x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მისტიკა და საიდუმლოებანი, რომლებსაც ინახავენ უძველესი ქანდაკებები
რატომ არ აქვს ვენერა მილოსელის ქანდაკებას ხელები ან რატომ აქვს მოსეს სკულპტურას რქები? იყო თუ არა ანტიკური ქანდაკებები თეთრი ფერის თუ შემდგომში გადაღებეს ისინი? რა იმალება რაფაელის უნატიფესი ვუალის მიღმა ან რა კავშირია ხელოვნებასა და სიკვდილს შორის? - ამ კითხვებზე პასუხებმა შეიძლება ბევრი თქვენგანი გააოცოს...

ძნელია იმის თქმა, რომ ადამიანებმა ყველაფერი იციან ხელოვნების ნამდვილი შედევრების შესახებ, მით უმეტეს, როცა საუბარია ჩვეულებრივ ადამიანებზე და არა ხელოვნებათმცოდნეებზე; არადა, არაერთი საიდუმლო იმალება ძველი დროის არქიტექტურულ ქმნილებებსა და ხელოვნების ნაწარმოებებში. საოცარია, მაგრამ ზოგიერთი ცნობილი ქანდაკება მისტიკის ელემენტებსაც კი შეიცავს.


image


მაშ ასე, დღეს საუბარი გვექნება მისტიკასა და საიდუმლოებებზე, რომლებიც დაკავშირებულია უძველესი დროის გენიალური სკულპტორების (რომელთაც ხელეწიფებოდათ მარმარილოს უბრალო ლოდისაგან შეექმნათ გრანდიოზული ქანდაკებები) მიერ შექმნილ ხელოვნების შედევრებთან.



"რქიანი'' მოსე


image


მიქელანჯელოს მიერ შექმნილ მოსეს სკულპტურას ერთი გასაოცარი დეტალი ამშვენებს - წყვილი რქა. ბევრი მეცნიერი-ისტორიკოსი თვლის, რომ ეს არის ბიბლიის არასწორი ინტერპრეტირება. ''გამოსვლის წიგნში'' ნათქვამია, რომ ებრაელებს უჭირდათ სინათლით მოცული, გაბრწყინებული მოსეს ცქერა, როდესაც ის სინას მთიდან ეშვებოდა გულზე ქვის დაფით, რომელზეც უფლის მცნებები ეწერა. ბიბლიაში გამოყენებული ებრაული სიტყვა შესაძლებელია ორგვარად ითარგმნოს: ''ნათება'' და ''რქა'', თუმცა თუ ბიბლიას ორიგინალში წავიკითხავთ, იოლად გასაგები გახდება, რომ კონტექსტში იგულისხმება შარავანდედი (ნათება) მოსეს თავზე და არა რქები.


ფერადი ანტიკურობა


image


ისტორიკოსები და ხელოვნებთმცოდნენი დიდი ხნის განმავლობაში თვლიდნენ, რომ აბსოლუტურად ყველა ძველი რომაული და ძველბერძნული ქანდაკება თეთრი ფერისა იყო. მხოლოდ უკანასკნელ წლებში ჩატარებულმა კომპიუტერულმა გამოკვლევებმა მისცა მეცნიერებს საშუალება გაეგოთ, რომ თითქმის ყველა ქანდაკება იყო შეღებილი სხვადასხვა ფერებად, მაგრამ დროთა განმავლობაში საღებავი გახუნდა, შემდეგ კი მზისა და ქარის ზემოქმედებით საბოლოოდ გაქრა; შესაბამისად, სკულპტურებიც თეთრი ფერის გახდა.



''ქალთევზას ცრემლები''

image

კოპენჰაგენში, ზღვის პირას აღმართული ქალთევზას ქანდაკება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უიღბლო ქანდაკებად ითვლება, რადგან ის არაერთხელ გამხდარა ვანდალიზმის ობიექტი - მის ისტორიაში რამდენიმე ასეთი მომენტია დაფიქსირებული. ქალთევზა ბევრჯერ დაამტვრიეს და ნაწილებად დაგლიჯეს. მის ყელზე ახლაც შეგიძლიათ შეამჩნიოთ ნაიარევი, რომელიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქანდაკებას თავი შეუცვალეს. სტატუას ორჯერ მოაჭრეს თავი-1968 და 1998 წლებში. 1984 წელს ვანდალებმა მას მარჯვენა ხელი მოამტვრიეს, ხოლო 2006 წელს ქანდაკება საერთოდ გაქრა. ის რამოდენიმე დღის შემდეგ იპოვეს მიყრუებულ ქუჩაში მიგდებული. ''ქალთევზას'' ხელში ფალოიმიტატორი ეჭირა და ზურგზე მწვანე საღებავი ჰქონდა გადასხმული, ხოლო გულზე ამოკაწრული იყო სიტყვები: "8 მარტი". ამ ცოტა ხნის წინ ქალაქის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ აპირებს ქანდაკების გადატანას ზღვის ნაპირიდან მოშორებით, რათა როგორმე შეაჩეროს ვანდალიზმის აქტები და ტურისტების თავდასხმები საბრალო ქალთევზაზე.


"კოცნა" კოცნის გარეშე


image

"კოცნა"- ოგიუსტ როდენის ცნობილი სკულპტურაა, რომელსაც თავდაპირველად ''ფრანჩესკა და რიმინი'' ერქვა მეცამეტე საუკუნეში მცხოვრები იტალიელი არისტოკრატი ქალის პატივსაცემად. ეს ის ქალია, ვისი სახელიც სამუდამოდ უკვდავყო დანტე ალეგიერმა თავის პოემაში "ღვთაებრივი კომედია". ამ ქალბატონის ქმარი თავადი ჯოვანი მალატესტა ყოფილა, თუმცა ქალს ქმრის უმცროსი ძმა პაოლო შეჰყვარებია. შეყვარებული წყვილი ერთად კითხულობდა ლანსელოტის და გვინევრას სიყვარულის ამბავს, როცა ქმარი მათ თავზე წაადგა და ეჭვიანობით შეპყრობილმა ორივე მათგანი სიცოცხლეს გამოასალმა. სკულპტურა გვიჩვენებს, თუ როგორ უჭირავს პაოლოს ხელში წიგნი და საკოცნელადაა დახრილი ქალისაკენ, თუმცა მათ ტუჩები ერთმანეთს არ ეხება. სწორედ ეს ფაქტი მიგვანიშნებს, რომ შეყვარებულებს ცოდვა არ ჩაუდენიათ, ანუ ინტიმური სიახლოვე მათ არ ჰქონიათ. აღსანიშნავია, რომ სახელი "კოცნა" ქანდაკებას უწოდა არა ავტორმა, არამედ კრიტიკოსებმა, რომლებმაც ის პირველად იხილეს 1887 წელს.


რაფაელ მონტის მარმარილოს ვუალის საიდუმლოება


image


სკულპტურის დანახვაზე, რომელიც წარმოადგენს გამჭვირვალე ვუალით ნახევრადდაფარულ სახეს, მხოლოდ ერთი კითხვა გვიჩნდება: როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ქვისაგან გააკეთო ასეთი რამ? ქანდაკების საიდუმლოება თავად მარმარილოშია, რომლისგანაც სტატუაა შექმნილი, უფრო სწორად, მის სტრუქტურაში. მარმარილოს ლოდი, რომლისგანაც სკულპტურა შეიქმნა, შედგებოდა ორი შრისაგან: მათგან ერთი გაცილებით გამჭვირვალე იყო, ვიდრე მეორე. ასეთი მარმარილო დიდი იშვიათობაა, თუმცა ის ნამდვილად არსებობს ბუნებაში. სკულპტორმა ზუსტად იცოდა, თუ რა შედეგის მიღება სურდა მას და ისიც, თუ რა სახის მასალა გამოადგებოდა სამუშაოდ. მონტი მარმარილოს ზედაპირზე ჩვეულებრივი რეჟიმით მუშაობდა, მაგრამ იმავე დროს ის ქმნიდა ჭრილებს, რომელიც მარმარილოს მაგარ ფენას გამჭვირვალე ფენისაგან გამოყოფდა (სათქმელად იოლია, შესასრულებლად კი ეს პროცესი ალბათ ურთულესი იქნებოდა და ხელოვანისაგან საოცრად სკურპულოზურ შრომას მოითხოვდა). საბოლოოდ ქანდაკება გამოვიდა საოცრად ნატიფი და ბუნებრივი, თითქოს გამჭვირვალე ვუალი მართლა ეფარება ქალის ნაზ სახეს.


იდეალური "დავითი", შექმნილი დაწუნებული ქვისაგან


image


მიქელანჯელოს ცნობილი სკულპტურა ''დავითი'' შექმნილი იქნა თეთრი მარმარილოს ლოდისაგან, რომელიც მეორე ცნობილ სკულპტურს, აგუსტინო დე დუჩოს დარჩა მუშაობის შემდეგ და რომელიც მან აბსოლუტურად გამოუსადეგრად მიიჩნია. დუჩო ბევრჯერ ეცადა ამ ქვის დამუშავებას, მაგრამ რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ ის მიაგდო. დაწუნებული ქვა მიქელანჯელოს მოეწონა და შექმნა კიდეც მისგან საოცრად შთამბეჭდავი სკულპტურა. ერთი ნიუანსი: მიუხედავად იმისა, რომ ''დავითი'' სილამაზის ეტალონადაა აღიარებული, აღმოჩნდა, რომ ის სულაც არაა უნაკლო, უფრო მეტიც - დავითი თურმე ელამი ყოფილა. ეს აღმოაჩინა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა მარკ ლივოიმ, რომელმაც მოახდინა ქანდაკების სკანირება ლაზერული კომპიუტერული ტექნოლოგიით. რა თქმა უნდა, ეს დეფექტი ჩვეულებრივი დამთვალიერებლისათვის შეუმჩნეველია, მით უმეტეს, რომ დავითის ხუთმეტრიანი სკულპტურა საკმაოდ მაღალ კვარცხლბეკზე დგას. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ნაკლი მიქელანჯელომ სპეციალურად დაუშვა, რათა ქანდაკება ორივე მხრიდან იდეალურად გამოიყურებოდეს.


ხელოვნება და სიკვდილი


image


ბარსელონაში, პობლენოუს სასაფლაოზე მდებარეობს ყველაზე იდუმალი ქანდაკება მსოფლიოში. სკულპტურას "სიკვდილის კოცნა" ჰქვია, მისი ავტორის ვინაობა და შექმნის ისტორია დღემდე არაა დადგენილი. ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი ვარაუდობს, რომ მისი შექმნელია ჟაუმე ბარბა, ხოლო მეორე ნაწილი ქანდაკების ავტორად ჟოან ფონბერნატს თვლის. სტატუა დგას სასაფლაოს ყველაზე შორეულ კუთხეში. სწორედ მისმა ხილვამ შთააგონა ინგრიდ ბერგმანს შეექმნა ფილმი "მეშვიდე ბეჭედი", რომელიც მოგვითხრობს დაჭრილი რაინდისა და სიკვდილის შეხვედრის ამბავს.


ვენერა მილოსელის ხელები


image


ვენერა მილოსელის ქანდაკება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული არქიტექტურული ქმნილებაა. ის პარიზში, ლუვრში ინახება. სკულპტურა 1820 წელს აღმოაჩინა ბერძენმა გლეხმა კუნძულ მილოსზე. ქანდაკების მიწიდან ამოღების დროს ის შუაზე გადატყდა, თუმცა იმ დროს მას ორივე ხელი ჰქონდა. ერთ ხელში ვენერას ვაშლი ეჭირა, ხოლო მეორეში მოსასხამის ბოლო, რომ ის მიწაზე არ დავარდნილიყო. როდესაც საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცრებმა ქანდაკება ნახეს, მიხვდნენ, რომ ის დიდ ისტორიულ ფასეულობას წარმოადგენდა. მათ გადაწყვიტეს ქანდაკება კუნძულიდან გაეტანათ და საფრანგეთში წაეღოთ. როდესაც მეზღვაურებს საკმაოდ მძიმე ქანდაკება გემზე აჰქონდათ, მათ ერთმანეთში კამათი მოუვიდათ, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ქანდაკება ძირს დავარდა და ორივე ხელი მოტყდა. მეზღვაურებს შეეზარათ წყალში ჩასვლა და დაკარგული ხელების მოძებნა. ასე დარჩა "ვენერა მილოსელი" ხელების გარეშე.


ქალღმერთ ნიკეს არასრულყოფილი მშვენიერება


image


ქალღმერთ ნიკეს ეს ულამაზესი ქანდაკება ნაპოვნი იქნა 1863 წელს კუნძულ სამოტრეკზე საფრანგეთის ელჩის და მოყვარული არქეოლოგის შარლემ შამოუზაის მიერ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სკულპტურა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნეში შეიქმნა ბერძნული ფლოტის გამარჯვების სადიდებლად. ქანდაკების ხელები და თავი დაკარგულია. სავარაუდოდ, ქალღმერთს მარჯვენა ხელი თავქვეშ ჰქონდა ამოდებული და მასში თასი ან გვირგვინი ეჭირა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ არაერთი მცდელობა ხელებისთვის მათი ადგილი მიეჩინათ, კრახით სრულდებოდა-მიწებებული ხელები საშინლად ამახინჯებდა შედევრის გარეგნულ სახეს. ყველა ეს წარუმატებლობა გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ნიკე მშვენიერია ისეთი, როგორიც არის-მისი არასრულყოფილება მხოლოდ და მხოლოდ ავსებს მის თვალწარმტაცობასა და სინატიფეს.

1
1000
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1000
  
2017, 22 ოქტომბერი, 10:26
მომეწონა.ნამდვილად არ ვიცოდი ვენერა მილოსელის ქანდაკებას ხელები რატომ არ ქონდა.სხვათაშორის ჩემმა შვიდი წლის შვილმა დამისვა შეკითხვა და მაშინს გავჩუმდი, მადლობა ქალბატონო მანჩო ეხლა შევძლებ სრულყოფილი პასუხი გავცე მის საოცარ კითხვებს.
0 1 1