x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბალჯუნას აღთქმა - საინტერესო ეპიზოდი მონღოლთა იმპერიის სათავეებთან

image


1204 წელი....

ახალგაზრდა ყაენის მცირერიცხოვანმა რაზმმა რამდენიმე დღე გზაში გაატარა ისე, რომ ცხენიდან არ ჩამოსულან. საგზლად არაფერი ჰქონდათ. ბოლოს ჭენებით დაქანცულები ბალჯუნას ტბის ატალახებულ ნაპირებს მიადგნენ. წინამძღოლმა უკან მიიხედა და დაინახა, რომ მხოლოდ ცხრამეტი მხლებელი შერჩენოდა. სტეპის ამ მივიწყებულ კუთხეში მათაც შიმშილით სიკვდილი ელოდათ. როცა რაზმი ტბის პირას სულის მოსათქმელად და სამოქმედო გეგმის მოსაფიქრებლად შეჩერდა, ჩრდილოეთის მხრიდან მოულოდნელად ველური ცხენი გამოჩნდა. ცხენს თემუჩინის ძმა ჰასარი დაედევნა და მოკლა. დანარჩენებმა სწრაფად გაატყავეს ნანადირევი. რადგან საჭმლის მოსამზადებლად არც შეშა ჰქონდათ და არც ქვაბები, ხორცის მოსახარშად სტეპის მცხოვრებთა ძველ ხერხს მიმართეს: ნადავლი წვრილად აქნეს და ცხენის ტყავისგან გაკეთებულ გუდაში ჩაყარეს, მერე გუდაში წყალი ჩაამატეს. გამომშრალი ნაკელი მოაგროვეს და ცეცხლი დაანთეს, მაგრამ ტყავისგან დამზადებულ "ქვაბს" პირდაპირ ცეცხლზე ხომ ვერ დადგამდნენ - ამიტომ ქვები გააცხელეს ერთმანეთზე ხახუნით და გუდაში ჩაყარეს. გახურებულმა ქვებმა აადუღა წყალი, რომელმაც ტყავი დაწვას გადაარჩინა და რამდენიმე საათის შემდეგ დამშეული მეომრები ცხენის მოხარშულ ხორცს შეექცნენ.

გონებამიხდილმა და იმედდაკარგულმა მეომრებმა ველური ცხენის გამოჩენა ზებუნებრივ მოვლენად მიიჩნიეს - მათთვის ის ცის საჩუქარი იყო და უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე საკვებს ცარიელი მუცლების ამოსავსებად. ცხენი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი და პატივსაცემი ცხოველი მონღოლურ სამყაროში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა ამ შემთხვევას და ღვთიური ძალების ჩარევისა და დახმარების ნიშნად აღიქმებოდა. ის თემუჩინის ბედისწერის სიმბოლოდ იქცა და ამ ცხენის მსხვერპლად შეწირვამ არა მხოლოდ დააპურა მებრძოლები, არამედ ძალა შემატა თემუჩინის სულის ალამს. რადგანაც გაქცეულ რაზმს სხვა სასმელი არ ჰქონდა, თემუჩინმა ერთი ხელი ცისკენ აღმართა, მეორე ხელის პეშვით კი ტბიდან ტალახიანი წყალი ამოიღო და სადღეგრძელო თქვა. მან მადლობა გადაუხადა თანამებრძოლებს ერთგულებისთვის და დაიფიცა, რომ არასდროს დაივიწყებდა მათ თავდადებას. დანარჩენებმაც შესვეს მღვრიე წყალი და საუკუნო ერთგულება შეჰფიცეს წინამძღოლს. ეს ეპიზოდი ზეპირ გადმოცემებს ბალჯუნას აღთქმის სახელით შემორჩა და მითიური შარავანდით შეიმოსა. აქედან დაიწყო თემუჩინ ყაენის სამხედრო წარმატებები, ბალჯუნას აღთქმამ საფუძველი დაუდო მონღოლური იმპერიის არსსა და ფორმას.

0
139
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0