x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის საკითხი ჟან-პოლ სარტრის ფილოსოფიაში

ძნელია დავასახელოთ მეორე ფილოსოფოსი, რომელიც XX-ს-ის შუა ხანებში ისეთი პოპულარული ყოფილიყოს, როგორც ფრანგი ფილოსოფოსი, რომანისტი, ესეისტი და დრამატურგი ჟან-პოლ სარტრი.image

სარტრის არაჩვეულებრივი პოპულარობის მიზეზი ის იყო, რომ მან ყველაზე ნათლად და ყველაზე დაუფარავად დააყენა თანამედროვე კაცობრიობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის პრობლემა ეწოდება.

სარტრის ფილოსოფიური თხზულებანი, მისი ესეები, დრამები და რომანები ერთი ძირითადი პრინციპის დასაბუთებას და ჩვენებას ცდილობს: ადამიანი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, რადგან იგი თავისუფალია. მან უნდა გაიგოს, რომ ყველაფერი და ყოველივე თავად უნდა აირჩიოს, ადამიანი ირჩევს მაშინაც, როცა თავს იკავებს არჩევანისაგან. ამ დროს ის თავშეკავებას ირჩევს.

რაც მთავარია, ადამიანი მუდამ, ფაქტობრივად, თავად ირჩევს ხოლმე. არ არსებობს ადამიანის თავისუფლების მადეტერმინებელი, ე. ი. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება. ადამიანი პასუხისმგებელია არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ თავისუფლება გულისხმობს პასუხისმგებლობას ყველასა და ყველაფერზე, რასთანაც კი ადამიანს მიმართება აქვს. ეს კი საბოლოო ანგარიშით არის მთელი კაცობრიობა, მთელი სამყარო.

ადამიანის სამყარო, სარტრის აზრით, მისივე არჩევანის შედეგია. ვიღაც მან მეგობრად აირჩია, ვიღაც მტრად, ზოგი ბატონად, ზოგი მონად, ზოგსაც უმნიშვნელობა მიანიჭა. სამყაროში ზოგი შემთხვევითობის ბატონობას ხედავს, ზოგი აუცილებლობას, ზოგი ღმერთების არსებობას უშვებს, ზოგი ათეისტია. ადამიანი თუ არსებობს ამგვარ სამყაროში არსებობს. სხვებთან ერთად არსებობა თანაარსია მისთვის, ისევე როგორც პასუხისმგებლობა ყველასა და ყველაფერზე. მთელი ეს ვალდებულებანი აწევს ადამიანს, იმიტომ რომ იგი ადამიანია, ე. ი. თავისუფალია. აქედან ნათელია, თუ რა უსაზომოდ ძნელია იყო ადამიანი, თუ რა ტვირთია არსებობა. ამიტომ წერდა სარტრი, „ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებით“, ადამიანი ამაოდ ცდილობს მას გაექცეს.

image

ტრადიციული ფილოსოფიისგან გასამიჯნად სარტრი აყენებს პრინციპს: „ადამიანის არსებობა წინ უსწრებს მის არსებას“. ადამიანის მომავალი მისივე გათვალისწინებული და დაგეგმილია. ჯერ არის გეგმა და მერე მისი ახალი სინამდვილე. ამიტომ სარტრი უფლებას არ აძლევს ადამიანს შეიმსუბუქოს პასუხისმგებლობა იმაზე მითითებით, რომ მასში დაფარულია დიდი შესაძლებლობანი, მაგრამ გარემოება მათი გამოვლენის შესაძლებლობას არ აძლევს, ანდა, რომ მისი წიგნები არაა მისი შესაფერისი, რადგან ხელი შეეშალა, ოჯახი არ ჰყავს იმიტომ რომ მეგობარი ვერ იპოვა, საგმირო საქმის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ ვერ მოახერხა და სხვა.

გარემოება პასუხისმგებლობის აზრით, ტოტალურად გამოუვალი არასდროს არაა.

ადამიანის ბედი მის შიგნითაა და მისი ერთადერთი იმედი მისივე მოქმედებაა-ჟან-პოლ სარტრი.

ამის გამო სარტრი თავის მოძღვრებას ყველაზე უფრო ოპტიმისტურად თვლის.




0
537
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო მოდებაძე
სოფიო მოდებაძე
537
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0