x
მეტი
  • 18.12.2017
  • სტატია:72055
  • ვიდეო:325244
  • სურათი:427415
მამა და ვაჟი

image

პერსონაჟები:

მამა – 39 წლის ჭაღარა შეპარული მამაკაცი

ვაჟი – 16 წლის გამხდარი საშუალო სიმაღლის

სცენა წარმოადგენს ტიპური ძველი აშენებული ბინის მისაღებს. ცენტრში განთავსებულია დივანი ორი სავარძლით და პატარა ჟურნალების მაგიდით, კედელზე გამჭვირვალე სამოსში გამოწყობილი მოდელი ქალის სურათია გამოკრული. ოთახს ეტყობა არეულობა. იატაკზე ცალი წინდა გდია, ერთ-ერთ სავარძელზე კი ქაოსურად მიყრილი მამაკაცის სამოსის გორაა. დივანზე ზის მამაკაცი, საცვალსა და გახსნილ აბანოს ხალათში გამოწყობილი, თავი ხელებში აქვს ჩარგული, მაგიდაზე საფერფლეში მივიწყებული თამბაქოს ღერი იწვის. კარში გასაღების ტრიალი ისმის, ოთახში შემოდის ვაჟი ჯინსის ფართო შარვალი და რომელიღაც როკ ჯგუფის წარწერებიანი მაისური აცვია. ზურგზე კი სკოლის ჩანთა აქვს ჩამოკიდებული. თმა წამოზრდილი აქვს და შუაზე გაყოფილი, სამკურნალო სათვალეს ატარებს.

ვაჟი: შემაშინე /ზურგჩანთას იხსნის და ქაოსურად მიყრილ ტანსაცმელზე აგდებს/ სკოლაში არ მირეკავ ხოლმე, რა მოხდა?

მამა: მეგონა მეგობრები ვიყავით /თავაუღებლად პასუხობს მამა/

ვაჟი: ასეცაა, რა მოხდა აღარ იტყვი? /ვაჟი სპორტულ ფეხსაცმელს ფეხებითვე იხდის და სავარძლის ქვეშ აცურებს.

მამა: მეგონა ჩვენს შორის საიდუმლოებებიც არ იყო /თავს სწევს მამა და ვაჟს თვალებში უყურებს/

ვაჟი: /გაოცებულია, ხელებს ნერვიულად იფშვნეტს, უჭირს ერთ ადგილზე დგომა და ოთახში სიარულს იწყებს/ ასეცაა…

მამა: დაჯექი. /ხელით ანიშნებს დივანზე/

ვაჟი: სიგარეტი ჩაგეფერფლა, დაგვიწყებია /ნაძალადევად იღიმის ბიჭი და დივანზე ჯდება/

მამა: დედა გახსოვს?

ვაჟი: ბუნდოვნად.

მამა: სამწუხაროა, ის ალბათ ვერასოდეს დაგივიწყებდა… /ჩაფერფლილ თამბაქოს აქრობს და ახალის მოკიდებას ცდილობს, ხელი უკანკალებს და უჭირს სანთებელის ანთება, ვაჟი ართმევს და თავად უკიდებს/ მოწიე თუ გინდა, ვიცი რომ ეპარები ხოლმე…

ვაჟი: ჰო, ხანდახან… /მორიდებით იღებს ერთ ღერს მამის კოლოფიდან, ხელში ათამაშებს და აკვირდება, ბოლოს პირში იდებს და უკიდებს, ღრმად ისუნთქავს კვამლს. მშვიდდება/ მითხარი რატომ დამირეკე სკოლაში.

მამა: შენი ნახვა მინდოდა, გულწრფელი, ძველებური საუბარი, მამა-შვილური, ბოლო დროს სამსახურის პრობლემების გამო იშვიათად გვაქვს შესაძლებლობა რომ ვილაპარაკოთ.

ვაჟი: არაუშავს…

მამა: უშავს! /ამბობს ხმამაღლა და მკაცრად/ ახლა ისეთ ასაკში ხარ, მამა გჭირდება, რომ გზას არ ასცდე, შეცდომა არ დაუშვა, რჩევა გჭირდება, მამობრივი მზრუნველობა. /ჩუმდება, ღრმა ნაფაზს ურტყამს და თითქმის ჩურჩულით განაგრძობს/ დედაც, მაგრამ მამა უფრო მეტად, ბიჭის კაცად ჩამოყალიბებაში მამის წვლილი უდიდესია. აი დედა კი (მის ნაცვლად მე რომ მოვმკვდარიყავი)- ის, ალბათ გაგანებივრებდა და მასსავით ნაზი, მგრძნობიარე სულის კაცად ჩამოყალიბდებოდი.

ვაჟი: მგრძნობიარეობა ცუდია?/ვაჟი ფეხს ფეხზე იდებს/

მამა: სისუსტეა, კაცს არ უხდება…

ვაჟი: და ქალებს?

მამა: მათ ამშვენებს…

ვაჟი: და მაინც, სკოლაში იმიტომ დამირეკე და მთხოვე გათავისუფლება რომ დედაზე გველაპარაკა? /ბიჭი სიგარეტს აქრობს/ რატომ ცდილობ, მასზე ხშირად მელაპარაკო, ხომ იცი რომ გულს მტკენს?

მამა: იმიტომ რომ ბუნდოვნად არ გახსოვდეს, /სიგარეტს საფერფლეში დებს, ხელებს აჯვარედინებს და ვაჟს თვალებში უყურებს, /

ვაჟი: ოთხი წლის ვიყავი/თვალს არიდებს მამას და გვერდზე იხედება/

მამა: დედაშენი ოცის…

ვაჟი: დედაზე უნდა ვილაპარაკოთ?/ხმას უწევს/ არ მინდა! /წამოდგა, გასვლას აპირებს/

მამა: ზოგადად ქალებზე…

/ვაჟი შეშდება, მოწყვეტით ჯდება დივანზე და ხელის კანკალით მამის თამბაქოს კოლოფს იღებს. უჭირს სანთებელის ანთება/

ვაჟი: ეს სანთებელა არ ვარგა! /ყვირის და ოთახში უმისამართოდ ისვრის/

მამა დგება და სცენიდან გადის. ვაჟის მღელვარება იზრდება, ვერ ისვენებს, ფეხზე დგება და ოთახში უმისამართო ნერვიული ნაბიჯებით იწყებს მოძრაობას თან გაუგებარ სიტყვებს ბუტბუტებს. მამა ბრუნდება სცენაზე, ხელში წითელი აზღუდი უჭირავს, ვაჟს სანთებელას აწვდის. შვილს თვალები უფართოვდება და უწყლიანდება.

მამა: ვალაგებდი, ეს შენი საწოლის ქვეშ ეგდო /უწვდის შვილს აზღუდს/ ალბათ, პატრონი ეძებს…/ვაჟი ისევ უმოძრაოდაა გაშეშებული, მაგრამ სახეზე სიმშვიდე უბრუნდება/ წაუღე, გამომართვი, გამომართვი, ჩვენ ეს არ გვჭირდება! /ვაჟის ხელს იღებს, და ძალით აკავებინებს ხელში. თვითონ კი სავარძელში ბრუნდება, ახალ ღერს იღებს. ფეხს ფეხზე იდებს/ მომეცი ეგ სანთებელა თუ არ გჭირდება.

ვაჟი: /ვაჟს სახე უბრწყინდება და თამბაქოს ღერს უკიდებს, მერე სანთებელას მამას ესვრის/ დაიჭირე /მამა ჰაერში იჭერს და თვითონაც უკიდებს/

მამა: არ დაჯდები?

ვაჟი: არ ვიცი ეს ვისია, ალბათ დამლაგებელს დარჩა წინა კვირაში /ერთბაშად არხეინი ხდება და აზღუდს მეორე სავარძელზე აგდებს სხვა ტანსაცმელებსა და ზურგჩანთის გვერდით/

მამა: სამოცი წლის ქალისას არ ჰგავს…

ვაჟი: ორმოცდაჩვიდმეტი წლისაა…

მამა: სულერთია, მითხარი ვისია! მხოლოდ ერთი კვირა, ერთი დატვირთული კვირა მქონდა და გვიან ვბრუნდებოდი სახლში და შენ უკვე გოგონების მოყვანა დაიწყე?

ვაჟი: /თავს ხრის, / ასე არაა…

მამა: კლასელია?

ვაჟი: არა

მამა: შენზე დიდია?

ვაჟი: არა

მამა: აბა პატარაა? მეძავია? ვინაა მითხარი, გამისკდა გული…

ვაჟი: არ შემიძლია… /ხელებში რგავს თავს და ლაპარაკი უძნელდება/ გთხოვ, შემეშვი…

მამა: არც მე შემიძლია… მამა ვარ, მარტოხელა მამა, მე ვიქნები დამნაშავე თუ ის გოგო დაორსულდება, ვერ გაზარდაო ასე იტყვიან…

ვაჟი: არ იქნები! არავინ დაორსულდება! ნუღარაფერს მკითხავ გთხოვ…

/მამა ფეხზე დგება. აქეთ იქით დადის, ბოლოს შვილის წინ იჩოქებს და ცდილობს თავი ხელებიდან ააწევინოს/

მამა: შემომხედე, მესმის შენი, მეც ვიყავი ახალგაზრდა…

ვაჟი: არ გესმის, ვერ გაიგებ ვერა, არა, არ გესმის /წყვეტილი და მოგუდული ბგერებით/ ვერასოდეს გაიგებ /თან სახეზე ხელებაფარებული ნერვიულად აქნევს თავს/

მამა: გთხოვ, შემომხედე და მომიყევი, ყველაფერი. მამა ვარ და დაგეხმარები.

/ვაჟი ნერვიულ თავის ქნებას განაგრძობს და გაურკვევლად ბურდღუნებს/

მამა: თუ გიყვარვარ შემომხედე /ამბობს ხრინწიანი ხმით, თან ნერწყვს ყლაპავს. ვაჟი ხელებს სახიდან იხსნის და მამას პირდაპირ თვალებში უყურებს. ნამტირალევია. მამა ვაჟის სველ ხელებს მკლავებში იმწყვდევს, ხელებს უჭერს და ხალათის ბოლოთი თვალებს უწმენდს/ რა გატირებს, ასეთი რა ჩაიდინე, რომ ვერ მეუბნები /მამა აფორიაქებულია. ნაზი და მგრძნობიარე ხდება. ვაჟს ეღიმება./ რა გაცინებს…

ვაჟი: შენ დედაც ხარ და მამაც… ახლა დედასავით იქცევი.

/მამასაც ეცინება, ვაჟს ხელს უშვებს და მის გვერდით ჯდება. ორივენი სიცარიელეში იყურებიან, ერთმანეთს არ უმზერენ/

ვაჟი: მამა, გიყვარვარ?

მამა: ძალიან…

ვაჟი: ყოველთვის გეყვარები?

მამა: რა თქმა უნდა, სისულელეებს რატომ მეკითხები?/ბრაზობს მამა. აღარ უყურებს სიცარიელეს, ისევ თამბაქოს უკიდებს/

ვაჟი: მაინტერესებს! /ჩუმდება/

მამა: ჰო, ყოველთვის მეყვარები, რაც უნდა ჩაიდინო მაინც!

ვაჟი: ადამიანი რომ მოვკლა მაინც?

მამა: გააჩნია რისთვის კლავ, /ნაფაზს ურტყამს/ თუმცა რას ვბოდავ, სულერთია რა თქმა უნდა მეყვარები და ალბათ, დანაშაულის დაფარვაშიც დაგეხმარები, თუ საჭირო გახდება ჩემს თავზეც ავიღებ, მამა ვალდებულია შვილის დანაშაულზე აგოს პასუხი…

/დუმილი. ორივე ისევ სიცარიელეს აშტერდება/

მამა: მაგრამ ვისურვებდი ეს არასოდეს ჩაგედინა… დარწმუნებული ვარ არასოდეს ჩაიდენ, ხომ ასეა?

ვაჟი: არ ვიცი…

მამა: ემბრიონი 6 თვემდე მხოლოდ ემბრიონია… ეს მკვლელობა არაა, ხომ იცი?

ვაჟი: ვიცი…

მამა: აბა, გისმენ, რაღაცის თქმა გინდა, გრძელ შესავალს აკეთებ…

ვაჟი: მინდა…

მამა: მაშინ თქვი…

ვაჟი: არ შემიძლია…

მამა: არანაირი საიდუმლოებები!

ვაჟი: არანაირი საიდუმლოებები /ამოიოხრავს. სასაუბრო თემას ცვლის ხმის ტემბრიც ეცვლება/ დედას გოგო უნდოდა რომ ვყოფილიყავი თუ ბიჭი?

მამა: /სახე ექუფრება/ არ ვიცი… მგონი სულ ერთი იყო. რატომ მეკითხები?

/ვაჟი ფეხზე დგება. ნელი ნაბიჯით სცილდება დივანს და ოთახის უკიდურეს კუთხეში დგება/

ვაჟი: აი, მე კი /თითქმის ჩურჩულით ამბობს/ ვისურვებდი რომ გოგო ვყოფილიყავი….

/მამას გამომეტყველება ეცვლება. სახე შეშლილი უხდება. ხმას ვერ იღებს. ვერც ინძრევა./

მამა: /ისტერიკულად იცინის. უცებ ჩუმდება. მკაცრი ტონით ამბობს/ ასეთი ხუმრობა არ მომწონს.

ვაჟი: არც მე… /ისევ თავჩაქინდრული დგას. ნელა სწევს თავს, მამის შეშლილ სახეს თვალს უსწორებს და სევდიანი ხმით ამბობს/ ეგ აზღუდი ჩემია…

/მამა და შვილი ერთმანეთს თვალებში უყურებენ. მერე მამა ბორძიკით დგება, ტანსაცმლის გორასთან მიდის, წითელ აზღუდს იღებს, დაჰყურებს, ხელებს უსიცოცხლოდ ჩამოყრის და ვაჟს გახედავს/

მამა: პიდარასტი ხარ ბიჭო?

ვაჟი: /ისევ თავს ხრის/ ტრანსგენდერი…

მამა: /ყვირის/ ერთი ოხერია! /ესვრის აზღუდს/ გაეთრიე ჩემი სახლიდან, მეზიზღები!

ვაჟი: /ისევ ტირილს იწყებს/ ხომ მითხარი სულ მეყვარებიო…

მამა: /ღრიალს იწყებს/ გაეთრიე-მეთქი სახლიდან! /მაგიდიდან საფერფლეს იღებს და ვაჟს ისტერიკული მოქმედებით ესვრის. აცილებს. ვაჟი უფრო ხმამაღლა იწყებს ტირილს. ადგილიდან არ იძვრის. ნერვიულად იმეორებს/

ვაჟი: ხომ მითხარი… შენ თქვი… მითხარი…

/მამა უცებ პირზე ხელს იფარებს და სცენიდან გადის. ვაჟი იატაკზე ჯდება. სახეზე ხელებს იფარებს და წინ და უკან იხრება. ისევ იმავეს ბურდღუნებს მაგრამ უფრო გაურკვევლად. უნიტაზის ჩარეცხვის ხმა ისმის. მამა პირის მშრალებით ბრუნდება სცენაზე. უფრო მშვიდი ჩანს. ხელში დანა უჭირავს. მაგიდასთან ჩერდება. დანას მაგიდაზე დებს. ვაჟთან მიდის, მკლავში ძლიერად ჰკიდებს ხელს და მიათრევს ოთახიდან/

ვაჟი: /ვაჟი იწყებს ისტერიკულ ყვირილს და სწრაფ ლაპარაკს/ მამა მაპატიე, არ მინდოდა, ისეთი ვიქნები როგორიც შენ გინდა, არ გამაგდო, ყველაფერს დაგიჯერებ, კარგად ვისწავლი, აღარ მინდა ქალი ვიყო, შენი შვილი ვიქნები, შენ როგორიც გენდომება, მიყვარხარ, მაპატიე მამა, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ, სად წავიდე, არავინ მყავს, როკსაც აღარ მოვუსმენ, ვიდეო თამაშებსაც გადავყრი, სიგარეტსაც აღარ მოვწევ, შენ რომ გინდა ისეთი ვიქნები, მაპატიე, ამ ერთხელ მაპატიე, ყველაფერს გავაკეთებ, წიგნებსაც წავიკითხავ…

მამა: გამზრდელი წაიკითხე…

/ამბობს მამა, აღებს კარებს შვილს გარეთ აგდებს, კარს გასაღებით კეტავს. კართან ჩაიკეცება ზურგმიყრდნობილი თავში ხელებს იშენს და ღრიალებს. კარს უკან ვაჟი აბრახუნებს/

ვაჟი: არა, მამა გეხვეწები მამა, ეს არ გააკეთო, მამა! გამიღე კარი გეხვეწები მამა…

მამა: /ერთბაშად მშვიდდება, ნელა დგება ფეხზე/ აღარ გყავს შენ მამა…

/მშვიდი აუღელვებელი ნაბიჯებით გადის სცენიდან. ონკანის ხმა ისმის. ოთახში ალკოჰოლის ბოთლით ხელში ბრუნდება. დიდ ყლუპებს სვამს. სავარძელში ჯდება. მშვიდია. თავს ზემოთ სწევს და სიცარიელეს ელაპარაკება/

მამა: მაპატიე ძვირფასო მეუღლევ, ვცდილობდი… /ისევ ბოთლს იყუდებს. ბარბაცით დგება. დანას მაგიდიდან იღებს და ოთახიდან გადის. კარს უკან ისევ ისმის შვილის ყვირილი, კარზე ბრახუნი და ხვეწნა მუდარა./

/ფარდა/

6
33
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
33
  
14 ოქტომბერი, 22:13
აღქმა მკითხველის ნებასურვილზეა დამოკიდებული და სრულიად თავისუფალია მკითხველი ფანტაზიათა მორევში
13 ოქტომბერი, 21:18
თქვენ თქვენებურად ხსნით, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ სხვანაირადაც აღიქმება
13 ოქტომბერი, 16:40
უბრალოდ ხაზგასმულია, რომ ჩვეულებრივი თინეიჯეერია , რომელიც უსმენს როკ ჯგუფს, მოდას აყოლილი ვარცხნილობით, სიგარეტს ეპარება და ა.შ. რასაც სხვები აკეთებენ ხოლმე მის ასაკში ანუ თითქმის არ გამოირჩევა სხვებისგან... ტრანსგენდერთან საერთოდ არანაირ კავშირში არაა, არ ვიცი თქვენ რატომ დააკავშირეთ
13 ოქტომბერი, 15:35
რატომღაც ესე ჩანს
12 ოქტომბერი, 21:30
საერთოდ არაა დაკავშირებული
12 ოქტომბერი, 13:41
ვერ გავიგე როკი რატომ არის ასე ხაზგასმით დაკავშირებული ტრანსგენდერობასთან?
0 1 6