუნქტურის გამო ეს ვეღარაფრით მოახერხა. 1988 წელს ბებიაჩემმა, ელენე (ცაცა) ბერძენიშვილმა, მის დასაფლავებასაც ვერ ჩაუსწრო, საბჭოთა ხელისუფლებამ ვიზა დაუგვიანა და მხოლოდ ორმოცი დღის შემდეგ შეძლო ლევილში ჩასვლა.


ქართველ ემიგრანტთა მიმართ ნამეტიას და მისი მეუღლის მიერ გამოჩენილ მზრუნველობაზე დიდი ეროვნული მოღვაწის, ექვთიმე თაყაიშვილის ის წერილებიც მეტყველებს, რომლებიც საბედნიეროდ არქივს შემორჩა:


1931 წლის
28 ოქტომბერი
ძვირფასო ჩემო ნამეტია!

უკვე მესამე კვირაა, რაც ბრიუსელში ვარ, თავს უკეთ ვგრძნობ, პატივისცემა დიდი მაქვს, ერთობ მოწიწებით და ხალისით მეპყრობიან. ისე ვარ მოწყობილი, ანუ უკეთ ვთქვათ, ბინა ისეა მოწყობილი, რომ არც მე რამეს ვუშლი ჩემს მეტად ლმობიერ მასპინძლებს და არც ისინი მე მიშლიან მუშაობაში. რაკი აქ ჩემი გარდაცვლილი მეუღლის, ნინოს მეგობრებს არ ვხედავ და ნინოზე საუბარი იშვიათად შემხვდება, ისე გული აღარ მესკვნის და ტირილი არ მომდის, როგორც მაქ, მაგრამ ღამე მაინც მეტ შემთხვევაში არ მძინავს, როდესაც ნინოს ვიგონებ.
ეხლა კიდევ ეს მტანჯავს, რომ მიცვალებულთა მოგონების დღეს, 1 ნოემბერს, ნინოს საფლავზედ ვერ ვიქნები. ოთხას ფრანკზე მეტი დამიჯდება მოსვლა-დაბრუნება და ვამჯობინე ძეგლისათვის დავამარაგო ცოტა თანხა. მერმე კიდევ ის მამშვიდებს, რომ თქვენისთანა ჭირისუფლები გვყავს მანდ და საფლავს პატივი არ დააკლდება. ყვავილების ფული სამსონს (ფირცხალავა) დავუტოვე, მაგრამ შეიძლება ეხლა ის არ ეყოს, თქვენ დაუმატეთ და როდესაც გიახლებით, მოგართმევთ. მე ერთი-ორი დღით ნოემბრის შუა რიცხვებში ჩამოვალ. ახალი ამბავი თუ რამეა მაქ, იმედია, ერთი-ორი სიტყვით მოწერას არ დაიზარებთ. ნახვამდის.
თქვენი
ექვთიმე თაყაიშვილი


19.20.32
ძვირფასო ქალბატონო ნამეტია!

წერილიდან შევიტყვე, რომ კარგად ყოფილხართ და დიდათ მოხარული დავრჩი. მე არა მიშავს რა, მაგრამ ნინაობა დღეს, როდესაც თვალს წარმომიდგა ჩვენი ყოფილი ლხინის გადახდა ყოველთვის ამ დღეს, ცუდად გავხდი.
ქალბატონო ნამეტია, ჩემი მასპინძლები მთხოვენ ქინძის თესლს და დიდად დამავალებთ თუ გამომიგზავნით, რამდენიც შესაძლებელი იქნება. შარშან, მგონია, ქინძი ლევილშიაც ნაკლები იყო. თესლი გაამზადეთ თქვენ, როგორც სჯობდეს გამოსაგზავნათ და გამოგზავნით სამსონი (ფირცხალავა) გამომიგზავნის. მას წერილით ვთხოვ ამის შესახებ. კოწია ერისთავის სიკვდილი გავიგე გაზეთიდან და დიდად მეწყინა. გიმნაზიაში შესვლის დღითგან ვიცნობდი, ჩემი უფროსი ძმის ამხანაგი იყო და ჩემი დიდი პატივის მცემელი.
აქ ეხლა თბილი ამინდები დაიჭირა, ალბათ, მაქაც ასეთი იქნება. ვალოდია (გოგუაძე) ნესტორი (კალანდაძე) და ყველა ჩვენები დიდის სიყვარულით მომიკითხე და თუ რამე ახალი ამბავია თქვენში, მოწერას თუ არ დაიზარებ, დიდათ მადლობელი დაგრჩები.
გისურვებთ ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას ვალოდიითურთ. მე აქ მარტამდის ვაპირებ დარჩენას და შემდეგ ჩამოვალ მაქ, როდესაც ცეცხლის ნთება აღარ დამჭირდება.
თქვენი
ექ. თაყაიშვილი


12-|X-41
ლევილი
ძვირფასო ქალბატონო ნამეტია და ბატონო ვალოდია!
ზამთარი კარზე მოგვადგა და ჩემთვის ისედაც კრიტიკული მდგომარეობა უშეშობის, უნახშირობის და სხვადასხვა შევიწროებების გამო, ტრაგიკულ მდგომარეობად ითვლება. ჩემი ხაზიანები და მეზობლები პარიზში იბარგებიან ამ თვის ბოლოს. მეც ვცდილობ იქ მოვეწყო, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს გავხდი, ამიტომ ნებას ვაძლევ ჩემს თავს მოგმართოთ თქვენ, როგორც ჩემთვის ყოველთვის გულშემატკივარს და პატივისმცემელთ, და გთხოვთ, ყველაფერი დაწვრილებით ასწონ-დაწონოთ და მაცნობოთ, შესაძლო იქნება თქვენთვის თუ არა დამდვათ პატივი და იმ საზრდოსაგან, რამაც თქვენ თქვენთვის სადილ-ვახშმათ იკეთებთ, ერთი კერძი მეც მიზიაროთ, რასაკვირველია, ჯეროვანის საფასურის. პური მარტო ის მექნება, რაც ტიკეტით მერგება, სხვა "ტიკეტები" ხორცისა, პატებისა, ზეთისა და სხვა თქვენს განკარგულებაში იქნება. მეორე დიდი დაბრკოლება უნდა ამთავითვე მიიღოთ სახეში. საუბედუროდ, მე ზამთარში თქვენთან სიარული არ შემეძლება, სიცივის გარდა, სოველ მიწაზე ფეხს ვერ მოვიცვლი, დავეცემი. იქნებ სევასტიმ მიქნას სიკეთე და მომაწოდოს სადილი და მასთან ცოტა რამე, რაც ვახშმისთვის გამომადგება. რასაკვირველია, სევასტის გაცდენა-მოტანაში, ანგარიშში უნდა მიიღოთ. მერწმუნეთ, რომ დიდად მეხათრება თქვენი შეწუხება, და ამიტომ ენერგიულად განვაგრძობ ცდას პარიზში მოწყობისათვის. თქვენი დავალება მაშინ იქნება საჭირო, თუ ჩემი ცდიდან არაფერი გამოვიდა საბოლოოდ, იმედია, პასუხს მიმცემთ.
მუდამ თქვენი
ექვთიმე თაყაიშვილი


2-||-1945
ლევილი

ძვირფასო ქალბატონო ნამეტია!
ხვალ-ზეგ მიხდება გამგზავრება და მინდა წერილობითაც გამოგეთხოვოთ და ერთხელ კიდევ უღრმესი მადლობა გამოგიცხადოთ იმ ყურადღებისთვის და პატივისცემისთვის, რომელსაც ჩემი ნინოს და ჩემდამი მუდამ იჩენდით და ყოველგვარად გვეხმარებოდით. მე ეს თავის დღეში არ დამავიწყდება. გარემოება გვაშორებს ერთმანეთს. თქვენი რთული ოჯახობის მოშლა ლევილში და ახლის დაწყება, თუნდ, საქართველოში, ძნელი იქნება, მაგრამ თუ გარემოებამ ეს მოითხოვა, ყველაფერი მოსალოდნელია და არეულ მსოფლიოში და მეტადრე საფრანგეთში, იმ შემთხვევისათვის იცოდეთ, ყოველ ღონეს ვიხმარ თუ ცოცხალი დავრჩი, რომ საქართველოში დაბრუნება მოგიწყოთ და იქ შესაფერი ადგილი და სამოქმედო ასპარეზი გაშოვნინოთ, შენ და ვალოდიას მოწყობის უნარი დიდი გაქვთ და ამ მხრივ თავისას გაიტანთ და საბოლოოდ ყმაყოფილი დარჩებით. ყველაფერი ეს უკიდურეს შემთხვევისთვის. ეხლა კი გისურვებთ შენ და ვალოდიას ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს. თქვენი კეთილი გული და მასპინძლობა, ვიცი ჩვენს ემიგრაციას არ მოეშლება, აგრეთვე, ზრუნვა ჩაგრულ და უპატრონო ბოვშვებზე. ნინოს საფლავისთვის რაც საჭირო იქნება ფული, სოსო გოგოლაშვილი მოგართმევთ. ხარჯს ნუ მოერიდებით, მას ნათქვამი აქვს.

მუდამ თქვენი
ექ. თაყაიშვილი


ნამეტია ბერძენიშვილი–გოგუაძისა


ნამეტია ბერძენიშვილის ღვაწლზე ქართული ემიგრაციის წინაშე მტყველებს ის ფაქტიც, რომ წლების განმავლობაში მას ირჩევდნენ ლევილის მამულის გამგედ, რომელსაც გონიერად და დიდი მომჭირნეობით განაგებდა. მისი ინიციატივით შეგროვებული იქნა თანხა, რომლითაც შეძენილ იქნა მიწა და მოეწყო ლევილის ქართული სასაფლაო. მანამდე პარიზში და მის ახლომახლო მცხოვრები ქართველები სხვადასხვა ადგილას საფლავდებოდნენ. ადგილობრივმა კომუნამ ემიგრანტ ქართველებს ლევილს გარეთ მცხოვრები ქართველების დასაფლავების ნებაც დართო. ამის შემდეგ ლევილში ევროპის სხვადასხვა ქალაქში დაკრძალული ქართველი ემიგრანტებიც გადაასვენეს. ასე შეიქმნა ეს ნამდვილი პანთეონი ქართველი მოღვაწეებისა, სადაც წელიწადში ერთხელ მაინც იკრიბებიან ძველი და ახალი თაობის ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.


გიორგი წერეთელი ამგვარად ახასიათებს ემიგრანტთა შორის ნამეტია ბერძენიშვილისადმი უსაზღვრო პატივისცემის მიზეზებს: „ ა) ლევილის სასაფლაოს შეძენისათვის გამოჩენილი მისი თაოსნობა; ბ) მსოფლიოში გაფანტული და პოლიტიკურად დაშლილი ჩვენი ემიგრაციის შემკრები და შემაკავშირებელი როლის თამაში მისგან; გ) უცხოეთში დაბადებულ ახალგაზრდებში მისგან დანერგილი დედობრივი სიყვარული; დ) ლევილსა და მის შემოგარენში მცხოვრებ ფრანგებში მისი დიდი პოპულარობა.“


ნამო, როგორც მას ოჯახში ეძახდნენ, ჩემთვის არა მხოლოდ დიდი ბებიაა, რომლის სულის საცხოვნებლადაც ვლოცულობ, ის ჩემთვის ეროვნული გმირია, შეუპოვარი სულის, იდეალების და სამშობლოს ერთგული ემიგრანტი ქალი.


5
150
2-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
150
  
2023, 26 მაისი, 22:03
https://1tv.ge/video/col-qmari-javshanmatarebelta-razmidan-valodia-goguadze-da-nametia-berdzenishvili/?fbclid=IwAR1ezfMhNSokm8JghFpgb7z-V0StNltYoReCBbUgimYYPQimLO4mxCFGQ0s
2020, 26 სექტემბერი, 8:11
დიდი მადლობა დეიდა ნანა ამ დეტალებისთვის, ცხადია თქვენ მეტი გემახსოვრებათ და ეს ძალიან მიხარია. მე სახელებით და გვარებით ვიხსენიებ ლოცვებში ყველას. ამიტომ მინდა დავაზუსტო ბებიაჩემის დედის და ბებიის სახელები და გვარები, რათა დავრწმუნდე, რომ სწორად ვიხსენიებ, იქნებ დამეხმაროთ. ერთი დაზუსტება მეც მაქვს, მეხუთე არა, მეოთხე თაობა ვარ, თუკი ბებიაჩემი მეორე იყო, მამაჩემი მესამე, მე კი მეოთხე გამოვდივარ, ასე დავთვალე. თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი სიყვარულია და ეს წერილი სიყვარულით არის გაჟღენთილი, იმ სიყვარულით, რომელიც ბებიაჩემს ჰქონდა მისი მამიდის, მისი ნაადრევად გარდაცვლილი მშობლების, და-ძმის და მთელი სანათესაოს მიმართ. მე ეს სიყვარული მემკვიდრეობით გადმომეცა და ამიტომ ყველანი ძალიან მიყვარხართ. ბ-ნი მამია ბერიშვილის ჩამოსვლა კარგად მახსოვს, უკვე დიდი ვიყავი. ჩვენთან სახლში, კეცხოველზე იყო შეხვედრა, ბევრი ხალხი მოვიდა მაშინ და დიდი სუფრა გაიშალა. მიხარია, რომ ამდენი რამ მომიყევით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის! :)
2020, 7 სექტემბერი, 20:35
ნამეტია მადლიერი იყო საფრანგეთის,რომელმაც მას თავშესაფარი მისცა, მაგრამ მას არასოდეს არ მიუღია საფრანგეთის მოქალაქეობა.ნამეტია გარდაიცვალა როგორც საქართველოს მოქალაქე!!!
2020, 7 სექტემბერი, 20:25
თუ არ მიწყენ ზოგიერთ უზუსტობას შეგისწორებ.შენი ბებიის ელენეს დედა მასზე მშობიარობას გადაყვა.ბოლშევიკები ამ დროს საქართველოში შემოსულები არ იყვნენ.ელენეს ყავდა 2წლით უფროსი და ზინა ბერძენიშვილი.ბაბუამ ილიკო ბერძენიშვილმა შეირთო მეორე ცოლი,რომელთანაც შეეძინა ვაჟი ლევანი (ლეო).ლეო 2წლის იყო როცა დედა გარდაეცვალა და აი მაშინ ნამეტიამ იკისრა ძმას დახმარებოდა ობლების გაზრდაში.1918 წელს ნამეტია თბილისში ჩამოვიდა სასწავლებლად თან წამოიყვანა 9წლის ზინო.ელენე და ლეო ბებიასთან შუა ფარცხმაში დარჩნენ .მინდა გითხრა რომ ჩვენ კიდევ ერთი საამაყო ადამიანი გვყავს ჩვენი ბაბუა ილიკო ბერძენიშვილი,რომელიც 1924წლის აჯანყებაში მონაწილეობისათვის დაიჭირეს და სხვებთან ერთად შორაპანთან ვაგონებში ჩაცხრილეს.ერთი რამ მინდა კიდევ გითხრა 1924წლიდან 1957წლამდე არავინ იცოდა ნამეტიას ზუსტი ადგილ-სამყოფელი.ყველას,მაშინდელი მდგომარეობის გამო ეშინოდა იმის აღიარებაც კი ,რომ საზღვარგარეთ ნათესავი ყავდა.დედაჩემმა ზინა ბერძენიშვილმა მოიძია მისი მისამართი და წერილი გაუგზავნა.ნამეტიას და ზინოს დამსახურება იყო როცა მაშინ ბევრმა ქართველმა იპოვა თავისი ემიგრანტი ახლობელი.1988წელს ექვსნი სამი ..ძმისშვილი ზინა, ელენე.დუდუ ბერძენიშვილები და დისშვილი რუსუდან ლითანიშვილი და ძმის შვილიშვილები მარინე თურმანიძე და მე ჩავედით პარიზში.ნამეტიას დაკრძალვას ვერ ჩავუსწარით ამიტომ 40-ზე მოგვიწია წასვლა.თან წავიღეთ ქართული სურსათ-სანოვაგე,რომ
სიმბოლურად ქართული სუფრით აღგვენიშნა 40 -ი.ეკლესიაში მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ ლევილში გავშალეთ სუფრა ,რომელსაც პარიზში მყოფი ყველა ქართველი ემიგრანტი დაესწრო.ამით მოკრძალებული პატივი ვეცით მათ ვის გვერდითაც გაატარა ნამეტიამ თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები.თბილისში კი1991წელს ნამეტიას 100წლის იუბილე გადავიხადეთ თითქმის მთელმა მისმა ნაგრამმა .სტუმრად გვყავდა საფრანგეთიდან ჩამოსული მაშინდელი სათვისტომოს თავმჯდომარე ბ-ნი მამია ბერიშვილი მეუღლესთან ერთად.ერთი რამ მინდა კიდევ ხაზგასმით ავღნიშნო,რაც მისი წერილებიდან ვიცი.ნამეტია მადლიერი იყო საფრანგე
2020, 7 სექტემბერი, 19:26
ძალიან მიხარია რომ ბერძენიშვილების მე5-ე თაობა ასე ამაყობ ნამეტიათი
0 1 5