x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გაბრიელ ჯაბუშანური–ღილღოს დაცლილი აულების ჭირისუფალი
ყველასთვის კარგად ცნობილია, თუ რა ჯოჯოხეთური რისხვა დაატყდა თავს ჩეჩენ და ინგუშ ხალხს 1944 წელს.ერთ დღე-ღამეში ძალის გამოყენებით გადაასახლეს ამაყი და თავისუფლების მოტრფიალე მთის შვილები შორეულ ყაზახეთში.გზაზე ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, განსაკუთრებით კი სჭარბობდა გარდაცვლილი ქალებისა და ბავშვების რიცხვი.საბჭოთა იმპერიის შემაძრწუნებელ რეპრესიებს ვერც ეს ხალხი გადაურჩა!..1944 წლის გაზაფხულზე მეზობელი არხოტელები გადასახლდნენ ქისტეთის მიწაზე მეურნეობისთვის უკეთესი პირობების გამო და მათ შორის იყო გაბრიელ ჯაბუშანურიც, რომელმაც 17 წელი გაატარა "ღილღოს მღვრიე ცის ქვეშ."

image


ეს წლები გაბრიელის ცხოვრებაში გამორჩეული იყო უჩვეულო პოეტური განცდებითა და შემოქმედებითი ზრდით.ღილღოსადმი მიძღვნილი ლექსებითა და ბალადებით ის ჩვენს წინ წარმოსდგება, როგორც უდიდესი ჰუმანურობის მქონე ადამიანი, რომელმაც ამ ხალხის სიმწარე და ტკივილი საკუთარ ტკივილად აღიქვა.მისი პოეზიიდან გამოდმებული გოდება მოისმის პატრონთაგან დაცლილი სოფლების გამო.image


იმის გასაგებად თუ რა დახვდა ღილღოს მიწაზე ისეთი, რამაც ასე აღაშფოთა და მოსვენება დაუკარგა მგოსანს, უპირველეს ყოვლისა, დაგვეხმარება ბალადა "ორი ძაღლი, " რომლის მოკლე შინაარსიც ასეთია: აულ ოძიკში პოეტს ორი ძაღლი ხვდება-თეთრი და შავი, რომლებიც "ძაღლური ძახილით" უხმობენ თავიანთ პატრონს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მათ განსაკუთრებით თოფის ხმისა ეშინიათ, რადგან მათი პატრონი თოფით განდევნეს.დროთა განმავლობაში ორივე ძაღლის დაახლოება შეძლო პოეტმა, მაგრამ ერთმანეთში მათი მორიგება მაინც ვერ მოახერხა.ეს ორი ძაღლი პოეტის წარმოსახვაში მისივე ბედთან ასოცირდება: შავი კაეშნის ნიშანია, ხოლო თეთრი-იმედისა, რომელსაც ხანდახან სურვილი მოუვლის რომ ბოლო მოუღოს დარდს(შავ ძაღლს), თუმცა მაშინვე უკუაგდებს ამ აზრს იმის გამცნობიერებელი, რომ წუთისოფელი მუდმივი ბრძოლაა სიკეთისა და ბოროტების, დღისა და ღამის, სიკვდილისა და სიცოცხლის.დაე, იარსებოს ორივე ძაღლმა! ამ ბალადაში საგულისხმოა ისიც, რომ ქისტების უკაცრიელ სოფელში დასახლებული გაბრიელი თავს დამნაშავედ გრძნობს, მხოლოდ იმიტომ, რომ მიტოვებულ აულებში დათარეშობს "როგორც ყორანი". ფიქრობს, რომ იქ დასახლებით თითქოს მასაც ბრალი მიუძღვის ამ ხალხის გადასახლებაში.image



პოეტი წარსულში მოგზაურობს და საკუთარი წარმოსახვით აცოცხლებს ქისტების სიყვარულის ნაღვლიან ისტორიებს. "ჩემს ლექსებსა, პოემებსა და ბალადებში ცხოვრებისეულ სინამდვილეს ფანტაზია და წარმოსახვა სჭარბობს ყოველთვის, -ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს ქმნილებანი გაივლიან პოეტურ ჯოჯოხეთსა და განსაწმენდელს, მე მათში ასახული ამბები უეჭველ, ნამდვილად მომხდარ ცხოვრებისეულ ფაქტებად მეჩვენებიან"(პირადი ჩანაწერებიდან). ასეთია სწორედ "ბალადა ქვაკაცაზე, " სადაც კარგად იგრძნობა ვაინახების გულის ძგერა, ხასიათი, ყოფა და ზნე-ჩვეულებები.ეს ყველაფერი კი საოცარი მხატვრულობით აქვს გადმოცემული და მეტი რაღა სჭირდება პოეტურ ქმნილებას?!-მკითხველს ხომ სამუდამოდ ამახსოვრდებიან ახმედი, ზეზიკი, ფეტიმატ, სულთანი თუ სალმარძი.როცა ბალადას კითხულობ ვერც კი წარმოიდგენ მკითხველი, რომ ამის ავტორი ამ ხალხის შვილი არ არის და მით უფრო მოსისხლე რჯულის წარმმადგენელი.საგულისხმოა, რომ ამ ბალადაში მოქმედება ხდება ღამე, რაც სიმბოლურად ჩეჩნების ბედთან ასოცირდება, რადგან მათაც ბნელი და გაურკვეველი გზით მოუხდა გამზავრება.


ღილღოს ციკლის თითოეულ ლექსსა და ტაეპში იგრძნობა ის ღრმა მწუხარება, რასაც უხალხო აულის ხილვა იწვევს პოეტის გულში:


დაღონებულო, კენტო აულო,

მიტოვებულო და უკაცურო,

მინდა მარტვილი გაგემცნაურო

და შენთან ერთად ცრემლი დავღვარო"


ღილღოს თემაზე ნათქვამ ლექსებში, პირადაამიანური მწუხარების კერძო გამოვლინებაში კარგად ჩანს, ზოგადად, კავკასიური-ერთიანი სულისკვეთება, მოძმის მწუხარების გაგებისა და გასაჭირში გვერდში დგომის საოცარი უნარი. გაბრიელ ჯაბუშანურმა ამ ერთი კონკრეტული მაგალითით მთელი ქვეყნის სიმბოლური მიკროხატი გვაჩვენა, რომელიც დათრგული და განადგურებულია დამპყრობლის მიერ.და თუ ვინმე მართლა გრძნობდა მშობლიურ მიწას მოგლეჯილ ღილღველთა ტკივილს, ასეთ ადამიანთა რიცხვს ყველაზე წინ ეკუთვნოდა გაბრიელ ჯაბუშანური.


გადასახლებიდან დაბრუნებულ ქისტებსა და ხევსურებს შორის მოხდა უმაგალითო შემთხვევა: ყოველგვარი გაუგებრობის გარეშე დატოვეს ხევსურებმა ღილღო და უფრო მეტიც, მათ უკან დაბრუნებულ ვაინახებს დაუტოვეს ხევსურების გაკეთებული სამუშაო იარაღები, საქონელი, შინაური ფრინველები და "როგორც ქისტებმა, კარგა ხნის წინათ, -დატოვეს ღილღო არხოტელებმა"(გ.ჯაბუშანური). ეს მთიელთა დიდსულოვნების დაუვიწყარი მაგალითი იყო და დღემდე ახსოვთ ასაკოვან ქისტებს ხევსურების მაშინდელი გვერდში დგომა. თვითმხილველების მონათხრობიდან ვიცით, თუ როგორ ტიროდნენ ქისტები, როცა ხევსურები ღილღოს ტოვებდნენ. "ჩვენ ის შევიყვარეთ, იმიტომ რომ მას ჩვენ ვუყვარდით.მას ძალიან უყვარდა ინგუშები.ის განიცდიდა ინგუშების ბედს, ინგუშების ტკივილს, გადასახლებას.განიცდიდა მათ სირთულეებს, მიუხედავად იმისა, რომ შორს იყო ნგუშებისგან"-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ გაბრიელ ჯაბუშანურის საღამოზე თქვა ინგუშმა მაგომედ მატიევმა.image


1961 წლის 17 აგვისტოს აკეთებს პოეტი პირად დღიურში ჩანაწერს: "30 ივლისს უკანასკნელად დავთვერი ხამხში(ღილღო), ხანჯლით ვეტიე მეზობელს და 31 ივლისს, ალბათ, სამუდამოდ მივატოვე ღილღო...რა დამრჩა ღილღოსი?- ბევრი კარგი მოგონება...იქ დაწერილი ბევრი ლექსი, პოემა, ბალადა...ბევრი სევდა, ტანჯვა, წამება...ღილღოს დამრჩა: დედის, მამის, ლეოს და მზექალის საფლავები...ეჰ, მიდის და მიდის ეს წყეული ჟამი...გადავცდი ჩემი ცხოვრების შუადღეს." ეს განცდა ლექსადაც ამოთქვა:


აღარც ბიძა მყავს,

აღარც ძმა,

არც მამა,

არცა მშობელი,

მზექალიც სენმა დახარჯა, -

უმიჯნა მზე და სოფელი.

ღილღოს მიწაში ხუთივე

წევს ნათელგაუკარები,

ღამეს ოლოლნი უთევენ

და ლექსთა ჩემთა პწკარები...

მე კი დარიალს შემოვდექ

უთვისტომო და მარტვილი,

და ჩემი ყოფნის შემოდეგს

ლარსის კლდეებთან დავტირი.


რა თქმა უნდა, ღილღოს თემატიკით არ ამოწურულა მისი შემოქმედება.მის პოეტურ ნიჭს უსაზღვრო გასაქანი აქვს.ძალიან ბევრს წერდა და ფიქრობდა სიკეთესა და ბოროტებაზე, სიკვდილ-სიცოცხლის მარადიულ დილემაზე.უამრავი ლექსი აქვს დაწერილი სიყვარულის თემაზე, რომლებიც განსაკუთრებული მხატვრულობით გამოირჩევიან("თვეობით მშიოდა ეგ შენი ტკბილი ხმა, მშიოდა ღიმილი შენი"). სრულიად დაუმსახურებლად მიმაჩნია მის მიმართ უინტერესო დამოკიდებულება და ვფიქრობ, რომ სათითაოდ შესწავლის ღირსია მისი ყოველი ლექსი და ასევე პირადი დღიურები და წერილები. გაბრიელი არის ის პოეტი, რომლის მთიდან მოწერილმა წერილმა უბიძგა ნ.აგიაშვილს, რომ დაეწერა წიგნი: "ჭაბუკები დარჩნენ მარად, " სადაც ძალიან კარგადაა ასახული ლ.ასათიანის, მ.გელოვანის, ა.საჯაიასა და მათი თაობის პოეტთა ცხოვრება.ამ წიგნშია მოთავსებული გ.ჯაბუშანურის ზემოთ ხსენებული წერილიც. კ.გამსახურდიამ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ "ძალიან მიყვარს გაბრიელ ჯაბუშანური-როგორც ადამიანი და როგორც პოეტი." თვითონ პოეტს კი სამი რამ იტაცებდა ამქვეყნად: სიყვარული, სიმღერა და მამული. image







0
453
6-ს მოსწონს
ავტორი:ქეთინო არაბული
ქეთინო არაბული
453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0