x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სიღნაღში ჩეხი ტურისტის „გაუპატიურების“ სკანდალური დეტალები

ფოტო-მტკიცებულება შემთხვევის დღეს გადაღებული კადრი

აგვისტოს ომის მონაწილე დავით ლეკაშვილი სასამართლომ მტკიცებულებების გარეშე დამნაშავედ სცნო


სიღნაღის სასამართლომ დედოფლისწყაროში მცხოვრებ 36 წლის დავით ლეკაშვილს ჩეხი ტურისტის, რენატა ბზეჟინოვას გაუპატიურების საქმეზე 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. შემთხვევა გასული წლის ზაფხულში, სიღნაღში მოხდა. დავით ლეკაშვილი გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ 2016 წლის ივნისში დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

ჩეხი ტურისტის თქმით, იგი ღამით ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე საოჯახო სასტუმროში გააუპატიურეს, სადაც ღამის გასათევად დაბინავდა. საქმეს სიღნაღის რაიონული სასამართლო 9 თვის განმავლობაში დახურულ სხდომაზე იხილავდა. სქესობრივი კავშირი დადასტურდა, თუმცა ძალადობის მტკიცებულებები საქმეში არ დევს. დაკავებულის ოჯახი უსამართლო განაჩენს ჩეხეთის საელჩოს აქტიურობას უკავშირებს და მათ ჩარევას გამოძიებაზე ზეწოლად აფასებს.

დავით ლეკაშვილი აგვისტოს ომის მონაწილეა, მთელი ცხოვრება სპორტსა და სამხედრო სამსახურს დაუთმო. მისი ფსიქიკა მაღალი რანგის მისიების დროს არაერთხელ შემოწმებულა. სამშვიდობო მისიით ერაყშიც მსახურობდა. მას მოძალადედ არავინ ახასიათებს. მიუხედავად განაჩენისა, სასამართლო განხილვაზეც გამოიკვეთა, რომ ძალადობის კვალი არ ჩანს. გამოძიება ირწმუნება, რომ გოგონა ნასვამი იყო, მამაკაცმა კი მისი უმწეო მდგომარეობით ისარგებლა და სქესობრივი კავშირი დაამყარა. არადა, ამ დრომდე არ გამოკვლეულა, რა სახის თრობა აღენიშნებოდა იმ მომენტში ქალბატონს და ხომ არ იქნა გამოყენებული საძილე თუ ზემოქმედების სხვა სახის საშუალებები.

როგორც გავარკვიეთ, ლეკაშვილმა სამი ჩეხი ტურისტი ჩალაუბნის გზაზე შემთხვევით გაიცნო, ისინი სიღნაღის დათვალიერებას გეგმავდნენ და დახმარება შესთავაზა. სიღნაღის სხვადასხვა კაფის თანამშრომლები, კვადროციკლის გაქირავების მომსახურე პერსონალი ამტკიცებენ, რომ გოგონასა და მამაკაცს ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდათ და მთელი დღის განმავლობაში მათ კონფლიქტი არ ჰქონიათ:

imageimage

„100%-ით გეუბნებით, რომ ეს გოგონა ბიჭს კისერზე ეკიდებოდა, კოცნიდა, მეგობრები კი ფოტოებს უღებდნენ და ერთობოდნენ. არანაირი წინააღმდეგობა არ ჰქონდა, პირიქით, გოგონა იჩენდა ყურადღებას მამაკაცის მიმართ. შემდეგ ტურისტები დედოფლისწყაროში წაიყვანა, მწვადი შეუწვა, ასეირნა, ბოლოს კი სიღნაღში საოჯახო სასტუმროში დააბინავა და თავადაც იქ დარჩა“, _ ყვებიან თვითმხილველები.

იმავე სასტუმროში დარჩნენ რენატა ბზეჟინოვას დაქალი და კიდევ ერთი მეგობარი მამაკაციც, თუმცა რენატა დათოსთან ერთად წვება. დილით კი მათი მეგობარი გოგონა ყვირილს იწყებს და პატრულს იძახებს. სასტუმროს პერსონალიც ამბობს, რომ ძალადობის ხმა არ სმენია. წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაყვანილი გოგონა ექსპერტიზაზე უარს აცხადებს. წნორის საავადმყოფოს ექიმი ამბობს, რომ გოგონა ექიმების მიმართ აგრესიული იყო, არ სურდა, მისი მდგომარეობა გამოეკვლიათ. როგორც წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში აცხადებენ, „გასინჯვაზე უარს ამბობდა. წინააღმდეგი იყო, სამედიცინო დახმარება აღმოგვეჩინა. მამაკაც ექიმებთან ურთიერთობაზეც უარი თქვა, შემდეგ ქალბატონი მედიკოსების დახმარებით მოხერხდა მისი გარეგანი დათვალიერება, სხეულზე გარეგანი დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა, იყო მშვიდად. მოხერხდა ჰემოდინამიკური მონაცემების შემოწმებაც, რომელიც აბსოლუტურად ნორმაში იყო. სასწრაფოს ექიმების გადმოცემით, ქალბატონი იყო ნასვამ მდგომარეობაში და წინააღმდეგობას უწევდა სასწრაფოს ექიმებსაც“.

ექსპერტიზის დასკვნაში წერია: „შემოწმებისას სხეულზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღინიშნება. საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეულია, თუმცა დარღვევის ხანდაზმულობისა და პერიოდის განსაზღვრა ექსპერტიზას არ შეუძლია, ვინაიდან გასულია ორ კვირაზე მეტი დრო. გაუპატიურების ფაქტის დადგენა არ შედის სასამართლო სამედიცინო ექსპერტის კომპეტენციაში“.

დაკავებულის ადვოკატი ზურაბ ბეგიაშვილი ამბობს, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს, რაც დაზარალებულის უმწეობაზე მიანიშნებს. ის, რომ გამოძიებას სათანადო მტკიცებულებები არ აქვს, თავად დაზარალებულის მიზეზით მოხდა, რადგან დროზე ადრე დაბრუნდა სამშობლოში ისე, რომ სათანადო კვლევები არ ჩატარებია და არც მას შემდეგ უთანამშრომლია გამოძიებასთან. მისი თქმით, „გადაწყვეტილება არის უკანონო. სამართლებრივად სწორი და მტკიცებულებებით გამყარებული არ არის. აბსურდულ ცილისწამებას ჰქონდა ადგილი გამოცდილი სამხედრო ვეტერანის მიმართ, რომელიც საქართველოსთვის იბრძოდა, სხვადასხვა მისიაში მონაწილეობდა და სამშობლოს ყოველთვის გვერდით ედგა. ქართულმა სახელმწიფომ მას ძალიან ცუდი საზღაური გადაუხადა. იყო თუ არა დაზარალებული უმწეო მდგომარეობაში, ცალსახად არ არის დადგენილი. იმისთვის, რომ გამოეკვლიათ ქალბატონის სხეულში ალკოჰოლის ოდენობა ან მოწამვლის კვალი, არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზა, რაც პირველ რიგში უნდა მომხდარიყო. პარადოქსულია, რომ დაზარალებულის დასკვნა არ არსებობს. ჩვენების მიცემისთანავე სამივე ტურისტმა დატოვა საქართველო და გაემგზავრა, თუმცა შეეძლოთ, კიდევ რამდენიმე დღე დარჩენილიყვნენ და გამოძიებისთვის ხელი შეეწყოთ. ეს მათ ინტერესშიც შედიოდა, თუმცა გამოძიებასთან არ უთანამშრომლიათ''.

დაკავებულის დედა მზია ალადაშვილი სამართლიან განაჩენსა და სამშობლოსთვის მებრძოლი შვილის ღირსების აღდგენაში დახმარებას ითხოვს. იგი ჩეხეთის საელჩოსგან ითხოვს, მოძებნონ ავანტიურისტი ტურისტი, რომელმაც მის შვილს ცილი დასწამა: „ჩამოიყვანონ ის ქალბატონი, რათა მოხდეს დაკითხვა და საქმის დეტალების გარკვევა. ეს ჩვენი ქვეყნის ღირსების საქმეა. მივმართავ სიღნაღის სასამართლოს, ხელახლა განიხილონ საქმე და ნუ დაითრგუნებიან, გამოიტანონ სამართლიანი გადაწყვეტილება. იმაზე არ ვდარდობთ, რამდენი წელი მიესაჯა ომის ვეტერანს, რომელიც დაკავების მომენტში საქართველოს საზღვრებს იცავდა; ჩვენ ვაპროტესტებთ დაუმსახურებელი და ყოვლად უსამართლო იარლიყის ტარებას, არ ვჩერდებით და ბრძოლას ვაგრძელებთ“.

ადვოკატი ზურაბ ბეგიაშვილი იმასაც აპროტესტებს, რომ სასამართლო პროცესი დახურული იყო და მოსამართლემ არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა:

– არაერთხელ მოვითხოვეთ, პროცესი გაეხსნათ, მაგრამ დახურულ რეჟიმში განიხილებოდა. სასამართლომ რეკორდი მოხსნა და არც ერთი ჩვენი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. პროკურატურამ არ დაკითხა არც ერთი ისეთი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა, რომ მთელი დღის განმავლობაში წყვილს ერთად ხედავდა და არავის შეუმჩნევია მათ შორის კონფლიქტი. სურათებსაც მათივე სურვილით იღებდნენ და სხვათა შორის, ეს ფოტოები მათი თანმხლები ჩეხი მამაკაცის მიერაა გადაღებული. თავდაპირველად, მათ უარყვეს, რომ მოგზაურობისას დავითთან ფოტოებს ჰარმონიულად იღებდნენ. მოწმეები გაფრთხილებული ჰყავდათ, რომ დღის განმავლობაში მათი კარგი ურთიერთობის შესახებ ყურადღება არ გაემახვილებინათ. ჩვენს მიერ მითითებული მოწმეები და სექსოლოგები, რომლებიც სამედიცინო თვალსაზრისით ახსნიდნენ, სასამართლომ არ დაკითხა. ძალიან დამამცირებელი და უცნაურია, რომ სასამართლო არ დაინტერესდა, ეს დეტალები სპეციალისტებთან გამოეკვლია. უნდა მომხდარიყო. საკითხის ანალიზი არა მხოლოდ იურიდიულად, არამედ სამედიცინო თვალსაზრისითაც. მთავარი ისაა, რომ თუკი ისინი რაიმე სახის საფრთხეს გრძნობდნენ, ამ შემთხვევაში დათოს მათთან ერთად არ დატოვებდნენ ან კარს საგულდაგულოდ დაკეტავდნენ. გაირკვა, რომ საკეტი ღია იყო და არც გვერდით ოთახში გაუგია ვინმეს ძალადობის ხმა. როდესაც გათენდა, მეგობარმა გოგონამ დაიწყო ყვირილი და პატრულს დაურეკა. ამ დროს კი რენატა თავს იმართლებდა, რომ ეძინა და არაფერი ახსოვს. რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეძინა, რითაც ალიბის შექმნას ცდილობდა. უამრავი წინააღმდეგობაა ჩვენებებში და ბევრი სიცრუე წერია, ამიტომაც სასამართლო სხდომებზე ხელახალ დაკითხვებს თავი აარიდეს, რადგან ტყუილი ჩვენებები მალე გაქარწყლდებოდა. სასამართლოზე რომ ჩამოსულიყვნენ, ანალიზის შედეგად ისეთ კითხვებს დავუსვამდით, რომ ნამდვილად ჩაიჭრებოდნენ. პროკურატურა იძულებული გახდა, თავდაპირველ ჩვენებებს დაყრდნობოდა. როცა პროკურატურა მიხვდა, რომ ზოგიერთი ჩვენება საქმის მსვლელობისთვის არასასურველი იქნებოდა, ყველა საინტერესო მოწმე ამოაგდეს და აღარ დაკითხეს. საეჭვო გარემოებაა ისიც, რომ გოგონები დროზე ადრე წავიდნენ საქართველოდან. ე.წ. დაზარალებულის დაუყოვნებლივ ქვეყნიდან წასვლით, პასუხგაუცემელი კითხვები დატოვეს და კიდევ რომ დარჩენილიყვნენ, ცხადია, ჩვენ აუცილებლად მოვითხოვდით ყველანაირ გამოკვლევას. თუკი ფიზიკური ნების საწინააღმდეგოდ განხორციელდა სქესობრივი აქტი, შეუძლებელია, ასეთ დროს სხეულზე რაიმე სახის დაზიანებები არ ყოფილიყო, ან არ გაეგოთ ეს იმავე ოთახში, ან სხვა ოთახებში მყოფებს.
– აბა, რას ეყრდნობა სასამართლო, როცა მის უმწეო ვითარებაში ყოფნას იზიარებს?
– უმწეობა უნდა გამოიკვეთოს სათანადო სპეციალიზებული ექსპერტიზის დასკვნით, რაც საქმეში არ დევს. ამასთან, გოგონა სპორტსმენია _ მორბენალი და ფრენბურთელი, შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა, თუკი ამას მოისურვებდა.
– რა ინტერესი არსებობდა ამ საქმეში, სათანადო მტკიცებულებების გარეშე დავით ლეკაშვილი პატიმრობაში დარჩენილიყო?
– დავითის დაკავებას პირველ ეტაპზე არავინ აპირებდა. როდესაც გოგონები თბილისში წავიდნენ, ჩეხეთის საელჩოს დაუკავშირდნენ და საელჩომ მთელი ძალისხმევა დახარჯა, რომ ხმაური აეტეხა. როგორც ჩანს, საელჩომ პროკურატურაში დარეკა, რათა რეაგირება მკაცრი ყოფილიყო. ჩეხეთის საელჩოც ადასტურებს, რომ მათ აქტიურად დაიწყეს მოქმედებები, დაიქირავეს თარჯიმანი, ამ ხნის განმავლობაში საკონსულოს წარმომადგენლები დადიოდნენ და ლობირებდნენ ამ საქმეს. ეს დაზარალებულების დაცვა კი არა, საელჩოს მხრიდან შეტევა იყო პროკურატურაზე.
– გაჩნდა მოსაზრება, რომ მათ სამოგზაურო დაზღვევა ჰქონდათ და შესაძლოა ამით ტურისტებმა კომპენსაცია მიიღეს. იქნებ სწორედ ფინანსური ინტერესის გამო ატეხეს ხმაური?
– გაირკვა, რომ სამივე ტურისტი სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელია, რაზეც სასამართლო განხილვისას ყურადღება არ გამახვილებულა. სამოგზაურო დაზღვევა შესაძლებელია გულისხმობდეს როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზღვევას, ისე სექსუალური რისკებისა და ხელშეუხებლობის საკითხსაც. სწორედ ეს გარემოება შეიძლება გამოიყენონ მათ და ნებისმიერ დროს საქართველოს უჩივლონ, რომ ამ ქვეყანამ ვერ უზრუნველყო მათი დაცვა სქესობრივი ხელშეუხებლობის კუთხით.
-- ამბობთ, საელჩოს ჩარევის შემდეგ პროკურატურა უფრო მკაცრი გახდა დაკავებულის მიმართ, მას შემდეგ საელჩო რამდენად დაინტერესდა სასამართლოს მსვლელობით?
– საპროცესო მოქმედების შესრულებაში მათი თანამშრომლები მონაწილეობდნენ. საკონსულოს თანამშრომლები დაკითხვისას ამბობდნენ, რომ კონსული აქტიურად იყო ჩართული და პოლიციას დაჰყვებოდა. ამან კი საქმის რეზონანსი გამოიწვია და გარკვეულწილად, ეს აღიქმება, როგორც ზეწოლა პროკურატურაზე. ეს ყველაფერი მაშინ, როცა დათოს დაკავებისას ადვოკატიც არ დაუნიშნეს და აბსოლუტურად მოკლებული იყო საკუთარი უფლებების დაცვას. უკანონოდ და დარღვევებით დააკავეს. არ განუმარტეს, რატომ აკავებდნენ. საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების უგულებელყოფა მოხდა. ავტომანქანაში მოტყუებით ჩასვეს და თბილისიდან სიღნაღში ისე წამოიყვანეს, რომ მან არ იცოდა დაკავების შესახებ. ეს საქმე აქედანვე იყო განწირული.
– მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულს გამოკვლევების დიდი ნაწილი არ ჩაუტარებია და დასკვნები არ არსებობს, განაჩენი გამოტანილია, უკვე მისჯილია ექვსწლიანი პატიმრობა, ოჯახის პოზიცია გვითხარით, რას აპირებთ ახლა?
– ბრძოლას ვაგრძელებთ. გასაჩივრებას ყველა ინსტანციაში ვგეგმავთ საქართველოში, შემდეგ კი, თუ სამართალს ვერ ვიპოვით, აუცილებლად წავალთ ევროსასამართლოში. სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში მინდა, რომ საქმე კოლეგიურად რამდენიმე მოსამართლემ განიხილოს. ასეთი პრაქტიკა უკვე არსებობს და მინდა, კომპლექსურად მიუდგნენ მოსამართლეები. მინდა, განხილვაში ჩაერთონ ძლიერი იურისტები და ყველაფერი დეტალურად გამოიკვლიონ. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში ასეთი საქმე გამამართლებელი განაჩენით დასრულდება. დათო ღირსეული მამაკაცია, მთელი ცხოვრება სამშობლოს ემსახურა, არც ერთი შეცდომა არ დაუშვია სამხედრო მისიებში, ყველა ტიპის ფსიქოლოგიური ტესტირება გავლილი აქვს და მოძალადე ადამიანი ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა. იმ დროს, როდესაც მის გამოცდილებას ჩვენი ქვეყანა თავის სასიკეთოდ უნდა იყენებდეს, მას ექვსი წლით ციხეში ტოვებს.

ჩეხეთის საელჩოში მხოლოდ იმ ფაქტს ადასტურებენ, რომ მათი ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ძალადობის მსხვერპლი გახდა. საელჩოში მომხდარის დეტალებზე საუბარი არ სურთ და ამბობენ, რომ მედიასთან დამატებით ინფორმაციას დაზარალებულის თანხმობის გარეშე ვერ გასცემენ.


2
1792
5-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1792
  
2017, 1 ნოემბერი, 9:37
ზუსტად ეგ უნდა მეთქვა!
2017, 31 ოქტომბერი, 22:24
იმათ მენტალიტეტი სხვანაირია..აქ რახან შენთან ერთად მწვადი შეჭამა და იქეიფა ან გეხუტება..ეს იმას არ ნიშნავს რომ შენთან დაწოლაც ეწადა..ქართული მენტალიტეტი კიდევ სულს სხვააა....ასე რომ ორივე დამნაშავეა..აქ ჩამოსული ტურისტები ამ მხრივ უნდა გააფრთხილო ამ მხრივ,,,და ქართელმა კაცებაც უნდა შეიგნონ,რომ თუ გაგუღიმა ან შენთან ერთად იცეკვა ...ესე იგი უნდა მიახტე,,,,იმათი გაგება სხვაგვარია
0 1 2