x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ხევსურული ზეპირსიტყვიერება წარსულისა და თანამედროვეობის მიჯნაზე
image

ხევსურეთი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ტრადიციების მქონე და თუნდაც ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კუთხე გახლავთ.უამრავი ფოლკლორული მასალა და კულტურული ღირებულებებია დაცული ამ მხარეში და საოცარი სიცხადით გადაეცემა თაობებს.


არამარტო ხევსურეთში, არამედ საერთოდ აღმოსავლეთ საქართველოს მთის ფოლკლორში განსაკუთრებული ადგილი რელიგიური შინაარსის ანდრეზებსა და საკულტო ზეპირსიტყვიერებას უჭერია.საინტერესოა ამ ტექსტების წარმოშობის საკითხი!.. ხუცესნი ხუცობის გენეზისის განმარტების დროს არ ასახელებენ სახუცო ტექსტების ტრადიციული ფოლკლორული გზით გავრცელებას.უარყოფენ, რომ ეს მემკვიდრეობითობა ხორციელის გზით გადაეცემა.მათი რწმენით ტექსტს ღვთისშვილისაგან იღებენ და ძალიან ხშირად სიზმარში გადაეცემოდა ხუცესს ეს ტექსტი. როგორც ზ.კიკნაძე აღნიშნავს, ყველაზე უკეთ კანონიკური სახე სახუცო ტექსტებს ხევსურეთში აქვს შენახული, სადაც ხუცესის ინდივიდუალურობა თითქმის არ ჩანს და დღემდე გადაეცემა თაობებს.

image


რაც შეეხება ანდრეზებსა და ლეგენდა-თქმულებებს!..

ანდრეზებს ხევსურებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.ამ მნიშვნელობას კი განაპირობებდა ის, რომ ანდრეზი სინამდვილეში მომხდარ ამბავს ასახავს რეალურად. ამის საშუალებით ინარჩუნებდა მთის მოსახლეობა ტრადიციებსა და ადათ-წესებს.როგორც სხვა მთიელებისთვის, ასევე ხევსურებისთვისაც ეს გადმოცემები ღვთიური მადლია, რომლებიც ასულდგმულებს ამ ერთ მუჭა ხალხს.ლეგენდა-თქმულებების წყალობით ხალხის ხსოვნას გადაეცემოდა და გადაეცემა არაერთი ისტორიული მოვლენა თუ სახალხო გმირის ხსოვნა, რომლებიც დღემდე არ კარგავს თავის მნიშვნელობასა და აქტუალურობას. ნებისმიერ ხევსურს(მითუმეტეს მთაში მცხოვრებს), ბავშვსაც კი, სმენია გაბურთ ეშმაზე, მამუკა ქალუნდაურზე, ხოგაის მინდიასა თუ თორღვა ძაგანზე შექმნილი თქმულებები.ხევსურები ზღაპრებსაც კი ლეგენდა-თქმულებებით ანაცვლებდნენ უმეტეს შემთხვევაში.მიზეზი კი მარტივია: ზღაპარი გამონაგონზეა დაფუძნებული და ნაკლებად საინტერესო იყო მთის ხალხისათვის.ბავშვებს ლეგენდებს უყვებოდნენ ზღაპრების მაგივრად და ამით პატარაობიდანვე აცნობდნენ ადათ-წესებს, ტრადიციებსა და კულტურას.ალაბთ, უმთავრესი კი ის იყო, რომ ამ გმირების მაგალითზე შვილებს ბავშობიდანვე უნერგავდნენ ვაჟკაცობასა და სიმამაცეს.

image

როგორც ს.მაკალათია ამბობს: "ლექსები უყვართ ხევსურებს და თქმაც ემარჯვებათ.მსჯელობის დროს საუბარს ხშირად ლექსით ამთავრებს და თავის აზრს ამით მოკლედ მოსჭრის." აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ ძალიან მდიდარია ხევსურული პოეზია.


ხევსურეთში პოეზიის გარეშე წარმოუდგენელი იყო ჭირ-ლხინი.ლექსი და სიმღერა სდევდა ხევსურთა სამეურნეო საქმიანობას, მიცვალებულის დატირებას, ქეიფსა თუ მიჯნურისათვის სიყვარულის გამხელას.თუმცა ა.შანიძე "ხევსურული პოეზიის" შესავალში აღნიშნავს, რომ ხევსურულ პოეზიაში სატრფიალო ლირიკა შედარებით ნაკლები ოდენობითაა წარმოდგენილი, რადგან ეს დარგი პოეზიისა არ არის მიმზიდველი ხევსურის მეომრული ბუნებისათვის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მნიშვნელობას მოკლებული იყო ეს დარგი, უბრალოდ მეტი თავშეკავებულობის გამო ერიდებოდნენ სიყვარულის თემაზე საუბარსა და ლექსების თქმას.ამით ემიჯნებოდა ერთმანეთს ცუდი და კარგი ყმა: "კაი ყმა ლაშქარ მოკვდების, სწორების მჯობინობასა, ცუდაი-საცხვრის ყურესა, ქალებში ლოგინობასა!" თანამედროვეობაშიც გრძელდება ეს დამოკიდებულება და ძალიან მცირეა სატრფიალო ლირიკა დღევანდელ ხევსურთა პოეზიაშიც კი.

image

სატრფიალო პოეზია თუ მცირეა, სამაგიეროდ ხევსურული ზეპირსიტყვიერება ძალიან მდიდარია საგმირო პოეზიით, სადაც შექებულია ესა თუ ის გმირი, რომელმაც თავი დასდო საერთო საქმისთვის.უამრავი ლექსია შემორჩენილი თორღვა ძაგანზე, რომელიც მოძალადე იყო, მაგრამ ხევსურული ფოლკლორი ხოტბას ასხამს მას სიმამაცისა და ბრძოლისუნარიანობისთვის. დღესაც კი განსაკუთრებით ბევრი ლექსი ზურაბ ერისთავისა და ერეკლე მეორის შესახებ აქვს ხალხის ხსოვნას შემონახული.ზურაბ ერისთავის შესახებ უარყოფითი დამოკიდებულება იკითხება, ხოლო ერეკლესადმი კი პირიქით, განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა გამოსჭვივის, რომელმაც ძალიან დაიახლოვა ხევსურები.

image

სამეურეო პოეზიის შესახებ კი მართებულად აღნიშნავს ალ.ჭინჭარაული, რომ ხევსურთა სამეურნეო პოეზია მწარე იუმორშერეული კვნესა და ჩივილია("თივას ვთრი კალოთანითა, სულთქმას ვაყოლებ გმინსაო, დავაოროლენ თივანი, დასვენებაიც მინდაო"...).მახსოვს ერთ ზამთარს ნინო არაბული სახლის გაღმა მხარეს დგნალის ტოტებს ჭრიდა საქონლისთვის, საკვების სიმცირის გამო.უკან მობრუნებული ზვავმა წამოიღო და მისი სიმღერა დღესაც გარკვევით ჩამესმის: "დაღბერნა ცივმა ნიავმა, დგნალს ტოტებზე ვიჯდოდი, რა ვქენი, რა დავაშავე, რადარ ღამითაც ვთიბოდი?!"-ეგ შემთხვევა რომ მახსენდება მეც კი მიჭირს იმის გააზრება თუ როგორ შეიძლება ადამიანი სიკვდილს თვალებში უყურებდე და სიმღერა ამოუშვა!...

image

ორიოდე სიტყვით დავახასიათებ ხმით ნატირლებს, რაც მე პირადად განსაკუთრებით მიფორიაქებს სულს.ხმით მოტირლები ტირილისას ხშირად აქებდნენ ვინმეს ვაჟკაცობასა და გამბედაობას, რასაც თავისი დატვირთვა ჰქონდა: ცოცხლებს გარდაცვლილთა ხსოვნასა და მათ გაკეთებულ დიდ საქმეებს არ ავიწყებდნენ და ჭირის პატრონთ კი ამით მხნეობისკენ მოუწოდებნენ.ვიცით ასეთი გადმოცემა, რომ მომაკვდავმა მოკლიამ მეზობლის ქალს, თამარს სთხოვა, რომ სიცოცხლეშივე ეტირა, რადგან მისი ნატირალის მოსმენა სურდა.ქალმაც აუსრულა ეს თხოვნა:


საყურიკათით მადის გმინიო,

წუხად ხყავ კმარუის შვილიო,

გულს ურჩი უჭირს ნატყვიარიო,

მოკლიას ამაუდის სულიო...

მდევართ წინ რად მიღმეტდებოდიო?

"დედისრეთავარ"-რად არ სთქვიდიო?

image

სამწუხაროდ დღეს იშვიათადღა შევხვდებით ხმით მოტირალს, აღარ არის ასევე ხევსიბერის ინსტიტუტი (ჩემთვის მხოლოდ 4 ხუცესია ამჟამად ცნობილი), ამიტომ ის რიტუალი, რასაც ხუცესი ასრულებდა უმეტეს სოფლებში აღარ სრულდება სრულყოფილი სახით.თუმცა საბედნიეროდ ხევსურული ზეპირსიტყვიერება განაგრძობს არსებობას და ჯერ კიდევ საოცარი სიცხადით გადაეცემა თაობებს.ჩემთვისაც გასაოცარი იყო იმის აღმოჩენა თუ როგორ ჰგავს ერთმანეთს ს.მაკალათიას მიერ ჩაწერილი შენდობის თქმის ტექსტი ჩემს მიერ 2016 წელს ჩაწერილ შენდობის თქმის ტექსტს: "დაგლოცავთ, აბა გოგოთურ, ოჯახს! იცოცხლეთ, კარგა იყვენით! ღმერთმა მშვიდობის მასვლა-წასვლა მაგცასთ, გულის დაღონება ნურა განახვიასთ, ზარალ ნურა განახვიასთ ნურცა მასვლაში, ნურცა წასვლაში! სუფრაიც დადგმულ, ბოთლაიც გავსილ, ჭიქებიც დასხმულებ, საპოხიც წყალიც-სააქაოს ნათქვამ, საიქიოს მადიოდას.საცა თქვენ ხართ გელაო, მანანაო, ხვთისოო, სამზიმარო, ივანეო, თქვენ ვინცა მაგყვებისთ კიდევ თავისებია, სხვა ვინ ასა, ნათესავია, უნათესაოიასა-შინამც შამაიყვანთ, სუფრაზედამც დაიწევთ.ქვემც ნუ ღონდებით აქით უტაბლოობით, აქით უსაგძლოობით.მანდამც მაგივასთ-ცოტა დიდად, რიოშ წმინდად, ფერუქცევლად, წაუქცევლად, მზით, შუქით, სანთლით.მსჯელ-სამსჯავრესამც გარიდებსთ-წინ მაგებებულს, უკან მაწეულს, სიკვდილის დღე დამწყვდეულს, ენით ნათქვამს, ხელით ნაქნარს, ყურით განაგონარს.მძიმესამც გიმზუბუქებსთ!თქვენისამც ცოდვის მხდელ იქნების, ცოდვისამც იაად მქნელ იქნების!შაგინდნასთ, ღმერთმა მაგახმარასთ!" (მთქმელი: მ.არაბული).


ამრიგად, ხევსურების ყოფა-ცხოვრებსი უკუფენა ხდება ზეპირსიტყვიერებაში და ეს ყოველივე დღემდე სიცოცხლისუნარიანია, მიუხედავად იმისა, რომ დღესაც დიდი საფრთხე ემუქრება ტრადიციული კულტურის არსებობას, რადგან თემ-სოფლები ძირითადად უკვე აღარ არსებობს.ხალხი თუ არ იქნება არც სოფელი ისოფლებს და არც ჯვარი იჯვარებს!...


სამწუხაროა, რომ თაობები მთას არ იცნობენ, რადგან იქ მარადიული სიბრძნეა დაუნჯებული.იქაურობას ხალხისა და ბავშვების ხმა აცოცხლებს და ეს ხმა არასდროს არ უნდა შეწყდეს.როგორ შეიძლება ვინმე გულგრილი დაბრუნდეს დღევანდელი ხევსურეთის მნახველი, როცა ათი წლის თათია ჭინჭარაულმა ხევსურეთის ნახვის შემდეგ სკოლაში დავალება მიიტანა დედაშვილობის ფოტო.მას მთები და მდინარეები ჰქონდა დახატული და გაოცაებული მასწავლებლის კითხვაზე თუ რატომ დახატა ეს ფოტო, როცა დედაშვილობა უნდა აესახა-ასე უპასუხა: "ამ მთებს ამ მდინარეების გარდა სხვა შვილები არ ჰყავთ, ხოლო ამ მდინარეებს კი მთების გარდა სხვა მშობლები არ ჰყავთ"...


image




0
265
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთინო არაბული
ქეთინო არაბული
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0