x
image
_K_
ყველაზე გახმაურებული პოსტები #მეც (#metoo) კამპანიიდან
image

15 ოქტომბრიდან ქალთა მოძრაობის ინიციატივით საქართველოშიც დაიწყო კამპანია #მეც (#metoo), რასაც ვაინშტაინის სექსუალური ძალადობის საქმეების გამოხმაურებამ დაუდო საფუძველი.

კამპანიაში უამრავი ქალი ჩაერთო და ფართო საზოგადოებას თავისი ამბავი გაუზიარა.

ქალთა მოძრაობის მიზანია, კანონმა აღიაროს სექსუალური შევიწროება დანაშაულად.

გახსოვდეთ, პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა, ვისაუბროთ მასზე.


გთავაზობთ საქართველოში ინტერნეტსივრცეში ყველაზე გახმაურებულ პოსტებს და ღია წერილებს სექსუალური შევიწროების შესახებ.


ბაია პატარაია: "სულ პატარა გოგო რომ ვიყავი, მეზიზღებოდა მეტრო და ჭეჭყვა, ვიღაც ხელს მოგითათუნებდა და ვერც კი გაიწეოდი, ვერც კი ხვდებოდი ვინ იყო, მხოლოდ ჩასვლა გინდოდა და ეგეც არ შეგეძლო. მეცხრე კლასში ვიყავი ჩემმა სამართლის ახალგაზრდა მასწავლებელმა როგორ მომიყვა მსგავსი ამბავი, რომ ვიღაც კაცს ესე აუტირებია მისი სკოლის დაქალი, ამას "შოტლანკა იუბკიდან" მოუხსნია დიდი ქინძისთავი და მთელი ძალით შეურჭვია იმ კაცისათვის, დაუტოვებიათ აბღავლებული და გამოქცეულან ... "ხედავ შენ?! თურმე როგორ უნდა მოიქცე ამ დროს" - გავიფიქრე მაშინ. ბევრი წლის შემდეგ, როდესაც არც მეტი არც ნაკლები ბრიუსელის ავტობუსში უცნობმა კაცმა ხელი მომისვა იქ, სადაც არ ეგების, შეუმჩნევლად მოვძებნე მისი თითები და გადავუგრიხე გვარიანად. ვინც ცხოველურად აღრიალდა, იმ კაცს ჩავხედე თვალებში და ვაგინე ქართულ-ინგლისურად. ის ჩავიდა ავტობუსიდან, მე კი დავრჩი.
ეს მოვახერხე ზრდასრულმა, თავდაჯერებულმა ქალმა, მაგრამ ყოველთვის ასეთი კი არ ვიყავი. იყო შემთხვევები, როცა ვიბნეოდი და ტირილი მინდებოდა, მაგრამ მაგ ამბებს აღარ მოვყვები, ეგ უკვე გამოვიარე და ამ ამბავსაც სხვა პატარა გოგოებისთვის ვწერ: არ შეგეშინდეთ, გაბრაზდით, დაანახეთ მოძალადეს თქვენი რისხვა და ნახავთ, როგორ დაპატარავდება შიშით ეგ ლაჩარი".

image


მარი კურტანიძე (წერილი ყოფილ მასწავლებელს - თამაზ აქუბარდიას): "

მოგესალმებით, იმედია, გახსოვართ: მათემატიკაში მამზადებდით აბიტურიენტობის დროს, მაშინ 15 წლის ვიყავი. კვირაში სამჯერ დადიოდით ჩემთან სახლში და კერძო გაკვეთილებს მიტარებდით. ჩემი სახელი და გვარი თუ არაფერს გეუბნებათ, ვეცდები, სხვანაირად გაგახსენოთ: “აბრეშუმივით კანი მაქვს”. თქვენ გიჟდებოდით მასზე. ჩემი დახეული ჯინსის შარვალიც უნდა გაგახსენდეთ, მაგიდის ქვეშ ხელს რომ მისვამდით ხოლმე კანზე, საოცარი კანი გაქვსო, მეუბნებოდით. მას შემდეგ შემძულდა დახეული ჯინსი და აღარ ვიცვამ. თქვენი დაჟინებული თხოვნები არ აყოვნებდა: “რატომ არ გაცვია ჩემი საყვარელი შარვალი, გთხოვ, ჩაიცვი რა”. წავსულვარ და გამომიცვლია რამდენჯერმე, ბევრჯერ! წესით, ისიც უნდა გახსოვდეთ, როგორ მემუქრებოდით: “ამ ამოცანას სწორად თუ არ ამოხსნი, ტუჩებში გაკოცებ”. ერთხელ ამისრულეთ კიდეც დანაპირები: დამშვიდობებისას, ლოყაზე კოცნის მაგიერ ტუჩებში მაკოცეთ.

დანარჩენი თქვენ უკვე არ გემახსოვრებათ. მე მახსოვს. მახსოვს, როგორ ვტიროდი – თავს ვირწმუნებდი, რომ 50 წლის მასწავლებელი არ იყო “ჩემი პირველი კოცნა”, რომ ეს ყველაფერი “შემთხვევით მოხდა”!

სახელს ვერ ვარქმევდი ვერც ხელების ფათურს – ვიცოდი, რომ ეს არასწორი იყო, მაგრამ ვერ ვბედავდი ამაზე ვინმესთან ლაპარაკს. მეშინოდა, ჩხუბი არ ამტყდარიყო. მერჩია, ჩუმად ამეტანა. ვერც იმას ვხვდებოდი, რა უნდა მეთქვა. უფროსებთან შეპასუხებას არ ვიყავი მიჩვეული, განსაკუთრებით – მასწავლებლებთან. თქვენც დარწმუნებული იყავით, რომ არავის ვეტყოდი; ძალიან მორცხვი, დამჯერი, ჩუმი ბავშვი ამარჩიეთ მსხვერპლად. მას შემდეგ 10 წელი გავიდა…

ამ ხნის განმავლობაში ისე მოვიქეცი, როგორც ბევრი მსხვერპლი იქცევა: გადავწყვიტე, დამევიწყებინა ან თავი მომეჩვენებინა, რომ თითქოს არ მახსოვს, რომ ცუდი არაფერი მომხდარა; იმაზე ვკონცენტრირებულიყავი, რომ კარგი ადამიანი ხართ: განათლებული, ნაკითხი, “პატრიოტი”. მერჩია, შემბრალებოდით: “რა ქნას, ახალგაზრდა გოგოები და ქალები მისი სისუსტეა”.

დღემდე მიჭირს, სწრაფი და საკადრისი პასუხი გავცე მოძალადეებს, იმ კაცებს, რომლებიც სექსუალურად მავიწროვებენ, მაგრამ სხვა ქალებთან საუბარმა, ისტორიების მოსმენამ (რომლებიც ხშირად ჩემი ამბის მსგავსია), ჩემმა პროფესიამ და რეალობის – ქალის მიმართ არსებული ძალადობრივი კულტურის – გააზრებამ გამაძლიერა. მხოლოდ ახლა, 10 წლის შემდეგ, ვბედავ, რომ ამაზე ხმამაღლა ვისაუბრო და არ შემეშინდეს! არ შემრცხვეს! ამას ჩემი თავისა და ყველა იმ გოგოს/ქალის გამო ვაკეთებ, რომლებიც იძულებული არიან, ჩუმად აიტანონ სექსუალური შევიწროება და სხვადასხვა ფორმის ძალადობა.

ახლა სახელების დარქმევაც ვისწავლე: თქვენ არ ხართ კარგი ადამიანი, თქვენ ნაძირალა ხართ, ბატონო თამაზ! ვერანაირი განათლება, “პატრიოტიზმი” და პროფესიონალიზმი ვერ გადასწონის იმ ფაქტს, რომ ბავშვებზე, 15 წლის ბავშვებზე(!) სექსუალურად ძალადობთ!

იმედი მაქვს, ამ წერილს ბევრი წაიკითხავს. გვახსოვდეს, რომ ძალიან ხშირად, მოძალადეები და შემვიწროებლები ისინი არიან, ვისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად მოველით; ისინი, ვისაც გავლენა და ავტორიტეტი აქვთ “მსხვერპლზე”, ხოლო მსხვერლად ირჩევენ მათ, ვინც სუსტია და ადვილად მოწყვლადი, ვინც პასუხის გაცემას და ამაზე საუბარს ვერ შეძლებს. სწორად ამიტომ რჩება განსაკუთრებით შემზარავი ამბები უთქმელი და შეუმჩნეველი.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირს და მთელ ჩემ გამბედაობას ვიკრებ ამ დამამცირებელ გამოცდილებაზე სასაუბროდ, ვფიქრობ, მხოლოდ ასე – ხმამაღლა საუბრით შევძლებთ თქვენნაირი მოძალადე კაცების მხილებას და რეალობის შეცვლას!

გემშვიდობებით და, იმედია, ამ წერილის წაკითხვის შემდეგ მაინც, ყოველ ჯერზე, როცა ხელს გააპარებთ, ყოველ ჯერზე, როცა სექსუალური შინაარსის კომენტარს იტყვით, ყოველ ჯერზე, როცა გაბედავთ და ფსიქოლოგიურად იძლადებთ გოგოზე/ქალზე – შეგეშინდებათ!"

image


ლია ლიქოკელი: "გვიანი შემოდგომაა, მზიანი დღის ბოლო სკოლაში. მარტო ვარ კლასში, და ორი ჩემი კლასელი ბიჭი შემოდის და ოთახის კარს კეტავენ შიგნიდან. მიკვირს. რაღაც სხვანაირად შემოვიდნენ, კარი ჩაკეტეს და თავზე დამადგნენ. ერთი ამბობს: "კურტკები მაინც გავიხადოთ, სხვას თუ არაფერს იხდით". და იხდის ქურთუკს. რაღაც ხდება, ასე რატომ მელაპარაკებიან. ვზივარ. ადექი, მეუბნებიან. არ ავდგები, ვამბობ მე. ძალიან მიახლოვდებიან, ძალიან. ვზივარ. მეორემ მუხლები გამაწევინა, დავიძაგრე, მთელი ძალით შევეწინააღმდეგე, მაგრამ მომერია, ძალით გამაშლევინა ფეხები და მუხლებსშორის ჩამიდგა. ძალიან ახლოს, ძალიან. მეხებიან. და მელაპარაკებიან. ცუდად. ღმერთო, რა ცუდად. არ მახსოვს, რა სიტყვებით, ჩემმა ტვინმა არ დაიმახსოვრა. უბრალოდ, საზიზღრობებს მელაპარაკებიან და მეხებიან. მე ვიმეორებ: კარი გააღეთ. კარი გააღეთ. კართან ბავშვები მოგროვდნენ და ღრიჭოდან იჭვრიტებიან. ჯერ მრცხვენოდა, ახლა უკვე მეშინია. გარეთ მინდა გასვლა. იქნებ ვინმემ კარი გააღოს. მეტი არაფერი არ მინდა. ხმას არ ამოვიღებ.
კარი გააღეს. ბოლოსდაბოლოს რომელიღაც მასწავლებელი მოადგა და იძულებულები გახდნენ, გაეღოთ. რა მოხდა? კითხულობენ. არაფერი, ვამბობ მე. არაფერი, უბრალოდ ვლაპარაკობდით.
და მე ამაზე არასოდეს ვილაპარაკებ. არც სახლში, არც ბავშვებთან. მე ამას ვივიწყებ. უბრალოდ, მეზიზღება, და - მეზიზღება ჩემი თავი ამ ამბავში - ეს მნიშვნელოვანია, ამიტომაც უნდა დავივიწყო, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დამავიწყდება. და ჩვეულებრივად ვაგრძელებ მათთან ერთად ცხოვრებას. სკოლაში სიარულს. სიცილს. ისინიც ასე, ვითომ არაფერი მომხდარა.
ჰო, მგონი ეს იყო პირველი. იყო სხვებიც იქვე, და მერე - უკვე ქალაქში - ვინ მოთვლის. პირველი აქაურიც მახსოვს: ჯერ კიდევ ბავშვს, დაბალი, შუახნის მელოტი კაცი მომყვება მეტროდან, გვიან საღამოს, და ცდილობს სადღაც წამათრიოს. იმიტომ რომ გავუღიმე. მეტროში, ვაგონში, შემთხვევით (?) რომ დავეჯახეთ ერთმანეთს და მოვუბოდიშე და გავუღიმე. მე ჯერ არ ვიცი, რომ არასოდეს, არასოდეს არ უნდა გავუღიმო ასე კაცებს, და არ შევხედო თვალებში. ამის შემდეგ მეცოდინება. ახლა გავიქცევი. თავქუდმოგლეჯილი. და ამის შემდეგ აღარავის შევხედავ.

თუმცა მაინც მეხებოდნენ ტრანსპორტშიც და მაინც მომყვებოდნენ ქუჩაში, თუ შემომიღამდებოდა. მახსოვს, როგორ შევვარდი გზად აფთიაქში და უნებურად პირდაპირ დახლს მიღმა გადავძვერი სრულიად გონდაკარგული და იქ ქალებმა დამამშვიდებლები დამალევინეს მას შემდეგ, რაც ორმა ბიჭმა დამიჭირა ქუჩაში და გაბორკილი მათრია ნახევარი ქუჩა. თან მკოცნიდნენ. მლოშნიდნენ - მაშინ ვიგრძენი ეს სიტყვა. როგორღაც დავუსხლტი, აღარ მახსოვს, და ის აფთიაქი იყო იქვე.
ისიც მახსოვს, უკვე გვიან, გაზრდილს და აღარ მშიშარას, როგორ მისრისა ძუძუები ერთმა კვლავაც შუახნის, აყუდებულმა კაცმა, ფრიად სოლიდურად რომ გამოიყურებოდა, დამიჭირა ქუჩაში, ხალხმრავლობაში, ვიწრო გასასვლელში მიმიმწყვდია და მიზელდა მკერდს მშვიდად, და მე ხმა ვერ ამოვიღე, და მარტო იმას ვფიქრობდი, რომ ლიფი არ მაცვია და ალბათ ამ ჯემპრის მიღმაც ჩანს რომ არ მაცვია და ეს გამომწვევია და უნდა ჩამეცვა ლიფი, ჩემი ბრალია, ამიტომაც მოიქცა ასე.
ღმერთო, რამდენჯერ მიფიქრია, რომ ჩემი ბრალია.
და არა მხოლოდ ასეთ ამბებში, ყოველთვის, უკვე მერე, სხვა კაცებთან, ჩემს კაცებთან, მე ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრალია, თუ რამე ისე არ არის. მე ვიწვევ. მე ვარ ცუდი, საზიზღარი, ნაკლული, და მოსახმარი - მე ამას ვიმსახურებ.

ერთმა კაცმა მითხრა წინაზე, რომ სექსისტი ვარ. და რომ "მუჟიკები" მომწონს, უხეში მაჩოები, ასეთები მიზიდავენ, და რომ ეს არასწორია. თქვა ისიც, რომ ასე შეუძლებელია კომუნიკაცია კაცებსა და ქალებს შორის. არაფერი მითქვამს. გავიცინე. და გავიფიქრე, რომ ეს არის საშინელი ცინიზმი, ჩემთვის ამის თქმა, ამ კულტურაში ქალისთვის ამის თქმა. ეს არის ცინიზმი და გაუგონარი სისასტიკე. გვიან მომაფიქრდა პასუხი, მაგრამ ეს პასუხი არ არის ადვილი. ჰო, მე "მესმის" მოძალადე კაცების. იმიტომ, რომ მგონი მარტო ასეთები მინახავს. მე არ ვყოფილვარ თანასწორი. მე ვიცი, როგორია იყო ნივთი. მე ვიცი, როგორ ვიყო ჩუმად. ეს მასწავლეს მე. მე ვიცი, როგორ მეშინოდეს. და ვიცი, რომ შეუძლებელია კომუნიკაცია მოძალადესთან. იქნებ ამიტომაც ვირჩევ ასეთებს - ჩემთვის გასაგებია ურთიერთობა ურთიერთობის გარეშე. კომუნიკაციის გარეშე. მაინც ვერაფერს გავაგებინებ. ისინი ყოველთვის იტყვიან: "რა გინდა? რას მოითხოვ? აბა სად დაიჩაგრე? აბა რაში შეგეშალა ხელი?" არაფერში. უბრალოდ, დავმახინჯდი. ავადმყოფი ვარ. და როცა ასეთ ამბებს მოვყვებით, მაშინაც არ დაიზარებენ: "რავიცი, მე ძალიანაც მომეწონება ვინმე ნაშა მეხახუნოს მეტროში და ძუძუები მიზილოს". ამიტომაც მინდა ხოლმე, თავი დამანებონ. მაინც ვერ გავაგებინებ. იყოს ისე, როგორც უნდათ, ბოლოსდაბოლოს, ხომ მოსწყინდებათ, ხომ გამიშვებენ ხელს, ხომ გააღებენ იმ კარს, ხომ გავლენ ჩემიდან, და ხომ დავრჩები ისევ ამ ჩემს უსახურ მზეში, ზამთრისპირზე რომ იცის, ისეთ მზეში.
ასე ინგრევა ყველაფრი, ასე ხდება ცუდად ყოფნა და ბედნიერების ვერშეგრძნება ნორმალური ცხოვრებაში. მერე ისევ ჩვენ გვადანაშაულებენ - რატომ ხართ მახინჯები, რატომ ხართ ავადმყოფები. ძალადობა კლავს და ამახინჯებს, როგორ უნდა გადარჩეს მშვენიერება იქ, სადაც ერთადერთი ენა მოძალადისა და მსხვერპლის ენაა. როგორ უნდა შევძლო ნამდვილი ლაპარაკი, თუ არავინ მომისმენს და ვერავის გავაგებინებ.
და თუ ვინმეს მოყოლილი ისტორიები საკმარისად მძაფრი არ ეჩვენება, თუ სასაცილო ეჩვენება, შემიძლია, დაწვრილებით მოვუყვე მთელ ჩემს ცხოვრებაზე. მაგრამ არა იმიტომ, რომ გული ავუჩუყო - ჩვენ, აი აქ, ამ დროში და ამ სივრცეში მყოფ ქალებს, ეს არაფერში გვჭრდება. უბრალოდ, გვინდა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ბოლოსდაბოლოს, განვიკურნოთ, გამოვჯანმრთელდეთ ყველანი - თითო ადამიანი და მთელი ადამიანობა, კაცობრიობა".

image


ნათია მანია:

"რატომ მალავენ, არ ჰყვებიან ბავშვები ისეთ რამეს, რაც უნდა თქვან, გაამხილონ, მოუყვნენ მშობლებს?

...მე ფსიქოლოგი არ ვარ და გამიჭირდება, ზუსტი და არგუმენტირებული პასუხი გაგცეთ.

უბრალოდ, მოვყვები ამბებს.

...

მეორე კლასში ვიყავი, როცა საღამოს ეზოში მოთამაშე მე და ჩემს ორ კლასელს ერთი კაცი მოგვიახლოვდა და ლიფტიორად გაგვეცნო.

- ოქტომბრელები ხართ?
- კი.
- ოქტომბრელები რომ ყველას უნდა დაეხმარონ, იცით?
- კი. ვიცით.
- დამეხმარებით?
- კი, მაგრამ რაში?
- ლიფტია გაფუჭებული და დახმარება მჭირდება რაღაც პატარა საქმეში.

შეგვიყვანა ჩვენთვის უცხო კორპუსში.
გამოიძახა ლიფტი.
ლიფტი მუშაობდა. მაგრამ ეჭვი არ შეგვპარვია არაფერში, რადგან იქვე მეორე ლიფტიც იყო. ვიფიქრეთ, ალბათ მეორეა შესაკეთებელიო.

- სამივე არ მჭირდებით. ერთი მინდა. აბა, რომელია ყველაზე ყოჩაღი?
- მე!
- არა, მე!
- არა, მეე! - ვიწევდით ხელს და ვხტებოდით მაღლა.

ამოირჩია. ყველაზე კაფანდარა, ყველაზე ლამაზი.
შევიდნენ ლიფტში. დაიძრნენ.

...დიდხანს ველოდით. დიდხანს. არ ვიცი, რამდენ წუთს. რადგან საათი არ მქონია. მაგრამ დრო ძალიან გაიწელა. გასართობად უამრავ სისულელეს ვიგონებდით.

ბოლოს კიბეებზე ჩამოირბინა მან, ჩვენმა ამხანაგმა. ტირილით.

- წავიდეთ აქედან!
- რა მოხდა?
- სხვენზე ამიყვანა და მითხრა, ტრუსიკი გაიხადეო. მე გამოვიქეცი.
გთხოვთ, არავის უთხრათ, გთხოვთ!...


....

- ნათია, რა გჭირს, დე? მოხდა რამე?

- არა, არაფერი.
- აბა, რატომ ხარ ასე, დე? რა მოხდა? რა მოხდა? რატომ ხარ ჩუმად? ნათია!
- არავის ეტყვი, დე? დაიფიცე, რომ არავის ეტყვი.

გამომტეხეს.

დედამ და მამამ არ მიაქციეს ყურადღება ჩემს ტირილს, ჩამაცვეს, თვითონაც ჩაიცვეს და სასწრაფოდ წამიყვანეს ჩემი კლასელის სახლში.

კარი მან გააღო. რომ დაგვინახა, ფერი დაკარგა:
- გეხვეწებით, არაფერი უთხრათ დედას, გეხვეწებით.
მერე კი ტუალეტში ჩაიკეტა...

მე კი საშინლად მრცხვენოდა, რომ ვუღალატე მეგობარს, რომ გავეცი მისი საიდუმლო და ახლა ჩემი მშობლები მის მშობლებს უყვებოდნენ იმ საშინელ ამბავს, რომლის საშინელებაც ბოლომდე არც მესმოდა მაშინ.

გადავწყვიტე, რომ აწი აღარ ვენდობოდი და აღარაფერს არ მოვუყვებოდი არასდროს...

...ბავშვის ტყავში ჩაძვრომა ძალიან ძნელია. ვერ გაიგებ, რატომ და როგორ იქცევა ასე. მისი ლოგიკა, აღქმა სხვანაირია."

image

1
244
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:_K_
_K_
244
  
0 1 1