x
image
მანჩო 777
საუკუნის გამოცანა - როგორ პოულობენ საფოსტო მტრედები გზას?

მტრედების ფოსტა უკვე ათასობით წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში საოცარმა ფრინველებმა მოასწრეს მილიონობით წერილის მიტანა ადრესატამდე, გადაარჩინეს ათასობით ადამიანი, ჩაიდინეს ასობით საგმირო საქმე. უამრავი მტრედია დაჯილდოებული სამხედრო ორდენებით და მინიჭებული აქვს საპატიო წოდება. მტრედების განსაცვიფრებელი უნარი - სწრაფად და იოლად იპოვონ გზა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან საკუთარ ბუდემდე დიდი ხნის წინ შეამჩნიეს ადამიანებმა. გაწვრთნილი ფრინველი სახლში დაბრუნდება მაშინაც კი, თუ მას ღრმა ნარკოზის მდგომარეობაში წავიყვანთ ბუდიდან საკმაოდ შორ მანძილზე.


image

მოდით, ერთად გადავხედოთ ისტორიას და ვნახოთ, სად მოაშინაურეს პირველად მტრედები და როგორ ახერხებენ ისინი ქარსა და წვიმაში, სეტყვასა და თოვლში გზის გაგნებას და ადრესატამდე მისვლას.


image


მტრედები სულ პირველად ადამიანებმა მოაშინაურეს ძველ ეგვიპტეში 5000 წლის წინ. არსებობს ცნობები, რომ ეგვიპტელი მეზღვაურები ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე XVI საუკუნეში აგზავნიდნენ მაცნედ მტრედებს. ამ საოცარ ფრთოსნებს შეუძლიათ შეუჩერებლივ დაფარონ საკმაოდ დიდი მანძილი. წლების განმავლობაში ითვლებოდა, თითქოსდა მტრედებს 110 კილომეტრზე მეტი მანძილის გავლა არ ძალუძთ, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა ზოგიერთ რეკორდსმენს ორჯერ მეტ მანძილზე უფრენია შეუჩერებლად. მტრედების ფრენის საშუალო სიჩქარე 80-100 კმ/სთ-ია, ესე იგი, ისინი მატარებელზე უფრო სწრაფები არიან. ამასთანავე, მათ შეუძლიათ ატარონ თავიანთი წონის მესამედი სიმძიმის ტვირთი, ანუ დაახლოებით 80-90 გრამი.


image

მეცნიერები მტრედებს ბუნებრივ კომპიუტერებს უწოდებენ, რადგან იპოვო ათასობით ქალაქიდან ერთი ქალაქი, ასობით ქუჩიდან - ერთი ქუჩა, ათობით სახლიდან-ერთი სახლი ხელეწიფებათ მხოლოდ ამ ფრთოსან ფოსტალიონებს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მტრედები ფრინავენ მხოლოდ ერთ მხარეს და არა წინ და უკან, ანუ ისინი პოულობენ იმ ადგილს, სადაც მათი სახლია. ამიტომ, თუ სამოგზაუროდ მიდიხართ და აპირებთ სახლში წერილი გამოატანოთ მტრედს, ის უნდა წაიყვანოთ სახლიდან, ისევე როგორ წაიღებდით ბარგს; საჭიროების შემთხვევაში კი მიამაგროთ მას წერილი და გაუშვათ.

საფოსტო მტრედებად მუშაობისათვის გამოყვანილი იქნა მტრედების ახალი, სპეციალური ჯიში, რომელიც ამტანობით, გამძლეობით და ორიენტაციის შესანიშნავი უნარით გამოირჩევა. ყოფილა შემთხვევები, როცა მტრედზე მინიატურული ფოტოკამერა დაუმაგრებით მიუვალი ადგილების ფოტოების გადასაღებად.

მტრედი საშუალოდ 20 წელს ცოცხლობს და მათი 90% სახლში მთელი და უვნებელი ბრუნდება. სწორედ ამიტომ ჰპოვა ასეთი პოპულარობა მტრედების ფოსტამ.

ზოგიერთი მეცნიერი თვლიდა, რომ მტრედები ორიენტირებას ახერხებენ ვარსკვლავების და მზის საშუალებით, თუმცა მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა არ დაადასტურა ეს თეორია. ყოფილა შემთხვევები, როცა სახლში ბრმა მტრედი დაბრუნებულა. მეორე ვერსია იყო ის, რომ ეს ფრინველები უბრალოდ კარგად იმახსოვრებენ გზას, თუმცა მხედველობადაკარგული მტრედების შემთხვევაში ამ თეორიის სისწორეზე ლაპარაკიც ზედმეტია. მესამე ვერსიით, საუბარია ყნოსვით მეხსიერებაზე, თუმცა ეს შეხედულებაც მცდარი აღმოჩნდა.

ყველაზე სწორი და მეცნიერულად დადასტურებული ვერსია იმისა, თუ როგორ იგნებენ მტრედები გზას, არის შემდეგი- ისინი ამას ინფრაბგერების დახმარებით ახერხებენ.


image

მტრედებს კარგად ესმით ინფრაბგერები -10 ჰერცზე ნაკლები სიხშირის ბგერითი რხევები. ნებისმიერ ადგილს ჩვენ პლანეტაზე გააჩნია უნიკალური ინფრაბგერითი რუკა. ინფრაბგერები სხვადასხვა წარმოშობისაა-ბუნებრივიდან (მიწისძვრა, ქარი შხალი, ფრინველების ჭიკჭიკი, ზღვის ტალღების შრიალი და ასე განსაჯეთ, ვეშაპების "საუბარიც" კი) დაწყებული ტექნოგენურით დამთავრებული ( ფაბრიკა-ქარხნების ხმაური, მექანიზმების მუშაობისგან წარმოქმნილი გუგუნი და ა.შ). ის, რომ მტრედები სწორედ ამ ინფრაბგერით რუკას იყენებენ, უამრავი ცდითაა დადასტურებული.

რამდენიმე ფაქტი საფოსტო მტრედების შესახებ: მე-19-ე საუკუნის დასასრულს და მე-20-ე საუკუნის დასაწყისში ევროპის ქალაქებსა და ციხე-სიმაგრეებში შეიქმნა საფოსტო მტრედების სადგურები, სადაც ორი ტიპის მტრედები ჰყავდათ: საკუთარი და სხვისი. "საკუთარი" მტრედების ბუდე სადგურში მდებარეობდა, უცხო მტრედები კი მოჰყავდათ სხვა სადგურებიდან. "საკუთარი'' მტრედები დროდადრო სპეცტრანსპორტით "მივლინებაში'' მიემგზავრებოდნენ. საერთო ჯამში ყველა სადგურზე მუდამ იყო რამდენიმე მტრედი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში თავიანთ ბუდეში (სადგურში) ბრუნდებოდნენ და თან მოჰქონდათ წერილები.


image


მტრედების ფოსტამ თავისი ეფექტურობა დაამტკიცა საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს (1870-1871 წლები). პარიზი გერმანულმა ჯარებმა ალყაში მოაქციეს, მაგრამ დედაქალაქთან კავშირი არ შეწყვეტილა საფოსტო მტრედების წყალობით. პარიზსა და ტურს შორის არსებულ მანძილს - 220 კილომეტრს ფოსტის მტრედები მაქსიმუმ 4 საათში ფარავდნენ, რაც საშუალებას იძლეოდა საომარი მანევრების შესახებ ცნობები ერთ დღეზე უფრო ნაკლებ დროში მიეწოდებინათ. მტრედების ფოსტაში სულ 73 ჩიტი მუშაობდა, რომლებმაც პარიზის 150-დღიანი ალყის განმავლობაში სულ 120 ათასზე მეტი ოფიციალური დეპეშა და მილიონამდე კერძო წერილი მიიტანეს ადგილზე.

დიდ სამამულო ომის დროს ქვეყანაში განხორციელდა ეგრეთ წოდებული ''მტრედების მობილიზაცია''. ფრინველების გარკვეული ნაწილი კერძო პირებისაგან ამოიღეს სამხედრო საჭიროებისათვის. ისინი ინტენსიურად გამოიყენებოდა დეპეშების გასაგზავნად. ასე, მაგალითად, ბალტიისპირეთის 1944 წლის ბრძოლის დროს ყოფილა შემთხვევები, როცა მტრედებს დღეში 150-ზე მეტი შეტყობინება მიუტანიათ. იცოდნენ რა ამ ჩიტების გასაოცარი უნარი უპრობლემოდ გადაელახათ ფრონტის ხაზი, როგორც საბჭოთა, ისე ფაშისტების მეთაურები ყველანაირი საშუალებით ცდილობდნენ წაერთმიათ ისინი ადგილობრივი მოსახლეობისათვის. 1941 წლის 19 დეკემბერს, როცა გერმანელთა არმია სახიფათოდ მიუახლოვდა მოსკოვს, ქალაქის კომენდანტმა გამოსცა ბრძანება: ''იმ მიზნით, რომ არ დავუშვათ მტრის მიერ საფოსტო მტრედების გამოყენება, სამი დღის განმავლობაში ყველა მოქალაქე, რომელსაც ეს ფრინველი ჰყავს, ვალდებულია ჩააბაროს ის მილიციის განყოფილებას ბრძანების გამოსვლიდან სამი დღის განმავლობაში. ის პირები, რომლებიც გადამალავენ მტრედებს, მიეცემიან პასუხისგებაში ქვეყნის ღალატის მუხლით". რა თქმა უნდა, აქ ლაპარაკი იყო მხოლოდ საფოსტო, გაწვრთნილ მტრედებზე და არა სახურავებზე მშვიდად მოსეირნე ფრინველებზე.

დღესდღეობით, ტექნიკური პროგრესის არნახული გაქანების ეპოქაში საფოსტო მტრედებმა თავიანთი ფუნქცია დაკარგეს, თუმცა ზოგიერთ ქვეანაში მათ გამოყენებას ჯერ კიდევ განაგრძობენ. მაგალითად, ინდოეთში მტრედებს ფოსტა გადააქვთ ძნელადმისადგომ ადგილებში, შვეიცარიაში ეს ფრთოსნები ემსახურებიან ექსტრემალური შეტყობინებების მიწოდებას, ხოლო ინგლისის ქალაქ პლიმუტში მტრედებს სისხლის ნიმუშები გადააქვთ საავადმყოფოებიდან სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებში.


image

და ორიოდე სიტყვა გმირ-მტრედებზე: საფოსტო მტრედს სანომრე ნიშნით 888 მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. სიკვდილის შემდეგ ის მიწას მიაბარეს იმ ღირსებითა და პატივით, რაც სამხედრო ჩინოსანს ეკუთვნის.

მტრედმა, სახელად "შერ ამი" («Cher Ami» -ფრანგულიდან ''საყვარელი მეგობარი'') პირველი მსოფლიო ომის დროს გადაარჩინა 77-ე დივიზიის დაკარგული ბატალიონი, რომელიც მტრის ალყაში იყო მოქცეული. მას შემდეგ, რაც სისხლისაგან დაცლილმა, მკერდში დაჭრილმა და თვალებდასისხლიანებულმა ფრინველმა მიიტანა ცნობა ბატალიონის ადგილსამყოფელის შესახებ, 194 ადამიანი იქნა გადარჩენილი. ფრინველი დაჯილდოვდა ამერიკის საფოსტო მტრედების საზოგადოების ოქროს მედლით და საფრანგეთის სამხედრო ჯვრით.


image

ბრიტანელი მტრედი, სახელად კომანდო, მუშაობდა ბრიტანეთის სპეცსამსახურების აგენტებთან ფრონტის ხაზზე: მნიშვნელოვანი დასაზვერვო ინფორმაციებით აღჭურვილმა ფრინველმა სამჯერ შეასრულა გაფრენა გერმანელებით ოკუპირებულ საფრანგეთის ტერიტორიაზე, რის გამოც ომის დასრულების შემდეგ მას მიანიჭეს მარა დიკინის მედალი (ცხოველებისათვის დაწესებული ბრიტანული უმაღლესი სამხედრო ჯილდო).


image

2010 წელს ინგლისში ჩატარებული იქნა ექსპერიმენტი, რის შედეგადაც გამოირკვა, რომ საფოსტო მტრედებმა 193 კილომეტრ მანძილზე გაცილებით უფრო სწრაფად მიიტანეს ფლეშ-ბარათები, ვიდრე ინტერნეტ-მომხმარებელმა 300 მეგაბაიტის სიმძლავრის ვიდეო გადმოქაჩა სიჩქარით 2 მეგაბიტი/წმ. მტრედებმა ამოცანა 1სთ 15 წთ-ში შეასრულეს; ამ დროისათვის ვიდეორგოლის მხოლოდ 24% იყო ჩამოტვირთული.


image


როგორც ვხედავთ, მტრედი მხოლოდ მშვიდობის სიმბოლო როდია, ის ოდითგანვე დასაფასებელი და მნიშვნელოვანი ფრინველი იყო. ასე რომ, გავუფრთხილდეთ დედამიწის ფლორასა და ფაუნას, ის ხომ ასე სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენთვის.


image

6
1392
17-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1392
  
2017, 5 ნოემბერი, 23:19
გაიხარეთ
2017, 5 ნოემბერი, 12:20
მშვენიერი სტატია იყო.... მომეწონა
2017, 5 ნოემბერი, 0:37
ძალიან საინტერესო სტატიაა
2017, 4 ნოემბერი, 1:01
საინტერესო სტატიაა.
2017, 4 ნოემბერი, 0:07
მე უკვე აღარ ვიცი, რა აინტერესებს ამ ხალხს.... ყოველგვარი მოტივაცია მეკარგება ნელ-ნელა :(
2017, 3 ნოემბერი, 16:59
მანჩო სტატია უმაგრესია ძან მომეწონა მარა აქ ესეთი სტატიები არ მოწონთ რაც ნახვებზეც აისახება
0 1 6