x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134055
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
შოპენის ტრიუმფი და ტრაგედია
„გენიის გამოღვიძება-ესაა სიმშვიდის დასასრული“


image


შოპენი მსოფლიოს მუსიკალური კლასიკის მწვერვალია, რომელიც არღვევს მუსიკაში ადრე ცნობილ ნორმებსა და კანონებს. მას ეუბნებიან, რომ ეს თვითნებობაა. „შეიძლება, მაგრამ ხელოვნება წინ მიდის. ის, რაც დღეს თვითნებობაა, ხვალ შეიძლება კანონზომიერებად ჩაითვალოს. ყველა რომ იმით დაკმაყოფილებულიყო, რაც ჰქონდა, ჩვენი საუკეთესო იარაღი აქამდე კომბალი იქნებოდა“, -იღიმება შოპენი და ძველი მუსიკის ბურჯები უკან იხევენ.







image


შოპენის სტიქია -ფორტეპიანოს კლავიშებია. მისი მთელი სიდიადე გამოვლინდა ფორტეპიანოსთვის დაწერილ შედევრებში. მან გააფართოვა ფორტეპიანოს შესაძლებლობათა საზღვრები, იპოვნა გზები, რითაც კლავიშებზე აამღერა დიდი კაცობრიული ტანჯვა და სიხარული, ოცნება და იმედი.

შოპენისათვის მუსიკა -სამეტყველო ენაა და ის ლაპარაკობს თავის ტკივილებზე, რომლებიც ამავე დროს მარადიული საკაცობრიო ტკივილებიცაა.

image

შოპენს უყვარს სატრფო და ის კლავიშებს ესაუბრება; შოპენი შეჰხარის წარმტაც ბუნებას და ის ბგერებით გამოხატავს სიხარულს, რადგან შოპენი პოეტი არაა, რომ ლექსი დაწეროს, მხატვარი არაა, რომ ტილოზე გადაიტანოს დიდებული სანახაობა. შოპენი მუსიკოსია. მისი ენა-ბგერაა. სამაგიეროდ, ბგერას ისე განაგებს, როგორც მეფე.

შოპენი უკრავს. უკრავს სევდისა და რისხვის ჰანგებს. ვიწროა მისი მუსიკალური ოთახი, ჰარმონიის ოკეანეს სად დაიტევს. ამიტომ ოკეანე უშრეტ ნაკადებად გადის ფანჯარაში და მთელს ქვეყანას ეფინება.

პოეტები არ გრძნობენ ბინის სივიწროვეს, რადგან თავი სამყაროს მეფეებად წარმოუდგენიათ. უფრო ძნელია იმ სივიწროვის ატანა, რასაც განიცდიან ფართო ასპარეზზე, უსამართლობისა და ვნებათაღელვის ბორკილებში. აქ საქმეს სენიც ართულებს. დაჭრილი ლომივით აწყდება ფრედერიკი თავისი პატარა ოთახის კედლებს და ამაოდ ცდილობს მოიცილოს სანდის სახით აკვიატებული სიყვარულის ხატება.

„ასე დაჭრილი რომ არ ვიყო ჩემს სიყვარულში, მაშინ შეიძლება ცხოვრება თავიდან დამეწყო“-შოპენი.

image

საშინელია, როცა მამაკაცის სიყვარული ქალისას აჭარბებს, მაშინ ქალი ხელთ იგდებს ძალაუფლების კვერთხს და მოწყალე ღიმილით დასცქერის მის ფერხთით დაცემულ დიდებას.

ქალი საერთოდ მკაცრი გამოცდაა მამაკაცისთვის, ხშირად სახიფათოც, მეტადრე, ცეცხლზე უფრო მოსარიდებელია თუ ქალს ხელში კალამი უჭირავს. გავა დრო და ჟორჟ სანდი დაამტკიცებს, რა საშიშ იარაღად იქცევა ხოლმე ქალის ხელში კალამი.

image

ჟორჟ სანდი საოცარი ქალია, დელფოს მისანივით მეტყველი და ბრძენი, ცეცხლივით დაუდგრომელი. მისი ფხიზელი გონება თავისუფლად მსჯელობს ისეთ საგნებზე, რაზედაც სხვა ქალები დუმან. ამით დგას ის სხვა ქალებზე მაღლა და ამითვე ჩამორჩება მათ. აი, ის ორაზროვნად იღიმება, ლაპარაკობს. შეიძლება მას უსმინო, პატივი სცე, მაგრამ მისი შეყვარება ცეცხლთან თამაშია.

სანდისა და შოპენის სახით ერთმანეთს ხვდებიან ისეთი ცეცხლოვანი გენიები, რომლებიც ერთიმეორეს ადრე თუ გვიან დაღუპავენ, დასწვავენ, დაამსხვრევენ. უდიდესი სიყვარული აქ გადაჯაჭვულია უდიდეს რისკთან. ასეთი სიყვარული ფარიკაობას ჰგავს.

შოპენის გული არასოდეს არ აძგერებულა ისეთი სიყვარულით როგორც ამ ქალისთვის ძგერდა. იგი ხელოვანთა და პოეტთა იმ არც ისე მრავალრიცხოვან პლეადას ეკუთვნის, რომლის წევრებიც, მარად ქალურის გარდა, ქალში ნიჭსა და ჭკუასაც ეძებენ. სანდს კი ერთიც აქვს და მეორეც.

„არც დღეა და არც ღამე, არც ვინ მოდის, არც ვინ მიდის. არაფერი არ არის: ქვეყნის მოვლენები მისთვის აღარ არსებობს, თუმცა სულ ერთია თვალებს სურათს მიაპყრობს ვინც ასე უსაზღვროდ უყვარს, მაგრამ მოსვლას აგვიანებს. მერე ისევ ხუჭავს სიცოცხლის მოწყურებულ თვალებს და ბურანში წასული ხედავს წარმტაც სიზმარს... ეს არის ხელოვანის დიდი სიცოცხლის სიზმარი, რაც მარადისობას ერთხელ ესიზმრება, რადგან გენიოსი ეს თავისებურად განუმეორებელი რამ არის".


1
240
3-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო მოდებაძე
სოფიო მოდებაძე
240
  
2018, 22 იანვარი, 14:34
შოპენი არის საოცრება!!!
0 1 1