x
image
ანა პაპოშვილი
"არა არს დაფარულ, რომელ არ გამოცხადდეს"
იშვიათია ისეთი სიყვარული, როგორითაც ერთმანეთი უყვარდათ ოლღასა და ილიას. ყველაფერი კი ასე დაიწყო..

image

შეძლებული და წარჩინებული მამიდის ოჯახში მყოფი ოლღა გურამიშვილი თბილისის მოწინავე საზოგადოებაში ტრიალებდა და თვალს ადევნებდა ყოველგვარ მნიშვნელოვან მოვლენას.

ილიამ და ოლღამ ერთმანეთი1863 წლის იანვარში გაიცნეს, მაშინ, როცა ილია „საქართველოს მოამბის“ პირველი ნომრის გამოსაცემად ემზადებოდა.


ამ დიად საქმეში ოლღა გურამიშვილი ილია ჭავჭავაძეს ნამდვილ მშველელად და შთამაგონებლად მოევლინა. მას უზომოდ უყვარდა მეუღლე, ყველანაირად ხელს უწყობდა და ილიას საქმეს ისე უცქერდა, როგორც მღვდელთმსახურებას.

ადვილი არ იყო ქალიშვილისთვის ოჯახს შეწინააღმდეგებოდა, ვინაიდან ხელმოკლე ილია ჭავჭავაძე თანაც მწერალი და ლიბერალი, სასურველ საქმროდ ვერ ჩაითვლებოდა, მაგრამ ამ ორ ახალგაზრდას თავდავიწყებით შეუყვარდა ერთმანეთი.

image

„იცოდეთ, მომავალში სიყვარულისა და ერთგულების მეტს ვერაფერს შემოგთავაზებთ. მართალია, ადამიანები ამ ორი რამითაც არიან ბედნიერნი, მეც მჯერა, რომ შესაძლებელია ასეთი ბედნიერება, მაგრამ, მითხარით, თქვენ თუ გჯერათ ასევე? აი, საკითხი, რომელიც მოსვენებას არ მაძლევს. იცით თუ არა ყველაფერი ჩემი მდგომარეობის შესახებ? იცით თუ არა ჩემი აწმყო? ხოლო, რაც შეეხება მომავალს, იმაზე არც ღირს ლაპარაკი, რაც უფრო შორს ვიხედები, მით უფრო ცოტას ვხედავ სანუგეშოს. მართალია, მე ჩემი თავი სიღარიბისა და შრომისთვის გადამიდვია; მართალია, არც ერთისა და არც მეორის არ მეშინია, მაგრამ არც თქვენ გეშინიათ მისი? თუ არ გეშინიათ, მე თქვენი ვარ, ე.ი - შენი ვარ“ - სწერდა ილია ოლღას.

image

როგორც იგონებენ ილია ძალზე დინჯი, გაწონასწორებული ადამიანი იყო, მაგრამ ჩანს რომ „თვალჭრელა“ ოლღასადმი სიყვარულმა გაახელა და თავი დააკარგვინა.

ეკატერინე გაბაშვილისთვის ივანე პოლტრაცკის უამბნია, რომ ერთ-ერთი შეკრებისას დაგვიანებით მოსულ მსახურს, რომელსაც ოლღასგან ბარათი უნდა მოეტანა, ილია საშინლად განურისხდა:“ ეს ჩვენი ლიბერალი და თავისუფლების მოტრფიალე პოეტი, სწვდა თავის მოამაგე ლალას საყელოში და რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაუწყო ჯანჯღარი და თან უშვერად ლანძღავდა: „სად იყავი აქამდე? სად ოხრობაში დაეთრეოდი, განა არ იცოდი რომ გელოდი, რომ სული კბილით მეჭეირაო!“. მხოლოდ მას შემდეგ მოუბოდიშა ილიამ ლალას, რაც ბარათი გადაიკითხაო.“

image

ამ ძლიერი ტრფიალებისგან ზოგჯერ პოეტს გონება ეფანტებოდა და უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ხოლმე. ოლღასადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში ვკითხულობთ: „ ოლიკო, შენი სულისა! ახლაღა გამახსენდა, რომ თქვენთან დამრჩა ჩემი ჯოხი... ...გთხოვ, ან გამომიგზავნე, ანდა დამალე დარაბებს უკან, სადაც გუშინ ვიჯექი ჩემს დედოფალთან ერთად... ...ჯოხი საერთოდ სულელური ნივთია, განსაკუთრებით კი ასეთი შემთხვევის დროს. მას შეუძლია ჩვენი საიდუმლოს გამჟღავნება. ახლავე ამ წერილზევე მიაწერე, ჩემი დედოფალი რას უპირებს ჩემს ჯოხს. ესეც შენ!.. ისე იჩქარე ჩემი გამოგდება, რომ სიჩქარეში იძულებული გავხდი ჩემი საყვარელი ჯოხი იქ დამეტოვებიმა, სადაც შეიძლება იგი გაცივდეს და სიბრაზისგან რაღაც-რაღცეები წამოროშოს.“


image ოლღას და ეკატერინე გურამიშვილი


როგორც ჩანს, ილიასთან საიდუმლო მიწერ-მოწერის შესახებ ოლღამ უამბო თავის უფროს დას - ეკატერინეს. აღელვებული ოლღა შემდეგ წერილს წერს ილიას: „ საშინლად ვნანობ, რომ ვუთხარ ჩემს დასა, რომ ჩვენ ვწერთ ერთმანეთს. შენ გენაცვალოს ჩემი თავი, მომიტევე ჩემი უფიქრელი დანაშაულობა.. ...შენ გენაცვალე, საშინლად ვნანობ, მაგრამ რაღა გაეწყობა: „არა არს დაფარულ, რომელ არ გამოცხადდეს“.

ილიას თანამოაზრეებმა, როცა მისი კარსმომდგარი ჯვრისწერის ამბავი შეიტყვეს შეშინდნენ, ვაითუ ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ გამოცემაზე აღარ იფიქროსო. მაგრამ მწერალს ასე გადაურწმუნებია და დაუმშვიდებია ისინი: „ვუთხარი, იქნებ მართლაც დავქორწინდე-მეთქი, მაგრამ დავქორწინდები ისეთ ჭკვიან ქალზე, რომელიც ამ წმინდა საქმეს კი არ ჩამომაშორებს, პირიქით, უფრო მიმაჯაჭვავს და ძალასა და ენერგიასაც შემმატებს-მეთქი.. რა? განა შევცდი, ასე რომ ვთქვი შენზე, ოლიკო? არა, ჩემს ოლიკოში მე არ შევცდები“.

image სამების ეკლესია თბილისში, სადაც 1863 წლის 10 აპრილს ჯვარი დაიწერეს ილიამ და ოლღამ


ამი შემდეგ კი საეკლესიო წიგნში ჩაიწერა:

„1863წ. N21, 10 აპრილს.

სასიძო თავადი ილია გრიგორის ძე ჭავჭავაძე, მართლმადიდებელ სარწმუნოების მქონებელმა იქორწინა პირველ ქორწინებითა, 25წლისა.

სასძლო თავად თეოდოზ გურამოვის ქალი ოლღა, მართლმადიდებელ სარწმუნოების მქონებელმა იქორწინა პირველ ქორწინებითა, 20წლისა“

image ილია ჭავჭავაძის სამუშაო ოთახი

ოლღა გურამიშვილი აღმოჩნდა საოცრად კეთილი და სათნო ხასიათის ადამიანი. მას არამარტო უყვარდა მეუღლე, არამედ აღმერთდებდა მის ნიჭსაც.

გრიგოლ ყიფშიძის მოგონებაში ვკითხულობთ: „როდესაც ილია წერდა და თავის ოთახში მუშაობდა, სახლში ჩამი-ჩუმი არ ისმოდა, სასტიკი მდუმარეობა იყო გამეფებული, ოლღას წყალობით, და არავის შეეძლო ხმაურობა რამ აეტეხნა, თვითონაც სულ ფეხ-აკრეფით დადიოდა ოთახებში, რომ მცირედმა ხმაურობამაც კი არ დაუშალოს ილიას წერა, გონებრივი მუშაობაო.

ერთხელ ილია ისე გაერთო თურმე მუშაობით, რომ თავს დაათენდა და კინაღამ შუა დღე მოვიდა. ილიას კაბინეტში კი ლამპარი ისევ ანთია. კ-ნა ოლღა ძალიან შეფიქრიანდა, ვაი თუ დაემართა რამეო და შიშით ვერც თვითონ ჰბედავდა შესვლას, ვერც მოსამსახურე შეეგზავნა.“ ოლღამ „ივერიის“ ერთ-ერთ თანამშრომელს, ალ.ნანეიშვილს მიმართა დასახმარებლად. როდესად ნანიამ კარი შეაღო ასეთი სურათი დახვდა: „ილიას ზურგი შეექცია საწერ მაგიდისთვის და ღრმა ფიქრში წასულიყო.

-ბატონო, - მიჰმართა თურმე ნანიამ: შუა-დღეა მოტანებული, რაღა-დროს ლამპარია?!“.

image

საპასუხოდ, ილიაც დიდად აფასებდა ოლღას ნიჭსა და ლიტერატურულ გემოვნებას.

მეუღლისადმი თავისი დიდი სიყვარული და პატივისცემა ილიამ იმითაც დაამტკიცა, რომ მას უძღვნა თავისი ხელით გადაწერილი ლექსების კრებული და თავისი პოეტური შემოქმედების გვირგვინი - პოემა „განდეგილი“.

ოლღა ერთგულად მისდევდა ილიას მიერ მისადმი მიწერილ ცნებას: „დედობა, ცოლობა და დობა დიდი საქმე არ არის. ეს ზოგი ბუნების საქმეა, ზოგი გარემოებისა. საქმე კარგი დედაკაცობაა, ქალს სხვა ბევრი რამ მოვალეობა აწევს საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე“.

ოლღა ნამდვილად იქცა ნამდვილი ქალის განსახიერებად. იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის მზრუნველთა საბჭორს წევრი, 1895-1906 წლებში ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე და სხვა.

image

სადაც არ უნდა ყოფილიყო მისი მეუღლე, ოლღაც იქ იყო. განუყრელად თან ახლდა ილიას, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე. ხანშიშესულობისასაც ისეთივე ძლიერი გრძნობა ჰქონდა საყვარელი ადამიანისადმი, როგორც ყმაწვილობისას.

ილიას მეფუტკრე, ნაიელ მასლოვი, იხსენებდა: „ერთ საღამოს მე და ილია გრიგოლის ძე ვისხედით აივანზედ, წყაროს მახლობლად, ჩვენ წინ მოსამსახურემ გაიარა. პოლონელი ქალი იყო.“მანია!-დაუძახა ილიამ- ერთი ჭიქა წყალი თუ შეიძლება“. მოსამსახურემ იმ წუთსავე მოართვა წყალი წყაროდან. ოლღა თადეოზის ასული მეორე სართულის აივანზე იჯდა და ყველაფერს ჰხედავდა.

მესმის, ოლღამ საჩქაროდ ჩამოირბინა კიბეები, გაირბინა აივანი, სადაც ჩვენ ვისხედით, დაეცა მინდორში და დაიწყო თავის ხლა მიწაზე. მე და ილია მივვარდით მისაშველებლად, ავიყვანეთ, შუბლზე ცივი წყალი დავასხურეთ და გრძნობაზე მოვიყვანეთ.

-ოლღა, გონზე მოდი!შენ ისევ შენებურად განაგრძობ, ნუ დაივიწყებ, რომ უკვე 70 წლის ვარ-უთხრა მას ილიამ.

ოლღამ უსმინა, უსმინა (ცუდად ესმოდა) და შემდეგ უთხრა: დაამთავრე ილია? ეხლა მე დამიგდე ყური ნუ დაივიწყებ, რა ბედნიერებაა ჩემთვის, რომ მოგიტანო ჭიქა წყალი, შენ კი ამ სიამოვნებას მიკარგავ....''.

image

ვერც ილიას გარდაცვალებამ ვერ გაანელა ოლღას სიყვარული: „ ... რაც დრო გადის, უფრო და უფრო გულსაკლავათ ვერ ვინელებ ესეთ უბედურ მდგომარეობას. ფიქრში რომ წავალ, სულ იმედით ვცხოვრობ და მგონია შორს იმყოფება და რომ წარმოვიდგენ სინამდვილეს, აუტანელი მწუხარებაა და გული ვერ მომიბრუნებია..“ -წერს იგი მარჯორი უორდროპს.

image

„-დამეფანტა ჩემი ქმრის ნაწერებიო-ნაღვლობდა იგი და განაგრძო: ჩვეულებად მქონდა და ახლაც ასე ვაკეთებ: ყოველ საღამოს ვკითხულობ მის ნაწერებს, მერე უფრო ვმშვიდდები და ტკბილად ჩამეძინება, თითქოს მასთან ვიყოო.“ - იხსენებდა შოთა ძიძიგური.

image

ოლღამ მთაწმინდაზე იქირავა ბინა და იქ დასახლდა, რათა მეუღლესთან უფრო ახლოს ყოფილიყო. როცა უკვე საფლავზე სიარული აღარ შეეძლო, აივნის მოაჯირთან სანთლით ხელში დგებოდა, მთაწმინდას გაჰყურებდა და ჩურჩულებდა: „მოვდივარ, ილი, მოვდივარ!“.

image

0
315
5-ს მოსწონს
ავტორი:ანა პაპოშვილი
ანა პაპოშვილი
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0