x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ბუნების მგოსანის უკანასკნელი საათები
image



შესაძლოა, ვაჟას აღარც მთაში სიცოცხლის იმედი ჰქონდა, მაგრამ "იმათ კალთაზე" ერჩივნა სიკვდილი. ყველანაირად იბრძოდა, იმდენად მომაგრებულიყო, მთამდე აეღწია. სანდროსა და შიო მღვიმელისათვის უთხოვია, მამა დავითის ეკლესიასთან, კლდეში რომ წყალი გამოდის, ის უნდა როგორმე ჩამომიტანოთ, ჩვენ მთის წყაროებს ის უფრო ჰგავს და ცოტა იქნებ მომასულიეროსო. მეორე დღეს დოქით ჩამოუტანეს, დოქითვე მოიყუდა - ასე უყვარდა წყლის სმა, ბუერით თავდაცობილი სველი დოქიდან თუ თუნგიდან. ასე იყო ბავშვობიდანვე მთაში მიჩვეული და ახლაც მთის წყალი მთის წესზე დალია. ეამა ვაჟას - ძლივს ჩემი გემოს წყალი დავლიეო.

გუნება გადაეწმინდა. მთის წყალმა რწმენა მისცა, თითქოს უკვდავების წყალი დაელიოს. მთის წყარომ მთის ფერდობზე აბიბინებული თავისი სათიბები გაახსენა - ავადმყოფობა რომ არა, ეხლა იქ, აფხუშოს თავს, უნდა მჯდარიყო სამთიბლო წყალთან, თეთრად აყვავებულ, ტკბილსურნელოვან კენკეშიანში, ათასნაირი ყვავილებით აფერადებულ წელამდე სათიბში, საამო ნიავი რომ აბიბინებს. იქ იქნებოდნენ ეხლა სათიბად გასულნი ჩარგალელნი. გასჭრიდნენ თავთავის სათიბებს, მისი სათიბიღა იქნება გაუჭრელი. ალბად გასძახ-გამოსძახიან მთიბავები ერთურთს, მარტო ვაჟას ვერ ეხმიანებიან, აკლია ვაჟა მთას. იქ უნდა ყოფილიყო ვაჟა, საჩრდილობლადა და ღამის სათევად დიდი ხნიდანვე შერჩეული ქორაფის ძირას უნდა მჯდარიყო, გაიკეთებდა ხაჭო-წყალას.

ოხ, როგორ ამოისუნთქავდა, როგორ გაცოცხლდებოდა.



ვაჟამ ვეღარ მოითმინა და ახლა მთის, მინდვრის ყვავილი - ბალახი ინდომა - ინდომა იმიტომ, რომ მთაში მათი ხილვის იმედი აღარ ჰქონდა. წყალიც იმიტომ ითხოვა და ფოთოლ-ბალახიც.

მოწყალების დას ანიკო კობიაშვილს სთხოვა: თუ ღმერთი გწამს, ლოგინი იატაკზე გამიშალე და გარშემო ეს მინდვრის ყვავილები დამიყარეო. თხოვნა მაშინვე შეუსრულეს ვაჟას: იატაკზე დაუგეს ლოგინი და ირგვლივ მინდვრის ყვავილები და ბალახი მიმოუბნიეს.

ამ ყვავილიანმა საწოლმა, თავის საყვარელ "არსებათა" შორის წოლამ კიდევ მოაცოცხლა ვაჟა, თავი კარგად იგრძნო, ხალისიანად საუბრობდა ჩარგალზე, თავის ყოფაზე, თავის საქმიანობაზე, შიგადაშიგ ოხუნჯობდა კიდეც.

ცოტა წათვლიმა. შუადღის შემდეგ მოწყალების დას ჰკითხა, რომელი საათიაო? სამიო რომ უთხრეს - მიკვირს სამ საათამდე როგორ ვიცოცხლეო, ჩაილაპარაკა, ეს ჩემი უკანასკნელი საათიაო. მერე რაღაცის ჩურჩული დაიწყო თვალდახუჭულმა. დამლაგებელმა, ვინმე მაისურაძის ქალმა ყური ახლოს მიუტანა და გაარჩია ძლივს გასარჩევი სიტყვები. ვაჟა უკანასკნელ ამოსუნთქვასაც ლექსს აყოლებდა:


"მუხთალო, წუთისოფელო,

ტანჯული შვილი გშორდები,

თუ ვინმეს ვალი მიმყვება,

იქიდან გავუსწორდები".


უტყუარი ალღოსა და გრძნობის მგოსანი სულ ოდნავ მოტყუვდა, ესეც ავადმყოფობის ბრალი იყო, ალბათ: ექვს საათზე დაჰკარგა გრძნობა. ერთი საათი გასტანა სულთმობრძაობამ, ერთ საათს ეყრებოდა მის ტანჯულ სხეულს ძლიერი სული, საღამოს 7 საათზე ვაჟა ფშაველა გარდაიცვალა.

ეს მოხდა 1915 წლის 27 ივლისს.

0
232
5-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0