x
image
George Chubini
იმპერატორის ვიზიტი ხაშურში და სააბაშიოს ხედების მშვენიერება

1888 წლის სექტემბერში თბილისის გუბერნიას, კერძოდ სააბაშიოს (ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილი) მათნი უდიდებულესობანი რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III, იმპერატრიცა მარია ფიოდოროვნა და მათი მემკვიდრეები ეწვივნენ.

image

გაზეთი “ივერია" ამ ვიზიტის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის და არემარესაც აღგვიწერს.

“მთელმა სააბაშიომ, საცა ოცამდე სოფელია და ათასი კომლი მცხოვრებელი, თითქმის ერთის თთვის წინად იცოდა ყოვლად მოწყალე ხელმწიფე იმპერატორისა და იმპერატრიცას აქ მობრძანება". მთელი სააბაშიო დიდ დამზადისს შესდგომია. მოსახლეობა ახალ ტანსაცმელს, ამქრები ახალ დროშებს იკერავდნენ, გაჩაღდა დიდი ვაჭრობა და აღებ-მიცემობა. იმპერატორის შესაგებებლად ხაშურის სიახლოვეს, ცხრამუხასა და ქვიშხეთს შორის, გზატკეცილსა და მტვარს შუა სხვადასხვა პოლკის ჯარი დაბანაკებულა. “ქართველთ ჯარის-კაცთ აქლემის ყელის ჩოხები ეცვათ და შავი ნაბდის რგვალი ქუდები ეხურათ"-წერს “ივერია". ჯარი აქ 10 აგვისტოდან გამოჩენილა, რამაც განსაკუთრებით ხელი შეუწყო ვაჭრობას სურამსა და ხაშურში. ქართველთა გარდა აქ იყო ჩერნომორის, პიატიგორსკის, ბაქოს, დარუბანდის, ყუბანის, ელისავეტოპოლოს პოლკები.

image

“ბანაკს, სამხრეთით, მტკვარი ჩაუდის; მდორე მტკვარს, მაგრამ მძლავრსა და ღონიერს მაღლიდგან პატარა სოფლები და შაქრის თავის მსგავსნი მთანი გადმოსცქერიან; სამხრეთით გაჭიმულია გზა-ტკეცილი, მწვანე მინდვრები, ბეღლითისა და სურამის მთები, რომლის კალთებზედ გაშენებულია ლამაზი, კოხტა, ბაღებით შემკული სოფლები: ბეკამი, ყიფიანთუბანი, ტეზერი და სავანლის უბანი. აღმოსავლეთით ბანაკს უძევს სოფ. ცხრა-მუხა, ზემო-ჭალა და ხაშური. დასავლეთით საამურად იცქირება მაღალი ქვიშხეთის მთა, ანუ “მთა-წმინდა", რომლის ძირში მდებარეობს კეკლუცი, ლამაზი ქვიშხეთი. ამ სოფლით გარკვევით იხედება თავად-აზნაურთა მაღალი სახლები, რომელთა შორის განსვენებულის დ. თ. ყიფიანის სასახლე ნამეტნავად ამაყობს და თავ-მომწონეობს". სწორედ ამ ხედების გარემოცვაში ყოფილა იმპერატორის დასახვედრად გამზადებული ჯარი და აქვე აუგიათ იმპერატორისა და მისი ოჯახის მოსასვენებელი მდიდრული პავილიონი, რამდენიმე დარბაზით. იგი ათასგვარი დეკორაციით ყოფილა შემკული, მრავალფერად შეღებილი. ყოველივე დეტალურად აღწერილია “ივერიაში". მის ასაშენებლად 17.000 მანეთი დახარჯულა, რომელიც პოლკის ფული ყოფილა.

მოსახლეობას საგანგებოდ გამოუცხადეს, რომ 26 სექტემბერს, ორშაბათს სააბაშიოში იმპერატორი მობრძანდება. ხალხი კვირა საღამოსვე შეკრებილა და რკინიგზის ახლო სოფლებში დაბინავებულა. იმპერატორი და იმპერატრიცა ხაშურის სადგურზე ჩამოსულა და აქედან ეტლებით წასულან მათთვის მომზადებულ ბანაკამდე. აქ მათ ჯარი დაათვალიერეს, დეპუტატები მიიღეს, პავილიონში დაისვენეს და ბორჯომში წავიდნენ, ხოლო უკან 27 სექტემბერს, საღამოს დაბრუნდნენ. ბანაკიდან საიმპერატორო ოჯახი ხაშურში წასულა, ხოლო აქედან რვა საათზე ტფილისში გამგზავრებულან. რამდენიმე დღეში ბანაკიც მოშლილა, ვაჭრობა კვლავ განელებულა და ცეკვა-თამაშობანი, განათებული გზატკეცილები კვლავ ძველებურ ყოფას დაბრუნებიან.
“ივერიაში" სტატიის ბოლოს ნათქვამია ბანაკის ტერიტორიას მანამდე “ნახვეტარი" ერქვა, ხოლო ამის იქით “ლაგერად" მოინათლაო.

სამწუხაროდ იყო დრო, როცა ხელმწიფე იმპერატორის ხილვა ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი და რაღაც საუცხოო მოვლენა იყო, ეს ალბათ მათმა მონარქისტულმა ბუნებამაც განაპირობა. დრო შეიცვალა, გავიდა ასწლეულზე მეტი და ამ მიდამოების აღწერა ისევ ამდაგვარად შეიძლება. სააბაშიო, ანუ ხაშურის მუნიციპალიტეტის ეს ტერიტორია უამრავი პრობლემის წინაშეა და ძველი ამბები თითქოს გუშინდელი ან დღევანდელი ამბავია.

გიორგი ჩუბინიძე

imageimageimage


0
253
3-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0