x
image
ღიმილიანი
"ვიცი, ჩემი გზა საითაც წავა, შენ სადღა წახვალ, ხმელო ფოთოლო!.." - ტარიელ ხარხელაური
imageყველასათვის ტკბილი და საყვარელი ხევსური პოეტი, ტკივილითა და პატრიოტული სულისკვეთები აღსავსე ტარიელ ხარხელაური.

გთავაზობთ, ჩემს ორ საყვარელ ლექსს, იმედია ისიამოვნებთ:

***

გაიცრიცება საღამოს ბინდი,

ვიცი, ამ დილით უნდა მოთოვოს,

ვიცი,

ჩემი გზა საითაც მიდის,

შენ საით წახვალ,

ხმელო ფოთოლო!

ამოვარდნილა ქარი ძლიერი,

ო, როგორ ცდილობს, რომ ამათრთოლოს.

და შენზე ამით ვარ ბედნიერი,

რომ ქარს არ ავდევ,

ხმელო ფოთოლო.

ლეგა ხეობებს გრიგალი სჭვალავს,

მთა დუმს,

ამ დილით უნდა მოთოვოს,

ვიცი,

ჩემი გზა საითაც წავა,

შენ სადღა წახვალ,

ხმელო ფოთოლო!..

***

მანძილი შენამდე დიდია,


შენიდან ჩემამდე - არც ისე

ამინდი საგრძნობლად მშვიდია,

მანცვიფრებ...

ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები,

ქარია - მომიტანს რამე ჭორს,

მე ვამბობ, არ მომენატრები,

შენ სდუმხარ, იღიმი

საეჭვოდ,

ვარსკვლავნი აენთნენ,

რომ ვხედავ, შორი-შორს

საკმაოდ,

მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ -

ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც,

მუდმივად რაღაცა მაწამებს

და ჩემში მუდმივად ბინდია,

და მაინც მიზიდავს

წამწამებს

მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია.

შორს სადღაც ჰყვავიან ატმები,

ქარია - მომიტანს რამე ჭორს,

მე ვამბობ, არ მომენატრები,

შენ სდუმხარ, იცინი

საეჭვოდ.

1
476
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
476
  
2017, 10 ოქტომბერი, 18:12
როგორ მიყვარს...
0 1 1