x
მეტი
  • 16.07.2018
  • სტატია:78681
  • ვიდეო:331399
  • სურათი:435243
არაფერი

image

ეს არაფერია. დიახ, სწორედაც რომ არაფერი, სრული სიცარიელე. ეს არ არის გატეხილი გულების სამფლობელო, სადაც ადამიანები საკუთარი ნარჩენების შეკოწიწებას სიყვარულით ცდილობენ. ეს არ არის მზრუნველი დედების გრძნობა, პირველი შვილის, ხელში პირველად აყვანისას რომ განიცდიან. ეს არ არის სახით ლამაზი და გულით მახინჯი ადამინების, კიდევ უფრო მახინჯი საქციელების, გულისამრევი სანახაობა. ეს არ არის ორ სამსახურში მომუშავე მამების დაღლილობა, რომელსაც მთელი მათი სხეული მოუცავს, მაგრამ მიზანი, შვილისთვის განათლების ფულის შეგროვება, მაინც ვერ შეურყევია. ეს არ არ არის ნარკომანების ქვეყანა, სადაც ცხოვრების გაადვილების საშუალებებს ცხვირში ან ვენაში იფშვნეტენ. ეს არ არის მოღალატეებისთვის განკუთვნილი ადგილი, რომლებიც ნებისყოფის არქონასა და მყარი გადაწყვეტიელებების მიღების უუნარობას, ფარისევლობის საბურველში ხვევენ ვითომც არაფერი. ეს არ არის იმ მოსწავლეების შიში სკოლის მიმართ, რომლებმაც იციან, რომ განათლების სახლში შესვლის შემდეგ, დაამცირებენ, დასცინებენ, შარვალს ჩახდიან და ამას მაინც ვერაფერს მოუხერხებენ. ეს არ არის ორი მოხუცი ცოლ-ქმრის, ახალგაზრდობის ბედნიერებით აღსავსე სასიყვარულო ისტორია, რომლებიც ხორცშესხმულ შთაგონებას წარმოადგენდნენ და ახლა კი ერთმანეთზე ნერვები ეშლებათ. ეს არ არის ქუჩაში წაქცეული და მუხლგადაყვლეფილი პატარა ბავშვის ტირილი, რომელიც იმის გამო კი არ ტირის რომ სტკივა, არამედ იმის გამო რომ დედა ეჩხუბება. ეს არ არის ანონიმური ლოთების კლუბი, სადაც სასმელის გარეშე გატარებულ დღეებში ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა გულის სიღრმეში ყველა მათგანს უგონოდ გამოთრობა უნდა. ეს არ არის „საინტერესო“ ადამიანების უაზრო ცხოვრების ნაცრისფერი სამყარო, სადაც ისინი მთელ ცხოვრებას რაღაც დიადის მოლოდინში ატარებენ და ისე კვდებიან რომ ეს სიდიადე მათ არ ეხებათ. ეს არ არის მეძავების ადგილი, რომელთაც სხვა გზა არ აქვთ და სხეულით ვაჭრობაში სულს ილპობენ, ან იქნებ ჰქონდათ და თავის დროზე სიზარმაცისა და სისუსტის გამოვლენის გამო, სწორედ ამიტომაც ლპებიან. ეს არ არის ყაჩაღების სამალავი, რომლებიც სხვების წართმევით „ირჩენენ“ თავს და მათზე ხალხმა უფრო მეტი იცის ვიდრე კარგ ადამიანებზე. ეს არ არის ფარისევლების ეკლესია, რომლის შიგნითაც ხალხი სათნოების განსხირებაა, ხოლო მის გარეთ კი მონსტრების ნაირ-ნაირი კოლექცია. ეს არ არის ნივთების მონა ადამიანების სახლი, სადაც შეიძლება ყველაფერი იპოვო, რეალურად საჭირო „ნივთების“ გარდა. ეს არ არის მსუნაგი ადამინების საჭმელი, რომელსაც ისინი დიდი დოზებით იღებენ და ამის გამო თავს საშინლად გრძნობენ, თუმცა იხტიბარს მაინც არ იტეხენ, ვითომ თავს კარგად ვგრძნობთო. ეს არ არის ოცნებებში გმირისა და რეალობაში ლაჩარისა და უმოქმედო ადამიანის უსუსურობა, რომელიც საპნის ბუშტივით ქრება როცა საკუთარ თავთან მარტო რჩება. ეს არ არის იმ სულმიმპალი ადამინების იმედი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ისინი სხვებზე ცუდები არ არიან და თავიანთი საქციელის გამართლება ყოველთვის შეუძლიათ გარეშე მოვლენებს ან სხვა ადამიანებს გადააბრალონ. ეს არ არის ანგარებიანი ადამიანის ნაძალადევი სიყვარულის „პრობნიკი“, რომელიც ნამდვილს გავს, თუმცა სინამდვილეში ნეხვის სუნი ასდის. ეს არ არის გატეხილი ბორბალივით მოგორავე მათხოვარის გამოწვდილი ხელი, რომლითაც მარიფათიანი დღის შემდეგ ბლომად ფულს ჩაიჯიბავს და სასწაულებრივად გამოჯანმრთელებული სახლში წავა, რათა მეორე დღეს სასწაულებრივადვე დაძაბუნდეს. ეს არ არის ცხოველების მოყვარული ზოოპარკი, სადაც ადამიანები ძაღლებზე გიჟდებიან, ზოგჯერ ადამიანებზე მაღლაც კი აყენებენ, თუმცა რატომღაც ავიწყდებათ რომ ღორიც ცხოველია და ძაღლიც იჭმევა. ეს არ არის ის რაც შენ გინდა. ეს არ ხარ შენ, ეს არ ვარ მე, ეს არაფერია უბრალოდ არაფერი.


0
7
2-ს მოსწონს
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0