x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134479
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
"მონღოლებს ახსოვდათ ყაენის ბრძანება, არ ესროლოთ სულთანს ისრებიო" -ბრძოლა ინდთან, 1221 წელი
image


მონღოლებს ახსოვდათ ყაენის ბრძანება, არ ესროლოთ სულთანს ისრებიო, და ალყა ჯალალედინის ირგვლივ სულ უფრო ვიწროვდებოდა. ჯალალედინი თავგანწირვით იბრძოდა, ცდილობდა გაერღვია თათართა რიგები, რომ დაატყო მდგომარეობა უიმედო შეიქმნა, სულთანი გადაჯდა თავის საყვარელ თურქმანულ ცხენზე, გადაყარა მუზარადი და სხვა საბრძოლო საჭურველი, მახვილი დაიტოვა მარტო, მოაბრუნა ცხენი და ინდის ჩამუქებულ მშფოთვარე ზვირთებში გადაეშვა, გასცურა მდინარე და ავიდა ციცაბო ნაპირზე. ჯალალედინი იქიდან მახვილით დაემუქრა ჩინგიზ ხანს, ცხენი გააქროლა და შამბნარს მიეფარა. ძალზე გაკვირვებულმა ჩინგიზ ხანმა ხელი პირზე მიიფარა, ჯალალედინზე მიუთითა შვილებს და უთხრა:


- აი, როგორი შვილი უნდა ჰყავდეს მამას! მონღოლებმა რომ დაინახეს, სულთანი მდინარეში გადაეშვა, უნდოდათ ცურვით დასდევნებოდნენ უკან, მაგრამ ჩინგიზ ხანმა არ გაუშვა.


მონღოლებმა ამოხოცეს ჯალალედინის მთელი ჯარი. მეომრებს მოესწროთ მისი ცოლისა და დედის მდინარეში გადაგდება, რომ მონღოლებს არ ჩავარდნოდათ ხელში.


ცოცხალი გადარჩა მხოლოდ ჯალალედინის შვიდი წლის ბიჭუნა, რომელიც მონღოლებმა შეიპყრეს. მეომრებმა ბიჭუნა მიჰგვარეს ჩინგიზ ხანს და წინ დაუყენეს. ბავშვმა პირი იბრუნა და ჩინგიზ ხანს გაბედული, სიძულვილით აღსავსე თვალებით ალმაცერად გადახედა.


- ჩვენი მტრების სინსილა ძირიანად უნდა ამოვარდეს, - თქვა ჩინგიზ ხანმა. - ასეთი მამაცი მუსლიმანის შთამომავალი ყელებს დასჭრის ჩემს შვილიშვილებს. ამიტომ ამ ბიჭუნას გული ჩემს მწევარს შეაჭამეთ.


მონღოლმა ჯალათმა სიამაყისაგან, რომ მას შემთხვევა ეძლეოდა თავისი ხელოვნება ეჩვენებინა ყაენისათვის, ისე გაიღიმა, რომ პირი ყურებამდე გაეხსნა, მკლავებდაკაპიწებული ბავშვთან მივიდა, პირაღმა დააწვინა და თვალისდახამხამებაში, მონღოლთა ჩვეულების მიხედვით, დანით გაუპო მკერდი. შეუყო ხელი ნეკნების ქვეშ და ამოაგლიჯა პატარა გული, რომელსაც ჯერ ისევ ორთქლი ასდიოდა და ჩინგიზ ხანს მიართვა.

იმან რამდენჯერმე ჩაიხითხითა ბებერი ქოსმენივით: "ქხუ-ქხუ-ქხუ"! მოაბრუნა ჩალისფერი ცხენი და ზედ წაღუნული პირქუშად აჰყვა კლდოვან ბილიკს.

0
128
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0